აკაკი წერეთელი

ბაში-აჩუკი

თავი მეათე

ვახშმობა გადასული იყო. ტახტზე მხარ-თეძოზე წამოწოლილი ალი-ყული კრიალოსანს ათამაშებდა და მალ-მალე კარებისაკენ იხედებოდა. გაიჭრიჭინა კარმა, შემოჰყო თავი ტერტერას ქვრივმა, ფრთხილად შემოვიდა, დაბლად თაყვანი სცა ხანს და გაჩერდა.

- ოჰ! შენა ხარ, თიმსალ? – უთხრა ხანმა. – სად არის?

- მარტო გეახელი! – მიუგო მოწყენით ქვრივმა.

- მარტო რაში მინდიხარ? – მიაძახა ცოტა გულმოსულმა და წამოჯდა. – ეგები საჩუქარი ეცოტავა?

- რა ბრძანებაა, ჩემო ხელმწიფევ! მხოლოდ ვეღარ მიუსწარი. ეჭვი აუღიათ ჭირისუფლებს და გადაუხიზნავთ.

- როგორ თუ გადაუხიზნავთ?

- სადაც კი გამოჩნდება ლამაზი ქალი, სულ მონასტრებში მიჰყავთ, ვითომდა მოლოზნებად, და იქ კი მალავენ, რომ ან თქვენ დიდებულებას ან სხვა ვისმე გამოჩენილ ხორციელს ხელში არ ჩაუვარდეს. აი, ბატონო, რაღა შორს წავიდეთ, შუამთის მონასტერი ლამაზებით არის გატენილი! შარშან რომ დიდებული ყეენის საძღვნო თორმეტი ქალი მოსტაცეს ქართლის მეფეს, ისინიც იქ არიან თავშეფარებული.

- იმათ მოტაცებას ხომ ბაში-აჩუკს აბრალებდნენ?

- სულაც ეგ მინდოდა მომეხსენებია, ჩემო ხელმწიფევ! იმ მონასტერში ბევრი რამ თქვენი საწინააღმდეგო ხდება. რომ ისინი არ უწყობდნენ ხელს გადავარდნილებს, განა ამდენ ხანს ისინი თავს შეინახავდნენ უდაბურ ტყეში? მაგრამ ნათქვამია: „ციხე შიგნიდან გატყდებაო“, - კარისკაცები აფარებენ ხელს.

- ვისზე გაქვს ეჭვი? – ჰკითხა სიჩქარით აღელვებულმა ხანმა.

- ქართველები არცერთი სანდო არ არიან და ყველაზე უფრო მეტად ჩოლოყაშვილი.

- გაქვს რამე საბუთი?

- განა ის ისეთი კაცია, რომ სასაბუთოდ დაიჭიროს საქმე?! არა! მაგრამ გული კი მეუბნება და ხანდახან წინათგრძნობაც საბუთია.

- შენ ბაში-აჩუკზედაც კი გეუბნებოდა გული, მაგრამ ტყუილი გამოდგა.

- იქაც მართალი გახლდით, ჩემო ხელმწიფევ, მაგრამ, უეჭველია, გაგვთქვეს, თვარა ვინ ერჩოდა ჩემ საცოდავ სახლს?

- მიჰქარავ! და და აბდუშაჰილის მეტმა არავინ იცოდა. შენ შენი სახლკარის გადაწვა გამწარებს და აღარავის ჰზოგავ!.. ქვეყანას ცილსა სწამებ; ჩოლოყაშვილი დილიდან საღამომდე გვერდში მიდგას, ჩვენს ერთგულებაში ათენ-აღამებს და შენ კი ორგულობასა სწამებ! თუ მაგრე მართალია მონასტრის საქმეც, ვაი შენს ტყავს!

- არა, ჩემო ხელმწიფევ, მე თქვენი ერთგულება მაბედვინებს, თვარა რა მრჯის მაგისთანა საქმეებში გარევას?! – მიუგო ცახცახით დედაბერმა. – მონასტრის შესახებ კი რაც მოგახსენეთ, ის სულ მართალია, და, თუ მტყუანი გამოვდგე, თავი გამაგდებინეთ.

