თვალმიუწვდომელ სიშორიდან გველივითი მოიკლაკნებოდა ჩუხჩუხა არაგვი და ერთგან კლდოვან კიდეს გამეტებით ეხეთქებოდა, რომ ახალი გზა გაეკვლია!.. თავს არ იზოგავდა, მაგრამ შეუპოვრობისაგან უკუქცეული, დარეტიანებული და თავბრუდასხმული, თითქოს სულის მოსაბრუნებლად, იქვე მორევში რამდენჯერმე მოტრიალდებოდა ხოლმე და მერე კი დაკვირვებით გადადიოდა დაბლობზე, რომ უფრო მეტის სიფრთხილითა და კვნესა-დუდუნით დაშვებულიყო ქვემოატეხილ ჭალებისაკენ. იმ კლდოვან მთის თავზე, ღრუბლიდან გამოსულიყო უზარმაზარი ციხე-დარბაზი, შეუპოვრად გადმომდგარიყო და სანუგეშოდ გადაჰყურებდა არე-მარეს. ყოველ მხრით შეუვალ გალავნით შემოზღუდულ შენობას, მხოლოდ ერთის მხრით, აღმოსავლეთისაკენ, გულს უხსნიდა სიგრძით ჩაყოლებული აივანი.
სამხრობა გადასული იყო. აივნის თავში ტახტზე იჯდა ფეხმორთხმით დარბაისელი მოხუცი, ზაალ ერისთავი, და კრიალოსანს ათამაშებდა. იქვე შორიახლოს, ზედ ხარიხასთან, მიედგა სკამი ზაალის მეუღლეს, მუხლებზე გადაეშალა დავითნი და „ჭირის კანონს“ ჰკითხულობდა; სკვნილი ეჭირა ხელში და რამდენჯერაც კი გაათავებდა იმ ერთსა და იმავე ფსალმუნს, დაიწერდა პირჯვარს, ჩააგდებდა სკვნილს და მიუბრუნდებოდა ისევ თავიდან!.. უნდა ორმოცჯერ წაეკითხა.
„მიშველეთო!“ დაიკივლა უცბად და აქეთ-იქით კედლებს დაუწყო ყურება. ზაალიც წამოვარდა და მიაშურა:
_ რა იყო, ბატონო? რა დაგემართა, მარიამ?
_ არაფერი! – მიუგო, როგორც იქნა, გულდამშვიდებულმა მეუღლემ, - თავბრუ დამეხვა! სახლმა ქანება დაიწყო და მეგონა, თუ კედლები ინგრეოდნენ... მომეჩვენა...
_ აგრე იცის მიჯინებულმა კითხვამ! თავბრუს ასხამს კაცს!
_ მორევისაკენ გადავიხედე და წყალმა თვალი მომჭრა, - დარცხვენით წაილაპარაკა მარიამმა.
_ ჰმ! მეც არა ვთქვი!... წყალს თელხი დაჰკრავდა, ჭევლი შეინძრეოდა, შეითამაშებდა და, რასაკვირველია, შიგ ჩასახული სახლიც დატორტმანდებოდა... როგორ ვერ მიხვდი? ღმერთმა ბავშვსაც ნუ აქნევინოს ეგ საქმე, - დაუმატა სიცილით.
_ როცა კაცს გული საგულეს აღარა აქვს და შიშის ქარი უვლის ტანში, მაშინ რა არ წარმოუდგება?! იმ სიზმარმა სულ გადამრია და გადამშალა!
_ სიზმარმა?!
_ დიახ! იმ უცნაურმა სიზმარმა, წუხელი რომ უნახავს მოძღვარს.
_ ვეჟო, რა არის მაგისთანა?
_ ნეტავი არც კი გამეგონა, თვარა როგორ გავიმეორებ?
_ ეე! ბიჭო, ბიჭო, რომელი ხართ მანდა! კირილეს დამიძახეთ, მომგვარეთ ახლავ! თუ ეძინოს – გააღვიძეთ! – დაიყვირა ერისთავმა და გასწორდა. კრიალოსანი მიაგდო გვერდზე, მუთაქა განზე გადადვა, ფეხები ძირს დაუშვა და აუჩქარებლად გაუყარა ფოსტლებში. შემოვიდა მღვდელი.
_ მშვიდობა სახლსა ამას! – სთქვა და გაჩერდა.
_ დაბრძანდი, მამაო! – უბრძანა ერისთავმა და მიუთითა სელზე. _ რაღაც უცნაური სიზმარი გინახავს?
_ უფრო ჩვენება, ვიდრე სიზმარი, ჩემო ბატონო!
_ ხალხი კი გადაგირევია და!
_ არ მინდოდა გამხელა, მაგრამ, პარაკლისი რომ გადავიხადე, მიზეზი მკითხეს და ვეღარ დავფიცე.
_ რა იყო მაინც მაგისთანა?
_ მართლა რომ საოცარი რამ. – აქ ჩაახველა ხმის გასასწორებლად მოძღვარმა და ათრთოლებული ხმით მოჰყვა წყნარად. – ალავერდის მონასტერს, დიდება მის ძლიერებას, უწმინდური დაჰპატრონებოდა!
_ უწმინდური?!
