გურამ დოჩანაშვილი

ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება
ანუ მესამე ძმა კეჟერაძე

(სათავგადასავლო მოთხრობა)

 

9

ახლა რომ ვუკვირდები, იმჯერადაც დედმამიშვილების სადღეგრძელომ დამღუპა - შექანავებული, ცხვარივით დავდევდი აღგზნებულ შალვას, ვისაც მყისვე დავთანხმდი სოფლად ასვლაზე, მერე მითხრა, რომ სოფელში ჩემი ამ ძვირფასი ტანსაცმლით გამოჩენა შეუსაბამობას გამოიწვევდა ერთგვარს, და მაყიდინა უნივერმაღში ხამი ტილოს შარვალ-ხალათი, ვაი სირცხვილო - სადღაც ბუჩქებში გადავიცვი, მოვჩანდი კიდეც ალბათ, კარგი სამოსი - ჩემოდანში მზურნველად ჩადო, შლაპაღა შემრჩა ძვირფასი თავზე, და მილოცავდა აღჭურვილობას ახალს, რომელსაც, მისი შეხედულებით უბრალოსა და მშობლიურს, „ტყრუშულს“ უწოდებდა, ბიცოლასეული ღობის სახეობიდან ნასესხებ გამოთქმას; ბილეთების აღებდა დამასწრო, რადგან მე ჩემოდანიანა ერთ ადგილას ვიყავ, გაღიმებული შემომეგება:

- ა, მაშ, მივდივართ, პატივცემულო ბატონო სიმა?

- კი, - და დავეჭვდი, ნასვამიც კი, საზრიანი ვარ, - კი მაგრამ, იმანო... - სახელი დამავიწყდა, - ჰო, შალვა... - და სახელი კი გავიხსენე, მაგრამ ახლა სათქმელი დამავიწყდა, და გავიხსენე ისიც.  - აი, ეგ შენი ბიცოლა, შალვა, რომ არ დაგვხვდეს, ა, შალვა?

ერთხანს მიყურა, და გაუბრწყინდა სახე, ჯიბისკენ წაიღო ხელი:

- აგერ არა მაქვს იმისი სახლის გასაღები?

და ამოაძვრინა კიდეც - პატარა, ოქროსფერი, კოხტა.

- კარგი, შალიკო... - დავეთანხმე, პატარას თითქოს ვბარბაცებდი, დიდი ამბავი, მერე რა... და მემშობლიურა შალვა მერე უცებ, რა იყო მაინც, რა ჭირი მეტაკა, მხარზე მოვხვიე ტყრუშულსახელოიანი ხელი: - ჩი-იტი გვრი-ტი მო-ოხ! ვეეუულშიიი...

- ზემო იმერეთს, ბატონო სიმა, ნამდვილ იმერეთს, საქართველოს ვნახავთ... - აღტაცებული იმეორებდა, გავაწყვეტინე:

- ძალიანაც კარგი.

და ავტობუსთან, უკანასკნელად შეჭოჭმანებულს, ისეთნაირი ვედრებით მითხრა: - წავიდეთ, რაა...

წავიდეთ, ჯანდაბას, კარგი, - ხელი ჩავიქნიე და ისე - უბრალოდ, ჰაი-ჰარაზე რომ არ დავთანხმებულიყავ, რიხიანად დავასაბუთე კიდეც, ასე ვთქვი მე: - ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს.

აი ასე ვთქვი მე, მიყვარს ხალხური პოეზია.

პატარა ავტობუსში ჯერ თითქოს სიხალვათე იყო, ჩვენ-ჩვენ ადგილას მოვკალათდით, მაგრამ როგორც კი დაიქოქა მანქანა, იხუვლა ხალხმა, სად იყვნენ იქამდე მაინც, შეშფოთებული ზეწამოვიჭერ, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვეღარ ჩავიდოდი, ადამიანი კი არა, ლაზერის სხივი ვეღარ გააღწევდა გარეთ, და ისევ მოწყვეტით დავჯექი, რადგან ვიღაცა ქალი მიზანსწრაფულად წამოვიდა ჩემი ადგილისკენ, თავიდან ჯერ ცოტათი ამან გამომაფხიზლა; შალვამ დაუთმო იმ ქალს თავისი სკამი, და მეც მომიხდა ცოტა ხანში წამოდგომა, რადგან ქათმები დამადეს მხარზე, ფუჰ, ცოცხალ ქათმებს ვერ ვიტან, ქათმები შემწვარი ან მოხარშულია მხოლოდ კარგი, ნასვამმა, მძიმედ ავათრიე წელი და ქათმებიანი ქალი, ჩემს კუთვნილ ადგილზე, არხეინად მოკალათდა! ვიღაცის ფეხებზე კი ვიდექ, მაგრამ მეც ფეხზე ვიღაცა მადგა, საშინლად ჭყვიტინებდა სადღაც კუთხეში ცოცხალი გოჭი, აღმართში გაჭირვებით მიხროტინებდა ავტობუსი, და უცებ სადღაციდან შალვას ხმა შემომესმა:

