განდეგილი
(ლეგენდა)
ვუძღვნი
ო ლ გ ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ი ს ა სI
სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,
სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,
მზისგან აროდეს არა ჰდნებიან,
სად უდაბურსა მას მყუდროებას
კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,
სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,
ყინულს და ქართა მხოლოდ შთენია, -
უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა
გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი
და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს
ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.
ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს
იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე
და ზედ კარია გამოკვეთილი,
ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე.
ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი
ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა, -
და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით
ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა.
II
აქა ყოფილა უწინ კრებული
ღვთისთვის ქვეყნიდამ განდგომილ ძმათა
და მყინვარს ამას უდაბნოს თურმე
ისმოდა ქება წმიდა-წმიდათა.
აქა გამდგარან, განშორებიან
ამ წუთისოფელს სამაცდუროსა,
აქ ჰღირსებიან მართალთა თანა
სავანესა მას საუკუნოსა.
განსულან ამა ქვეყნით მამანი
და ტაძარი ღვთის გაუქმებულა...
იმათის ღვაწლით იმ ტაძრის მადლი
მთიულთა შორის ყველგან განთქმულა.
და ის ადგილი, ის არემარე
ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა,
რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს,
მონადირეცა ვერ ახლებს ხელსა.
თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე
ამ წმინდა ადგილს ვერ შეეხება,
და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა
ჭექა-ქუხილით მოევლინება.
III
ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს
მეუდაბნოე შეჰკედლებია;
საიქიოსთვის ეს სააქაო
დაუთმია და განშორებია.
განშორებია ვით ცოდვის სადგურს,
ვით სამეუფოს ბოროტისასა,
სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს
განსაცდელსა მას ეშმაკისასა,
სად ცოდვა კაცსა სდევნის დღედაღამ,
ვითა მპარავი და მტაცებელი,
სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,
მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი,
სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარობს სისხლსა ძმისასა,
სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.
განშორებია ამ წუთისოფელს,
სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,
სად თვით სიტურფე და სათნოება
ეშმაკის მახე და ცდუნებაა.
IV
განდეგილა და ამ ყინულებში
სულ მარტოდმარტო დაყუდებულა
და გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგან
იმ დღიდან აღარ შეძრწუნებულა.
განუდევნია გულიდამ ყველა -
მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი,
რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა
სულით განწმენდილ და განბანილი.
დღედაღამ ლოცვით, გოდებით, გვემით
ხორცი სულისთვის უწამებია,
და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი,
ცრემლით ურეცხავს, უსოლებია.
დღედაღამ სულთქმა და ღაღადება
მოჰფენია კლდეს ყინულისასა,
და არ შემწყდარა მუნ ლოცვის ცრემლი,
ვითა ღელესა მას გლოვისასა.
განყენებული წუთისოფლისგან
აქ სული მისი აღყვავებულა
და ხორციელი გულისთქმა ყველა
დამარხულა და განსვენებულა.
V
არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს
სულის სიმაღლე ზედ დასჩნევოდა,
ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი
სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.
სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი,
სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,
და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,
შარავანდედი გადაჰფენოდა.
მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება
ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,
თითქო მათშიგან ჩასახებულა
თვით სათნოება, კდემით მოსილი;
თითქო ნელისა სიხარულითა
სამოთხის ღია კარს შეჰხარიან
და სულთან ერთად უფლისა მიმართ
სასოებითა მიისწრაფიან.
ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურქმნილი
ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,
მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა
ძლევით მოსილსა და განდიდებულს.
VI
წამება მისი ღმერთს შეუწირავს,
ვედრება მისი ღმერთს უსმენია
და სასწაული ნიშნად მადლისა
მღაღადებელზედ მოუვლენია.
ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა,
ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი
და მუნით თურმე გადმოდენილა
შუქი მზისა და მთვარის ნათელი.
ოდეს უბაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ
მზე სხივგაფენით ამოვიდოდა,
იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში
სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა.
როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე
თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,
და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი
უფლის ბძანებით ზედ შეირჩენდა.
ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი,
ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრებდა...
და თვის სიწმიდეს ყოველდღე თურმე
ამ სასწაულით შეიმოწმებდა.
VII
ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი,
გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა
და დაფიქრებით გადმოჰყურებდა
მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.
მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად
მთისა გადაღმა არ დასულიყო
და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,
იმრგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.
ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,
წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა
და განმსჭვალული მისით ღრუბელი
შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.
ამა უბიწო დიადის ხილვით
წარტყვევნილ იქმნა განყენებული
და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას,
შესცქერდა მზესა განცვიფრებული.
უეცრად ასტყდა რამ ნიავ-ქარი,
დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ,
და მყინვარიდამ, ვითა ვეშაპი,
შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ.
VIII
დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი,
ცაზედ განერთხო და გაიშალა,
და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო,
ჭექა-ქუხილით დაიგრიალა.
შეირყა მთელი და ცა და ქვეყანა
იმა ჭექით და იმა ქუხილით,
ცა აირია, დაბნელდა უცებ
და წამოვიდა სეტყვა შხუილით.
