გურამ დოჩანაშვილი

ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება
ანუ მესამე ძმა კეჟერაძე

(სათავგადასავლო მოთხრობა)

 

4

ქიმწმენდაში ვიღაც წითური კაცი ტომარას კემსავდა და თან არხეინად ღიღინებდა:  - შა-ავსა შაავი მყვაანს ცხეენიაა...

- კაი გამარჯობა! - შესძახა შალვამ.

- გაგიმარჯოს? - შეათვალიერა ქიმწმენდელმა.

- აგერ, პატივცემულის შარვალ-იდაყვს ვერ მოგვიყვანთ წესრიგში?

ამხედა, დამხედა, ეუცხოვა: - რა ნაჭერია, ბატონო?

- ინგლისური ტრიკოა.

- აჰ, ტრიკოზოლი არ გვაქვს.

- აბა, რა გაქვთ, რა... - ამოვიგმინე.

- რა და - დაკრონზოლი, შალზოლი, კრეპზოლი, ბუკლეზოლი... ტრიკოზოლი არ გვაქვს.

- რასა ჰგავს ეს! - გავფიცხდი, მართლა, - ქიმწმენდაა ეს თუ რა!

- რას ჯდებოდი, ძამია, აბა უწესი ადგილას... მე გირჩიე თუ...

ამის ძამიაც რომ გავხდი...

- ყური დამიგდე, - მკლავზე წავატანე ხელი, - ორ საათში თუ მომიწესრიგებ, ამდენს გაჩუქებ, - თითებით ვაჩვენე.

- მანათს? - აიბზუა ტუჩი.

- თუმანს, შე კაცო...

- სიტყვა სიტყვაა? - ამაღლებულად შემომაცქერდა.

- კი.

- მაშინ ხვალ არა, ზეგ... ნაშუადღევისთვის. ძალიან ვეცდები.

რა თავს იგდებდა!

- ორ საათში-მეთქი, ადამიანო!

- ორ საათში, პატივცემულო, შეუძლებელია ყოვლად.

- რატომ...

- სიმართლე გითხრა?

- თქვი.

- რა და, გენაცვალე, ამას არავითარი ტრიკოზოლო არ უნდა, უნდა გაიწმინდოს შეძლებისდაგვარად ჯერ, მერე „ნოვოსტში“ გაირეცხოს, გაშრეს და გაუთოვდეს ბოლოს, და, გენაცვალე, ხვალინდელ თერთმეტის ნახევრამდე არ ეშველება არაფერი. „ნოვოსტი“ საღამოთი უნდა მომიტანონ ზესტაფონიდან, ქალაქის კარგი ასეთი, მანამდე, გავწმენდ, შენ ხარ ჩემი ბატონი, გავასუფთავებ, გავუდენ კაშკაშს. იდაყვი მაჩვენე აბა...

მივუშვირე, როგორც შემეძლო... ათვალიერებდა, სული შეუბერა, წკიპურტი გაჰკრა, კვლავ აღიღინდა: - შაავსა შაავი მყვაანს ცხეენიაა... ახალთახალს დავამგვანებ. რომ შეგნატროდეს ყრუ-მუნჯი ყველა...

რა შუაში იყო...

- გაქვს შემოდანში გამოსაცვლელი თუ...

- მაქვს, როგორ არა, - მოფარებულში შევედი, შარვალი და ნაქსოვი პერანგი ამოვიღე, გავძახე, - თერთმეტის ნახევარს ხომ არ გადააცილებთ...

- საჩივრის წიგნის მადლი გამიწყრეს, ჰიჰ... - ჩაეცინა, და გაუმკაცრდა ხმა, - შენ ხომ არ დაგავიწყდება, - თითები შემოჰყო ფარდაში.

- არა, კაცო, არა... სიტყვა სიტყვაა, ხომ გით... - დავბარბაცდი, შარვლის ტოტი ფეხში გამებლანდა.

- აკი დაგემართოთ.