- შენ როგორღა გაიგე?

- კოჭი-ბროლამ გადმომცა.

- ვინა?!

- კოჭი-ბროლამ. აქ ერთი დერციკის ცოლი გახლავთ, ჩემი მამიდაშვილი, სილამაზით განთქმული... თქვენ სად მოგაგონდებათ, თორემ აქაც კი გხლებივართ ერთად... ის გადავკიდე ერთ ვინმე ახალგაზრდას, რომელზედაც ეჭვი მქონდა აღებული, და იმას გამოუტეხია.

ამის გამგონი ხანი თოფნაკრავივით წამოვარდა ზეზე და ბრაზმორეულმა დაუღრიალა: „ეი, აბდუშაჰილ, აბდუშაჰილო!“ შეშინებული დედაბერი იქვე კუთხეში მიიკრუნჩხა. ყვირილზე ერთი შუახნის მხედარი შემოვარდა და მოახსენა: აბდუშაჰილი შეუძლოდ გახლავთ და დღეს მის მოადგილედ მე გახლავართ.

- კეთილი, სულ ერთია! – ათრთოლებული ხმით უბრძანა ხანმა. – წადი ახლავ, ცხენოსანი ჯარი შემოარტყი შუამთის მონასტერს და ააოხრეთ! აიკელით! ნურავის დაზოგავთ: ნურც დიდს, ნურც პატარას, ნურც ბებერს, ნურც ყმაწვილს! ჯერ ყველა გააუპატიურეთ იქვე საჯაროდ!.. ნამუსი ახადეთ და მერე ნაკუწ-ნაკუწად აქციეთ ყველა! მხოლოდ რამდენიმე მათგანი, რომელიც სხვებზე ულამაზესი გამოდგეს, აქ წამომგვარეთ ხელუხლებლად; ნადავლი ჯარმა გაიყოს. გასწი, ნუღარ აგვიანებ!

მხედარი აჩქარებით გამოვიდა ბრძანების ასასრულებლად. შეშინებული ბებერი უკან გაჰყვა და ხანმა კბილების ცახცახით წაილაპარაკა თავისთვის: „მე გაყურებინებთ, თუ როგორ უნდა ღალატი და მოტყუებაო!“

გათენებისას, ცოსკრის დროზე, მოულოდნელად, ერთი საოცარი ტირილისა და გოდების ხმა გაისმა შუამთაში. თათრები დაერიენ უმწეო დედაკაცებს უდაბნოში და მუსრი გაავლეს. ზოგი გალავანზე გადაცვივდა, ზოგი კლდეზე გადაიჭრა, რომ თავი საბილწავად არ მიეცა, ზეგმა თვითონ მოიკლა ნამუსახდილი თავი და სხვებს უმოწყალოდ გამძვინვარებული მტრები ჰკეპავდნენ.

ამ დროს ჯარის უფროსმა გამოათრია გარეთ ერთი ახალგაზრდა, სრულიად გაწეწილ-გაგლეჯილი ქალი, და გულშეწუხებული დასვა ცაცხვქვეშ, ბრტყელ ქვაზე.

- ნუ გეშინია, გული მოიბრუნე, შენ არავინ არას გერჩის!

- რაღას აგვიანებ? ბარემ მომკალ და გაათავე! სადაც ამდენი უმანკო სული ამოგიწყვეტიათ. მე რაღა დასატოვებელი ვარ? – სასოწარკვეთილებით შესტირა ქალმა.

- შენს სილამაზეს უმადლოდე! იმან გადაგარჩინა. ახლა უნდა წაგიყვანო, შენი თავი დიდებულ ხანს მიუძღვნა. ვინ იცის, რა ბედი მოგელის? ადვილად შესაძლებელია, შენი სილამაზის პატრონმა მზებრწყინვალე შაჰის ცოლობასაც კი გამოჰკრას ხელი.

