კახეთის მეფე, თეიმურაზ პირველი, დავით წინასწარმეტყველს ეტოლებოდა თავის გუნებაში: „ის ჩემი წინაპარი და მე მისი ჩამომავალი, ისიც გვირგვინოსანი-მგოსანი და მეცო“, - ჰფიქრობდა და ის კი ავიწყდებოდა, რომ დავით მეფობდა უმაღლესად ჩაგონებული და თეიმურაზი მხოლოდ ქვეშევრდომთან უმდაბლესად შეგონებული; ის იქ ებრძოდა „ამალეკთა“ და ეს აქ – თათარ-ლეკთა!.. პოლიტიკაში პოეტობდა, პოეზიაში პოლიტიკოსობდა ის დალოცვილი და მით საზარელ მომავალს უმზადებდა სამეფოს. ამას ატყობდნენ ზოგიერთები, მაგრამ ვინ გაბედავდა ცხადად მხილებას? – და ჩუმად კი აქა-იქ საყვედურები ისმოდა.
ზამთრის პირი იყო. გამხიარულებული ბუხარი გუგუნებდა და კოპიტის შეშას ტკაცატკუცი გაჰქონდა... ერთი ყმაწვილი კაცი მისჯდომოდა ბუხარს და ნაკვერცხლებს დასშტერებოდა. იქვე, მახლობლად, ტახტზე მხარ-თეძოს წამოწოლილიყო მოხუცი და პირისახეს ათამაშებდა. – ეტყობოდა, რომ თავის გულში რაღაცას საუბრობდა. უცბად აიღო თავი ახალგაზრდამ და ჰკითხა მოხუცს:
- რა ამბავია, რომ ეს ერთი ხანია ბატონი სადარბაზოდ აღარ დაბრძანდება?.. ჩაუკეტია კარები და ჩამწყვდეულა!..
- სტვირის გუდას თუ ჰბერავს?! – უპასუხა მოხუცმა ცივად.
- გუდას?!.
- ჰო! შარშან გაზაფხულზე ჩაიკეტა და „ლეილ-მეჯნუნიანი“ დაგვიწერა, ერთხელაც ზაფხულში - „შამი-ფარვანიანი“, მეორედ შემოდგომას - „ხილთა-ქება“ და ახლაც უთუოდ ზამთრის შესაფერსა სწერს რასმე...
- მაგითი არა დაშავდება რა!.. სწეროს! მოცლის დროს ეგეც კარგია.
- მოცლის დროს?! მერე და, მეფე და მოცლის დრო ვის გაუგონია?.. არა, შვილო!.. მეფე რომ „პიიპუუ-პიიპუს“ დაუკრავს, მაშინ მისი სამეფო „ვაი, ვაის“ იმღერებს.
- დავით აღმაშენებლიც მწერალი იყო, მაგრამ სამეფოსთვის არა დაუკლია რა.
- აღმაშენებელი წინასწარმეტყველსა ჰბაძავდა, ადიდებდა ყოვლის შემოქმედს; მისი იამბიკო ლოცვა იყო და ამისი შაირები კი ლაზღანდარობაა!..
- რუსთველს ეჯიბრება.
- ჰმ! უკვდავების წყარო და ნაძალადევი ჭა ერთმანეთს ვინ შეადაროს?!.
- აგრე ჰკითხა ერისკაცებს!.. მაგრამ არ არწმუნებენ.
- კიდეც ეგ არის, შვილო, რომ პირფერობა ახდენს საქმეს! პირმოთნეობა და ფარისევლობა საზოგადოდ კარისკაცების ხელობაა, მაგრამ მეფისგან კი მიკვირს, რომ სტყუვდება.
- ალბათ სნეულებაა, იმ ერთი ზღაპრული მზეთუნახავისა არ იყოს.
- როგორ თუ მზეთუნახავის?
- არ გაგიგონია, თუ აღარ გახსოვს? ერთი მზეთუნახავი თურმე ყოველ დილ-დილაობით მიდიოდა წყაროსთან და, პირს რომ დაიბანდა, ეკითხებოდა ხოლმე წყაროს: „წყაროვ! მე ვჯობივარ, მზე თუ მთვარეო?“ - „შენც კარგი ხარ, მზეც და მთვარეცო, მაგრამ ეთერი კი ყველას გჯობიათო!“ – ესმოდა პასუხად და ეყრებოდა გულს. ბატონ მეფესად სწორედ ისე ემართება: რომ რამეს დასწერს, ეკითხება თავის გულს: მე ვჯობივარ, ჩახრუხა თუ შავთელიო? „შენც კარგი ხარ, ჩახრუხაც და შავთელიცო, მაგრამ რუსთველი კი ყველას გჯობიათო“, - უჩურჩულებს გონება და რუსთველის მოქიშპეს შურით ევსება გული.
