სისხლიანი ფაფანაკი დიდხანს იყო გამოკიდებული მოედანზე, რომ ხალხს ენახა და დარწმუნებულიყო ბაში-აჩუკის სიკვდილზე. დიდი და პატარა ყველა ულოცავდა გამარჯვებას აბდუშაჰილს, მაგრამ მისი პასუხი კი ყოველთვის ეს იყო:
- მე რა?! მადლიერი უნდა ვიყოთ ჩოლოყაშვილის. თუ იმას არა, მარტო მე რას გავაწყობდი? დღეს ბაში-აჩუკიც ცოცხალი იქნებოდა და მისი გუნდიც გაუფანტავიო.
გავიდა ხანი, რამდენიმე თვემ გაიარა; დაწყნარდა ქვეყანა და გავარდნილების აღარა გაუგონიათ რა. დამშვიდდნენ თათრები. სიფრთხილეს თავი დაანებეს. ადრინდულადვე უშიშრად დაიწყეს ფარფაში. ამ ამბავმა ყეენის კარამდის მიაღწია. დაუფასეს ჩოლოყაშვილს სამსახური და ერთგულება, მაგრამ თვითონ ის კი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ახმეტიდან ცუდი ხმები მოდიოდა... ამბობდნენ, რომ მისი გამობრუნება აღარ შეიძლება, დამბლას ორივე ხელ-ფეხი წაურთმევიაო. ფეიქარ-ხანი ხშირად კითხულობდა და პატივისცემის ნიშნად ორჯერ-სამჯერ აბდუშაჰილიც გაუგზავნა. ერთ საღამოს, ვიღაც შორიდან მომავალმა შემოაჭენა ოფლად გახეთქილი ცხენი ჩოლოყაშვილის ეზოში, გადახტა მარდად, მიაბა სვეტზე, როგორც შინაური, აიჭრა კიბეზე, და შევიდა პირდაპირ სახლის პატრონთან. ჩოლოყაშვილი ტახტზე იყო წამოწოლილი; დაინახა თუ არა მასთან შესული, უცბად წამოჯდა და მიაძახა:
- ოო, ბაქრაძე?!
ბაში-აჩუკმა მძიმედ თავი დაუკრა.
- ასე მალე მოიარე? – ჰკითხა ჩოლოყაშვილმა.
- მოვიარე, შენი ჭირიმე! – მოახსენა ბაქრაძემ და წერილები გადა??ილმა გახსნა სიჩქარით და კითხვა დაუწყო; სახე უღელავდა და თანდათან სიამოვნება ეტყობოდა. ბაში-აჩუკი უძრავად იდგა ადგილზე; რომ გაათავა კითხვა, მიუბრუნდა და ჰკითხა:
- კაი სანუგეშო ამბავია!
- ღმერთმა ნუ მოგიშალოს ნუგეში, შენი ჭირიმე! მაგ ამბავს უფრო ადრეც მოვიტანდი, რომ წყალდიდობას არ შევეჩერებინე.
- მალე დასთანხმდნენ?
- არაგვის ბატონი არა და ქსნის ერისთავები კი.
- იციან ყოველიფერი ჩვენი საიდუმლო?
- შალვას მეტს არავის გამოვტეხივარ.
- მაშ ზაალ როგორ დასთანხმდა?
- არ დასთანხმდებოდა, რომ მის კარის მღვდელს ჩვენება არ ენახა ჩემი მისვლის წინა დღეს.
- ჩვენება? – გაკვირვებით შეხედა ბიძინამ.
- დიახ, შენი ჭირიმე, - მიუგო მორჩილად და მოუყვა, რაც იცოდა გველეშაპის შესახებ; ისიც მოახსენა, რომ ერთი იმ გმირთაგანი თქვენ ბრძანებულხართო, მაგრამ სიკვდილის შესახებ კი არაფერი უთხრა. ბიძინამ სასოებით პირჯვარი გამოისახა და თქვა:
- დაილოცოს ღვთის განგება და მისი სასწაული! მაშ მოგვეშველებიან?
- დღეის თხუთმეტს უეჭველად გაჩნდებიან.
