წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

განდეგილი

(ლეგენდა)

ვუძღვნი
ო ლ გ ა   ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ი ს ა ს

XV

„მაგრამ რას იზამ? მოდი, გულს უთხარ, -
კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!..
მე იქ გავერთვი... მყინვარმა თურმე
უცებ შეიკრა მრისხანედ წარბი.
ცა მოიღრუბლა, წამს ჩამობნელდა,
მთიდამა ცივი ავარდა ქარი,
მოვინდომე ცხვრის გამობრუნება, -
გვიანღა იყო, ვერ მოვასწარი.
უცებ შემემთხვა იქავ ავდარი,
სეტყვა ტყვიასებრ წამოუშინა,
ცხვარი გამიფრთხო, ვერ მივეშველე,
ბნელაში ფეხიც ვერ წავდგი წინა.
მართლა უნდობი ყოფილა ეს მთა!
უცებ სცოდნია ჩამობნელება,
უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის,
უცებ გიტკბობს და უცებ აფთრდება.
ვიშ!.. რად გავტეხე მამის ნათქვამი!..
ახია ჩემზე, რაც დამემართა!
მამის ურჩსაო, გამიგონია,
გზა თურმე არსად არ წარემართა.

 

XVI

„დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა,
მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!..
მაგრამ შენვე სთქვი: განა წაუხვალ,
რაც ფათერაკად მოსავალია?
თვითონ ცხვარს მაშინ როდი ვჩიოდი,
მე მამაჩემი მებრალებოდა,
მამისერთა ვარ, მამას ვუყვარვარ,
ვწუხდი, რომ ჩემთვის შეწუხდებოდა.
ცხვარი დავღუპე, - ეგ ერთადერთი
მამის სარჩო და საბადებელი,
მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა,
ოღონდ ვენახე მე უვნებელი.
ვიდექ სეტყვის ქვეშ ბნელაში სერზედ...
ცა ქვეყნის დანთქმას თითქო ჰლამობდა,
ჰჭექდა და ჰქუხდა... და ჩემთა ფეხქვეშ
თვითონ მთის ძირიც იძროდა, ძრწოდა.
რა მექნა ბეჩავს!.. საბრალო თავი
სად შემეფარა, გადამერჩინა?
ვთქვი, - აქავ დავრჩე და ბედს მივენდო,
თუ გავბედო და წავიდე შინა?

 

XVII

„დავრჩენილიყავ, - მერე ვინ იცის,
გავაღწევდიღა ამ ღამეს ბედშავს?..
წავსულიყავ და - ამ ბნელაშია
კლდე-ღრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს...
მაინც გავბედე შინისკენ წასვლა,
ვთქვი, რაც მომივა, დე, მომივიდეს!
თურმე ნუ იტყვი, გზა ამრევია
და მოვსდგომივარ მონასტრის ზღუდეს.
ჯაჭვს ზედ წავაწაყდი... და მაშინ მივხვდი,
რომ აქ მყინვარის მონასტერია,
ისიც ვიცოდი მამიჩემისგან,
რომ მონასტერში ვიღაც ბერია.
გახარებული გეძახდი დიდხანს,
შენც კი კარგა ხანს მე ხმა არ გამე...
ვსთქვი, - ვაიმე თუ ვერ გავაგონო
და აქ მომიხდეს ვათიო ღამე!..
მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმა
და შენამდე ხმა ამოვაწვდინე...
სხვა ხომ შენც იცი... ღმერთმა გარჩინოს,
როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე“.

 

XVIII

- „მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას,
ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი...
ღვთით არგანწირულს ყველგან წინ უძღვის
მისი მარჯვენე შემწყნარებელი“.
- „შენ კი ეშმაკი, მგონი, გეგონე“.
- „ნუ მიწყენ, შვილო, და ნურცა გიკვირს!..
შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით
ერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს!“
- „განა ქვეყნადა შენ არავინ გყავს,
ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?“
- „მყვანდნენ... და ყველას გამოცეთხოვე,
აქ მოველ და ღმერთს შევწირე თავი“.
- „მას აქეთ ბევრი წელიწადია?“
- „არ ვიცი“. - „როგორ?“ - „არ ვთვლი წელთსა სვლას,
მოვშორდი შვილო, წუთის-სოფელსა
და რაღას ვაქნევ იმის ჟამთა ცვლას!“
- „მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?“
- „ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისა“...
- „როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა
ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?“

 