- რავაა საქმე, გერასიმე, ვინმემ ხომ არ დაგაბიჯა ფეხზე!

ჰაიი, თაღლითი... კვლავ „გერასიმეზე“ გადავიდა, აქ რომ დამიგულა, ამ ხალხში ჩაჭედილი. თვითონ არ ჩანდა, სადღაც წაეღო მძლავრ ნაკადს, გავიტრუნე და, ისევ, კვლავაც არ შემომესმა?!

- სად ხარ, გერასიმე, ხომ წაგივიდა ამ შეუჩვევლობაში გული!

ხამსები ყუთში, კიდევ რაღაც წესრიგისდამიხედვით აწყვიან, ალბათ, მე კი, საცოდავს, ბეჩავს, გადაჩვეულს საერთო ტრანსპორტს, ამ სისასტიკეში გამქირდავი სიტყვების მოსმენაც მიხდებოდა, მთლად გავიხვითქე, ხალხი კი შალვას ყოველ წამოძახილზე მე მიყურებდა - ჩემი ტყრუშული შარვალ-ხალათის მიუხედავად, შემიცნეს, უცხო... და ერთხელაც რომ დამიძახა: „როგორ ხარ, გერასიმე!“ „კარგად“ - ვითომც ომახიანად გავეპასუხე, მაგრამ ჩემს ფეხებზე მდგარი კაცი ძალიან შეიჭმუხნა და მისაყვედურა: „რაა, ბატონო, მთლად გამიხეთქე ყურის ბარაბანი“ - ელაპარაკე, ამათ...

იგი კი, შალვა, აღარ იშლიდა: „მოსახვევია ახლა, გერასიმე, გამაგრდი იცოდე კაჟივით!“, „ორმოა აქ მოსალოდნელი მკვეთრად გადამხრელი, გერასიმე, არ შემარცხვინო!“, „ვინმეს ტომარა ხომ არ მოგედო, გერასიმე, იმ ნაღრძობ ფეხზე!“, იმდენი იძახა, შემომეცალა ხალხი თანაც ჩავიდნენ ზოგ-ზოგები და, უფრო უცხოდ და ყასიდად ვიდექ... მერე, გაჩუმდა, როგორც იქნა და, სიმთვრალეს, თუნდაც გაბზარულს, მაინც თავისი გააქვს - სულ ცოტათი წინ გადავინაცვლე და ვიღაც ბავშვიან ახალგაზრდა ქალს, თავთით დავადექი, გულისპირი ჰქონდა შემთხვევით მოღეღილი, წამძლია სულა და თვალი დავადგი, და რომ ვერ შეემჩნია ჩემი მზერა, აქამდე ხელში ჩაბღუჯული, დაჭმუჭვნილი შლაპა გავასწორე და ჩამოვიფხატე, და თუმც დაჟინებით, მაინც შენიღბვით ჩავცქეროდი, მაგრამ ქალი საერთოდ ალღოიანია ხანდახან ოხერი, მაინც მიმიხვდა და, რა ქნა, თუ იცით? - არ დამიჯერებთ - მთლად ამოიღო ცალი ძუძუ, ბავშვს პირში ჩაუდო და, ხალხის გასაგონად - წარმოგიდგენიათ? - მიმართა: ჭამე, გენაცვალე, თორემ ბიძია წაგართმევს... და ამომხედა, აჰ, ჩემი ბედი! მაინცდამაინც ასეთს უნდა გადავყროდი? ატყდა სიცილი ავტობუსში, მაგრამ რა ატყდა... იმანაც, შალვამ, წამსვე გამომძახა: „რაშია საქმე, გერასიმე, შენზე ხომ არ იცინიან, ხომ არ მომჭერი თავი!“ ხედავდა ალბათ, ყველაფერს, ოხერი, მაგრამ რა დავაშავე მაინც ასეთი, დასაცინ-მასხრად რომ ამიგდეს, გამექცა ისე, უბრალოდ, თვალი, აკი თქვა კიდეც ცნობილმა პოეტმა აკაკიმ - „საამო არის საცქერლად, დიაცის უბესავითა...“ ექსპონატივით ვიდექ, სიცილით ცრემლმორეული მთელი ხალხი დიაცის უბესავით ახლა მე შემომყურებდა, კიდევ კარგი რომ, ის ქალი სადღაც ახლოს ჩავიდა, თუმცა კიდევ კარგი კი არა, პირიქით, უარესი გამოდგა ეს, რადგან მე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ავტობუსის დატოვება და ჭიათურაში დაბრუნება, ლიეპა თითქმის აღარ მახსოვდა, ჭიათურაზე ვოცნებობდი, წარმოგიდგენიათ? - მაგრამ იმ ქალს ხომ ვერ ჩავსდევდი, შემდეგი სოფლისთვის გადავდე ჩემი ეს განზრახვა, და გადაუხვია კიდევ ავტობუსმა, რაღაც დანჯღრეულ, საცალფეხო გზაზე ახრიგინდა. ვაჰ, ჩემი ბედი, და საბოლოოდ იმან გამომაფხიზლა, რაღაც ტომარა რომ შეხტა უცებ და ჩემსკენ გადმოხტა, და სანამ შექანებული გული დამიმშვიდდებოდა, კიდევ კარგი რომ, მივხვდი - გოჭი ეყოლებოდათ შიგ, თანაც, ფუიჰ, ცოცხალი.