- ჯარი მეცოტავება! ვაითუ ვერ გავწვდეთ ამდენ თათრებს!..
- რა ბრძანებაა?!. თუ ღვთის ნება იქნება, ათ იმდენსაც ვეყოფით. ფშავ-ხევსურები ბახტრიონს დაეცემიან დანიშნულ დროზე, ქსნის ერისთავები მთავარი ჯარით თქვენ შემოგიერთდებიან თათრის ჯართან საომრად და ულუსებს ჩვენც ვეყოფით.
- სულ რამდენი ხართ?
- საკუთრად ჩვენი დასი ას ოცი კაცია, ერთი ამდენი თევდორაძისაც იქნება.
- ისინი ხომ აქეთ-იქით არიან დაფანტული?.. ზოგი თათრის ჯარშია და ზოგი კედევ, ვინ იცის, სად!..
- ისე, როგორც ჩვენი! მაგრამ იმ დროისთვის ყველა ერთად მოვიყრით თავს.
- მაშ, კარგი, ნუღა აგვიანებ! დროა საქმეს შევუდგეთ! წადი, ცოტა შეისვენე, რომ ადრიანად ვეწიოთ საქმეს.
ბაში-აჩუკი გავიდა. დარჩა მარტო ბიძინა. ხელახლა გადაიკითხა წერილები, გაიმეორა გუნებაში, რაც ბაში-აჩუკმა უთხრა სიზმრის თაობაზე, ადგა ნელა, მოიხადა ქუდი, მივიდა ხატის წინ და დაიჩოქა. დიდხანს ხელებაპყრობილი შესჩერებოდა უხმოდ ღვთისმშობელს და ევედრებოდა მის ძესთან შუამდგომლობას, რომ ქრისტიანობა გამოხსნა ურჯულოს ხელიდან, გადაერჩინა კახეთი და მით მისი მადიდებელი მთელი საქართველო გაეძლიერებინა.
მკრთალი ნათელი, სახატიდან მინაშუქი, პარპალით ეცემოდა სასოებით აღტკინებულ მის ვაჟკაცურ სახეს და მდუღარე ცრემლები წურწურით ჩამოდიოდნენ წვერ-ულვაშზე.
იკორთაში მღვდელმთავარმა გამოიყვანა წირვა, პარაკლისი გადაიხადა და აიაზმა ასხურა ჯარს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ერისთავების ლაშქარი იმერეთში მიდიოდა, მაგრამ იმ ღამესვე ელიზბარმა და შალვამ მხარი უქციეს და საიდუმლოდ კახეთისაკენ მიემართნენ; გზაში არაგველები დაუხვდნენ, სულ დარჩეული ვაჟკაცები. წინ კირილე მღვდელი უძღოდათ წმინდა გიორგის ხატით და შეუერთდნენ. დიდის სიფრთხილითა და სისწრაფით გავლეს გზა, გადაიარეს მთა და ჩავიდნენ ახმეტაში, სადაც ბიძინა ჩოლოყაშვილი დაუხვდათ დიდძალი ჯარით. აქ ბიძინამ, როგორც მთავარსარდალმა, ორად გაჰყო შეერთებული ჯარი: ნახევარი თავისთან დაიტოვა, მეორე ნახევარი მრავალ გუნდებად დაჰყო და აქეთ-იქით, სხვადასხვა მხრისაკენ, გაისტუმრა, რომ ერთსა და იმავე დანიშნულ დროს ყველგან თავს დასხმოდნენ თათრებს მოულოდნელად.