_ დიახ: გველეშაპი შემოჰხვეოდა გარს. სამჯერ რომ შემოგვერგვოდა, კუდი პირში ეჭირა და ერთი მტკაველი კიდევ იქით იყო გადაცილებული. ეძინა იმ წყეულს! მისი შიშით საყდარში ვეღარავინ შედიოდა. აღარც წირვა იყო და აღარც ლოცვა. ხალხი გარს შემოჰხვეოდა და ზარდაცემული შეჰყურებდა. ვეღარავინ ინძრეოდა!... ხანდახან გამოიღვიძებდა ხოლმე ის არაწმინდა, გაიშლებოდა და პირდაღებული, თვალების ბრიალით, წამოსრიალდებოდა ხოლმე ხალხისაკენ!... რომელ კუთხიდანაც კი მოადგებოდა, გაჰქონდა!... ჩასანსლავდა ზედიზედ, ერთიმეორეზე, იქვე უძრავად გაშეშებული ადამიანის შვილებს; გამოძღებოდა, გასისინდებოდა და მერე ისევ გარს ეხვეოდა ტაძარს. ყოველი მისი გამოღვიძება მუსრი იყო ქვეყნისათვის. ერთიც ვნახოთ, მოულოდნელად გამოჩნდა სამი მეომარი, ერთიმეორეზე უკეთესი; მათ ნახვას არა სჯობდა-რა!.. შუბ-ისრით შეჭურვილებს ხელში ფარ-ხმალი ეპყრათ და აელვებდნენ. ერთი მათგანი მიუბრუნდა ზარდაცემულ ხალხს და შეჰყვირა: „ვინ ქართველი და ვინ გულგატეხილობაო? აღარ გახსოვთ ძველი ანდერძი„სირცხვილს სიკვდილი სჯობს და ორივე კი ერთად ჯოჯოხეთიაო“. ამ სოფელს გამოთხოვებიხართ, დღეს თუ ხვალ აღარც ერთი აღარ იქნებით და ცხვრებსავით კი დაგიდვიათ თავი!... არ გიჯობსთ, რომ წინააღუდგეთ უწმინდურს და ბრძოლაში დალიოთ სული? განა ეს უფრო ვაჟკაცური არ იქნება და გულის მოსაოხებელი?..“ ამ სიტყვამ ელვასავით დაურბინა ხალხს და გამოაფხიზლა: შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, იგრიალა დიდმა და პატარამ: ზოგმა ფარ-ხმალს მოავლო ხელი, ზოგმა ცულს, ზოგმა წალდს, ზოგმა ნამგალს, ზოგმა ხელკეტს, ზოგმა რასა და ზოგმა კიდევ რასა! ვისაც რა ეხერხებოდა და ან რა ემარჯვებოდა – იმას მიმართა. წაუძღვენ წინ მეომრები, მიუახლოვდნენ მძინარს, ერთად გასტყორცნეს სამი ისარი; დალახვროს ღმერთმა, არცერთი გვამში არ გაერჭო იმ წყეულს! მისმა მაგარმა ქერტლმა სამიავე აირეკლა, გამოიღვიძა გველეშაპმა, მაღლა აიღო თავი, აიქოჩა, ერთი საზარლად იწივლა და მიაშურა. საოცარი სანახავი იყო: კუდით ირეკდა მეომრებს, ტოტსა სცემდა, ბრჭყალებით ჰგლეჯდა და კბილებით სწიწკნიდა. ცუდად იყო საქმე, თუ ის უცხო მეომრები სამივ მხრით არ მისდგომოდნენ და ბრძოლა არ დაეწყოთ! საარაკო იყო მათი ლახტის ცემა!.. მაგრამ რა გამოვიდა, რომ იმ უწმინდურს ყოევლ ახალ-ახალ ჭრილობაზე, ყოველ წყლულზე ძალი ემატებოდა! დაელეწათ ფარ-ხმალი გმირებს და ღონემიხდილნი მზად იყვნენ დამორჩილებოდნენ; მაგრამ ამ დროს გამოჩნდა მთიდან მომავალი მხედარი, შუბით ხელში, თეთრ ცხენს მოაგელვებდა. მიეჭრა გათამამებულ გველეშაპს და უგმირა ლახვარი. უწმინდურმა იწივლა, დაიკლაკნა და სასიკვდილოდ გააღო პირი. შავი ოხშივარი კომლივით ამოუშვა და თან საზარელი სიმყრალის სული ამოატანა. ჩვენ ყველას გული შეგვიწუხდა და უგრძნობლად დავემხვეთ დედამიწაზე... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავით უგრძნობლად, მაგრამ ბოლოს, რომ გამოვფხიზლდით, თვალი გავახილეთ და მაღლა ავიხედეთ, აღარაფერი აღარ იყო! ყოველივე გამქრალიყო: აღარც გველეშაპი სჩანდა და აღარც მეომრები... თეთრცხენიანი მხედარიც წასულიყო. სიჩუმე იყო და მხოლოდ სალიტანიო ზარების რეკა ისმოდა, თუმცა სამრეკლოზე კი არავინ იდგა; ტაძარი განათებული იყო და კარები ღია იყო. იგრიალა ხალხმა, მოიხადა ქუდი და მიაშურა პირჯვრისწერით. შიგ რომ შევედით, საყდარი ცარიელი იყო, მხოლოდ აღსავლის კარებთან ის სამი მეომარი ესვენა: ამ სოფლით გასულიყვნენ... თავზე ნათლის სვეტი ადგათ და მაღლით გალობა გუნდთა ისმოდა: „წმინდათა თანა განუსვენეო“ და სხვანი.
- „წმინდა არს, წმინდა არს, უფალი საბაო!“ სთქვა პირჯვრისწერით გაკვირვებულმა ერისთავმა.
- „სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა“, - განაგრძნო მარიამმა.
- „და საკვირველებითა!“ – დაუმატა მოძღვარმა და სამივე დადუმდნენ. დიდხანს ხმა აღარ ამოუღიათ, მაგრამ სახეზე კი ემჩნეოდათ, რომ უჩვეულო მღელვარებას შეეპყრო სამივე. ის ორი მხოლოდ სულზე ჰფიქრობდა, მაგრამ ზაალი კი ქვეყნიურ ზრახვებს ვეღარ აღწევდა თავს. უცბად დაიქუხა ერთი და გაგრძელდა ხმა, თითქოს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე ეტლები გადაახრიგინესო.
- „წმინდა არს, წმინდა არს!“ – სთქვა ერისთავმა და პირჯვარი გამოისახა. – ღრუბელთ წინამძღვარი მიბრძანდება მთაში! დაილოცოს მისი მადლი!
ამ დროს ზედიზედ დაიჭექა სადღაც შორს და მთებმაც ბანი მისცეს.
- ჰაა! გავარდა მეხი! კეკუჩ თავში ეშმაკს! – სთქვა სიხარულით ზაალმა და წამოდგა ზეზე. მსხვილმა წვიმამ შემოაშხაპუნა აივნისაკენ. ზაალ ოთახში შევიდა, მარიამმა სახატეს მიმართა, რომ სასანთლეები აენთო, კირილე კი იქვე დარჩა მარტო, მოიყარა მუხლები, ააპყრო ხელები და სასოებით წარმოსთქვა: „ღმერთო! მოხედე შეჭირვებულ საქრისტიანოს და სიზმარი კეთილად აგვიხდინეო!“ დიდხანს იდგა გაქვავებული, მხოლოდ ტუჩებს ანძრევდა და ცრემლები ღაპაღუპით ეცემოდნენ სპეტაკ წვერებზე.
მეორე დღეს, დილით ადრე, გამოსულიყო ზაალ აივანზე და ჭალებს გადაჰყურებდა. შუახნის, ჭაღარაშერთული მოურავი, იქვე კედელზე ატუზულიყო, თვალებში შეჰყურებდა.
- ესეც ჩვენი კირილეს სიზმარი!.. ახლა და მორჩა! მართლა გველეშაპივით არ მოიკლაკნება ეს არაგვი?! ამ ხნის კაცი ვარ და ამისთანა წყალდიდობას ჯერ არ მოვსწრებივარ, - სთქვა ერისთავმა.
- არც მე, თქვენი რისხვა არა მქონდეს!.. ტყე და ველი კი მოაქვს და... ხიდები, სადაც იყო, დახვეტა. ქვიტკირის ხიდი დაუქცევია, გზა შეკრულია და ჩვენი მწყემსებიც გაღმა დარჩენილან! – მოახსენა მოურავმა.
- რა უშავთ?.. იქაც ჩვენი არ არის?! სწორამდე ესეც დაიკლებს. მთის წყალია... მალე ჩამოვარდება.
- უფრო ადრეც, მაგრამ მაინც ბიჭები გამიცდებიან ამ ორ-სამ დღეს და ძნელია.
- განა იქ კი ვერ გაიჩენენ საქნარს?