...ჩემი საათი შვიდის ნახევარს აჩვენებდა, ავტობუსიდან რომ გადმოვედით.

მაინც ძალიან ცხელოდა, მთლად დამისველდა გადახახუნებული შუბლზე მწარედ, ცხირსახოცი. ეს შალვა ისე დაძაბული იცქირებოდა ირგვლივ, ასე მეგონა, ვიღაცას ეძებს-მეთქი, უნებურად თვალი გავაყოლე, მეც დავტრიალდი ადგილზე, მაგრამ აჰ, არა, არავინ ჩანდა. რა ჯანდაბა და ოხრობა აფაციცებდა აბა, სულ ვერ გავიგე... როგორც იქნა და, მომიბრუნდა, მითხრა:

- ბატონო სიმა, არ გეწყინოთ და, საქართველოს პატარა მონაკვეთი ფეხით გვაქვს გასავლელი...

მსწრაფლ შევიცხადე:

- ძლიერ შორსაა?

- აგერ იქ, იქით, მანდ არა, აი იქით, სახლები რომ მოჩანს...

კარგა გვარიანი მანძილი ჩანდა, უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე. ჩემოდანს დავწვდი, გაბრაზებული ვიყავ. მოსახვევთან ვიღაც ბებერი შემოგვეფეთა, როგორღაც, დაეჭვებულმა მოგვმართა:

- გამარჯობათ თქვენი?!

- კაი გამარჯობათ, ბატონო, - ხალისიანად შეაგება შალვამ, - როგორი ამინდებია აქეთ?

- რა უჭირს, კარგი, - უთხრა ბებერმა და, თითქოს რიო დე ჟანეიროს გარეუბანში შევხვედროდეთ ერთმანეთს, გახარებულმა გვკითხა: - ქართველები ხართ, ბიჭებო?

ალბათ შალვას რუკზაკმა თუ შეაეჭვა, ან  - ჩემმა შლაპამ, გავღიზიანდი, მივუგე:

- არა!

აის ბებერი დაკვირვებით შემომაცქერდა, მერე დამიყვავა, თავისი ჭკუით: „კაი ბატონო, კაი ბატონო, კაი ბატონო...“ შალვამ კი, ჩემით ძალიან აშკარად გულდამწვარმა, ვითომ გამოსავალი იპოვნა:

- ნუ გეწყინებათ, ბიძაჩემო, ნერვიულია...