ამ სიტყვებზე შეჰკრთა ქალი და კანკალი აუვარდა. თათარმა ეს სიხარულის ნიშნად მიიღო და სიცილით უთხრა: „თუ ვინიცობაა, ჩემი სიტყვები გამართლდეს, ნუ დაგავიწყდებიო“. ქალმა ძალდატანებით ვითომ გული მოიბრუნა და დამშვიდებით უთხრა:

- ჩემო კარგო, ეგ ახდება თუ არა, არავინ იცის, მაგრამ, დღეს რომ შენ სიკვდილს გადამარჩინე, მეც მინდა ეხლავ სამაგიერო გადაგიხადო! ისეთს ჯადოს მოგცემ, რომ ვერც ტყვია მოგეკაროს და ვერც რკინეულმა გაგჭრას.

თათარმა ჯერ გაოცებით შეხედა და მერე ღიმილით უთხრა:

- თუ მართლა მაგისთანა წამალი იცით ქართველებმა, რატომ არ იკეთებთ? თქვენმა თავმა ქვა გკრათ?

- ვინ გითხრათ, რომ არ ვიკეთებთ? მაშ თუ არ ჯადოს წყალობით, რა გაგვაძლებინებდა აქამდე ამდენ ვაი-უშველებელში? მთელი ქვეყნის ხალხი უხსოვარი დროიდან გარს გვეხვევა მტრად ამ ერთი მუჭა ხალხს. ჩვენ, მადლობა ღმერთს, ვიგერიებთ და, სადაც ასი და ორასი მტერი წყდება, იქ თითო-ოროლა ქართველი თუ კვდება, მეტი არა, და ისიც მისთანები, რომლებზედაც ჯადო აღარა სჭრის. შენა გგონია, რომ დღეს ჩემმა სილამაზემ გადამარჩინა? არა! მხოლოდ ამ ჯადომ დამიხსნა! – ამოიღო უბიდან ტყავში გამოკრული, ნაწილებიანი ხატი, რომელსაც ყოველთვის თან ატარებდა, და უჩვენა.

თათარმა შეხედა და ერთი ბიჯი უკან გადადგა. ცოტა სიჩუმის შემდეგ ჰკითხა: „სხვებსაც ხომ ჰქონდათ ეგ ჯადო, რაღა მარტო შენზე გასჭრა?“

- უბრალო შემთხვევის ბრალია: მე უვახშმოდ დამეძინა, სხვაბი კი ვახშამნაჭამნი იყვნენ; და ამ ჯადოს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა კაცი მარხულია.

თათარმა იჭვნეულად გადააქნია თავი.

- არა გჯერა? – დაბეჯითებით ჰკითხა ქალმა. – მაშ, ვცადოთ! მაგაზე ადვილი რაღა არის?! აი, ჩამოიკიდე გულზე, ეგ შენი ხმალი მომეცი, მე დაგკრავ, რაც ძალი და ღონე მაქვს, და ნახე თუ ან კანი გაგიჭრას!..

თათარმა გაიცინა:

- ისემც კარგი დაგემართოს, მაგრამ, უცაბედად რომ გასჭრას, მერე რაღა ვქნათ?.. ჰმ!.. მით უფრო, რომ წუხელი კარგა ლაზათიანად შევექეცი ვახშამს... შენი მოსატყუებელი კბილი, დიდი ხანია, მოვიცვალე.

- შენა გგონია, რომ გატყუებ? მაგას სიფრთხილე გალაპარაკებს; აბა ჩემზე სინჯე: რაც ძალი და ღონე გაქვს, ნუ დამზოგავ, და ნახავ, თუ კაბისა და პერანგის მეტი გამიჭრას რამე! – გადაღმა გულაღმა ქვაზე და გულზე დაიდვა ხატი; თათარმა გამოსაცდელად, თუ მართლა არ შეშინდესო, ამოიღო ხმალი და დაუქნია, მაგრამ ჰაერშივე შეაჩერა. ქალი არ განძრეულა და ღიმილით უთხრა:

- არ გითხარი, რომ ვერას დამაკლებ-მეთქი?