- კი, მაგრამ, ხომ მოგეხსენებათ, თუ სულ არ ეჩიჩინები, თავისთავად არას მოიფიქრებენ. დღეს რომ აქა მყავდნენ, მივცემდი ხელში საგდებელს კავებით, დავაყენებდი წყლის პირად მოსახვევში და ვაჭერინებდი ჯირკებს... შეშას დავამზადებდი, ზედ კარზე მოყენებულს.
- მართლა, სად იყო ამდენი ხე-ტყე, რაც ამ წყალს მოაქვს? აცდის, აცდის და ჩამოატარებს.
- მთაში დამზადებულ მორებს დაშლიდა ნიაღვარი და ჩამოჰყრიდა წყალში.
- აგრე იქნება... სხვა ბიჭები აღარ არიან, რომ მიაყენო?
- გახლავან!.. როგორ არ გახლავან? მაგრამ ყველას თავთავისი საქმე აქვს, მოგეხსენებათ, და მწყემსების მოცდენა მარტო მიტომ მაწუხებს.
- თუ გიყვარდე, რამდენიც შეიძლოთ, იმდენი დაამზადეთ!.. კირი გვაქვს დასაწვავი, რომ საყდარი შევაკეთოთ როგორმე. მოძღვარი აღარ მასვენებს და ქალბატონსაც დაუჟინია: უნდა შევლესოთო!.. კარგია! სულის საქმეა! წყლის მოტანილი შეშა წმინდა იქნება და წმინდა საქმესაც უნდა მოხმარდეს.
- აგრე ვქნათ, შენი ჭირიმე!..
ამ საუბრის დროს, შორს, ხვადაბუნებაში, გამოჩნდა ერთი ვიღაც ცხენოსანი, პირდაპირ სასახლისაკენ მოაგელვებდა ცხენს. ზაალმა შენიშნა და სთქვა: - მოურავო! ის ცხენოსანი ვიღაცა არის, თუ ფათერაკს არას გადაჰკიდებია, სწორედ გიჟი უნდა იყო!.. თავშიშველა, უქუდოდ რომ კაცი მოგზაურობდეს, გაგონილა?
მოურავი მიაჩერდა და ღიმილით მოახსენა:
- იმერელი უნდა გახლავდეთ ვინმე! გაჩეჩილ თმაზე ფაფანაკი ედება და არ ეტყობა.
- იმერელი?! იმერელს აქეთ რა უნდა?
- რა მოგახსენოთ, მაგრამ, სწორედ იმერელი კი უნდა გახლდეთ – ცხენსაც ისე მოათამაშებს!
ცხენოსანი ამასობაში პირდაპირ მოადგა არაგვს. ხიდი რომ წაღებული დახვდა, ფონს დაუწყო ძებნა: აატარ-ჩამოატარა წყლის პირად ცხენი და ბოლოს უკანვე გააბრუნა: „ვე პუ! შენ საქმეს. ნურას უკაცრავად, იმერელო, ხიდი ვერ დაგახვედრეთ! – სთქვა დაცინვით ზაალმა და მიუბრუნდა მოურავს: - იმერეთის ღელეები ეგონა, ბუჭულა წისქვილების საბრუნებელი... მგონია, ისე კი დაფრთხა, რომ ერთ წლამდე ღომიც ვეღარ იცნო!...“
- შენი რისხვა ნუ მომეცემა, თუ არ გამოალოცვინია, გული საგულეს აღარ შერჩეს – დაემოწმა ღრეჭით მოურავი.
ცხენოსანმა თავისი ბედაური გააჭენ-გამოაჭენა ჭალებში, გაახურვა და წამოიყვანა პირდაპირ მდინარისაკენ. რომ მოადგა კიდეს, ჰკრა დეზი და გადაუშვა აზღვავებულ წყალში. ცხენმა და კაცმა, ორივემ, ძირი გაიარეს, თითქო ჩაინთქნენო. ცოტა ხნის შემდეგ ამოჰყო ცხენმა თავი და იწყო ცურვა გვერდელად; მხედარი ზურგზე ეკრა და თავს უჭერდა, რომ პირდაპირ მეორე კიდეზე გაეყვანა კლდის ზემოთ; მიუახლოვდა კიდეც, მაგრამ წყალმა დიდი ხე ჩამოატარა და მოხვდა ცხენს; ცხენი მოტრიალდა, მისცა თავი ქვემოთკენ წყალ-წყალ, რადგანაც გასასვლელ კიდეს ჩამოსცდა; მხედარმაც მიუშვა ლაგამი და თვალის დახამხამებამდე ტრიალ მორევში ამოჰყვეს თავი. - „არიქა, ვინ ხართ მამაცი?! მიეშველეთ! მცურავებს დაუძახეთ! უშველეთ!..“ ჰყვიროდა ერისთავი. მორევში ცხენი შეჩერდა, თითქოს თავს ანებებს ბრძოლას და ბედს ემორჩილებაო, მაგრამ თურმე მხოლოდ ისვენებდა. მოიკრიბა უკანასკნელი ღონე და მხედრის კიჟინით გამხნევებული, გადაეშვა საჩქეფზე. იქ კი რამდენიმეჯერ გადაატრიალა ადუღებულმა წყალმა. მხედარი ზედ აღარ იჯდა, ფაფარში ხელჩაკიდებული განზე მიჰყვებოდა ცურვით. დიდზე ადევნა თვალი ერისთავმა და ბოლოს, როცა მიეფარნენ და აღარ სჩანდნენ, მწუხარებით სთქვა: „ვაი, უბედური!.. აქ კიდევ შეიძლებოდა შველა, ამ მორევში, მაგრამ იქ, იმ უცნაურ ჩენჩქერში, ვინღა რას გააწყობს!..“ სთქვა და საჩქაროდ დააპირა წასვლა.
ყვირილზე მარიამი შემოვარდა დაფეთებული. ქმარმა უამბო ყოველიფერი და, როდესაც მიაწია ბოლომდე, უთხრა: „იქ კი დაიღუპნენ, მგონია, საჩქეფშიო!“ მარიამმა მოუხშირა კივილს, ორჯერ-სამჯერ დაიკრა მუხლებზე ხელი და ერთხელ ყბაზედაც მოისვა, თითქო ჩამოიპოტნაო. ბევრი იწუწუნა: ვაი, დედამისის თვალების დადგომასო! და რომ მოიოხა გული, დავითნი გადაშალა... მიმართა ჩვეულებრივად ჭირის კანონს.
შემოიტუზა მოურავი და ჩაახველა. – რა ჰქენი, მოურავო? ვერავინ მიაშველე? – ჰკითხა ზაალმა.
- მივაშველე, შენი ჭირიმე, მაგრამ მცურავები შემიშინდნენ, ვეღარ შებედეს წყალში!.. ნამეტანი გადარეულია.
- ჩაატარა?
- შორს არ წაუღია! იქვე მოსახვევში, ხეებს რომ ხერგავს ხოლმე, ზედ მიაყარა...
- ეგებ გამოატანინო როგორმე, მადლია! – სთქვა ქალბატონმა.
- რაღა გამოსადეგი გახლავთ, შენი ჭირიმე? კაი რამე კი გახლდათ... ას ოქროდ მამა შვილს არ დაუთმობდა!..