უმთვარო ღამე იყო. პირველ მამლის ყივილზე, როცა ქვეყანა მიწყნარებული იყო და მხოლოდ მდინარეების ერთნაირი შხუილი შორს და შორს უწევდა, ავარდა ალი მრავალი გაღმა-გამოღმა ალაზნის პირად, მოედვა ულუსების სახლკარობას და გააქათქათა არემარე. დასცეს კიჟინა და მას თანავე მოჰყვა საზარელი ვაი-უისა და გოდების ხმა. გავარდნილები ბაში-აჩუკის თაოსნობით დაესხნენ თავზე თათრებს და დაუწყეს ჟლეტა. იმავე დროს ბახტრიონს შემოერტყნენ არაგველები; ციხე-გალავანს გადაევლენ თავს ფშავ-ხევსურები და გაავლეს მუსრი. ესევე ამბავი მოხდა ბევრგან სხვაგანაც და დაიძრა ბიძინას წინამძღოლობით მთავრი ჯარიც. ალი-ყული-ხანს რომ სხვადასხვა კუთხეებიდან ცნობა მოუვიდა, შეშფოთდა და აბდუშაჰილის თაოსნობით მთელი მისი მხედრობა მიაგება წინ ქართველ ჯარს. მაგრამ ბევრ ხანს აღარ გაუვლია, რომ მოულოდნელი და ზარდამცემი ცნობა მოუვიდა: ერთ ვიწრო ხეობაში მოასწრეს თათრის ჯარს, შეიმწყვდიეს, იარაღი დააყრევინეს და აბდუშაჰილიც ტყვედ წაიყვანესო. ეს სულ იმან ჰქნა, რომ აბდუშაჰილმა არავისი რჩევა არ დაიჯერა და გზის სიმოკლის გულისათვის ისეთ ღრიანკელში შეიყვანა ჯარი, რომ გაშლა არ შეიძლებოდა და საძრაობა აღარ ჰქონდათო. იმავე დროს კი, თურმე, იქვე ახლო ჩასაფრებული ქართველი ჯარი შემოერტყა გარს, თვალის დახამხამებამდე გადაუჭრა უკან გასაბრუნებელი გზა და თითქმის დატყვევებულებს დაერიაო. ამის გამგონე ალი-ყული-ხანი შიშის ქარმა აიტანა და ათრთოლებული ხმით ბრძანა, რომ ჯანდიერისათვის შეეტყობინებიათ. მაგრამ სწორედ იმავე დროს მოიჭრა ერთი ცხენოსანი და აცნობა: „ჯანდიერმა გვიღალატა და მისი ქართველებით ჩოლოყაშვილისაკენ გადავიდაო“. თავზარდაცემულმა ფეიქარ-ხანმა დიდხანს ხმა ვეღარ ამოიღო და ბოლოს თითქო თავისთვის წაილაპარაკა: „აკი ჩოლოყაშვილი დამბლა იყო და ჯანდიერი კი ჩვენი ყურმოჭრილი ყმაო? ჰა, გიაურ! ახლა კი ვხედავ, რაც არის, მაგრამ რაღა დროს?“ – სთქვა კბილების ღრჭენით.
- ცხენიო! – დაიძახა, მოაჯდა უნაგირს და ისეთი სისწრაფით გაუდგა გზას, რომ ორმა-სამმა მხლებელმა ძლივს მოასწრო გაყოლა. ის იმ ღამესვე ქურდულად გავიდა კახეთით და მეორე დღეს, სამშვიდობოზე გასული, სპარსეთისაკენ მიეშურებოდა მისი ორიოდე მხლებელით.