- რა უჭირს მერე, - თქვა ბებერმა და მხარზე ტომარა შეისწორა, - მასეთები ხდება? მშვიდობით გევლოთ...

- კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო, - დაადევნა შალვამ და მაშინვე დაბალის ხმით მისაყვედურა: - გეთქვა, რაღა - ჰო...

- რატომ უნდა მეთქვა! - გავცხარდი, ნერვიული ვარ, - ქართულად გამოველაპარაკეთ და რა უნდოდა მეტი! კუდს ხომ არ გავუქიცინებდი კიდევ...

უზრდელი, თავხედი - აქ ორიოდ ნაბიჯით დაიხია და ერთ ადგილას დაკვირვებით, ხაზგასმულად შემომხედა. წელში გაიმართა, მისაყვედურა მერე:

- უნდა გეთქვა - ჰო...

- არ უნდა მეთქვა, არა!

- შენ იცი შენი საქმე... - სწრაფად დათმო და, კვლავ იაგრესიულა, - მაგრამ შენ შენი საქმე იცოდე, მეტი არაა ჩემი მტერი...

საცა არა სჯობს გაცლა სჯობსო, უთქვამს ბრძენს, გაჩუმება ვამჯობინე. მაგრამ მთლიანად ვერ გავეცლებოდი, დედმამიშვილების სადღეგრძელოს გადამკიდე, იმის ტერიტორიაზე ვიყავ.

- აბა, შევუდგეთ ჩვენ-ჩვენ კუთვნილ გზას, - მხნედ გამოაცხადა შალვამ, - აი, ეს სიმინდის ყანა გვაქვს გადასალახი, შენ იცი, გერასიმე, როგორც მშრალადაც გამოხვალ, ხომ არ გეშინია მაჩვის?

- მაჩვის კი არა... - წავიბუზღუნე.

შრიალ-შრიალში, ოღროჩოღროზე მივაბიჯებდი, გული მიცემდა. სად ვიყავ მაინც, საით მივდიოდი, მაღალ სიმინდში არაფერი ჩანდა, მიცემდა გული. მარტო ვიყავი, შალვა არსად ილანდებოდა, წახრილს, ქურდულად მიმქონდა ჩემი საკუთარი ჩემოდანი, ალაბედობით მივიკვლევდი გზას.

- როგორაა საქმე! - როგორც იქნა, შემომესმა.

- კარგად, კარგად! - გახარებული შევეხმიანე.

- ასე იარე, ასე, ჩემი ხმისკენ! ხომ არ გიჭირს რამე!

- არა! - გავძახე.

- თუ გაგიჭირდება რამე, დამიძახე - ვაშლიი! კარგი?

- კარგი, შალიკო!

როგორც იქნა და, გავაღწიე იმ ყანას თავი, და შემომესმა წყლის რაკრაკი, როგორც იტყვიან. მომცრო ღელესთან შალვა იდგა, დაფიქრებული დასცქეროდა წყალს მერე მე მიყურა ერთხანს, და გულით მთხოვა:

- ხუთ წუთს ვერ დამითმობთ, პატივცემულო?

- რაშია... საქმე...

- ვიპკურო მინდა, გერასიმე, წყალი...

მხრები ავიჩეჩე. შალვა კი იქვე, მაღალ ბუჩქებში შეიმალა და, პატარა ხნის მერე, საცურაო ტრუსში გამოწყობილი წარმოსდგა ღელის პირას. რად უნდოდა ასეთი საგანგებო აღჭურვილობა, კოჭებამდე თუ მისწვდებოდა წყალი; ფეხი რომ შედგა, იმის მაგივრად მე გამაჟრჟოლა, მაგრამ შალვა მხნედ დაიხარა, ორთავ პეშვით ამოიღო წყალი, გაიმართა და, ისევ გემრიელად შეისხა მკერდზე, გული დამწყდა და, გაკვირვებული, თანაც შურით შევქცეროდი, როგორ გრილდებოდა ამ პაპანაქებაში - მთელი ეშხით... მერე ღელეში საერთოდ გაწვა, ხელ-ფეხს იქნევდა, კოტრიალობდა, მზეზ კი წყალში ნებივრობდა, ოხერი, და რომ შემომხედა, თითქოს მიმიხვდა შურსა და სურვილს, ნელა წამოდგა, ხელით მოიჩრდილა სველი სახე, დაკვირვებით მათვალიერებდა, და მერე მკითხა:

- გული ხომ არ გაქვს ცუდი და გლახა?