- უბედურებაც ეგ არის, შვილო: გულში რომ შური შევა, მაშინ სულიც დასნეულდება! დიდი ცოდვაა, შვილო, შურიანობა და ჩვენ სამეფო ოჯახს რაღა ცოდვის მიმატება ეჭირვება? განსვენებული პაპამაგისი სულ იმას სჩიოდა, რომ ხალხი გამრავლდა, ქვეყანა გაშენდა და ჩემ კახეთში სანადირო ადგილები აღარსად დარჩაო!.. ამ საყვედურებით აწყენია ღმერთს და კიდეც გადახდა: დღემდის ვის გაუგონია საქართველოში, რომ შვილი მამასა დასტაკებოდეს, და ის კი მისმა შვილმა, დავით მეფემ, ამ თეიმურაზის მამამ, ციხეში ჩაამწყვდია; - მეორე შვილმა, გაურჯულოებულმა კონსტანტინემ, მოჰკლა და თავისი ძმა გიორგიც თან მიაყოლა!.. აი რა დიდი ცოდვა ტრიალებს მათ ოჯახში, შვილო! სისხლი მართებს და დიდი მსხვერპლიც არის საჭირო, რომ გაიწმინდოს!.. – დაამატა ამოოხვრით მოხუცმა და გამოისახა პირჯვარი.
- ღმერთმა შეუნდოს იმ ოჯახს და ნუ მოჰკითხოს მამა-პაპის ცოდვა ჩვენს ბატონ მეფეს! და თუ მოჰკითხოს მაინც, მის სამეფოს კი ააშოროს რისხვა! – სთქვა ახალგაზრდამ მწუხარებით და მოიხადა ქუდი.
- ამინ! – დაამატა მოხუცმა და ხელებაპყრობით მაღლა ზეცისკენ აიხედა. სწორედ იმ დროს, როცა ორი დარბაისელი მამა-შვილი ბუხრის წინ საყვედურობდნენ, თეიმურაზ მეფე მართლა ჩაკეტილში იჯდა მარტოდმარტო, დიდ საგონებელში ჩავარდნილი, მაგრამ რუსთველზე არ ჰფიქრობდა. წინ ედვა ორი წერილი. ერთი ჩრდილოეთიდან და მეორე აღმოსავლეთიდან გამოგზავნილი. პირველი ტკბილი იყო, ალერსიანი და იმედით გამამხნევებელი, მეორე – რჩევა-საყვედურებითა და მუქარით სავსე; ერთი გულში უხიცინებდა, და მეორე კი გულზე ჰკბენდა: „თეიმურაზ-ხან, - სწერდა შაჰ-აბას პირველი, - შევიტყვე, რომ პაპაშენის კვალს შესდგომიხარ და გადამთიელი გინდა კარზე მომაყენო საჭირბოროტოდ, მაგრამ, სანამ მე მომადგებოდნენ, ხომ შენი სამეფო უნდა დაუდვა გზად და ხიდად! და მიკვირს, რომ, ჩემთან ერთად ძმასავით თანაშეზრდილს, ჭკუა-გონება დაგკარგვია! ჩვენი ძმური კავშირი უძველეს დროიდან დღემდე მტკიცედ შენახულა და ახლა რაღად უნდა გაწყდეს? მართალია, ჩვენი დიდი სახელი ადევს თქვენს პატარა სამეფოს, მაგრამ საქმით ხომ დამოუკიდებელი ხართ და არავინ ეხება თქვენს რჯულს, ენას, ეროვნებას, ზნე-ჩვეულებას და წეს-წყობილებას? მართალია, სპარსეთის „ვალად“ ითვლები, მაგრამ ესეც თქვენივე სასიკეთოდ: ასე რომ არ ყოფილიყო და ჩვენი დასახელებული არ ყოფილიყავით, ვინ იცის, აქამდის რამდენჯერ აგაოხრებდნენ თურქები, და დღეს კი, ჩვენი შიშითა და მორიდებით, ხვანთქარს თქვენი ბუზიც ვეღარ აუფრენია. ხარკს თუ იტყვი, აბა, რა სახსენებელია ხარკად სამოცი ზონა ახალგაზრდა ქართველი ქალი, მაშინ როდესაც სამაგიეროდ ჩვენგან ათასთუმნობით მიგაქვთ და ხალათი კიდევ ზედმეტია. თეიმურაზ-ხან! გადაიგდე გულიდან ეგ ორივესთვის მავნებელი სურვილი, თვარა, თავმან ჩემმან, ვეღარ გადაურჩეთ ჩემ სამართლიან რისხვას ვეღარც შენ და ვეღარც შენი სამეფო!..“