თათარი დარწმუნდა, რომ ეს აღარ ხუმრობსო; ჯადოს ხელში ჩაგდების სურვილმა წაიტყუა; მართლა მოუქნია ხმალი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. და შუაგაწყვეტილი ქალი ნახევარი იქით გადავარდა და ნახევარი აქეთ. შეკრთა მოტყუებული მხედარი, შემოიკრა თავში ხელი: „გამაბრიყვა ამ უბედურმაო!“ გადააქნია მწუხარებით თავი აქეთ-იქით, ერთი კიდევ დახედა დარცხვენით, ჩააგო ხმალი და გაშორდა. ამავე დროს იბრიალა და ავარდა საოცარი ალი აოხრებულ მონასტერს.

გაიგეს თუ არა ეს სამწუხარო ამბავი თელავში, ახლომახლო სოფლები აღელდნენ, მაგრამ მწუხარების გამოცხადებას როგორ გაბედავდნენ? არ სწყენიათ მხოლოდ ქართველების მტრებს და სასიამოვნოდ მიიღეს ყველა თათრებმაც, გარდა ერთისა, რომელმაც, გაგონების უმალვე, გრძნობა-გონება დაბნეულმა, გააქანა ბედაური შუამთისაკენ. ეს ერთი იყო აბდუშაჰილი. რომ მივიდა, მონასტერი გადამწვარი დახვდა და სიჩუმე-არარაობას მოეცვა არემარე; დაღონდა და პირველად გაივლო გულში სალავათი: „ნუთუ, ღმერთო, ამისთანა მსხვერპლი შენთვის მართლა საჭირო იყოს? ან რა ვაჟკაცობაა უიარაღო, უმწეო, სუსტი დედაკაცებისა და ბალღების ჟლეტა? ქრისტიანები ამგვარს არას სჩადიან!.. თვით ყაჩარებიც კი ერიდებიან ამ საქმეს. ამ ორ-სამ წელიწადში, ვინ იცის, რამდენი ოჯახი აიკლეს, როგორც თათრების, ისე თვით ქართველებისაც, მაგრამ, აბა თუ ერთი სადმე უკადრებიათ უიარაღო დედაკაცებისა და ბავშვების ხელის შეხება?“ – ამ ზრახვით გაიარა დიდი ეზო და განაკიდეს მიადგა ცაცხვს; იქ უცბად შეჩერდა, დახედა გაჩეხილ ქალს, ერთი საოცრად დაიყვირა, წაბარბაცდა და იქვე, ცაცხვს რომ არ მიჰყუდებოდა, წაიქცეოდა. დიდხანს იყო ისე ხმაამოუღებლად. ბოლოს შეიძრა, დააშტერდა მკვდარს და სასოწარკვეთილებით სთქვა:

- რა დაგიშავე, ღმერთო, რომ ცხადი სიზმრად გადამიქციე? ამას ველოდი? გაჰქრა, წავიდა! ჩამიარა ოცნებამ! მაგრამ რაც ერთხელვე გულზე ისე ნათლად დამერჭო, იმას ვეღარა ამოშლის რა!.. თუ ცოცხალი დავკარგე, მკვდარი ხომ მაინც ჩემია! – დაავლო ხელი ორად გაჭრილს, მიიკრა გულზე და წაიღო იქითკენვე, საიდანაც ამ რამოდენიმე ხნის წინეთ ისეთ ნეტარებით მიჰქონდა, მაგრამ სულ სხვადასხვა კი იყო მაშინ და ახლა. მაშინ, ნეტარებით გაბრუებულს, მაღლით ცა ეხსნებოდა, და ახლა კი, უბედურებით სულშეხუთულს, დედამიწა უსკდებოდა! მოიტანა წყაროსთან და დადვა. დიდხანს დაჰყურებდა თავზე და ცრემლები ღაპაღუპით ეცემოდნენ წვერ-ულვაშზე. იმ დღესვე გასჭრა საფლავი წყაროსთან, მიაბარა საიდუმლოდ თავის დაუვიწყარი განძი სამარეს და საფლავის პირი მიასწორ-მოასწორა.