- არა, მე მგონი.

და უცხო რამ ბგერები, ნაზი და მოთბო, გაერია ხმაში:

- მოდი აბა გერასიმე, წყალში.

...ვხვანჩალობდით, ჰეჰ!

 

10

სანამ იმ საშინელ ამბავს მეტყოდა, სუყველაფერი კარგად იყო - მასპინძლის სახლი შორიახლო მეგულებოდა, გაგრილებული, ჩამავალი მზის სხივებქვეშ ვიწექით, ორთავე თვალი მილულული მქონდა, უგუნებობა გადამეყარა - წყლით. სოველ სახეზე მოთბო შუქი მადგა, სიგრილეს მწოვდა, ნაზად მთენთავ ნეტარებას მმატებდა, კარგია მაინც, რაც უნდა უნდა იყოს, მზე. მერე პირქვე გავწექ, ხელები გავშალე, კოხტად დავმძიმდი და, აი სწორედ მაშინ, მადიანად რომ გავიზმორე, ასე წამოიწყო:

- თუ არ გეწყინებათ, ბატონო სიმა, სიმართლეს გეტყვით.

ვინ თქვა, წინათგრძნობა არ არისო, ნამდვილად არის, რაღაცა ცუდი მაშინვე მიგრძნო გულმა.

- რა სიმართლეს... კაცო?

- რა და... შემომხედე ჯერ, ვაჟკაცურად, თვალში.

ღელის პირას წამოვჯექი და, მოლოდინით მივაპყარ მზერა, იმას კი განზე გაიხედა, თითქოს ცოტათი დამორცხვებულმა, თითით აჩიჩქნა მიწა, და მითხრა მერე:

- მე ამ სოფელში არავითარი ბიცოლა არ მყავს, გერასიმე.

სანამ რაიმეს მოვისაზრებდი, და ამოვიღებდი ხმას, იმ ციცქნა ღელის კალაპოტში ბლომად წყალმა ჩაიარა.

- როგორ თუ...

- არ მყავს და, რა ვქნა. - და ვითომ, ამიხსნა: - თავს ზემოთ ძალა არ არის.

- რანაირად... ა... ბიცოლა ხომ... - და, გაოგნებულმა, უცებ ვიფეთქე, გონება დამებინდა: - როგორ თუ არ გყავს! რაშია საქმე, ბოლოს და ბოლოს! რაღაც მაპეტიჟებოდი აქეთ... მე შენ გიჩვენებ! სადაა ტელეფონი!

აქ გაიბადრა, ღიმილ-ღიმილით მითხრა:

- აგერ იქ, ჭალაში, მესამე ხეზე ჰკიდია, გერასიმე.

მაგრამ არ მიმიხედია, არ მოვტყუვდი; გამახსენდა:

- ეს გასაღები რომ მაჩვენე? არა, არა, კი გყავს, როგორ არა, - ათრთოლებული, თავს ვიმხნევებდი, - კი გყავს ბიცოლა აქ შენ, ეე...

- შალვა, ბატონო.

- კი გყავს ბიცოლა შალვა, აქ, შენ...

- ის გასაღები, ბატონო სიმა, ჩემი ღვიძლი ძმის, ვასიკოს ფოტოატელიისაა. თბილისში, ღამღამობით, იქ მძინავს ყარაულივით, უხელფასოდ, კოხტად...

- ვინ ვასიკოა... რა ფოტოატელიე...

გაკვირვებულმა, დამანამუსა:

- როგორ, არ გახსოვს ნუთუ, ბატონო სიმა, დედმამიშვილების სადღეგრძელო?

გულშემოყრილი, წყლის პირას ვიჯექ.

 

11

კარგა ხანი გავიდა, სანამ ვიტყოდი, ხმადაბლა, სხვათა შორის:

- კი მაგრამ, მე აქ რატომ წამომიყვანეთ?

- არ გეწყინება, გამოგიტყდე?

შევხედე:

- არა.

მყისვე წამოდგა, გაიარ-გამოიარა, მითხრა:

- კარგი ადამიანი ხარ შეიძლება შენ, გერასიმე, მაგრამ უნდა გაგაადამიანურო უფრო.