დარჩენ თათრები კახეთში უსარდლოდ და უპატრონოდ, და აქ-იქ ციხე-სიმაგრეებში ჩაკეტილები, მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, თავი როგორმე გადაერჩინათ, მაგრამ წელგამართული და გაგულადებული კახელები მოსვენებას არ აძლევდნენ. ისინი, ვინც გუშინ თათრის ერთგულებასა და ქართველების მტრობას იჩენდნენ, დღეს პირველი თავდადებული ქართველები გახდნენ, და რამდენიმე კვირის განმავლობაში ისე გაიწმინდა კახეთი თათრებისაგან, რომ მათი ჭაჭანებაც აღარსად იყო. დახშული ეკლესიების კარები გაიღო და ხელახლა გაისმა ზარების რეკა; გულის სიღრმეში ჩაეჭრა დიდსა და პატარას, როგორც ნიშანი საქრისტიანო, ის ეკლესიის ენა და შეიქნა საერთო ლიტანიობა; ქალი და კაცი, მოხუცი და ყრმა, მაღალი და დაბალი, ყველა ერთხმად ადიდებდნენ ღმერთს და აქებდნენ გმირებს. ბიძინასი, შალვასი და ელიზბარის სახელი ყველას ტუჩებზე ეკერა აღტაცებით. კახეთის სიხარული ქართლელებსაც გადაედოთ და მათ თანაგრძნობას მათი მეფე ვახტანგიც გულში დასტურს აძლევდა, მაგრამ, როგორც შაჰნავაზი კი, ვითომ, ჯავრობდა და პირიდან ცეცხლსა ჰყრიდა: - „როგორ გაბედეს ერისთავებმა ჩემი ურჩობა და დიდებული შაჰ-აბაზის ღალატიო?!“
შაჰ-აბაზმა რომ ეს ამბავი გაიგო, ფილენჯის ქარმა მოუარა და ფიცხელი ბრძანება შეუთვალა განჯის ხანს: „კახეთი შენთვის მიბოძებია, წადი და ააოხრეო!“ ხანმაც წყალობისათვის მადლი მოახსენა დიდებულ შაჰს და გამოტეხილი შეუთვალა: „თუ მანდედან ჯარი არ მომაშველეთ, ახლა ისე გაგულადებული და გამაგრებული არიან კახელები, რომ ჩემი სახანო ერთიორადაც რომ უფრო მეტი იყოს და უფრო ძლიერი, მაშინაც ვერ გავბედავ კახეთზე საომრად მისვლას, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ვერას გავხდები და თავს შევირცხვენო“. ამ მოხსენებამ უფრო მეტად დააღონა და დააფიქრა ყეენი. ბრაზი მოაწვა გულზე და სირცხვილის ოფლი ასკდებოდა.
ამ დროს მოუვიდა ქართლიდან შაჰნავაზის წერილიც. სამძიმარს უთვლიდა და თანაც ატყობინებდა: „კახეთის გამარჯვებამ ქართლიც შეარყია; ერისთავები გამიდგენ, აღარას მიჯერიან და მოიღეთ წყალობა, თქვენი უძლეველი და ქვეყნის დამპყრობელი ჯარი მომაშველეთ, რომ ურჩები ისევ დავიმორჩილო და კახეთსაც საშვილიშვილოდ შევანანო თქვენი ორგულობაო. ამასთან ესეც უნდა მოგახსენოთ: დღევანდელი გამარჯვებით იმდენად წელგამართულია ქვეყანა და გათამამებული, რომ, თუ არ დიდძალი ჯარი, ცოტათი ვერას გახდებითო“. შაჰ-აბაზმა გადაიკითხა წერილი, დაჭმუჭნა და დაახეთქა ძირს.
- ესეც იმას იწერება! – სთქვა წარბებშეჭმუხვნით. – დიდძალი ჯარიო?! ჰმ... ასე ჰგონიათ, თუ მარტო მათთვის ვიყო მოცლილი და მეტი საქმე აღარა მქონდეს რა? არა, ახლა დრო არ არის! დროს შერჩევა უნდა და მე ვიცი, როგორ გადავიხდი მაშინო. – დასწერა პასუხი და მურთუზალ-ხანის ხელით გამოუგზავნა ქართლის მეფეს. საპირფერო და სამლიქვნელო სიტყვებით აავსო წერილი!.. მადლობას უთვლიდა ერთგულებისა და მორჩილებისათვის, მაგრამ ურჩევდა, რომ ასე გულფიცხად არ მოჰკიდებოდა საქმეს. „მართალია, ვერ უნდა გაებედნათ კახელებს ამისთანა საქმეო – იწერებოდა ვერაგი – მაგრამ, როგორც შევიტყვე, სულ მანდაური მმართველობის ბრალი ყოფილა: წინააღმდეგ ჩვენი სურვილისა, დიდ გაჭირვებაში თურმე ჩაუგდიათ ქვეყანა და კახელებიც იძულებული ყოფილან, რომ მაგრე მოქცეულიყვნენ. ველი შენგან ამ საქმის გამოკვლევას და დაწვრილებით მოხსენებას; ამასთანავე გავალებ, რომ ეგ გამოჩენილი ვაჟკაცები ჩემს კარზე გამოგზავნო; მე მინდა, რომ სამივე ჩემი თვალით ვნახო და, როგორც წინდაწინვე ჩემგან შენდობილებს, ჩემი პირით გამოვკითხო ყოველიფერი ტკბილად და არა მრისხანებით. ვფიცავ ჩემ მზეს და თვით მაჰმადის წვერებსაც, რომ ეგენი აქ საკადრისად მივიღო და გულდაწყვეტილ-მომდურავი არც ერთი არ დავაბრუნო; წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ჩემი ტკბილი წყალობა არ დააფასეს და კიდევ ურჩობა გამიწიეს, მაშინ ვფიცავ ყოვლის შემძლებელს, რომ ამ ჩემს უკადრის შეურაცხყოფას არათუ მარტო კახეთს, მთლად საქრისტიანო საქართველოსაც ვაზღვევინებ და, მე რომ ვერ შევძლო, საშვილიშვილო ანდერძად დავაგდებ ამ სურვილსო“.