ქუხვა და ჭექვა, ელვა და სეტყვა,
არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა,
ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა,
ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა, -
ესე ყოველნი, ერთად რეულნი,
ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,
თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს
დღეს მას საშინელს განკითხვისასა.
ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,
ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატსა
და ხელაღპყრობით ევედრებოდა
წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.
IX
უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა...
ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა.
ყური ათხოვა, - და თითქო ვიღაც
ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა.
ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა...
ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა,
და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით,
შესაფარებელს ბინას ითხოვდა.
თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა
ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას?
მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის,
მორიდებული ამ რისხვას ღვთისას!
ჰკითხა: - „ვინა ხარ? კაცი თუ მავნე,
აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?“
- „კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა,
მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან.
ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს
და ზედ დაეცეს დედამიწასა?
და დროს კითხვაა?.. შემიბრალე მე
და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა“.
X
- „მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის,
ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;
თუ მაცდური ხარ, სჩანს, ღმერთს სწადიან,
მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.
ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!..
ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს,
ნუ შეშინდები... კიბეა იგი
და ზედ რგოლები საფეხურად აქვს.“
და იმ ბნელაში იგი წვალებით
ავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა.
მუნ დახვდა მწირი.. რაა? ვინ არის?
ვერ გაარჩია სიწყვდიადითა.
- „გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ,
გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა...
სახლი ღვთისაა... შენც შეგივრდომებს,
შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა“.
წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს...
იქ უფრო, ვიდრე გარედ, ბნელოდა,
მხოლოდ კი ერთგან, ღველფად ქცეული,
ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშე ჰსჩდოდა.
XI
რა დედაღვთისამ სენაკს შეუშვა
და არ შერისხა იგი მოსული,
გულში სთქვა მწირმა ძეა კაცისა
და არა მავნე, ბოროტი სული.
სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა
ფიცხლივ მივარდა დამზრალი, სველი,
ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლაპირს
და გაიწოდა სათბუნად ხელი.
- „უჰ, უჰ, რა ცივა!.. - სთქვა მან სტუმარმან, -
ლამის გავშეშდე სიცივისაგან!..“
მწირს ხმა ეოცა... ქალის ხმას ჰგვანდა...
შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან.
ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა
განსაცდელი რამ მას მოუვლინა?
და ვითა ელვამ, ამისმა ფიქრმა
გულში ზარცემით მწირს გაურბინა.
მაგრამ იქმნება ბედმა ეგე ჰქმნა
მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..
და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა,
სასოებით და გულდამშვიდებით.
XII
- „შეშა არა გაქვს? - ჰკითხა სტუმარმა, -
მოიტა, ცეცხლი ავანთოთ ერთი!
ხვალ თუნდა მთელს ზურგს მე ამოგიტან,
ოღონდ დღეს გავთბე, შენ, შენი ღმერთი!“
მეუდაბნოემ იქავ კუთხიდამ
მოზიდა შეშა, ცეცხლი აანთო.
რა გაძლიერდა, ცეცხლისა შუქმა
ბნელი სენაკი სინათლით მორთო.
ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა
სტუმარს, იქ მჯდომელს, ზედ მიეფინა,
გასაოცარი რაღაც შვენება
განდეგილს თვალწინ წარმოედგინა:
ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,
სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,
ნაზად, ამაყად ცეცხლისპირს იჯდა,
ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.
ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებს
თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,
მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,
ვითა ძლეული, უკუ-ჰკრთებოდა.
XIII
თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს
ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,
უკეთესს სახეს ვერ ინატრებდა
თავის სიცხოვლის გამომსახველად.
მაშინაც ვინ სთქვას, - ვინ ვის აშვენებს:
მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..
თვით შური, მტრობა ვერ უპოვნიდა
ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.
მას თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,
გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..
დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას
თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს.
ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს
ყოვლად ძლიერი მშვენიერება!..
თქმულა - მხეციც კი გააფთრებული
მის წინ დატკბება და დაწყნარდება
და დაუწყნარდა ძალს შვენებისას
იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი,
და უცოდველის გულისტკივილით
ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი.
XIV
ბოლოს ჰკითხა მას: - „ვინა ხარ, შვილო?
ამ უდაბნოში რამ მოგიყვანა?
მერე ამ დროსა, როს ავდრისაგან
ლამის წაირღვნას მთელი ქვეყანა?“
- „მწყემსი ქალი ვარ... აქ მთის კალთებზედ
ცხვარს ვაძოებდი მამიჩემისას,
ბალახმა ცხვარი ამოიტყუა
და მეც ამოვყე ფარასა ცხვრისას.
ლამაზი იყო ამ დღის საღამო,
რარიგ ჰშვენოდა მზე დამავალი!
შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,
გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი.
ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული
მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა
და საკვირველი ის სანახავი
თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.
სულ დამავიწყდა მამის ნათქვამი: -
ნუ ენდობიო, შვილო, ამ მყინვარს,
ნახავ, მზე ადგას, უცებ გაწყრება
და წამოხეთქავს ციდამ ნიაღვარს.