ეს წერილი რომ წაიკითხა, თეიმურაზმა თავი ჩაღუნა და ღრმად ჩაფიქრდა. ბოლოს, თითქოს რაღაცამ გამოაფხიზლაო, უცბად გასწორდა, დაიყვირა: არა! არა! გათავებული საქმეა... აქ ფეიღამბარია თავმდები და იქ კი ჯვარი და სახარება!.. პირველს რომ დავერწმუნო და მეორეს არ ვენდო, ეს ხომ რჯულის გმობა იქნება?! უნდა გადაწყდეს... რაც მოხდეს, მოხდეს!.. ეს პატარა კახეთიც ხომ ნაწილია იმ დიდი საქართველოსი, რომელიც წილად ჰხვდა ღვთისმშობელს, და დედაღვთისა განა ხელს იაღებს თავის საუფლისწულოზე? ცოდვაა აქ იჭვიანობა! არ ეკადრება საქრისტიანოს, რომ გულგრილად აიტანოს მაჰმადიანების მედიდურობა: წამიერმა ჭირმა, დროებითმა უბედურებამ როგორ უნდა გაუტეხოს გული მორწმუნეს?!. გამოცდა იგივე გამობრძმედაა; მისგან რჩეული ხალხი ღმერთმა არ ჩაჰყარა ეგვიპტის ტყვეობაში და მანვე არ დაუბრუნა აღთქმული მხარე და დაუჯინა სამეფო ტახტზე ჩამი წინაპარი დავით?! დღესაც შეურყეველი იქნებოდა მათი სამეფო, თუ რომ ღმერთი, ქრისტედ მოვლენილი, ეცნოთ ძედ ღვთისად და არ გასდგომოდნენ! შორს!.. შორს ჩემგან, იჭვიანობავ! მრწამს და აღვიარებ, რომ მომავალი ქრისტიანობისაა!.. დღესვე შევყრი დარბაზს და გადავაწყვეტინებ, რომ ორივემ თავთავისი საკადრისი პასუხი მიიღოს და, ღმერთო, შენით!.. – სთქვა, გამოისახა პირჯვარი და შეაჩერდა სახატეს.
ამავე დღეს დარბაზმა ხმის უმეტესობით გადაწყვიტა, რომ გაეწყვიტა კავშირი სპარსეთთან და მიჰკედლებოდა ჩრდილოეთს...
მრისხანებით აღტაცებული შაჰ-აბაზი ცეცხლითა და მახვილით შემოეჭრა კახეთს და მუსრი გაავლო: ციხე-ქალაქები დააქცია, სოფლები ააოხრა, ტაძრები დაანგრია და შებღალა. ვინც კი მთაში ვერ გაასწრო და გაუხიზნავი დარჩა – დაიღუპა. სიბრალული აღარსად იყო და მდინარეებს სისხლის ღვარი ერთვოდა. ამ უბედურებამ ლანგ-თემურის დროებასაც კი გადააჭარბა... მძვინვარე შაჰმა, რაც გასწყვიტა, გასწყვიტა და, რაც არა, ათასობით და ათი ათასობით სპარსეთში გადაასახლა! ამათ მოადგილედ ულუსები გადმოასახლა და გაღმა-გამოღმა ალაზნის პირები დაიჭირა. მაჰმადიანები ყოველი მხრით ულოცავდნენ გამარჯვებას ირანის ლომს, მაგრამ თვითონ ლომს კი გული უკვნესოდა: „ეს გამარჯვება დამარცხებაზედაც უარესია, - ამბობდა გუნებაში. – აი სად ვიგრძენ ჩემი უძლურება!.. ერთზე ათი მომყავს, ათზე – ასი და მაინც ვერასა ვხდები! ჩემი მთავარი ძალ-ღონე შემოვალიე მარტო ამ კახეთს და ეს ხომ მცირედი ნაწილია საქართველოსი?.. მაშ მთელი საქრისტიანო როგორღა ჩავიგდო ხელში? არ ჩავიგდო და მაშინ ხომ სპარსეთსაც უნდა გამოვეთხოვო?! ეს დასავლეთ-აღმოსავლეთის გზა და ხიდი, ეს ხმელთაშუა კარები, ეს პატარა ქვეყანა თუ ხელში არ ჩავიგდე, რა იქნება უმისოდ ჩემი დიდი სამეფო? უზარმაზარი