- გამა... ამამადამიანო? - ავიბენი, რაებს ამბობდა, - ისეთი რა მჭირს...

- შენს საქციელში, გერასიმე, გავზალშიც და ისეც, საერთოდ, სამშობლოდავიწყებული კაცი იგრძნობოდა.

- რადავიწყებული?

- გაიგე, კოხტად.

ერთხანს სიძულვილით შევცქეროდი; რომ შემძლებოდა, ცემით გავასიებდი, მაგრამ დაკუნთული იყო ოხერი, ტანზე.

- რაზე შემატყვე, მაინც...

- ეტყობათ ხოლმე კოჭებზე, გერასიმე. თანაც, ისე ამაყად, ისე ქედმაღლურად გაუშვი მძღოლი...

- ეს მაინც როგორ...

- წმინდად გაპარსული ნიკაპი მცირედ და მკვეთრად რომ ასწიე მხოლოდ.

- და შენ... ახლა... უნდა გამამადამ... ადამუნო... იანამურო? - კვლავ ავიბენი, ფუჰ, ეს მრავალპირიანი ზმნები, მაგრამ მიმიხვდა:

- დიახ.

- კი მაგრამ, როგორ!

- როგორ და, აქ, ზემო იმერეთში ხომ ამოგიყვანე... მიპასუხე, მითხარი!

- კი!

- ხომ გაგაბანინე ტანფეხი საქართველოს წყლით?

- სულ საქართველოს წყალში არ ვარ, შალვა?

- სად, დაკარგულო...

- აბაზანაში, სად...

- აჰ, ის სულ სხვაა.

- რატომ, ვითომ...

- იძახე ახლა რატომ და ვითომ... სხვაა და, რა ვქნა.

აქ რაღაც ჩიტმა უეცრად - ფრთხ და, წამოვიკრიფე, ეჭვებმა დამსერა, ფრთხილად, შეპარვით დავეკითხე:

- კი მაგრამ, ახლა რაღას მიპირებ...

- ერთი ღამე უნდა გაგათევინო აქ, ზემო იმერეთის ცის ქვეშ, და მერე წადი, სადაც გენებოს.

- კი მაგრამ, რატომ!

და ისევ ის არ მომიგო, მრავალპირიანი?

- გასაადამიანურებლად, ტკბილო. აგერ, შეხედე, როგორ ღამდება... იხილე საოცრება იგი, გერასიმე ჩემო!

რა საოცრება, რის საოცრება - უბრალოდ, ბნელდებოდა.

- იცოცხლე, კაია, კარგი, ლიეპა და კარლსრუე, გერასიმე, მაგრამ სამშობლოც უნდა გიყვარდეს, და რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე, აბა, იქითკენ გაიხედე, რა ხაზებია, გერასიმე, და რა სირბილე... აგეე, იქით, ჩრდილებს შეხედე... სად ნახავ ამას, ამ იმერეთს, ზემო იმერეთის გარდა...

რისი ხაზები, რაის სირბილე... განაგრძობდა ის:

- რა სიმწვანეა, რა უცნაური...

მწვანე იქნებოდა ბალახი და ყანა, რა იქნებოდა აბა... ხმას დაუდაბლა:

- აქ დედამიწა არაა ავად, გერასიმე.

ჩურჩულ-ჩურჩულზე გადავიდა და, საცურაო ტრუსში გამოწყობილი, ათვალიერებდა არემარეს, როგორც იტყვიან; აღარ მესმოდა იმისი უთავბოლო სიტყვები, ისევ მეტაკა ჩემი დარდი, ისევ ვიფეთქე:

- კი მაგრამ, რა უფლეა გქონდათ მაინც, აქ რომ წამომიყვანე?

მსწრაფლ გაიკვირვა:

- რა უფლება მასწავლებლობას უნდა...

დავანამუსე:

- მასწავლებელი ხარ ჩემი შენ, შალვა?

- ამ მიდამოში, კი.

- და მე - შეგირდი?

- არა. - მითხრა და, შემომაჩერდა, ამხედ-დამხედა, მათვალიერებდა როგორ...

- რა ვარ, შალიკო, აბა...

- არ გეწყინოს და, ბითური ხარ გერასიმე, შენ.