გამოვედი და, მოგრძო სარკეში ჩავიხედე, არა მიშავდა რა, ჭიათურის პირობაზე... შლაპა დავიხურე, ვუსურვე:

- კარგად იყავით.

- აგრე იყოს, - თქვა ქიმწმენდელმა. უზრდელი...

- თქვენ ნამდვილი ქართველები იყოთ, მეტი არაა ჩემი მტერი, - თქვა შალვამ, ქუჩაში რომ გამოვედით.

 

5

მაგრამ უგუნებობამ სასწრაფოდ გადაუარა; დარიგებას მოჰყვა, თავისი ჭკუით:

- შენ თვალსაჩინო კაცი ხარ, გერასიმე და, ქალს თუ ეტყვი შემთხვევით, მიყვარხარო, და თუ ის შეგესიტყვება - არ მჯერა, ვაი - არ უნდა უთხრა: „ცოლ-შვილს გეფიცები...“ ამას აჯობებს, ყოჩაღად მიუგო: „დედა ნუ მომიკვდება“, ანდა უბრალოდ: „თუ არ მიყვარდე, ცუდი ვიყო...“

გიჟია, ოხერი... და რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმეკვეთა მისი ეს თავგასულობა, თანამდებობა პირში ვუთხარი ჩემი, ასე მეგონა, გადანცვიფრდებოდა ჯერ, და ღრმა პატივისცემით შემომაცქერდებოდა მერე, მაგრამ მშვიდად თქვა:

- რა ვუყოთ მერე... - და მანუგეშა, მანუგეშა კიდეც, წარმოგიდგენიათ? - ჯერ მაინც შედარებით ახალგაზრდა ხარ...

სულელი იყო. და კარგი აზრი მომივიდა, დადებითი - სისულელეში უნდა ავყოლოდი, სხვა გზა არ იყო - აბა, დადექი ახლა და ესაუბრე ამას სერიოზულად ქვეყნის ავ-კარგზე, როგორც იტყვიან... იქ, კაბინეტში, ამისთანები გამიცურებია? და აგდებულად ავხედ-დავხედე, პირველად შევათვალიერე საფუძვლიანად, დავეკითხე:

- შავები რატომ გაცვიათ ამ გაგანიაში, შალვა-უფროსო?

„უფროსო“-მეთქი, აჰ; იუმორის შესანიშნავი გრძნობა... მაგრამ არ მოტყუვდა, მაშინვე ბანზე ამიგდო სიტყვა:

- შენ საქართველოს გიყვარს, გერასიმე?

გამომიჭირა - მე, ჩემდა თავად, ამ შეკითხვაზე ვერ გადავუტანდი სიტყვას, ჩემთვის უხერხულია მაინც საქართველოზე მოყრუება, და დროებით მივუგე:

- კი, როგორ არა...

მაგრამ აქ წარმოთქვა ყოვლად უხამსი, ერთდერთი:

- ისემც...

უზრდელი! ხეპრე...

მერე, კინოთეატრში შევედით... დრო რომ გაგვეყვანა.

 

6

კინოთეატრიდან, გედების პარკი დამათვალიერებინა... იმდენი არაფერი - რაღაცნაირი ხეები იდგა და გედები დაცურავდნენ წყალზე. გრძელ მერხზე ჩამოვჯექით, ჩრდილში, რადგან მზეზე უფრო ცხელოდა და, საერთოდაც, ცხელოდა. სინოპტიკოსებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დიდი სიცხე იყო საქართველოში მიმდინარე 1971 წელს.

- უხდება ტირიფი გედს - აღნიშნა, - რა სულელური ფილმი იყო?

- რატომ... - არ დავეთანხმე, - კეთილშობილებაზე იყო, პატიოსნებაზე, სიწმინდეზე...

- კარგი, გაჩერდი, თუ კაცი ხარ... - შეიჭმუხნა, - ტყუილი იყო თავიდან ბოლომდე...

- რა არ დაიჯერეთ მაინც... - „თქვენობით“ იქით მივმართავდი, წარმოგიდგენიათ? მაგრამ ასე იყო საჭირო...