ციხე უგალავნოდ, ადრე თუ გვიან ადვილად ასაღები და დასანგრევი!.. არა, საქართველო ის ნატვრისთვალია, რომელიც ხელში უნდა იგდოს სპარსეთმა!.. იგდოს? ჰმ!.. თქმა ადვილია! რას გააწყობ იმ ხალხთან, რომელსაც რჯული და ეროვნება ერთმანეთზე გადაუბამს, შეუხორცებია და სულს ხორცზე მაღლა აყენებს?.. საარაკო ლანგ-თემურმა მხოლოდ აქ იგრძნო თავისი კოჭლობა, როცა ამ პატარა „ქვეყნის ქვაკუთხედს“ წამოჰკრა ფეხი. ვაითუ ირანის ლომმაც აქ ამოიძუოს კუდი?! ხალხი, რომელსაც სხეული გაუკაჟებია და სული აუმაღლებია, საშიშია!.. ჯერ უნდა სხეული დაუდუნდეს, სული დაუმდაბლდეს და მერე, მხოლოდ მერე შეიძლება მისი მოდრეკა!.. ჰო, სწორედ! სწორედ! ზოგან, სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე!.. იქ, სადაც ლომის ტოტი ვეღარას სთესავს, მელიის კუდმა უნდა მოიმკოსო!..“ ასე გადაწყვიტა ძლიერმა და კიდეც შესცვალა თავისი გმირული, პირდაპირი პოლიტიკა საქვეშქვეშო-სავერაგოზე. – იმ დღიდან დაუტკბა მისგან აოხრებულ ქვეყანას და რისხვა წყალობად შეუცვალა. – ერთთავად მიფენილი მზის სხივები თვალის ჩინს ართმევენ კაცსა და სწორმხედველობას აკარგვინებენ... ყეენის უხვმა წყალობამ დააბრმავა კახეთი. კუჭმა გულს სძლია, სულმა ხორცს დაუთმო და ნელ-ნელა, „დღეს-ხვალობით“ ქვეყანამ შეტოპა საფრთხეში. მოწინავე გუნდს და მათ მეთაურებს ტყუილად კი არ უსვამდა თავზე ხელს სპარსეთის ახალი პოლიტიკა! სასახლის კარზე უპირველესი ადგილები დაიჭირეს ქართველებმა და ადვილად გამდიდრებულები მიეცნენ მცონარებას. არც ნიჭი, არც ცოდნა და არც სხვა რამ კაცური ღირსება არ სჭრიდა. რომელიმე პირადობის ასამაღლებლად საკმაო იყო მხოლოდ თავდადებული ერთგულება სპარსეთისადმი და სამშობლოს ნელ-ნელა გაწირვა. – ვინც ქართველობას არ ივიწყებდა, ის იჩაგრებოდა და წინ ბიჯის წადგმას ვერ ახერხებდა, გინდ გმირთა-გმირიც ყოფილიყო!.. ამას ხედავდა შაჰ-აბაზი და გულში იცინოდა, სიკვდილის შემდეგაც ანდერძად დაუგდო მემკვიდრეებს ირანის ლომმა იგივე პოლიტიკა და მიტომაც ერთ საუკუნესაც არ გაევლო ჯერ, რომ აღმოსავლეთი საქართველო ნახევრად გათათრდა. შემოვიდა ხალხში სპარსული ზნე, ჩვეულება, რჯული და კანონი!.. ქართველს ქართველობა აღარ ეტყობოდა!.. ენა შეიბღალა, დიდ ოჯახებში ქართულად ლაპარაკი კიდეც ერცხვინებოდათ... სამრთალი უცხო ენაზე იყო, წირვა-ლოცვის და გალობის კილო შეიცვალა, მღვდელმთავრების მოადგილედ ახუნდები გახდნენ და მსაჯულ-მოძღვრებად – მოლა-ყადები. ამან ყოველივემ ისე გარყვნა ხალხი, რომ ქართველი ქართველზევე მეზვერეობდა და ბოლოს ისე დაუძლურდა, რომ თვით სპარსელების საზიზღარ-გასაკიცხი შეიქნა ოდესმე სახელგანთქმული ქართველობა. ასე რომ, შაჰ-აბაზ მეორის დროს, ქალაჩუნობა სრულიად საჭირო აღარ იყო და პირდაპირაც თავში დაუწყეს ცემა დაუძლურებულ ქვეყანას.