მაგრამ დაკუნთული იყო ოხერი, ტანზე...

- მიწას კი ნუ ჩაჩერებიხარ, გერასიმე, იყურე ირგვლივ... და არ წააგებ.

ეეჰ, რას გავებდი, მე კი ვიცოდი, დრო ხომ - ფულია... ტყრუშულ ხალათმოხურული, თავჩაქინდრული ვიჯექი ისევ, იმან კი, შალვამ - თავხედმა, ბრიყვმა, მხარზე ვითომ ნუგეშის ნიშნად დამადო ხელი:

- რას მოგიწყენია, რომ მოგიწყენია, ა, გერასიმე, რასაა რომ მოგიწყენია, შე კაი კაცო, - მცირედ შემაჯანჯღარა და, ვითომც გამამხნევა, თავისი ჭკუით, მერე: - ეგ არაფერი, სიმა-ბატონო, ნამდვილად ვიცი, ორი-სამი საუკუნის შემდეგ შესაძლოა სულერთი იყოს, მე ამ სოფელში ბიცოლა მყავდა თუ არ მყავდა, აბაა, გერასიმე.

 

12

ჯერ ის იყო და, შემოგვაბნელდა, სახლები შუქად გადაიქცა, პატარა ხანში მაგრად ბნელოდა. მე ჩემი თხელი სვიტრი გადავიცვი, მერე - ნაქსოვი პერანგი, მერე - ჩვეულებრივი იშვიათად კარგი პერანგი (სად ვაფუჭებდი?) და, ისე ძალიან აცივდა, გაჭირვებულმა მაისურიც კი წვალებით ჩამოვიჭიმე, მაკანკალებდა მაინც, მუხლებზე ხელებშემოხვეული, მოკუნტული და უმძრახად ვიჯექ. იგი კი, შალვა, რაღა თქმა უნდა, ახლა - ჩაცმული, მუქშაც აჩრდილად მიმოდიოდა და, მე, ზაფხულის სუსხით ათრთოლებულს, თავისი ჭკუით, ჭკუას მარიგებდა, მეუბნებოდა ასე:

- იცოდე, თუ გსურს, გაიგო, შენს ირგვლივ მყოფთაგან ვინ როგორია, რაიმე ცუდი ჩაიდინე, ოღონდ ისეთი კი არა, ქვეყანა რომ დააქციო, არა, მცირედი, გაგიჭირდება თუ არა შენ ეს, გერასიმე - ხანდახან განგებ რაიმე სისულელე წამოროშე, მოკლედ, ილაპარაკე მოფიქრებულად და ვინც ყველაზე სულელია, ყველაზე მეტად გაიცინებს ის, წავა, მოჰყვება ათასგან შენსას, თავისი თავი რომ აღიმაღლოს.

უუჰ, ციოდა... იგი კი მეუბნებოდა ასე:

- ანდა, გერასიმე, ღმერთმა დაგვიფაროს და, შენისთანა გამოსული კაცი უხამსი ფოტოსურათების შეგროვებას თუ დაიწყებ, ყველაზე მრუში ვინცაა, სხვების დასანახად ყველაზე მეტად აღშფოთდება ის. ეს იმიტომ რომ, რა ქნას, იმანაც - ჩვენ, ადამიანთა დიდ უმეტესობას, რატომღაც გვინდა, მუდამ იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვაგდივართ, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში მიუხედავად აღშფოთებისა, სინამდვილეში ვიყიდებით უფრო, ტკბილო.

ფუჰუჰ, ციოდა... საათს დავხედე, თერთმეტის ნახევარი ხდებოდა, ჩემი საათი - ფოსფორიფიცირებულია, შალვა კი, თავხედი, მეუბნებოდა ასე:

- შენ, გერასიმე, გამომეტყველებაზე გეტყობა ახლაც კი, ბნელში, რაღაც წარმატებისთვის რომ მიგიღწევია, შენი გაგებით. მაგრამ მორბენალები ავიღოთ თუნდაც, ბატონო სიმა. თავს რომ დაადებს და რომ გაიქცევა გრძელ მანძილზე შვიდასი კაცი, და საბოლოოდ სწორის ბოლოს პირველი რომ მიიჭრება ვინმე, აღფრთოვანებულები ვართ ჩვენ, შემყურე ადამიანები - აჰ, შვიდას კაცში მაინცდამაინც როგორ გაიმარჯვა... მაგრამ, გერასიმე, სხვანაირად რომ მივუდგეთ საკითხს, ვთქვათ, გავიფიქროთ, რომ ვინმე ერთი, რომელიღაცა, პირველი ხომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ყოველ მიზეზს გარეშე იმ ზღვა ხალხში, უფრო უბრალოდ მოგვეჩვენება მისი გამარჯვება. არაა ასე?