- რა და, ჯერ ერთი, ის ქმარი ტყუილად არ ეჭვიანობდა.

- როგორ თუ არა... ხომ გამოირკვა ბოლოს ყველაფერი.

- რა ყველაფერი...

- რა და, ქალის უბიწოება.

- კარგი გაჩერდი, გერასიმე... - აიმრიზა.

- როგორ თუ გაჩერდი... - ავიმრიზე მეც.

- როგორ და, ნამდვილად მოხდა იმათში რაღაც...

- რა რაღაც... რა!

- იცი ის შენ.

- არაფერიც არ მომხდარა, - გავუსაჩივრე ნათქვამი, - ხომ გაირკვა ბოლოს...

- არა, გენაცვალე. მე ყოველთვის ვხვდები, წყვილის დანახვაზე, მომხდარია თუ არა იმათში რამე... ვხვდები და რა ვქნა.

- რითი...

- ეტყობათ, კოჭებში.

აღვშფოთდი:

- ახლა, შენ უკეთესად იცი სცენარისტზე?

- აბა რა! - გამოცოცხლდა შალვა, - ოთხ თვეს გამნათებლად ვმუშაობდი.

- მაგ ფილმზე?

- არა, თეატრში.

ელაპარაკე ამას...

- არა ხართ სწორი, არა, შალვა, - დამაჯერებლად ვუთხარი. მაგრამ ამ ვაჟბატონზე, შალვაა თუ ვიღაც, ამან არ გასჭრა, და, საერთოდაც, ჩემს არგუმენტებს არ უჯერებდა, მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით განვაგრძობდი:

- ბოლოს ხომ გაირკვა ზუსტად ყველაფერი.

- ეკრანზე - კი...

- აბა, სხვა რა გინდა... - ამოვისუნთქე.

- სცენარით გინდაც არაფერი მომხდარიყოს, მაინც მოხდებოდა... იქ.

- სად იქ, შალვა, კაცო...

- სად და ცხოვრებაში.

აყევი ახლა ამას... მაგრამ გავბრაზდი:

- რა იცი შალვა შენ! - გაცხარებულს „თქვენობის“ თავი აღარ მქონდა, - რაზე შეატყვე მაინც!

- ეტყობათ-მეთქი, კოჭებში... - და დააყოლა, - რა კარგი შლაპაა? იფ...

და მყისვე მისი ჩამოცილება გადავწყვიტე. ამეკიდა, რა, იმასავით... აი, იმასავით. აი, აი ტკიპასავით, ჰო. კატეგორიულად დავეკითხე:

- თქვენ საით წაბრძანდებით ახლა?

- სად მაქვს თქვენს იქით გზა... - არხეინად მომიგო, კიდევ კარგი, „თქვენ“-ობითში რომ მაინც ამყვა, მაგრამ მაშინვე გააბათილა - ხომ გადავწყვიტეთ მე და შენ, ერთად მოგვევლო ჭიათურის რაიონი.

- აარა, გენაცვალე, აარა, - ავნერვიულდი, - იძახით აქ სისულელეებს და...

- სისულელეებს რომ ვიძახდე, კამათი არ ამყვებოდი. ეტყობა, შენც გენიშნა რაღაც... ტყუილ-უბრალოდ არ კამათობენ. აბა ახლა, მე რომ ვთქვა, მაგალითად, ასეთი რამ - დუშეთის ფლოტი მსოფლიოში უძლიერესია - შემეკამათები, გერასიმე?

სულელი იყო ვიღაც... ტუტუცი, შტერი... ვინც დედმამიშვილების სადღეგრძელო კიდევ შესვას, ჩემდა თავად...

- აბა, მოვიაროთ, აბა? - სულწასულად დამეკითხა, - აკი დავთქვით და...

- აარა, ბატონო, სრულიადაც აარა, - ისევ ავთრთოლდი, - ის სულ სიმთვრალის ბრალი იყო.