საკენკით მიტყუებული და ალერსით თვალახვეული კახეთი მიხვდა, რომ უბედურებაში იყო ჩავარდნილი, მაგრამ თანვე იგრძნო თავისი უძლურებაც და გაკმინდა ხმა. - „სულ არაობას ცალუღელი ხარი სჯობიაო“, - სთქვა თავის სანუგეშებლად და წაუშვირა კისერი უღელს!.. ვინც ადრე ამილახვრობას, ამირეჯიბობას, ეშიკაღაბაშობას და ამირბარობას არად აგდებდა, დღეს იმათ ჩაფრობაც კი ენატრებოდა. სიღარიბე უფრო მაღალ წოდებას დაეტყო და შიმშილით გამწარებული თავადაზნაურობა დაბალ წოდებას დააწვა თავზე... ერთმანეთშიაც ისე აირ-დაირიენ, რომ სისხლ-ხორცობა აღარასა ნიშნავდა და ნათესავი ნათესავს აღარ ზოგავდა, ოღონდ კი ჩამორჩენოდა რასმე! თავის წმინდანები რომ აღარ აგონდებოდათ, „ყეენის თავის მზეს“ ფიცულობდნენ!.. და თუ აქა-იქ სადმე თავადაზნაურობაში რიგიანი ვინმე გამოერეოდა, ჯერ კიდევ გადაურჯულებელი და სამშობლოს მოჭირისუფლე, თავისიანებსავე არ მოსწონდათ და უკიჟინებდნენ. გლეხობას კი, იმ მუშა ხალხს, რომელიც ყოველდღე მამა-პაპების მოწამურ სისხლს, სამშობლოს მთა-ბარზე მსხვერპლად დათხეულს, პატიოსან შრომის ოფლს აღვრიდა, არ ჰქონდა ჯერ კიდევ საერო კავშირი გაწყვეტილი... მზად იყო, რომ კვარივით ანთებულიყო, და უცდიდა მხოლოდ ნაპერწკლებს, საიდანმე მონაკვესს!!. ამ დრო, სწორედ ამ დროს ცხოვრობდა კახეთში ახმეტის მებატონე ბიძინა ჩოლოყაშვილი, ბუნებისგან უნაკლულოდ შემკული, რომლის გულიც ვერაფრით ვერ მოიგეს თათრებმა, ვერც რისხვითა და ვერც წყალობით. კახელებს უკვირდათ მისი ახირებულობა და ათვალწუნებული ჰყავდათ...
„გაგონილაო, - ამბობდნენ თავადები, - ბედი კარზე მისდგომია და ეგ კი ჭირვეულობს... შინ არ უშვებსო!.. ყეენის თავის მზემ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგის ადგილას, რომ ქვეყანა გავაკვირვოთ და მტრებს თვალები დავუყენოთო“. ამისთანაები ბევრი რამ ესმოდა ბიძინას, მაგრამ ხმას არ იღებდა... მხოლოდ ნაღვლიანად აქნევდა თავს.
ერთ დღეს ბიძამისი ჯანდიერი ესტუმრა. ეს ჯანდიერი ისეთ კაცთაგანი იყო, რომელიც აქეთაც არის და იქითაც: დროს შეჰყურებს!.. ხან წაღმა ჰხნავს და ხან უკუღმა ჰფარცხავს!.. თათრების წყალობით გადიდკაცებულს, დიდი გავლენა ჰქონდა კახეთზე. თითქმის პირველი ვეზირი იყო მთავარმართებლის!.. მის უკითხავად ფეიქარ-ხანი წყალსაც არ დააქცევდა და ახლაც თურმე იმას გამოეგზავნა მოციქულად ჩოლოყაშვილთან. სადილზე ნელ-ნელა სიტყვა შეაპარა მასპინძელს და გამოიწვია სალაპარაკოდ: „ჩემო დისწულო, - უთხრა სხვათა შორის, - მე მხოლოდ შენი ახირებულობა მაკვირვებს!.. ღვთის მოცემული ყოველიფერი ბევრი გაქვს... ჭკუა არ გაკლია და გონება! ბედიც გწყალობს, მაგრამ შენ კი შენი თავის მტერი ხარ!.. მითქვამს და კიდევ გეტყვი, რომ იქ, სასახლის კარზე, ბედნიერება მოგელის და შენ კი აქ მოგიკეცია ნაცარქექიასავით!.. რას ჩააკვდი ამ ახმეტას? სად გაგექცევა, შენი არ არის? კაცობა ის არის, რომ შორიდან მოიხვეჭო“.
- კაცია და გუნება, ბიძაჩემო!.. მე აქაც კმაყოფილი ვარ!.. ცოტა წმინდა მირჩევნია ბევრ უწმინდურს!..
- უწმინდურს?! როგორ თუ უწმინდურს?!. მაშ ჩვენ სულ გასვრილები ვყოფილვართ, სასახლის კარზე ვინცა ვართ?
- მე მხოლოდ ჩემ თავზე მოგახსენებ.