ორჯერ-სამჯერ გადაიკითხა ვახტანგმა ეს წერილი და მუქარა, მწუხარედ გაიღიმა და სთქვა გუნებაში: „მეც ამას ველოდი ჩემი წერილის პასუხად! ჩვენ ორივე ერთ სოროში ვართ გაზრდილი! გიცნობ, რაც ხარ, შაჰ-აბაზ! ჯერჯერობით ლომობა რომ აღარ გაგიდის, მელიაობას ეპოტინები, მაგრამ, ღმერთი ყოვლის შემძლებელია, შეიძლება ისიც მოგიცდესო!“ ჩაფიქრდა ნაღვლიანად და ჩაჰკიდა თავი.
დიდი ხანია ქართლ-კახეთი ისე მოსვენებით არ ყოფილა, როგორც 1659 წელში. შემოდგომა მიწურული იყო, ზამთრის პირი მოახლოვდა, მაგრამ მაინც გაზაფხულის დღეები იდგა, თითქოს ქვეყნის დამშვიდებულ გულს ტაროსიც კი ეტკბილდასტურებაო. ვახტანგმა მთელი ქართლისა და კახეთის დიდებულები შეჰყარა სალხინო-სადარბაზოდ. თითქმის არავინ ჰკლებია და მათ რიცხვში კახეთის გმირებიც მოჰყვენ.
მეფემ დარბაზი გამართა, შაჰ-აბაზის მოწერილი წიგნი წაიკითხა და რჩევა ჰკითხა დიდებულებს. უმრავლესობა უარზე დადგა. „როდის ჰქონდა სიმტკიცე მაჰმადის წვერებს სპარსელის პირში და ან ყეენის სიტყვა რა დასაჯერებელიაო? ცხადია, რომ მაგათი მიტყუება უნდა საღალატოდ და, ეს რომ მოხდეს, ჩვენი თავი ცოცხალი რაღად გვინდაო?!“ ზოგიერთები სულ სხვა აზრისა იყვნენ და მათ მხარი მისცა არაგვის ბატონმა ზაალ ერისთავმაც ამ სიტყვებით: - „მართალი არის!.. და ვინ არ იცის, რომ ყეენი ჩვენზე გულს ვერ გაიწმენდს და მოყვრობას არ დაუწყებს ერისთავებს, მაგრამ ჯერჯერობით გარემოება ნებას არ აძლევს, რომ თავისი გულის პასუხი გამოამჟღავნოს და მტრობა გამოგვიცხადოს. ან რა ანგარიშია, ახლა რომ შორიდან მუქარითა და წინდაუხედაობით საქმე გაიფუჭოს? მართალია, დღეს ქართლი სპარსეთის საკუთრებას არ შეადგენს, მაგრამ მისი ხელდებული მაინც არის. სიფრთხილე მართებს ყეენს, რო საზღვარს არ გადასცილდეს, თორემ ერთი კიდევ ამისთანა გამარჯვება, როგორიც კახელებმა ნახეს, და მაშინ იძულებული შეიქნება ქართლზედაც ხელი აიღოს. ეს კარგად ესმის შაჰ-აბაზს და, თუ არ სამოყვროს, სამტროს არას ჩაიდენს. უეჭველია, რომ კახეთის გმირებს საპირფეროდ პატივით მიიღებს და დიდებით გამოისტუმრებს; მერე კი, როცა დრო ხელს მოუმარჯვებს, მელასავით შემოგვეპარება და ეცდება გვაზღვევინოს; ეს უნდა ვიცოდეთ და მზად ვიყოთ! მანამდე კი უნდა დრო მოვიხმაროთ და მივყვეთ მის დღევანდელ ნება-სურვილს, მით უფრო, რომ საშიში არა არის რა; და, თუ არა, მაშინ თავმოყვარეობა იმდენად გააბრაზებს, რომ ეცდება მუქარის გამართლებას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩემ სიძეს, ისე ერისთავებს სახიფათო არა ელით რა, თუ ღვთის ნება არ იქნება; და, თუ მისი ნებაა, მაშინ, აქაც რომ იყვნენ, მაინც ვერ ასცდებიან განგებასო!“