ბჰ!-რრ, ბუჰრრ... როგორ ციოდა, ციოდა როგორ... იგი კი აგრეთვე მეუბნებოდა ასე:

- ...რადგან საერთო ტრანსპორტსაც აქვს თავისი კარგი მხარეები, გერასიმე. კი, კი ბატონო, გეთანხმები, არაა კარგი, ავტობუსში ვინმე მტკივან ფეხზე რომ დაგაბიჯებს, მაგრამ გამოჭედილ ტრანსპორტში, სამაგიეროდ, ადამიანები უნებურად ახლოვდებიან და ერთმანეთის გულისცემა ესმით, თანაც, საერთო ტრანსპორტში, გერასიმე, ადამიანები ერთ ჭერქვეშ არიან...

ილაპარაკოს, რა... ლაპარაკობდა კიდეც, მაგრამ აი ასე:

- მარტივი საზომით თუ მივუდგებით, ნებისმიერი ადამიანისთვის ადგილის მიკუთვნება არაა ძნელი, გერასიმე - ყოველი ადამიანი თავისზე უარესს სჯობს, ხოლო უკეთესთან შედარებით, უარესია, წყალი არ გაუვა ამას. მაგრამ დიდი საზომით თუ მივუდგებით, ძალიან ძნელია ამისი განსჯა, რადგან ადამიანები მეტად სხვადასხვანაირები არიან, თითოეული ადამიანიც კი - მრავალფეროვანია, მაგრამ ერთნი ვართ მაინც დაახლოებით ყველა, რადგან ადამიანი არაა მარტო.

ააქ კი, გაავცხარდი, გავცხარდი მართლა:

- ადამიანი მარტოა, მარტო, - გესლიანად წავიჩურჩულე, და თავს ავყევი, არ უნდა მექნა, - ყველამ იცის, რომ მარტო უნდა დაიბადო, მარტოკა უნდა დაადგე ძნელ გზას, პირში გიცინიან და ზურგს უკან გლანძღავენ. გილოცავენ და შურთ, მარტოკა უნდა მოკვდე ბოლოს და, ოცდაცხრამეტი და ექვსი რომ გაქვს, ლოგინზე მისავათებული, მარტო ხარ, აბა, რა ხარ, მარტო...

მყისვე ვიგრძენი, როგორ საოცრად დაინტერესდა, იმ სიბნელეში დაბერილი ნესტოებიც კი დავუნახე, გაფაციცებით მოელოდა ჩემგან კიდევ რაიმეს გაგონებას, მაგრამ გავჩუმდი, ნურას უკაცრავად, ისედაც ბევრი ვილაპარაკე. არ დააყოვნა:

- მომვლელს, ექიმს და მსგავს წვრილმანებს, მოდი, გერასიმე, დავანებოთ თავი და, რა იცი შენ, რომ მარტო ხარ... მითხარი.

- რა ცოდნა უნდა ამას. ასე არის ეს.

- არა, კეთილო, მხოლოდ შენ ფიქრობ ასე, გერასიმე, და გეჩვენება, რომ მართალი ხარ.

- მხოლოდ მე კი არა, ყოველი ჭკუათმყოფელი ასე ფიქრობს და, სხვადასხვა ქვეყნის ფილოსოფოსებსაც გამოუთქვათ ასეთი აზრი.

- რომ ადამიანი მარტოა?

- დიახ!

აქ ნაღვლიანი ხმა შემომესმა, მაგრამ თურმე თვალთმაქცობდა, როგორც მალე დავრწმუნდი, ოხერი:

- ესე იგი, ბევრნი ხართ არა, ასეთი აზრის?

- დიახ! - ამაყად გავუმეორე, მაგრამ მომიგო:

- მაშინ, გამოდის, თუნდაც ამიტომ არა ხართ მარტო. კი, გერასიმე.

გაგრძელება...