- შემცდარი ხარ!.. შეხედე სხვებს, როგორ ხმარობენ დროს და რარიგადა ცხოვრობენ!.. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ყეენის თავის მზე!.. დღეს, მისი წყალობით, ავად თუ კარგად, ქვეყანა პურსა სჭამს.
- ჰმ!.. შინ ლუკმას გვაცლიან პირიდან და გარედან კი ნასუფრალს გვიყრიან ძაღლებსავით.
- რომ ეგეც აღარ გვექნეს, ხომ შიმშილით ამოვწყდებით?!.
- უწმინდურ სიცოცხლეს მე წმინდა სიკვდილი მირჩევნია და, სანამ მოვკვდებოდე, მანამდე მაინც კიდევ ვეცდები, რომ ჩემი ლუკმა როგორმე დავიბრუნო.
- გვიანღა არის, ჩემო დისწულო!.. ძალა აღმართს ხნავსო, არ გაგიგონია? ეგრე აღარ ჰფიქრობს ქვეყანა და შენ ერთი, მარტო, რას გააწყობ? ნათქვამია: „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“.
- გაზაფხულს ვერც ერთი მოიყვანს და ვერც ათასი! მაგრამ თვითონ გაზაფხულს კი ერთიც მოჰყავს და ათასიც. ეგებ ჩვენი გაზაფხულიც მოდიოდეს!.. დღეს მე ვარ ერთი, ხვალ ათი იქნება და ზეგ ათასი!..
- კეთილი, მაგრამ ხშირად ადრე მოფრენილ მერცხალს სუსხი სცემს და სიცივე ჰკლავს.
- მესმის, ბიძაჩემო, მაგრამ მაინც მე ჩამდათავად გაზაფხულის მახარობლობის დროს სიკვდილი მირჩევნია ზამთრის წინასწარმეტყველებაში მედიდურად სიცოცხლეს!.. ვიცი!.. განა არ ვიცი, რომ დიდკაცობა ტკბილია?.. სად თეირანი და სად ახმეტა? იქ ყოველიფერი თვალს იტაცებს, გრძნობა-გონებას ჰხიბლავს და კუჭს ატკბობს!.. მაგრამ კიდეც მაგისი მეშინია!.. არ მინდა, რომ ის გადამივარდეს გულიდან,რ აც უნდა სიკვდილამდე მახსოვდეს და ვეტრფოდე. აქ, ამ პატარა ახმეტაში, ყოველიფერი მალამოდ ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას: მიწა, წყალი, მთა, კლდე, ტყე და ველი, ყველა ერთად ნათესაურის კავშირით გადაბმულა ჩემთან!.. ვგრძნობ რაღაც ერთ სისხლხორცობას მათთან! ვგრძნობ და ჭირს ადვილად ვიტან!.. ამის სამაგიეროს რას მომცემს უცხოეთი?!. რად მინდა შენი გარეგანი თვალსატყუარი დიდკაცობა მაშინ, როდესაც დამალული გრძნობა-გონება იჩაგრება და სულს აჩიავებს?! ტკბილია შენი შარბათები, მაგრამ ვერ გავცვლი იმ ჩემ ღვინოზე, რომელიც ჩემი მამა-პაპის სისხლით არის წითლად შეფერილი!.. გემრიელია თქვენი მურასა-ლავაშები, მაგრამ მე მაინც ჩემი ქვეყნის პური მირჩევნია, ის პური, რომელშიაც ჩვენი ძველების ნაწილები ურევია... დიახ, ნაწილები!.. ჩვენი საყანეები მათის ძვლებითა და ხორცით არიან დაპოხიერებული!! მართალი არის ჩვენი გლეხკაცობა, როდესაც ღვინის დალევის დროს პირჯვარს იწერს და, პურის გატეხის წინეთ, ჯერ პურს ემთხვევა!.. ის წმინდა-წმინდათა, ზიარებაა ჩვენთვის... და ჩემს სამშობლოს რომ გავშორდე, სადღა მივიღო?!. არა, ბიძაჩემო, არა!.. ისინი ჩვენთვის უცხო არიან და ჩვენც იმათთვის!.. რაც ბუნებასა და საუკუნეებს არ შეუხორცებია, მისი შეწებება ტყუილია!.. არა გამოვა რა!.. ან განშორება და ან სიკვდილი!.. ორში ერთი აუცილებელია!..
ეს რომ სთქვა, წამოვარდა ზეზე, გავარდა აივანზე და დაიწყო გიჟივით სიარული... ჯანდიერმა გადააქნია თავი, „ვაიმე, ჩემო დისწულო, რა კაცი იღუპებიო?!“ – სთქვა მწუხარებიტ, გამოვიდა კარში, შეჯდა ცხენზე და გაუდგა გზას.