- სიმთვრალემ შეგაცდინა, ხომ... - გულდაწყვეტილი დამეკითხა.

- დიახ!

- ცუდია, არა, ცუდი სიმთვრალე?

- ძალიან ცუდი. ვერ ხედავთ, რა დღეში აღმოვჩნდი? სად უნდა ვყოფილიყავ და...

- აბა, ცუდია? - დაკვირვებით მიყურებდა.

- ცუდ სიმთვრალეზე ცუდი ნამდვილად არაფერია ქვეყნად. - მტკიცედ განვუმარტე.

- ერთი რამაა ნამდვილად უფრო ცუდი...

დავინტერესდი აქ:

- რა, მაინც... შალვა?

რაღაცნაირად, სევდიანად შემომცქეროდა, მითხრა:

- რა და, გერასიმე, ცუდი სიფხიზლე. გლახა სიმთვრალეს კიდევ ეშველება... ცუდი სიფხიზლე თქვი შენ...

 

7

სხვა გზა არ იყო - რაღაცით უნდა დამემტკიცებინა ჩემი უპირატესობა, სულ აიგდო თავი, და გამოსავალს ვეძებდი. საათზე დამეხედა? არა, ეს ხომ უკვე ვცადე და, უშედეგოდ, სხვა რამ იყო საჭირო, და მსუბუქად ჟრჟოლადავლილმა კუჭმა მიხსნა - დილით რა ვჭამე, არაფერი და, ცოტათი მშიოდა, და მისი პირველხარისხოვან რესტორანში დაპატიჟება განვიზრახე, თუკი მსგავსი რამ არსებობდა აქ, ჭიათურაში, სადმე. თურმე, ყოფილა და იქით გავსწიეთ, იმან - რუკზაკმოკიდებულმა, მე - ჩემოდნით ხელში, და რადგან გარდერობი ზაფხულობით არ მუშაობდა, ფეხებთან დაიდო იმან თავისი ბარგი, მე - ჩემი მოწყობილობა, მომცრო კაბინაში ვისხედით, ზედ რომელიღაც ამღვრეული მდინარის პირას. აქ, რესტორანში, შალვასთან დაძაბული თამაშისას, თავს საკუთარ მოედანზე ვგრძნობდი, რადგან რესტორნების მაქვს გარკვეული გამოცდილება, დიახ, და ოფიციანტთან მსწრაფლ ხელში ვიგდე ინიციატივა, რადგან არცთუ ისე ქართქათა სუფრა გამოვაცვლევინე, მართალია უარესი მოიტანა, მაგრამ მაინც... ცივი შამპანური დაუდევრად, თითქოსდა უგულისყუროდ ვიკითხე, მოვატანინე ორი, მერე ერთი უკან გავატანე, მაცივრის უმაღლეს თაროში შესადებად, შევუკვეთე ხბოს მწვადი, სუკი (ხიზილალას არ ვენდე) და ორი წიწილა, ერთიც - დედალი; სალათა, კუჭმაჭი, ბორჯომ-ლიმონათი და ყველი რა სახსენებელია, ანდა - მჟავეული. ბაზარში ოხრახუშისთვის გავაგზავნე დამლაგებელი, წუთში მობრუნდა, და ოხრახუშს ოსტატურად ვურევდი შამპანურით სავსე ჭიქაში, გაზი რომ გასცლოდა - მძიმეა იგი სასმელად, დალოცვილი... მერე ქართულ პურზედაც პროტესტი გამოვთქვი, გასაცხელებლად გავატანე ქუხნაში („კ-“-უხნას კი არ ვამბობ ზოგზოგებივით, ჩვენ, ზოგიერთმა ქართველმა, თუკი საჭიროა, ვიცით მშობლიური ენის ფასიც), და რომ გაივსო მშვენიერი, სხვათაშორის ჭიათურის პირობაზე, საჭმელ-სასმელ-სანოვაგით სუფრა, შალვამ შემაქო:

- ყოჩაღ, გერასიმე. მაქსიმალისტი ყოფილხარ, ჭეშმარიტი ქართველის ერთი თვისება ნამდვილად გქონია.