- ხომ არ გადარეულხარ, მოურავო? – ბრძანა ვაჟბატონმა. – მირონცხებულზე მაგრე გაგონილა ლაპარაკი?
- ვინ მირონცხებულია, შენი ჭირიმე? მე ცხენზე მოგახსენებთ, თვარა ის კაცი როდი დამხრჩვალა.
- როგორ თუ არ დამხრჩვალა?! – მიაყვირეს ორივემ.
- თქვენი რისხვა არა მქონდეს!.. აქ რომ ჩაჰყო თავი წყალში, ე, იქ ამოჰყო, ჰა, იხვივით!.. ცხენის დაღუპვას ჩივის: როგორ ვერ გადავარჩინეო, თვარა თვითონ, გინდ წყალიც არ გადასხმოდეს თავზე... გაწუწულა კი ძალიან და სახაბაზოში შევგზავნე თონეზე გასაშრობად!..
- მადლობა ღმერთს! სწორედ კაი მახარობელი ხარ!.. მიამა ჭეშმარიტად! ვინ არის და რა საქმე აქვს, ვერ გაიგე?
- ჯერ არა უთქვამს რა, შენი ჭირიმე! თქვენ ნახვას კი ეჩქარება და, როგორც კი გაშრება, გიახლებათ, თუ უბრძანებთ!
- ძალიან კარგი იქნება... შემომგვარე! – მოურავი გავიდა და ერისთავი კი გახარებული ეუბნებოდა თავის მეუღლეს: „არ ყოფილა უბრალო ვინმე! უკეთესი სიმარჯვე ღმერთმა შეარცხვინოს!.. ხომ გაიგონე, მცურავებმა ვერ შებედეს შეცურვაო, და იმან კი ეს აზღვავებული არაგვი სიგრძისად გამოივლო ლაჯებში!.. სწორე მოგახსენო, მეც გამიჭირდებოდა ჩემს სიყმაწვილეში მაგის გაბედვა!“ – მარიამმა ჩაიცინა და ჩაახველა.
- რას იცინი? გაგახსენდა განა, შენ რომ თავს გაწონებდი და ალაზანში ჩავაგდე ცხენი? ეჰ, ყოველიფერს თავისი დრო აქვს, - დაამატა ხვნეშით.
მოურავი შემოუძღვა ახალგაზრდა კაცს. ტანმაღალი, წელში წვრილი, მხარბეჭიანი, ფაფანაკ უკან გადაგდებული, გაჩეჩილი თმით და გაწკვერტილის ულვაშებით ტიტველა პირზე, სწორედ სასიამოვნო შესახედავი იყო. მოხდენილად გადაიჯვარედინა ფეხები და თაყვანი სცა ერისთავს.
- გამარჯობა შენი! – უბრძანა ერისთავმა.
- ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგიშალოსთ, ჩემო ხელმწიფევ! – მოახსენა მოსულმა და მეორედ სცა თაყვანი.
- მადლობა ღმერთს, რომ გადარჩენილხარ!.. რა გაჭირვება გადგა მისთანა, რომ განსაცდელში იგდებდი თავს?..
- ჩემი განსაცდელი რაღა სახსენებელია, შენი ჭირიმე, მაშინ როდესაც მთელი საქრისტიანო განსაცდელშია ჩავარდნილი?! მასთანაც არ მეგონა, თუ ეს დღე დამადგებოდა... ცხენის იმედი მქონდა, ბევრჯერ შემიცურებია ჩემი „აფხაზურა“ აღელვებულ ზღვაში და არა გამჭირვებია რა, და დღეს კი ამ უბრალო წყალმა დაგვამარცხა. ალბათ წერა იყო! – სთქვა და ისეთი ამოიხვნეშა, თითქოს გულ-ღვიძლი ამოატანაო! თვალებზე ცრემლი მოადგა.
- შენ, როგორც გატყობ, ძალიან გებრალება შენი „აფხაზურა“!
- ძმასავით მყავდა, ჩემო ხელმწიფევ, თანაშეზრდილი და შეჩვეული.
- თუ ზღვაში მისთანა არა იყო რა, ხმელეთზე ჩემს „არაბულას“ ვერავინ მისწვდება... სამაგიეროდ მიჩუქებია შენთვის!
ჭაბუკმა რამდენიმე ბიჯი წინ წადგა, ცალი მუხლი მოიყარა და ჩოხის კალთაზე აკოცა. მოურავი შეიშმუშნა და შურით შეხედა დაჯილდოვებულს.
- მოურავო, - ბრძანა ზაალმა, - ხომ გესმის?.. რას ყოყმანობ? ზედაც შენი მოჭედილი უნაგირი დაადგი: შენ ჯერ მაინც არ გინდა და მერე სხვას გაცუქებ.
- არ ემჯობინება, შენი ჭირიმე, რომ წითელი ლაფშა უბოძოთ?
- ვინა გკითხავს? შენ აასრულე, რასაც გიბრძანებენ!
- კი, შენი ჭირიმე, მაგრამ რომ არ იკარებს უნაგირს ის შეჩვენებული?!
- როგორ თუ არ იკარებს?
- არ იდგამს!.. წელიწადია, ზედ აღარავინ შემჯდარა!.. ორ-ორ მეჯინიბეს ძლივს გამოჰყავს!.. გაურავებულია!..
- შენ ჯავრი ნუ გაქვს! ამან იცის და იმ ცხენმა.
- თუკი ვერ შეჯდება, რად უნდა?..
- ჰმ! აჰა, ღმერთო, კიდევ თავისას ამბობს – სულელი არ მოჭკვიანდება, თორემ გიჟის მოთვინიერება ყოველთვის შეიძლება. შენ რას იტყვი, ყმაწვილო?
- მოვიხმარ ღვთისა და თქვენის მოწყალებით! რაშებს ხედნიან და ცხენი მისთანა რა იქნება, რომ ვერ დაიმორჩილოს კაცმა? – მოახსენა ღიმილით.
- მეც აგრე მგონია. ღმერთმა მოგახმაროს! – ახლა კი მიამბე, რისთვის გარჯილხარ და საიდან ხარ?
- კახეთიდან გახლავარ!
- კახეთიდან?! მერე და გზა შეკრული არ არის?
- გახლავთ, მაგრამ მე კი ფირმანი მიჭირავს ხელში.
- იმერელი უნდა იყო?
- გახლავარ, მაგრამ დიდი ხანია, რაც მოვშორდი იქაურობას და კახეთში ვარ! თქვენმა სიძემ გაახლათ ჩემი თავი, ბიძინა ჩოლოყაშვილმა.
- რა ამბავია?
- წიგნი მოგართვათ და იქიდან გაიგებთ ყველაფერს, ჩემო ხელმწიფევ! – ამოიღო უბიდან წერილი და მიართვა... – ესეც ქალბატონმა მოართვა დიდ ქალბატონს...
- რასაკვირველია, რომ არ დაგსველებია?
- გასანთლულ ტილოში გახლდათ გახვეული!