დიდხანს იბორგა გაბოროტებულმა ბიძინამ და რომ დაიღალა, დღე და ღამის გაყრის დროს, ჩამოჯდა ტახტზე და გადახედა ალაზნის პირებს. ბნელი თანდათან იჭერდა არემარეს... თვალი სინათლესა ჰკარგავდა, მაგრამ სამაგიეროდ ყური ძალას იჩენდა... ალაზნის შხუილი, ნიავისაგან მოტანილი, თითქოს შესჩივის და შეჰხვნეშის მის გარეშემოს!.. ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ!.. მთვარე ჯერ კიდევ ისევ მთას ეფარა... მაგრამ ცოტაოდენად კი შემოსცინა ცის კიდეს. ეტყობოდა, რომ შორს აღარც ის იყო... აქვე ახლოს გაისმა შოლტის ტკაცუნი და ზედ „ოროველას“ ღიღინი მოჰყვა. „მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთი მშობლიური ხმა მესმის! – სთქვა ამომხვრით ბიძინამ. – დიდი ხანია, რაც ახალმა ცხოვრებამ გადაფხიკა კახელის გულისფიცარზე დღემდე ღრმად დაბეჭდილი მისი ისტორიული ნაგრძნობი და ნაფიქრები!.. ქართულ ტკბილ ღიღინს, ვაჟკაცურ შეხმატკბილებასა და სასოების მომგვრელ გალობას ბოლო მოუღო თათრულმა შექაქანებამ!.. ტკბილი ჩანგური და სალამური ზურნა-ჭიანურმა ჩაყლაპა!.. მხოლოდ ეს ორი სავალალო ხმა, „ოროველა“ და „მუმლი მუხასა“, კიდევ შერჩენია მუშა ხალხს... და, მადლობა ღმერთს, სანამ ესენიც არ მივიწყებულან, ჯერ კიდევ იმედია“ – წაილაპარაკა ბიძინამ. ამ დროს თავი ამოჰყო გადაღმიდან მთვარემ... ნელ-ნელა გადმოეშვა მთის წვეროზე, სამკურნალოდ მიჰფინ-მოჰფინა სხივებიცა და ქვეყანას, გამოაღვიძა სიბნელეში სულგანაბული არემარე, დაჰქროლა ნიავმა, აბიბინდა მდელო, აშრიალდნენ ფოთლები, შეირხნენ ბუჩქები და ერთხმად შეუჭიკჭიკეს ბულბულებმაც!.. ბნელით გამოსულმა ქვეყანამ სული მოიბრუნა და დანაღვლიანებულ ბიძინასაც გული დაუტკბა. – გზაზე გამოჩნდა ურემი... ნელ-ნელა მოდენიდა მეხრე კამეჩებს და „ღიღინს“ სათვალავს უხშირებდა: „ნუ ეძალები წყალდიდსა, უნდა ეძებდე ფონებსო... ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსო!“ შემოსძახა მაღალის ხმით და თან „ხიოც“ მიაყოლა შოლტის გატლაშუნებით. – ბიძინა შეკრთა, უცბად წამოდგა ზეზე და ზეცას დაუწყო ყურება... დიდხანს ხმას არ იღებდა, ბოლოს – თითქო გამოერკვაო- წაილაპარაკა: ეს რა გავიგონე?! მიწამ შემომტყორცნა, თუ ცამ ჩამომბერა ეს საგულისხმო სიტყვები? „ხერხი სჯობია ღონესო!“ საიდანაც უნდა იყოს, სულ ერთია... უგანგებოდ ცაცა და მიწაც, ორივე მუნჯია! ჩემი დიდი ხნის გრძნობა-გონების ჭიდილი ამ ორმა სიტყვამ უნდა გადასწყვიტოს!.. დიახ! დიახ!! „ხერხი სჯობია ღონესაო!“ ხერხი! ხერხი!! მაგრამ ხერხი საქვეყნო და არა საპირადო!.. ციურნო მნათნო! თქვენ იყავით მოწმე ჩემი განზრახვის და თავდები ჩემი მოქმედების!.. თქვენ კიდევ ჩასული არ იქნებით, რომ მე მორჩილებით მივმართავ ალი-ყული-ხანს.