ამ სიტყვებმა ბევრს გამოაცვლევინა აზრი; მეფეც დაეთანხმა და ბოლოს ჯერი მიდგა თვით ყეენის მოთხოვნილებაზე. პასუხის ნაცვლად წამოდგა ზეზე მოხუცი ელიზბარი, მიდგა სარკმელთან, გაიხედა შიგ და დაფიქრდა. დარბაზი გაოცებით შეაჩერდა. - „ბატონო მეფევ! – მობრუნდა და სთქვა ერისთავმა. – ამ თქვენ ჭადარს რა დამართნია ეს, რომ ფოთლები გასცვენია?“
- როგორ თუ რა დამართნია?! – მიუგო გაკვირვებით მეფემ. – რაღა დროს ფოთლებია? ზამთარი დგება!..
- ვაითუ გახმეს უფოთლოდ?
- როგორ თუ გახმეს?! გაზაფხულზე განა აღარ შეიფოთლება?
- დიახ, შეიფოთლება, ჩემო ხელმწიფევ, და ჩემი პასუხიც ეს არის დღევანდელ სადარბაზო კითხვაზე. – როგორც მეფე, ისე დარბაისლები გაოცებული შეაჩერდნენ: ეგონათ, თავის გონებაზე აღარ არის და ბოდავსო, მაგრამ ერისთავმა ნაღვლიანი ღიმილით განაგრძო: - „დიდებულო ხელმწიფევ! რაც ფოთლებია ხისთვის, ჩვენ ისევე ვართ ჩვენი ქვეყნისათვის და, რაც წელიწადია ფოთლებისათვის, ის საუკუნეა ჩვენთვის. ნახევარი საუკუნის განმავლობაში არც ერთი აღარ ვიქნებით, სხვები დაიჭერენ ჩვენს ადგილს: „ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსო“. საქართველოც ჩვენი ცხოვრების ხეა, საკუთარ ქართულ ნიადაგზე დანერგილი და ზედ ქრისტეს სჯულია დამყნილი. სანამდის მისი ძირი არ შესუსტდება, ღერო არ შეინძრევა და ფესვები მაგრად ექნება გადგმული, შტოების შერხევითა და ფოთლების დაცვენით არა უჭირს რა. ჩვენც ერთი ფოთოლთაგანი ვართ, ადრე თუ გვიან დასაცვენი, და ჩვენი მიზეზით რათ უნდა მიადგეს გაჭირვება სამეფოს? არა, ჩვენო დიდებულო მეფევ, ჩვენ, უეჭველია, უნდა ვეახლოთ ყეენს და, რაც მოსავალია, მოგვივიდეს!“
- ბატონო მეფევ! – წამოიძახა ჩოლოყაშვილმა, - ჩვენი სამივეს სათქმელი ერისთავმა მოგახსენათ და მე მხოლოდ დავამატებ, რომ ხე, როგორც მცენარე, მოურწყველად ვერ იხარებს; ისე ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების განზე გასადგმელად ოფლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამებრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად!.. ამგვარი მსხვერპლის უჩვეულო არ არის ჩვენი ქვეყანა და დღეს, თუ განგებას ჩვენთვის წილად უხვედრებია სამსხვერპლო ზვარაკობა, სასოებით მივეგებებით და მორჩილებით თავს დავდებთ!.. საქართველოს ჭირიც წაგვიღიაო!.. – მივიდა და ამოუდგა ერისთავს გვერდში.