- ხომ არ აკლია რამე? - სუფრას გამომცდელად გადავხედე.

- კი.

ეს პირში მითხრა, გავოცდი ძლიერ:

- რა მაინც...

- ერთი, თუ კაცი ხარ, - თითი ასწია, - ლობიო ან შემწვარი კარტოფილი მოატანინე.

- რა, ამეებს აჯობებს?

- ვინც ხორცს არ გეახლება, გერასიმე, იმისთვის - კი. და, თუ არ გეწყინება, მე ღვინოს დავლევ.

- რატომ...

- გამათამამებს შამპანური. თანაც, მივეჩვევი და... ვინ დამალევინებს მერე.

ფუჰ, უპირატესობა ხელიდან მეცლებოდა. გუნება გამიფუჭდა და, რაღაცნაირად, მეუხერხულებოდა კიდეც წიწილის კვნეტა, მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო, გაგიგიათ, ალბათ... მაგრამ უკანდახევა არ მჩვევია, ჭიქა ავწიე:

- გაუმარჯოს ყველაფერ კარგს, რაც ქვეყანაზე არის.

- ერთი ჭიქით სვამ ამას, გერასიმე? - გაკვირვებული შემომცქეროდა.

- ჰა, ორით იყოს, - ვთქვი და მეორე ჭიქაშიც ქაფის უნაზესი ვულკანი ამოვიყვანე, კარგია შამპანური, ვენაცვალე მას.

- გაუმარჯოს, - თქვა შალვამ, - მაგის იმედით არ ვართ?!

მადა გამეხსნა. სუკი ჩავკბიჩე, აჰ, ოდნავ ძნელად მნებდებოდა, მე რომ მიყვარს, ისე; ხბოც კარგი იყო, ნაზი, ცვრიანი, და წიწილასაც კურტუმიდან რომ მივადექი, შალვამ იკითხა:

- თქვენ ხინკალი თუ გიყვართ, ა, გერასიმე?

- გააჩნია გაკეთებულს, - მაინც ვფრთხილობდი, ავწონ-დავწონე სიტყვა.

- მე კი, გერასიმე, ხინკალმა ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.

- აღმოჩენამდე? - გავიკვირვე და წამსვე იუმორი მოვიშველიე, - რა, ნიუტონის კანონია?

- არა, ეს კუჭის კანონია, - სერიოზულად მომიგო, - ახლავე აგიხსნი, აგერ ვარ მე და აგერ ხარ შენ. ხინკალი, გერასიმე, რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო, - შეუდგა ახსნას, - ჰოდა, წახვალთ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში და აჰ, ჯერ სხვებს გამოაქვთ, ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს მერე, როგორც იქნება შენი რიგი და, მოგაწვდის მაგრამ, რას მოგაწვდის მეხინკლე იგი - ცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს, სულ ციმციმ მოგაქვს, და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყამთ, ფეხზე დამდგარნი; მერე თქვენში ყველაზე დადებითი ადამიანი მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის - მწვავეს, მადიანს, ველურს - უჰუჰუჰ!.. მთლად ათრთოლდები, მაგრამ ცხელია... მერედა, შე კაცო, ფრთხილად აიღე, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, ცენტრში რომ მოარტყა, უბერე, უბერე, ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე მერე და ახლა იქ ჩაბერე, ოხშივარი, ჰუჰ! ზედ შიგ ცხვირ-პირზე გელამუნება, და მერე ფრთხილად, ფრთხილად შეიწოვე გულბოყვდამთუთქავი წვენი, აჰ, რა ხსნარია, იფჰ! რომ აგრილდება პატარაზე მერე, ღეჭე, ყლაპე და გუნებაში ნეტარებით იფიქრე: აჰმ-ჰჰ, უხხმ-ჰჰ, და მორიგი ხინკალ-ჭიპის ურნაში ჩასაგდებად დახრა რომ გაგიჭირდება, ამოიხვნეშებ და გაიფიქრებ - ე, ხომ არ მეყო? არა, კაცო, რა საკადრისია, აი ის აიღე, ის, გვერდითა ცალი, ოჰოჰ, ცხარეა? - დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგირეცხს კოხტა-ლამაზად თუ... ახლა, იქითას დასწვდი, ძამიკო, როგორ გიყურებს, გიყურებს როგორ, აჰ, გეხვეწება, ნუ ეტყვი უარს, აიი, ასე, რა, სუნთქვა გიჭირს? რა უჭირს მერე, სირბილით ხომ არ დაღლილხარ და, მაინც, მერე, იმ კანონს მაინც აღმოაჩენ - რომ დანაყრდები კი არა, უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები, გენაცვალე, რო დამძიმდები, მოფომფლოვდები და თვალზე რული ჩამოგაწვება, მთვლემარე, ბუნდოვნად იგრძნობ რომ, ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი. აბა?! - კუჭის კანონია ეს, გერასიმე.