ფაცაფუცით გახსნა წიგნი ერისთავმა და დაუწყო კითხვა ჩუმად. მისმა მეუღლემ სათვალეებს დაუწყო ძებნა. მოურავი და იმერელი კი იდგნენ და შესჩერებოდნენ. კითხვის დროს ერისთავს აღელვება ეტყობოდა და რამდენჯერმე შეხედა იმერელს...
- ხომ არ გადარეულა?! რა მოსაფიქრებელია!.. – ჰკითხა ზაალმა. იმერელმა მოურავს შეხედა და ხმა არ ამოუღია... ერისთავი მიხვდა და დაითხოვა მოურავი. მარიამიც სათვალეების მოსაძებნად წავიდა, დარჩნენ მარტო ორნი.
- იწერება: „ქრისტიანობა ამოვარდაო, წირვა-ლოცვა აღარ არის, ზარების რეკა აღარ ისმის, ხატების შეურაცხყვეს და ტაძრები გააუპატიურესო“... ეს ჩვენც გაგონილი გვქონდა, მაგრამ რა ვქნათ, რომ თავზევით ღონე აღარ არის!.. ღვთის რისხვა მომდგარია და უნდა ავიტანოთ, ღვთის ნებასვე უნდა მივენდოთ!
- მე რა მრჯის თქვენი სიტყვის შებრუნებას, შენი ჭირიმე, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ: „ურია იხრჩობოდა და ღმერთი ახსენა: მიშველეო! ღმერთმაც უბრძანა: ხელი გააჩნიე და გიშველიო!“
- ეგ ანდაზა კარგია, მაგრამ უფრო სხვა დროს!.. მარტო ხელის განძრევა ვეღარა გვიშველის!.. მაინც რისი იმედი აქვს?
- ჯერ ღვთისა და მერე თქვენი.., ხუთასი მეომარი თვითონ გამოჰყავს სულ დარჩეულები, ხუთას-ხუთასს ერისთავებიც ჰპირდებიან, - ეს ათას ხუთასი; ერთი ხუთასის იმედი თქვენგანაცა აქვს!..
- მერედა ორი ათასი კაცით სამოცი ათასზე გალაშქრება რა მოსაფიქრებელია? სხვა რომ არა იყოს რა, ისიც კმარა, რომ ალაზნის პირზე, გაღმა-გამოღმა, თხუთმეტი ათასი ულუსი სახლობს... დიდი და პატარა ყველა მეომარია.
- ორი ათასი ქართველი ხუმრობა არ გახლავთ, შენი ჭირიმე, თუ აქედან შემწეობაც იქნება. ნათქვამი გახლავთ: „ცდა ბედის მონახევრეაო“.
- ეგ ანდაზა ჩემისთანა ხნიერებზე აღარა სჭრის!.. ჩემი სიძე ჯერ კიდევ ყმაწვილია, გული საგულეს აქვს! მე მიკვირს ქსნის ერისთავისგან, როგორ დაეთანხმა?.. არ იცის, რომ მაგით იქ ყეენს აღაშფოთებს და აქ ქართლის მეფეს გაარისხებს?
- გამარჯვებას რომ გაიგებს, ქართლის მეფეც აღარას იტყვის. მართალია, გათათრებულია, მაგრამ გული მაინც ჩვენსკენ უფრო აქვს და, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება ღვთით, ამაზე ეჭვი არ უნდა ვიქონიოთ.
- აბა, ჩემო იმერელო! ყმაწვილი ხარ და წინდახედულობა გაკლია. მთელმა კახეთმა ვერა იყო რა და ახლა ორი ათასი კაცით უპირებთ გადენას? აბა რა სათქმელია! ციხეები ხელში უჭირავთ და ქალაქები!.. ვერც რა კახეთს ვუშველით და ქართლსაც საფრთხეში ჩავაგდებთ... გამძვინვებული ყეენი მიზეზს ეძებს, რომ ქართლსაც ის დღე დააყენოს, რაც კახეთს! დღეს თუ კიდევ სული გვიდგას, ბატონი მეფის წინდახედულობის ბრალია. ღმერთმა დიდი დღე მისცეს ვახტანგ მეფეს!
- შაჰნავაზს? – ნაღვლიანი ღიმილით უპასუხა იმერელმა, და უნდოდა რაღაც მოეხსენებია, მაგრამ ამ დროს გიჟივით შემოვარდა კირილე მღვდელი და მოახსენა:
- ქსნის ერისთავები გიახლენ, შენი ჭირიმე!
- ქსნის ერისთავები?.. მობრძანდნენ.
- ისინი გახლავან, შენი ჭირიმე! სწორედ ისინი, - იმეორებდა გულამოვარდნილი. – სწორედ ისინი ვნახე!.. დიდება შენს საკვირველებას, უფალო!..
- მღვდელო, შენ როგორღაც ვერა ხარ შენს გონებაზე!
- თქვენი რისხვა ნუ მომეცემა, ისინი არიან, სწორედ ისინი! ვიცანი!
- დიდი საქმე მომხდარა! რა ვქნათ მერე, რომ იცანი?.. ახა, ღმერთო! რას გაჩერებულხარ? წადი, სთხოვე მობრძანდნენ. შეუძეხი სასტუმროში და მეც ახლავე გამოვალ. ქალბატონს შეატყობინეთ!.. შენ, ჩემო იმერელო, მიდი მოურავთან, მოიცადე, სანამ პასუხს მივსწერდე ჩემს სიძეს... ეს ერისთავებიც უმიზეზოდ არ უნდა იყონ ჩემთან მოსული... – ჩაილაპარაკა თავისთვის და შევიდა ოთახში.
მთელი ოჯახი ფეხზე დადგა. ფარეშები გარბი-გამორბოდნენ აქეთ-იქით: მზარეულებმა ნებიერი წამოაქციეს, ხაბაზებმა თონეს ჩაუკიდეს, გამდელები დატრიალდნენ და შეიქნა ერთი ალიაქოთი. მოურავი დიდი გულმოდგინებით შეჰყვიროდა ხან ერთსა და ხან მეორეს: „არიქა, მიშველეთ!.. აბა, გაისარჯეთ! არ შემარცხვინოთ! აბა, თქვენ იცითო!“ და სხვანი. ამაებს ძალიან გულმოდგინებით იძახოდა, მაგრამ თვითონ კი ერთ ალაგას იდგა და არ ინძრეოდა, არც ის იცოდა, ვის რა უნდა გაეკეთებინა და ვინ რა საქმეზე მიდიოდა... ის მხოლოდ ისე, როგორც მოურავის რიგი და წესი მოითხოვდა, ისე იჩარჩებოდა, რომ მისი კიჟინა გაეგონათ და ერთგულებაში ჩამოერთმიათ. ცხვრები მოაბღავლეს, ქათმები ააკრიახეს, ბატ-ინდოური მორეკეს. იყო ერთი ფაცაფუცი და მზადება. მოურავი ხან იმას დაუხვდებოდა წინ და ხან ამას. სინჯავდა საკლავებს, სიმსუქნე ხომ არ აკლიათო, და ოფლს იწურავდა.