XIX

„ღმერთო, ნუ მიწყენ, ნურც შენ გამკიცხავ
მე უმეცარსა მეტის თქმისთვისა...
როცა აქ ცხვარი მიძოვებია
და შემიხედავს მყინვარისთვისა,
მომგონებია მამის ნათქვამი, -
იქ, ყინულებში, კაცი სცხოვრებსო,
სულისთვის ხორცი გაუწირნია,
უწუთისოფლოდ მარტოკა სძლებსო, -
გამკვირვებია მე ეს ამბავი,
მითქვამს: იქ ყოფნა რას არგებს სულსა?
განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის
ქვეყანას, ღვთითვე დაბადებულსა?
ვფიქრობდი: ნეტა, მაშ, რისთვის მორთო
ესე ლამაზად წუთის-სოფელი?
განა მისთვის, რომ ადამიანმა
შეაჩვენოს და აიღოს ხელი?
ყველაფერს უნდა გემოვეთხოვო,
ჩემს ტოლს და სწორსა, ლხინს და სიხარულს?!
ღმერთო, ნუ მიწყენ... ვერ ვიზამ მაგას!
ადრე და მალე ვერ მოვიკლავ გულს!..“

 

XX

„ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!
მერე იცი კი რარიგ ტკბილია?!
აქ სიკვდილია, ის კი სიცოცხლე,
აქ ჭირია და ის კი ლხინია.
ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი -
ყველა გულიდამ ამოგიღია?
ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრი
თან არავისი წამოგიღია?
არ გაგონდება არც მამა, დედა,
ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?
ნუთუ მის დღეში არა გყოლია
მოკეთე, გულის შემატკივარი?!
როგორ მოშორდი?..“ - „რა გითხრა, შვილო?
ყველაზედ უფრო სული ტკბილია,
იგი ტყვე არის წუთის-სოფლისა
და ეგ ყოველი მის ბორკილია“.
- „მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყმდებით,
ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?“
- „ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე... უბედურსა...“

 

XXI

„უბედურსაო“?!.. და მწირსა უცებ
გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ...
ასეთი სიტყვა ხომ ჩივილია
და ვით მოადგა იგი ენაზედ?
„უბედურსაო“?!.. - ეგ ხომ სიტყვაა
გულისტკენის და სამდურავისა!
ეგ ხომ სულთქმაა, აღმოკვნესაა
ბედნიერების დამკარგავისა!..
მან რა დაჰკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის,
რომ მან დასძლია საწუთროება,
განდგა მისგან და აქ მოიპოვა
სულის მშვიდობა და მყუდროება?
ნუთუ დაკარგვად აწ მიიჩნია
დამარხვა ხორცის, გულთქმის, ვნებისა,
და არა ჰკმარის, რომ სულს დაუდგა
წმინდა საყდარი უკვდავებისა?
რა დაემართა? რა მოუვიდა?
ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა?
ნუთუ აწ ჰნანობს ქვეყნის დათმობას
და მუნათს რასმეს სდებს შემოქმედსა?

 

XXII

არ შეჰკადრებს ღმერთს იგი სამდურავს!
არ გაასწირავს სულს შევედრებულსა!
ვით არ იკმარებს ღვთისა კურთხევას,
მასზედ გულუხვად მომადლებულსა!..
არა და არა!.. მაშ რამან სძლია
და ეს სიტყვა რამ ამოაკვნესა?
მიმოიხედა თვის გარს საბრალომ,
თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა.
არავინ იყო... ხოლო ცეცხლაპირს
ქალს დაღალულსა მისძინებოდა
და ცეცხლის შუქი მის ტურფა სახეს,
ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა.
საოცარ იყო მიძინებული
იგი სიტურფე, იგი შვენება!..
თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო
თვით სიყვარული და ნეტარება.
თითქო თვით მადლსა შვენებისასა
თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია
და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,
სული მის ღაწვზედ დაულევია.

 

XXIII

და რა იხილა კვლავ იგი მწირმა,
დაუცხრა სული აქოთებული
და რაღაც ძალით ქალზედ კვლავ დარჩა
თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.
რად შეემსჭვალა თვალი იმ სახეს?
ის სახე ატკბობს თუ ეოცება?
მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი
რად ეურჩება და არ ჰნებდება?!
დიდხანს დასცქერდა... ნეტა რა სხივი
გულს ჩაეფინა ნელი და თბილი!..
ჰსძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის
ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!
აქამდისაც ხომ გული უძგერდა...
ეხლა სულ სხვაა მის გულის ძგერა!..
ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს
და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.
როგორ იწამოს და რა დაარქვას
ამ ჯერ არცნობილს სიტკბოებასა?
თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს
სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?