სუფრაზე უხერხული დუმილი ჩამოწვა, ბარკალს ხელი ვუშვი.

- რამე ხომ არ მოგართვათ, ბატონო, ხომ არ გამოვაცოცხლოთ სუფრა? - დუნედ იკითხა ოფიციანტმა, ფანჯარაში იყურებოდა.

- ჰა... არა, - ვთქვი მე.

იმან კი, შალვამ, ასე მომმართა:

- მიირთვით რამე, გერასიმე.

ჩემს პურ-მარილზე, მეპატიჟებოდა!

 

8

მაგრამ შამპანურს, ამხანაგებო, თავისი გააქვს. ასე იყო ახლაც, რასაც მეტს ვსვამდი, ვმსუბუქდებოდი უფრო, და მსიამოვნებდა, ისიც, სულელი, ღვინოს წრუპავდა და შევსვით სხვადასხვა სადღეგრძელო, ამჩატებული, მეტის პატივით მექცეოდა, მეტი ზრდილობით, ძლივს არ გაიგო ჩემი ფასი? მაგრამ რაღაცას აპირებდა, მგონი; ეტყობოდა, რაღაცნაირად, მისივე გამოთქმისა არ იყოს, კოჭებში, თუმცა ფეხები მაგიდის ქვეშ სულ არ უჩანდა - გამჭრიახი ვარ - ძალიან დატკბა, სულ თვალეში შემომციცინებდა, ბატონო სიმაც მიწოდა ორჯერ... შვება ვიგრძენი, მჭიდროდ მივეყრდენი სკამის ზურგს, მიდამოს გავხედე, საბაგირო გზები ჰქონიათ ჭიათურაში, თურმე, კარგია, ყოჩაღ, მომეწონა ეს. მაგრამ რაღაცა გაბრაზება, მთელი დღე გონებაში რომ მიღიტინებდა, სწორედ ახლა არ გამახსენდა? წამსვე ვიფიქრე:

- კი მაგრამ, შალვა, შუა ზაფხულში რატომ ათბობდნენ ვაგონს?

მაინცდამაინც არ აღელვებულა, ის კი არა და, მშვიდად მომიგო:

- რა გითხრათ, აბა, ალბათ ნახშირი თუ აქვთ ასათვისებელი...

- როგორ თუ ასათვისებელი...

- ტყვილა ხომ არ გადაყრიან აბა?

- გადაყრა არ სჯობს ხალხის ამოხრჩობას?

- აჰ, ეგ არა თქვათ, საპასუხისგებო საქმეა ტყვილა რაიმეს გადაყრა, თქვენ კი უნდა მოგეხსენებოდეთ ეს.