ამ დროს ერისთავები, სტრუმრები და მასპინძელი, სამივე, ერთად იჯდნენ სასტუმრო ოთახში ტახტზე ფეხმორთხმით და გაცხარებული საუბარი ჰქონდათ. ერთი მათგანი, ახოვანი მოხუცებული, გაჩუმებული იყო და თავისქნევით ეთანხმებოდა ახალგაზრდა კაცს, გაცხარებით მოლაპარაკეს.
- შალვა ჯერ ყმაწვილია და გულის აუყოლობა მაგისთვის ძნელია, ჩემი სიძე ბიძინაც არ არის დიდი ხნის... მასთანაც ყოველდღე უყურებს თავის თვალით ქვეყნის უბედურებას და თვითონაც თავს იმეტებს. მაგრამ შენ კი მიკვირს, ჩემო ელიზბარ, - მიუბრუნდა მოხუცს ზაალი, - ლხინი ბევრი გინახავს და ჭირი კიდევ მეტი აგიტანია!.. მადლობა ღმერთს, გამოცდილება არ გაკლია, და როგორ გაივლეთ გუნებაში მაგისთანა ძნელი საქმე?
- რა ვქნა, ჩემო ზაალ?.. მეც ბევრი ვურჩიე ამ ჩემს ძმისწულსა და შვილობილს, მაგრამ რომ ვერა შევასმინე რა?.. დაუჟინია: მარტო წავალო!.. და მასთანაც, ღმერთთან სწორი სჯობს, მემიჯდება ჭკუაში ამ ყმაწვილების განზრახვა!.. ამისთანა სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია! საქრისტიანო უნდა იმხობოდეს და ჩვენ აქ უნდა ვისხდეთ გულხელდაკრეფილი?.. „უგანგებოთ ვერას მიზმენ, გინდ შემაბან ხმელთა სპანიო!“ ჩვენც მივენდოთ განგებას!
- კი, მაგრამ განგებას უნდა დავაცადოთ... დღეს ასეა, ხვალ ისე იქნება: აი, გუშინ რა ავდარი იყო და დღეს რა დარია! დროსაც შერჩევა უნდა.
- უკეთეს დროს ჩვენ ვეღარ ჩავიგდებთ ხელში, - წამოიძახა ცხარედ შალვამ. – კახელების გულისგატეხა ქართლსაც გადაედება!.. ჯერ კიდევ, სანამ სასოება არ წარკვეთიათ და კიდევ რაღაც იმედი აქვს კახელებს, ჩვენც უნდა მივეშველოთ!.. თუ ვერ გავიმარჯვებთ, სახელოვნად მაინც დავიხოცებით: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო!“
- დიახ, კარგი კაცის ნათქვამია ეგ სიტყვები, მაგრამ არც იმას უმოძღვრებია ცუდად, ვინც სთქვა: „სიფრთხილეს თავი არა სტკივაო“.
- კი, მაგრამ ხანდახან სიფრთხილე სიფრთხილის განაყოფია! – ჩაილაპარაკა ღიმილით ელიზბარმა და სიამოვნებით შეხედა შალვას.
- აგულიანებ? – სთქვა წყენით ზაალმა. – თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი გასწიროღ, მაგრამ ქვეყანას რას ერჩით? იმას აღარას ჰკითხავთ?.. ორი ათასი მხედარი იქ გავწყვიტოთ... ჩAვკლათ! აქ ვინღა დავახვედროთ, როცა გარისხებული ჩვენზე მოვლენ?.. მაგ ურჩობით მეფეს გავიწყრომებთ და მეტი არა გამოვა რა... ჯერ, ასეა თუ ისე, თავის წინდახედულობით ბატონმა მეფემ ქართლი შეინახა. ყეენის გული მოგებული აქვს და ჩვენ რად გავუხდეთ მიზეზად, რომ ამდენი ხნის მეცადინეობამ ჩალად ჩაუაროს?
- ავი, ამისთანა ქვეყნის შენახვას!.. – წამოიძახა ცხარედ კიდევ შალვამ. – კახეთი გათათრდა; ქართლის მეფე, მირონცხებული ვახტანგ, დაცვეთილ შაჰნავაზად გადაიქცა... სამოც ქალ-ვაჟს გარდა, დღეს კიდევ ორი იმდენს ვაგზავნით ხარკად ყოველწლობით... ქვეყანა გოდებით აივსო, - მეტი უნედურება რაღა დაადგება ქვეყანას?!.. დღეს თუ ხვალ, ქართლიც აღარ იქნება, ისიც კახეთივით აოხრდება. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ კახელებმა სახელი მაინც ნახეს, ხორცი გასწირეს და სული გადაირჩინეს, და ჩვენ კი სულსაც ვწყმენდავთ!..
- მართალია, - დაამატა ელიზბარმა. - „მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც უარესიაო!“ – შაჰ-აბასის მელაკუდობა პირველი არ არის... მანამდე ეფერება შაჰნავაზს, სანამ ესაჭიროება და მერე კი უკუაგდებს! უნდა, რომ ჯერ კახეთი ჩაჰყლაპოს და მერე ქართლსაც მოსწვდება... მტერი პირდაპირი ისე საშიში არ არის, როგორც მოყვრულად შინ მელასავით შემოპარული.
- ჭეშმარიტად მაკვირვებს თქვენი განზრახვა!.. მე ჩემი მხრით ვერც არას გავბედავ და უარს შევუთვლი იმ ჩემს სიძეს და თქვენ კი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! არ ინანოთ ბოლოს კი!..
დიდხანს გასტანა მათმა საუბარმა: შალვა ცხარობდა, ზაალ მოთმინებიდან გამოდიოდა და ელიზბარი ორ ცეცხლშუა იყო, ორივე მხარეს აგონგროვებდა, რაც კი მოხერხდებოდა. ბოლოს იქამდე მიდგა საქმე, რომ ქსნის ერისთავები უსადილოდ აპირებდნენ წასვლას... უკმაყოფილოდ წამოდგენენ ზეზე, მაგრამ აკრი გაიღო და შემოვიდა მარიამი. ხელში წმინდა გიორგის ხატი ეჭირა: „ღმერთმა კეთილად დააგვირგვინოს ეგ თქვენი ქრისტიანული განზრახვა და ეს იყოს თქვენი წინამძღოლიო!“ – დაუსვენა ხატი. სამივე ზეზე წამოდგა გაკვირვებული. „ჩემო ბატონო! – მიუბრუნდა ქმარს, - ქვეყნიური გონება ცამდისაც რომ უწევდეს, მაინც ვერ მისწვდება ღვთის განგებას!.. ნუ ეწინააღმდეგები და ეურჩები ამათ სურვილს, რომელიც იქ თურმე, ცაში, დასკვნილა და აქ მხოლოდ საგულისხმოდ გადმოტანილა!.. შემოდი, მამაო, და ამხილე!“ – გასძახა მარიამმა, შემოვიდა კირილე და გაჩერდა. ერისთავები ერთმანეთს შესცქეროდნენ, თითქო ეკითხებოდნენ რა ამბავიაო? - „აბა, მამაო, რას იტყვი?“ – განაგრძო მარიამმა.
- ეგენი გახლავან, შენი ჭირიმე, ვიცანი!..