იმ დღიდან ხშირად, ძალიან ხშირად, ამოიდიოდა ხოლმე და ძვირფას სამარესთან ღამეს ათევდა.

 

თავი მეთერთმეტე

ერთხელ, მთვარიან ღამეში, აბდუშაჰილი მხარ-თეძოს წამოწოლილი რომ იყო და ჩვეულებრივად, ტკბილი მოგონებით გატაცებული, გაბრუებული ოცნებობდა, შრიალი მოესმა; მოიხედა, დაიყვირა, ზეზე წამოვარდა, რამდენიმე ბიჯი უკან გადადგა, მოისვა ხანჯალზე ხელი და გაშრა, თითქო ენა ჩაუვარდაო: მის წინ იდგა ის, ვისაც ის იგლოვდა და სტიროდა.

- შორს ჩემგან! შეგაჩვენოს მაჰმადმა, თუ ფარსაგი სული არა ხარ! – მიაყვირა ხელის ქნევით.

- ნუ გეშინია, მე ისა ვარ, ვისაც შენ იგლოვ და სტირი! – მიუგო დამშვიდებით ქალმა.

- სული, ჩემ სანუგეშოდ და დასატკბობად საიქიოდან მობრუნებული?

- სწორედ შენთვის და შენთან მოსული, მაგრამ სული კი არა, ხორცშესხმული, ცოცხალი ადამიანი, შენს სიყვარულზე დარწმუნებული და შენი მოყვარული.

- როგორ! გაცოცხლდი?

- მე მკვდარი არა ვყოფილვარ.

- მაშ ეს? – მიუთითა გაოცებულმა საფლავზე.

- შესცდი: ეგ და იყო, საბრალო პირმთვარისა, ჩემი ტყუპის ცალი და მგვანი; მე კი პირიმზისას მეძახიან.

- დაილოცოს, ღმერთო, შენი განგება! – დაიღრიალა აბდუშაჰილმა, მივიდა და დაუჭირა ხელები. – მითხარი, მითხარი, სიზმარია თუ ცხადი?! როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ამიხსენი, თვარა გონება მეკარგება! – მეტის აღელვებისაგან ფეხზე ვეღარ დგებოდა და ჩაჯდა. ქალი მიუჯდა გვერდით ახლო და ალერსიანად უთხრა:

- აი, ხომ ხედავ, რომ არ გერიდები? ამიტომ რომ და ვარ შენი. თუ გაგონდება, სწორედ ამ ადგილას, გულშემოყრილი რომ გამომაბრუნე, ძმობა მითხარი და ვიცი ვაჟკაცის სიტყვა არ გატყდება. იმ დღიდან მეც შენი სიყვარული ჩამივარდა გულში, მაგრამ როგორც უნაყოფო რამ და განუხორციელებელი. რადგანაც რჯულის სხვადასხვაობა ჩვენს ერთობას ხელს უშლიდა, ის გრძნობა გადავიტანე და-ძმურ სიყვარულზე და დავმორჩილდი ბედს.

თათარი გაოცებული უსმენდა და ბოლოს ხმის კანკალით ჰკითხა:

- დაო, მაგრამ დაზე უტკბესო! შემატყობინე, როგორ გადარჩი და ან აქ ვინ მოგიყვანა?