 

XXIV

ფეხი წინ წადგა... არ იცის კი რად...
ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით,
ძილში ჩაყოლილს ფიქრს თუ ოცნებას
ბაგე გაეპო ლაღის ღიმილით.
იმა ღიმილის გრძნეული ჯადო
ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა
და იმა წვევის მაცდურებასა
ზეარსთა ძალიც ვერ გაუძლებდა...
და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც...
და დაიხარა თავი თუ არა,
უცებ გაშეშდა... ეჰა, წაწყმედავ,
ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..
ნუთუ იძლია? არა და არა!
მის სასოება არ დაუძლურდეს
და რაცა სწყურდა აქამდე მის სულს,
იგივე უნდა ბოლომდის სწყურდეს!..
არა და არა!.. არ აიყრის მადლს,
და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,
არ ანაცვალებს და არ დაუთმობს
ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!

 

XXV

მაგრამ ეს რაა?.. „წაწყმდა თუ არა!..“ -
ეს ვინ ჩასძახის ნიშნგებით ყურში!
„დაგძლიე თუ არ!..“ - ეს ვინ გაჰკივის
გახარებული იმის მკვდარ გულში!
ეს რა ჰხარხარებს! და რა დასცინის!
ეს რა ხმა ისმის მის გარს ლხენისა!
მართლა ეგრეა, თუ ყველა ესე
მხოლოდ ცდომაა ყურთასმენისა!..
და შიშით, ზარით გარს მოიხედა...
კვლავ არვინ იყო... ქალს კვლავ ეძინა...
იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით
პირქვე დაემხო ღვთისმშობლის წინა.
მით რა ეშველა?.. იგივ ქენჯნაა,
იგივე ძრწოლა, შიში და ზარი!
რად არ დადგება, რად არა სცხრება
იგი ნიშნგების წყეულთ ხარხარი!
სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,
გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება...
ნუთუ ღვთისმშობლის საფარველქვეშაც
წყეული ხორცი არ დაწყნარდება!..

 

XXVI

ზე აიხედა... დედა-ღვთის ხატსა
მავედრებელი შეჰმართა თვალი...
და ვაი, წმიდა ღვთისმშობლის ნაცვლად
თვალწინ დაუდგა იგივე ქალი!
ეს რა ეწვია? ამას რას ჰხედავს?
ცხადია იგი, თუ აჩრდილია?
ნუთუ მის ცოდვით თვით წმიდა ხატი
ამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია?
ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის,
რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს
და მის შეწევნით მისვე წინაშე
ხორცედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?..
პირჯვარი უნდა - ხელი არ ერჩის,
ლოცვის თქმა უნდა - ენა ებმება,
ხატის ხილვა სწყურს - და იგივ... იგივ...
ქალი წყეული თვალთ ელანდება!
„აბა სძლიეო!..“ და კვლავ ვიღაცამ
გაიხარხარა იმის სენაკში...
აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო
და როგორც გიჟი გავარდა კარში.

 

XXVII

რიჟრაჟი იყო და ჰთენდებოდა,
გადაყრილიყო ციდამ ღრუბელი
და დაწყნარებულს წუთის-სოფელსა
დილის ნიავი დაჰქროდა ნელი.
ეს ვინ ჰრბის, დაძრწის? ეს ვინ ჰტანტალებს
ამ კლდეებშია თმააბურძგნული?
ნუთუ მწირია?.. იგია, იგი,
ვითა სიკვდილი გაიფთრებული.
აჰა, მოვიდა, ზღუდის პირს დადგა
და მწყურვალებით უცქერს მთის წვერსა,
თითქო იქიდამ გამოელისო
თვის უკანასკნელს ნუგეშს და ბედსა.
მზის ამოსვლასა ელოდებოდა...
რად არ ამოდის? რად გვიანდება?
დღემდე თვით ჟამი არარა იყო,
და ეხლა წუთიც რად უძნელდება?..
ამოვიდა მზეც... მსწრაფლ უკუიქცა,
შევარდა სენაკს გახარებული,
და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად
ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული.

 

XXVIII

გულზედ მოეშვო... კვლავ სითბოებით
დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,
კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი
მადლით, ნუგეშით გადმომზირალი.
არ შერისხულა, სჩანს, ჯერედ ღვთისგან!..
და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა...
მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..
დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,
გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქავ სხივქვეშ უტევა სული.

---

და იქ, სად წმინდანთ უდიდებიათ
ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,
იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ
მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, -
აწ შორის ნანგრეევთ და ნატამალთა
მარტო ქარიღა დადის და ქშუის,
და გამომფთხალი ჭექა-ქუხილით
მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის...

6 თებერვალი,
1883 წ.