„ამინო!“ დაიძახა შალვამ და გადადგა ბიჯი მათკენ. დარბაზს ჟრუანტელმა დაუარა. ჩამოვარდა ხანგრძლივი სიჩუმე. მივიდა მეფე ხმაამოუღებლად, გადაეხვია სამივეს და გადაკოცნა. რამდენიმე კურცხალი გადმოგორდა ინით შეღებილ წვერზე და დაეცა ძირს. ვახტანგმა მიუთითა ზედ სამივეს და უთხრა: „აი, ეს იყოს საწინდარი ჩემსა და თქვენს ოჯახებს შუაო!..“
ამ ამბის შემდე არ გაუვლია დიდ ხანს, რომ შალვა, ელიზბარი და ბიძინა აღმოსავლეთისაკენ გზას ადგენ და სპარსეთისკენ მიდიოდნენ. სწორედ იმავე დროს დასავლეთისაკენ გადაეშვნენ კორტოხს სამი ცხენოსანი: აბდუშაჰილი, პირიმზისა და ბაში-აჩუკი. ხმაამოუღებლივ მიაჩქარებდნენ ცხენებს სხვადასხვა ფიქრებით მოცულნი. აბდუშაჰილისათვის ყველგან ბაღდადი იყო, სადაც კი მისი სატრფო იქნებოდა; სიყვარულით გამსჭვალულ პირიმზისას ეჩქარებოდა, რომ სამშობლოში გადაეტანა თავისი ბედნიერება; და ბაში-აჩუკს კი მაინცდამაინც მაგდენად არაფრად ეპიტნავებოდა იმერეთი, რადგანაც გაიგო, რომ მისი კახეთისაკენ გადავარდნის მიზეზი რაჭის ერისთავისათვის მიუთხოვებიათო.
იმერეთმა დედაშვილურად მიიღო ორივე ვაჟკაცი.
ბაში-აჩუკი დაუბრუნდა თავის სახლკარობას და აბდუშაჰილიც ჩაესიძა. მართალია, დევი ყურით არ დაუჭერიათ სიძე-ცოლისძმას, მაგრამ ბევრჯერ კი კარგი სამსახური გაუწიეს იმერეთს თურქებთან ბრძოლის დროს და სამაგიეროდ ადგილ-მამულიც ბევრი შეიძინეს საწერეთლოში. ცხოვრობდნენ მყუდროდ და მხოლოდ ერთხელ კი შეშფოთდნენ. ეს მაშინ, როდესაც გაიგეს, რომ მათი საყვარელი კახეთის გმირები სპარსეთში უწამებიათო.
ბევრს ეჭირა თვალი სასიძოდ ბაში-აჩუკისაკენ ანუ, როგორც შემოკლებით ეძახოდნენ, ბაჩუკისაკენ, მაგრამ გაუცრუვდათ იმედი: ის ცოლ-შვილის მოკიდებას არ აპირებდა, სანამდის წერეთელი არ მოკვდა და ერისთავიც არ მიიცვალა! მაშინ კი გადავიდა რაჭაში, მოიტაცა ქვრივი და ჯვარი დაიწერა. უშვილძიროდ არც სიძე და არც ცოლისძმა არ გადასულან: აბდუშაჰილის ჩამომავლობა დღესაც არიან ჩვენში – აბდუშელიშვილები და ეტყობათ კიდეც, რომ კარგი წინაპარი უნდა ჰყოლოდათ. რაც შეეხება ბაში-აჩუკის ან ბაჩუკას ნაშიერს, ისინი უფრო გამრავლებულიც არიან დღეს, მაგრამ ბაჩუკიშვილობას სწუნობენ და ბაქრაძეობაზე სდებენ თავს, და, დაუბრუნდებიან თუ არა ბაჩუკიშვილობას, ის ღმერთმა იცის.
[1896]