- მონასტერი რომ აიკლეს, ჩვენ რამდენიმე აგვარჩიეს; ტყვედ ვუნდოდით წავეყვანეთ, მაგრამ იმ არეულობის დროს თვალსა და ხელს შუა გავეპარე და იქვე უცბად მივიმალე. მახლობლად ცარიელი ქვევრი მეგულებოდა და შიგ ჩავძვერი. როდესაც მონასტერს ცეცხლი წაუკიდეს და წავიდნენ, გამოვედი, აქვე ტყეში დავიმალე, გიყურე, საცოდავ ჩემ დას რომ ჰგლოვდი და ან როცა დამარხე; ვიცოდი, რომ მე გეგონე და სიყვარულზე სიყვარული მემატებოდა. მას აქეთ აქ ვდგევარ ერთ გამოქვაბულში და ხშირად გხედავ ხოლმე ფარულად აქ მჯდომარეს. დღეს გულმა აღარ გამიძლო და გამოგეცხადე. ახლა ამის მეტს ვერაფერს გაიგებ ჩემგან და, თუ კიდევ მეტი გინდა შეიტყო, წამომყევი სადგურზე, მაგრამ იმ პირობით კი, რომ რაც უნდა ნახო, არ გაიკვირვო და არც იარაღი იხმარო. მენდობი?

- გინდ ჯოჯოხეთშიაც წამიყვანო.

- ფიცი?..

- ვფიცავ მაჰმადს!

- რომელსაც ქრისტიანები ვერ ვენდობით!

- მაშ თვით თქვენს ქრისტეს!..

- შენი რა არის?! არა! სხვა თავდები მომეცი. დაიფიცე ვაჟკაცის სიტყვა.

- ვფიცავ და ზედაც დავამატებ იმ ჩემს უცნაურ სიყვარულს, რომლის გამოთქმაც არ შემიძლია!..

- ახლა კი მჯერა! – სთქვა ქალმა, წამოდგა, წამოაყენა კაციც და ხელიხელჩაკიდებული შევიდნენ უდაბურ ტყეში.

 

თავი მეთორმეტე

შუაგულ ტყეში, ერთ თითქმის მიუვალ ნაპრალში, გამოქვაბულში, ისხდნენ ახალგაზრდა ბიჭები ცეცხლის წინ და მწვადებს აშიშხინებდნენ. იქვე გრძელი სუფრა ედგათ, მაგრამ ცარიელი, ზედ არც პურები ეწყო, არც ღვინო და არც შეჭამადი. გარედან ფეხის ხმა მოისმა და შემოვიდა ქალი მოზრდილი ხელკალათით.

- ოჰ, მელანო, შენა ხარ? – ჰკითხა ერთმა, რომელსაც მეთაურობა ეტყობოდა.

- მე ვარ, სანდო ვერავინ ვიშოვნე, რომ გამომეტანებინა და მეტი რაღა გზა მქონდა? მოვდიოდი, მაგრამ შიშით კი მუხლები მიკანკალებდა. მალე დამიცალეთ!.. მძინარი ბალღები მარტო დავყარე შინ! – სთქვა მელანომ და გადასცა ხელკალათი.

- ჰა, ვახშამს გავათავებთ და კიდეც გაგატანთ ვისმე სამშვიდობომდის – უთხრა, უფროსს რომ ჰგავდა, იმანვე. მელანომ წყნარად გადიარა და მიჯდა კუთხეში თავისთვის. ხელკალათიდან პურები ამოალაგეს, ხელადით ღვინო, ქოთნით შეჭამანდი, დააწყვეს სუფრაზე. - „გაუმარჯოს მეძღვნეს!“ დაიძახა ერთმა იქ მყოფთაგანმა: „სამაგიეროდ ჩვენც ჩვენი დღევანდელი ნანადირევი ვუზიაროთო!“ დასთანხმდა ყველა და დიდძალი ასო-ასოდ აქნილი შვლის ხორცი ჩაუწყვეს კალათში.