- მღვდელო, რას დაგიჟინია: ვიცანიო? ეს მეორედ ამბობ... რა ვქნათ მერე, რომ იცანი?.. გამოცანა გერგება, თუ? – ჰკითხა გულმოსულმა ზაალმა.
- აკი მოგახსენეთ, ბატონო, ისინი არიან-მეთქი!..
- ხომ არ გადარეულხარ?.. მეც ვიცი, ვინც ბრძანდებიან.
- არა, ბატონო, მე ხომ მაგას არ მოგახსენებ!..
- რა დაგემართა? როგორ ვერ გაიგე? სიზმარში რომ ნახა... – გააწყვეტინა მარიამმა.
- სიზ...მარ...ში?! – გაოცებით იკითხა ერისთავმა და პირი გააღო.
- დიახ, ჩემო ბატონო! – სთქვა კირილემ და მოჰყვა თავიდან სიზმარს...
ერისთავები გაოცებით უგდებდნენ ყურს. როცა მივიდა კირილე იმ ადგილამდე, სადაც საყდარში შესულმა გმირები დახოცილი ნახა, ზაალმა უცბად გააწყვეტინა სიტყვა: - მესამე, მესამე ვინ იყო, ვეღარ იცანი?..
- ახლა ესენი რომ ვნახე, ისიც მომაგონდა... თქვენი სიძე გახლადთ, სწორედ ის იყო!..
- ბიძინა ჩოლოყაშვილი? მე ხომ არ გინახივარ?
- არა, შენი ჭირიმე, თქვენ იქ არ ბრძანებულხართ!..
„და ის უცხო მხედარიც ეს იქნებოდა! – მიაშვირა ხელი მარიამმა წმინდა გიორგის: - გწყალობდეთ და გიწინამძღვდროსთო!..“ – ერისთავები გაქვავებულსავით იდგნენ საგონებელში ჩავარდნილი და ხმას ვეღარ იღებდნენ. ბოლოს ელიზბარი მოუბრუნდა ზაალს: „ახლა რაღას იტყვი?“
-იყავნ ნება უფლისა! რაღა მეთქმის?.. აქ წინდაწინვე სასწაულსა ვხედავთ... თქვენ სამიცა კმარიხართ! ხომ ხედავთ, მე ნამეტანი ვყოფილვარ... მე მეფის ურჩი ვერ გავხდები... მაგრა, თუ კირილე მოძღვრის შეგონებით ჩემი საყმოდან წამოგყვებათ ვინმე, არ დავუშლი, მით უფრო, რომ მე არა ვიცი რა! – გაიცინა და ჩაილაპარაკა: - მამაო კირილე, იმედია, შენ თუ შეაგონებ და ჯვრით ხელში წინ წაუძღვები, წაგყვებიან.
- ღმერთო, შენით! – სთქვა კირილემ, გამოისახა პირჯვარი და ემთხვია ხატს.
- ამინ! – გაიმეორეს ერისთავებმა და ემთხვივნენ ისინიც... მერე დასხდნენ და შეუდგნენ თათბირს: მოილაპარაკეს, დრო დანიშნეს, მაგრამ გააფრთხილეს კი ერთმანეთი, რომ ეს საქმე საიდუმლოდ ყოფილიყო. სპარსელების სახელიც არ უნდა ხსენებულიყო და მიზეზად იმერლები გამოეგონებიათ, რადგანაც ისინი იმ დროს დადიანზე ეპირებოდნენ გალაშქრებას. სიზმრით გამხნევებულსა და დაიმედებული ერისთავების სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. გაიმართა ლხინი, როგორც არაგვის, ისე ქსნის ერისთავების საკადრისი. მზის გადახრამდე შეექცნენ და მერე გაუდგნენ გზას. მეორე დღეს იმერელმაც ჩაიდვა უბეში სადასტურო წერილი, ჩოლოყაშვილთან გატანებული, გააცურვა თავისი ახალი ბედაური „არაბულა“ და იმ გზითვე წავიდა, რა გზითაც მოდიოდა... მოურავი შესჩერებოდა გამოღმიდან და გულზე მუჭს ირტყამდა: „ვაი, შენს ტყავს!.. ბატონს იმისთანა ბედაური გამოალალა მის გახრეკილ ბახში და მე ზედაც აღარ შემომხედაო“ – წუწუნებდა გულდაწყვეტილი და აქეთ-იქით აქნევდა თავს.
ერთ დროს საწერეთლოში ბევრი გამოჩენილი აზნაური იყო, მაგრამ ბაქარა ბაქრაძეს კი ვერავინ შეედრებოდა. მეფის ერთგულმა, ბატონის მორჩილმა და ქვეყნის მოყვარულმა გვარიც კი დააწინაურა, არათუ თავისი სახლი. წერეთლის მოურაობამ მაინც სულ ფეხზე დააყენა. ერთადერთი სამწუხარო მისი ის იყო, რომ შვილი არა რჩებოდა, მაგრამ, როცა მეზობლის რჩევით, ახალშობილს „გლახა“ დაარქვა და ღვთის სახელობაზე გაუშვა, ისიც მართლა ჩიტივით წაწმოეზარდა. ვაჟს კიდევ ორი ქალი თან მოჰყვა ტყუპად და ამან ხომ სულ მთლად დააგვირგვინა მისი ბედნიერება. მაგრამ „სოფელი განა დიდხანს ვისმეს ახარებსო?“ მართალი ნათქვამია: „ერთი ხიდან ჯვარიც გამოვა და ბარიცო!..“ სულ სხვანაირი კაცი იყო მისი უმცროსი ძმა კიკო!.. ოჯახზე გულავარდნილი და გარეწარი, ამბობდა გუნებაში: „სადაც კვამლი მაღალიო, მეც იმისი მაყარიო“ და ლხინი, ან დღეობა არსად გაუცდებოდა. აქეთ-იქით ხეტიალში სადღაც სახადს გადაეყარა და შინ საორმოცო სნება შემოიტანა. თვითონ მოიხადა, მაგრამ ძმა და რძალი კი, ორივე, ერთი კვირის განმავლობაში გამოათხოვა წუთისოფელს. დარჩნენ ობლები ბიძის საპატრონოდ. კიკო დააწვა სავსე ოჯახს თავზე და ნელ-ნელა გაუტკბა ბატონობა.
პატარა ქალები გააბარა ღვიმის მონასტერში და ვაჟი კი მიუშვა ნებაზე, რომ ეგები ფეხი სადმე წაამტვრიოს, საფრთხეში ჩავარდეს და ოჯახი მე დამრჩეს საკუთრადო! მაგრამ ნათქვამია: „კვიცი გვარზე წავაო“; დღითი დღე პარატა გლახუკი სიკეთეში შედიოდა და თექვსმეტი წლისას იმ ახლომახლოში ვეღარავინ სჯობდა. ერთხელ, სასახლეში მიმავალმა შენიშნა, რომ დიდი და პატარა, ბატონ-ყმიანა, ყველა ერთად ეზოს ხეს გარს ეხვეოდნენ. ჭიშკარს რომ მიუახლოვდა, გადახტა, ცხენი ყორეზე მიაბა და ქვეითად ეახლა ბატონს. „ოჰ, გამარჯობა შენი, - მიაყვირა წერეთელმა, - სწორედ კაი დროს მოხვედი!.. გაქებენ და, თუ მართალია, ახლა გამოჩნდება: ქორი ჩამოეკიდა ხის წვეროზე და უნდა აუშვა როგორმე“.