გამომიჭირა, ოხერმა და, ეს მდგომარეობა რომ განმემუხტა, მესამე ბოთლი ჩემით გავხსენი, გამოზომილი, დახვეწილი მოძრაობით და, სანამ ჭიქაში ქაფი ჩადიოდა და სითხე კი პირიქით, ამოდიოდა, უეცრად ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა:

- ერთი თხოვნა მაქვს, ბატონო სიმა. ნუ გამაწბილებთ...

ერიჰაა! აჰა - თავიდან ვგრძნობდი, რაღაცის გამორჩენა რომ უნდოდა ჩემგან, მაინც გულთბილად შედარებით, ვთქვი:

- მითხარი, შალვა.

- რა და, ბატონო სიმა, ერთი აზრი მომივიდა, თუკი გვიკადრებთ.

- რატომ არ ვიკადრებ, თუკი ნორმის ფარგლებს არ სცილდება, - და ადამიანურად გავამხნევე: - ადამიანები ვართ მეც და შენც.

ნასვამი ვიყავი, თორემ ვინ ოხერი გაუყადრებდა თავს.

- რა და, ბატონო სიმა, ღამე მაინც აქ გვაქვს გასათევი და, სასტუმროში ოთახის ძებნას, აგერ, აქავე, ერთი საათის სავალია ავტობუსით სულ, ბიცოლა ცხოვრობს მკვიდრი ერთი ჩემი და, მივიდეთ ბარემ, სულ მეხვეწება, წერილობით, ეე, ამოდი ერთი, რა იქნება, ამხანაგებით, შალვაო და, კაი ქართულად დაგვიხვდება, მშობლიურ-ტკბილად, ბატონო სიმა, ბევრს კი ვერაფერს შეგპირდებით, მაგრამ სიმინდზე გაზრდილ ქათამს დაგიკლავთ, ჭყინტი ყველი და პრასი ექნება, ქოთნის ლობიო, კეცის ჭადი და ნამდვილი ღვინო, ქვევრიდან მცირე ზვირთებად ამოლიკლიკებული, - და საცოდავად დამეღრიჯა, - ავიდეთ რაა?

- არა, ახ, არა, არავითარ შემთხვევაში, - კატეგორიულად განვუცხადე მე.

- რატომ, ბატონო სიმა...

- რატომ და, ვიცი, წამოიწყება იქ დედმამიშვილების სადღეგრძელოები!

- რა უჭირს მერე...

- არა. - ვთქვი კვლავ მე, შეუვალი ვარ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს, მაგრამ განაგრძო:

- რა იქნება, რა, ბატონო სიმა, პატივი დაგვდეთ...

- არა-მეთქი. აჰ! - ამ შეძახილით გავკიცხე და ხელისგული მაგიდაზე მრავალმნიშვნელოვნად დავდე. ახლა კი მივხვდი - ამიყვანდა იქ, სადღაც სოფელში, დამალევინებდნენ რაღაცა ღვინოს, გაშლიდნენ ქეციან პურ-მარილს ისეთ დაბალ მაგიდაზე, წელში რომ გაგწყვეტს, მერე კი, შემთვრალს, შემაცოდებდნენ თავს - მარტოა აქ, მოხუცია, გამოყრუვდაო და, თქვენი ჭირიმე, ეგებ ქალაქში გადმოვწეროთო და, ან მასალა ენდომებათ რაიმე, გამომტყუებდნენ დაპირებას და მისამართს, მერე ქალაქში რაიმე ძღვენით მომადგებოდნენ და, ამათი თავი მქონდა მე? აქაც კი ვიჯექი გაწყობილ მაგიდასთან, კოხტად.

- მაშინ, ბატონო სიმა, აქ შევსვათ დედმამიშვილების სადღეგრძელო, - მითხრა.

- აჰ, არა, არა, - გავასავსავე ხელი, - მაგ სადღეგრძელოს დამლევი არ ვარ.

- რატომ, პატივცემულო? - დაინტერესდა.

- იმიტომ. მორჩა! - მკვეთრად მივუგე.

- კაი, ბატონო, - მაშინვე დამეთანხმა, - აბა, მე დავლევ და, მისმინეთ მაინც.