უცბად ზარნაშომ დაიკივლა; წამოცვივდნენ სუფრიდან, მოავლეს იარაღს ხელი და გავარდნას აპირებდნენ კარში, რომ ზარნაშოს ხმა არ შეწყვეტილიყო და ნაცვლად წრომს არ დაეწყო წივილი. შემობრუნდნენ ისევ. სთქვეს: „ალბათ მეთვალყურენი შესცდნენ, მაგრამ რა ხუმრობაა? ჩვენ კი გული გადაგვიტრიალდა და!“

შემოვიდა პირიმზისა და სიცილით სთქვა:

- ვაითუ შეშინდით! მეთვალყურე შეცდა, კარგად ვერ გაარჩია სიბნელეში, ჩემი ტყვე მტრად მიიღო და ნიშანი მოგცათ. კიდევ კარგი, რომ მალე გავაგებინე და სამშვიდობოზე გადავიდა.

- ტყვე? ტყვე? ტყვეო? – იკითხეს გაოცებით აქეთ-იქით.

- დიახ! მოგიყვანეთ დამორჩილებული! იარაღიც არ ამიყრია, რომ ვაჟკაცისათვის სირცხვილი არ მეჭმია. მიიღეთ, როგორც სტუმარი! საწყენი არა ჰკადროთ-რა!

ამ სიტყვაზე უცბად გავიდა გარეთ და შემოიყვანა აბდუშაჰილი.

წამოცვივდნენ სუყველა ზეზე და შეაჩერდნენ. აბდუშაჰილი შემოსასვლელშივე შეჩერდა და გაოცებით დაიძახა: „ბაში-აჩუკ!“

- დიახ! აბდუშაჰილ, ეს ბაში-აჩუკია და მე ამისი და!.. კურთხეულ იყოს თქვენი შეყრა და ფეხბედნიერი აქ შემოსვლა!

ჩამოვარდა სიჩუმე. ყველა გაოცებული უყურებდნენ ერთმანეთს. აბდუშაჰილმა ხელები ააპყრო მაღლა და სთქვა: „დაილოცა, ღმერთო, შენი უცნაური განგება! ვეძებდი, როგორც მტერი, და შევხვდი, როგორც მოყვარე“. ბაში-აჩუკმა გაიცინა და უპასუხა:

- ჩემი სათქმელიც ეგ არის!.. შენ სტუმარი და ჩვენ მასპინძელი!

მივიდა, გადახვია ხელი, წამოიყვანა და მოისვა გვერდით.

- მოულოდნელად ღვთის მოცემულო სტუმარო, ნუ დაგვიწუნებ სუფრას! ღარიბია, მაგრამ მხიარული, - უთხრა ბაში-აჩუკმა და შემოუსხდნენ სხვებიც გარს. გაიმართა ლხინი, მაგრამ სიმღერის მაგიერად საუბარი გააბეს დაბლის ხმით. გაგრძელდა ვახშამი; ბევრი რამ ითქვა, თითქმის ყველამ გამოამჟღავნა მოკლედ თავისი თავგადასავალი და ბოლოს, ჯერი რომ მიდგა, მოჰყვა აბდუშაჰილიც:

- მე ერთი უთვისტომო კაცი ვარ: არ ვიცი, ვინ ყოფილა ჩემი მამა-პაპა და საიდან მოვხვდი არდალანში? ძლივს მაგონდება და ოდნავ მახსოვს, რაც საბრალო დედაჩემისაგან გამიგონია!.. ოდესმე, ერთ სოფელს, სადღაც ლეკები დასცემიან, აუკლიათ მთელი სოფელი, ჩვენი ოჯახიც ამოუწყვეტიათ, ასე რომ მე დავრჩენილვარ ძუძუმწოვარი და დედასთან ერთად ტყვედ წაუყვანივართ; მყოლია კიდევ ერთი უფროსი დაც, მაგრამ ის სხვა სოფელში ყოფილა გაბარებული მღვდელთან და გადარჩენილა. ამის მეტი არა ვიცი რა...

მელანო სულგანაბული უგდებდა ყურს; უცბად მიაყვირა: „ექვსი თითი ხომ არა გაქვს მარცხენა ფეხზეო?“ და, დასტური რომ მიიღო, მივარდა, გადაეხვია და დაიწყო ქვითინი: „ღმერთს არ სდომებია ჩვენი ერთმანეთისათვის დაკარგვაო“.