- ბატონი ბრძანდებით! ასვლიღ ავალ ხეზე, მაგრამ ი შტო რომ ვეღარ მიმაგრებს წვეროში?
- ჰოდა, საქმეც ეგ არის, - მიაძახეს აქეთ-იქიდან კარისკაცებმა, - თვარა ასვლით განა ჩვენ კი ვერ ავიდოდით?
- არა, სხვა რამე უნდა იფიქრო! – დაამატა ბატონმა.
- მაშ, მეტი აღარ გაეწყობა რა, თოფით უნდა ავუშვათ, - მოახსენა გლახუკმა.
- თოფით?! ქორი კი არ მომიკლა!
- რა ბრძანებაა! – ღიმილით უთხრა ახალგაზრდა ბაქრაძემ და გამოიღო თოფი, რომელსაც, იმ დროის მიხედულობით, არ იშორებდა და სულ თან დაჰქონდა. გადგა განზე, წამოიჩოქა ცალ მუხლზე და ამოიღო ნიშანში. ყველამ სული გაიკმინდა. დაიჭექა თოფმა დაბლა და მაღლა ქორმა შეიფრთქიალა.
- ეეჰ, წაგიხდა! – მიაყვირა წერეთელმა.
- რათა, შენი ჭირიმე?.. ქორი ორივე ფეხებით გახლავთ ჩამოკიდებული, გაფაჩხულად, და ერთი ტყვია ორივე თასმას ხომ ვერ მიუდგებოდა? მარჯვენა შევწყვიტე და ახლა მარცხენას ვესვრი! – გატენა მეორედ თოფი და ესროლა. ქორი დაბლა დაეშვა, მაგრამ ჯერ შუამდისაც არ ჩამოსულიყო, რომ უცბად ჰაერშივე გადატრიალდა და ჰკრა ცაში კამარა. გაფრენილ ქორს ბაზიერები დაედევნენ. ყველას ძალიან გაუკვირდა ეს სიმარჯვე ახალგაზრდა მეთოფის, მაგრამ თვითონ იმას არც კი შეუმჩნევია, თოფს დაუწყო ფერვა.
- გამომიტანეთ ჩემი ყირიმი! ნათქვამია: „თოფი მეთოფეს და მეთოფე სოფელსო“. სწორედ შენი საკადრისი ყოფილა ის თოფი და ღმერთმაც შენ მოგახმაროს! – სთქვა წერეთელმა. გამოიტანეს წვრილლულიანი, სულ ოქროთი მოსალტული, გრძელი თოფი და გადასცეს მეთოფეს.
სასახლეში ბევრს არავის დარჩენია სასიამოვნოდ ახალგაზრდა გლახუკის გამარჯვება, მაგრამ მაგიერად ერთი ვინმე კი სულ სხვა გუნებაზე დააყენა: კოშკიდან თურმე გადმომდგარიყო ახალგაზრდა წერეთლის ქალი და სარკმელში უყურებდა გულისფანცქალით ამ ამბავს. გაგონილი ჰქონდა ახალგაზრდა ბაქრაძის ქება გულში გასავლებად, მაგრამ დღევანდელმა ნანახმა კი ისე გაიტაცა, რომ თავი ვეღარ შეიმაგრა და სატრფიალოდ გადაუშალა გული.
ტყუილად არ სჩიოდა ძველად სამღვდელოება, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სახარებაზე უფრო გაუტკბა ქვეყანასაო; საუკუნეების განმავლობაში, დიდი და პატარა, ყველა იმას ეწაფებოდა; კაცები ტარიელ-ავთანდილსა ჰბაძავდნენ,ქალები ნესტან-თინათინობას სცდილობდნენ, მეფე და კარისკაცები – როსტევან-სოგრატობაზე სდებდნენ თავს, მსახურნი შერმადინობდნენ და მოხელე-გამდელები კი ასმათობას სჩემობდნენ. აქაც, ამ შემთხვევაში, წერეთლის ქალს გამოუჩნდა ასმათი და გაიმართა მიწერ-მოწერა. სიყვარულის უმეცარმა ახალგაზრდა ბაქრაძემ იგრძნო პირველად უცნაური რამ, გაიმსჭვალა სულიან-ხორციანად, მიჰყვა სიყვარულის მდინარეს, გადაჰყვა საჩქეფეს და შეტოპა მორევში, გუნება შეეცვალა, ჩვეულებრივ რამეებს თავი დაანება და მარტო ხილვას ეძლეოდა. „შორით ბნედა, შორით კვნესაო“, - ამბობდა გუნებაში და სატრფოს საიდუმლოდ ითვალისწინებდა. იმ დროს ქალები პირობას უდებდნენ საყვარლებს: „გვიჩვენეთ საქმენი საგმირონიო“. ეს პირობა ჩვეულებისამებრ ახალ შეყვარებულსაც დაუდეს, მაგრამ სად იყო იმ ახლომახლო მისი საასპარეზო? მაშინ კახეთში თათრობა იყო და დიდი პატარა იქ სპარსელების უღელს ეწეოდა, - განსაკუთრებით თავად-აზნაურობა. ეურჩებოდნენ მხოლოდ ზოგიერთები, აქა-იქ მათ რიცხვში ახმეტის ბატონი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ყველაზე უფრო შეუპოვარი იყო. იმის გმირობის ხმა იმერეთამდისაც უწევდა და, აი, ამას მიმართა ახალმა ავთანდილმა. მოემზადა საუცხოვოდ, გამოეწყო სამგზავროდ, შეიკაზმა „აფხაზურა“ და გაეშურა აღმოსავლეთისაკენ. გზაში სევდები შემოაწვა, სამშობლოს დატოვება გულსა სწყვეტდა და საყვარლის მოშორება ზედ ტანჯვის ცეცხლს ეკვესებდა. მიდიოდა და მიღიღინებდა:
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი
ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა;
სად წაიყვან სადაურსა,
სად აღუფხვრი სადით ძირსა-ო...
შეჰკვესოდა მთვარეს და შესჩიოდა ვარსკვლავებს. თვალზე ცრემლი ადგებოდა, მაგრამ, რომ მოაგონდებოდა უკანასკნელი ლექსის ხანა:
მაგრამ ღმერთი არ გასწირავს,
კაცსა შენგან განაწირსა-ო,
იმედი აფრთოვანებდა და გაორკეცებული სურვილით მიაჩქარებდა თავის ბედაურს. მისი „აფხაზურაც“, გაიგონებდა თუ არა მათრახის ტკრციალს, თითქო მიუხვდა პატრონს გულისპასუხსო, ყურებდაცქვეტილი, გედივით მოიღერებდა კისერს, აქეთ-იქით ერთს შეიკუნტრუშ-შემოიკუნტრუშებდა და მერე გასწევდა პირდაპირ, თითქო უნდა, რომ გულმკერდით მთა და ველი გაიტანოსო.