- კი, სმენით - გისმენთ.

- ჩვენ სამნი ძმა ვართ, კეჟერაძეები, და ერთი დაც გვყავს, გაგვიმარჯოს ჩვენ. ერთი გვყავს კიდევ, ბიძაშვილი, დედის მხრიდან და, დედაჩემი კი სანაძის ქალია, ბატონო სიმა, დადმამიშვილებში არ გვერჩევა ბიძაშვილი ის.

ძაან არ მაინტერესებდა? ვარიდებდი თვალს...

- ჩვენ, სამნი ძმანი კეჟერაძე და ბიძაშვილი ჩვენი, სულ სხვადასხვა გზით წავედით ცხოვრებაში: აგერ, მიხეილი ჩვენი, სანაძე, წავიდა დირიჟორად, მუსიკის გზით, გრიშა, ჩემი ღვიძლი ძმა, წავიდა ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობის დამყარების გზით, ხოლო მეორე ღვიძლი ძმა, ვასიკო, წავიდა ლიტერატურის სიყვარულის გზით.

ალმაცერად გადავხედე აქ:

- და თქვენ? თქვენ საითკენღა წახვედით, შალვა?

- მე ყველაზე რთულ გზას დავადექი, - თქვა მან,  - მე წავედი სოფელ-სოფელ წოწიალის გზით.

- კი მაგრამ, რატომ?

- ერთი რამის სიყვარულით, დაფარვა რომ სჭირდება.

- რაა ასეთი? - ჩავაჯინდი.

- მერე გეტყვით... როდესმე, სხვა დროს.

- რა, ლიეპაში წამომყვებით თუ... - კვლავ იუმორი მივაშველიე.

- აჰ, ლიეპაში რა მინდა, კაცო... ლიეპაში კი არა, აქ ვერ ავსულვარ, ბიცოლას სოფელში, სადაც...

 გავაწყვეტინე:

- თამადაო, ჩანჩალაო... - ვეხუმრებოდი.

- გაუმარჯოს, აბა, ჩემს და-ძმებს კეჟერაძეებს, მიხეილს ჩემსას, თქვენ არ გყავთ, ვიცი.

- რა იცი? ჰა... - დავიბენი.

- კიბეზე არ მითხარით?

- რომელ კიბეზე...

- თბილისის ვაგზლის.

და, ლაპარაკი რომ მსწრაფლ სხვა რამეზე გადამეტანა, ჭიქას წამოვავლე ხელი: - დედმამიშვილებს გაუმარჯოს.

და, საოცრებავ, არ მივიყუდე? აკი დავთქვი, რომ... არ შეიძლება, გულში ვიძახდი, აარა-მეთქი, მაგრამ მაინც - ყლუპ, „ეს სადღეგრძელო გაგაფუჭებს - ჩემს თავს ვეუბნებოდი და მაინც - ყლუპ, „ბოლომდე მაინც ნუ გამოცლი“ - ყლუპ, „რას სჩადი, კაცო“ - ყლუპ, და გამოვცალე ამასობაში, მე სულელს, მაინც კიდევ მინდოდა, ჭიქა მაგიდაზე იდგა, მე კი ჭიქაზე შემომეჭდო უგუნური თითები და, გამიგო კიდეც, მყისვე შემივსო, მითხრა:

- ძალიანა გთხოვ, მიხეილის სადღეგრძელოც მიირთვათ, ბატონო სიმა. იგივ დედმამიშვილია ჩემი...

 მაშინვე დავუჯერე:

- ეს გაუმარჯოს ლიტრა... ტერატუტურის... - ენა ამებნა.

- აჰ, არა, არა, ის ვასიკოა... დირიჟორია ეს...

- გაუმარჯოს ყველა დირიჟორს... თავისი ჯოხით...

- აგრე იყოს, ამინ, - და გამამხნევა, - ოო, ეგრე სჯობს, მასე, ბატონო სიმა, ბოლომდე დაცლა - ვაჟკაცურია.

გაგრძელება...