მაყურებლები გაოცებული პირჯვარს იწერდნენ, ღმერთს მადლობას სწირავდნენ და ულოცავდნენ ახალშეყრილებს. აბდუშაჰილმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა! ჩამოვარდა სიჩუმე. პირიმზისა მიუბრუნდა და უთხრა აბდუშაჰილს:

- მეც მომილოცავს!.. ახლა, რახან ნამდვილი და გამოგიჩნდა, ჩვენი დაძმობილობა აღარაფერი საჭიროაო.

აბდუშაჰილი შეკრთა და შეშინებულმა უთხრა:

- როგორ! მაშ დღეიდან აღარაფერი ვიქნებით ერთმანეთისათვის?

- ნაცნობები, ისე, როგორც ქრისტიანი და მაჰმადიანი! – მიუგო ქალმა.

- არა! აქ მაჰმადიანი აღარ არის! ხომ გაიგონე, რომ ქრისტიანად ვყოფილვარ დაბადებული, და დღეს განგებამ მოინდომა, რომ გამოვბრუნებულიყავ! დღეიდან მეც თქვენი რჯულის აღმსარებელი და თაყვანისმცემელი ვარ. ბაში-აჩუკ! მიმიღეთ თქვენს გუნდში, რომ ამიერიდან მეც თქვენი ჭირი და ლხინი გავიზიაროო!..

ამ გულწრფელმა სიტყვებმა ყველა აღტაცებაში მოიყვანა და დიდი სიხარული შეექნათ.

- აბდუშაჰილ! – ცოტა დაფიქრების შემდეგ უთხრა ბაში-აჩუკმა. – დიდია ღმერთი და განგება მისი მიუწვდომელი! შენ შეგიძლია, რომ ჩვენს ქრისტიანობას დიდი სამსახური გაუწიო. მოვალეცა ყოფილხარ და ნუ აჩქარდები!.. ეს, რაც მოხდა, დრომდე ყველაფერი უნდა საიდუმლოდ დაიმარხო გულში, მიხვიდე ისევ შენს ჯარში და ესე დაიჭირო თავი, რომ ცვლილება არაფერი გეტყობოდეს. დაარწმუნე ყველა, რომ ბაში-აჩუკი მოვკალი-თქო; ნიშნად წაიღე ეს ჩემი ფაფანაკი და სისხლში მოსვრილი მიართვი უფროსებს; დაგიჯერებენ და, ჩვენც აღარსად გამოვჩნდებით, გულდამშვიდებული ხანი წყალობით აგავსებს. დრომდე ეს ყოველიფერი საჭიროა ჩვენი საერთო ბედნიერებისათვის. ახლა მეტს აღარას გეტყვი. დაწვრილებით მაშინ გაიგებ ყოველიფერს, როცა ჩოლოყაშვილთან ერთად მოვილაპარაკებთო! – მივიდა, გადაეხვია და გადაჰკოცნა ძმურად.

- ახლა ჩემი შვილებიც გებრალებოდეთ, მარტო დავყარე! – სთქვა მელანომ. – დროა ჩემი წასვლის! გამცილებელიც ხომ ღმერთმა მაშოვნინა, სხვა საჭირო აღარავინ არის, ჩემი ძმაც მიმიყვანსო! – სთქვა და ჩაჰკიდა ხელი აბდუშაჰილს. პირიმზისამ, თითქო შურით, გააყოლა თვალი, წარბშეჭმუხვნით შეხედა; მელანომ შენიშნა და ცბიერის ღიმილით უთხრა:

- ღამე მშვიდობისა, ჩემო რძალო! და ძილი ნებისა, რომ ტკბილი სიზმრები აგხდენოდესო!.. – გავიდა სიჩქარით და თან გაიყვანა აბდუშაჰილიც.

(გაგრძელება)