ჩოლოყაშვილმა კარგი ფეხი ვერ მიუტანა სპარსელებს: გადავიდა თუ არა მათკენ, მაშინვე გაჩნდნენ კახეთში სხვადასხვა გუნდები გავარდნილთა და მოსვენებას აღარ აძლევდნენ თათრებს; სადაც კი შეიგულებდნენ და მოასწრებდნენ, სულ მუსრს ადენდნენ, და ისე შეაშინეს, რომ, არათუ სოფლებში ვეღარ დაფარფაშობდნენ ადრინდულად, ციხე-დარბაზშიაც კი შიშის ქარი უქროდათ; და თუ არ სიფრთხილით, გალავნის გარეთაც ვეღარ ჰბედავდნენ ფეხის გადადგმას. შესანიშნავი უფრო ის იყო, რომ მარტო თათრებს კი არა, ქართველებს უფრო სდევნიდნენ, როგორც კი შეატყობდნენ, რომ თათრების მომხრე იყო და იმათი ერთგულები არიანო. ბევრი გამოჩენილი და თათრის სამსახურში დაწინაურებული გამოათხოვეს წუთისოფელს; რამდენიმე თავადაზნაურობის ოჯახი აიკლეს! საბუეში ერთი მღვდელი შეიპყრეს და როგორც ქვეყნის ორგულს, თვალები დასთხარეს: ახლა მაინც ჩაიხედე გობენაში და შეინანეო. ჯანდიერს სახლკარი გადაუწვეს. ამბობდნენ, რომ ჩოლოყაშვილსაც რამდენჯერმე დაესხნენ თავზე, მაგრამ კაცმრავალმა ოჯახმა, როგორც იქნა, მოიგერიაო. იმათი წინააღმდეგობა და მოპირდაპირობა მით უფრო საძნელო შეიქნა, რომ არავინ იცოდა, ვინ იყვნენ, სად იყვნენ და საიდან როგორ მოდიოდნენ. ჩავარდა მთავრობა საგონებელში: „ადგილის კურდღელს ადგილისავე მწევარი თუ დაიჭერს, თვარა უცხო ვერას გახდებაო“, - ჰფიქრობდა ფეიქარ-ხანი და კახელებსავე ეხვეწებოდა, რომ გამოდგომოდნენ იმ უკუღმართებს და მით ერთგულება გაეწიათ ყეენისათვის. გუნებაში, ეგების, ბევრს უნდოდა, მაგრამ ცხადად კი მათი დევნა შიშით ვერავინ გაბედა და ჩოლოყაშვილს მიანდო მთავრობამ, რომელსაც, როგორც თვითონ ამტკიცებდა, „ცდა არ დაუკლია, მაგრამ მაინც ვერა გააწყო რა!“ გუნდები უფრო და უფრო გამრავლდნენ და გავარდნილები გათამამდნენ. გაჭირდა საქმე. ფეიქარ-ხანმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა, და უნდა ეცნობებინა ყეენისათვის, რომ ერთ დღეს არ გამოსცხადებოდა სვინომ მაყაშვილი და არ შეჰპირებოდა: „მე დავამშვიდებ ქვეყანასაო!..“ ეს მაყაშვილი, როგორც გაიძვერა და გაუტანელი კაცი, ყველას სძულდა. თეირანში იყო გამოზრდილი ყმაწვილობიდანვე და ერთს დროს დიდი ადგილიც ეჭირა სასახლის კარზე, მაგრამ ცოტა რამეზე გადაუბრუნდა ფეხი და შერისხული გამოისტუმრეს თავის ქვეყნისაკენ, და მას შემდეგ უმნიშვნელოდ დაეხეტებოდა აქეთ-იქით. დიდკაცობისა და მტარვალობის ნაჩვევეს მოსვენება აღარ ჰქონდა და სულ იმაზე ჰფიქრობდა, თუ როგორ დავიბრუნო ძველი დრო და დიდებაო. თარეშობის დრომ ხელი მოუმართა მის მოუსვენარ სურვილს და ხელმეორედ გამოიყვანა სარბიელზე: მთავრობამ მთავარ მეთვალყურედ დანიშნა. დიდების მაძიებელი და უფლებაშეუსაზღვრელი მოხელეც მაშინვე შეუდგა საქმეს. შეატყობინებდნენ თუ არა მისი ხელქვეითები, რომ ამა და ამ სოფელში თავზე დასხმიან ვისმე და ან ტყუილა გზად გაუვლიათ სადმე გავარდნილებსო, მაშინვე აიკლებდა იმ სოფელს და ააოხრებდა გაუკითხავად. „ბატონო! ჩვენ რას გვერჩით? ძალაც თქვენ ხელშია და სამართალიცაო: „ვინმე მოთარეშეთაგანმა ჩვენ სოფელში გაიაროს, ჩვენ რა ვიცით და რა ჩვენი გადასახადიოაო?“ – ევედრებოდნენ სოფლელები, მაგრამ სადღა იყო გაკითხვა? მით უფრო, რომ მთავრობა უწონებდა მკაცრობას და აგულიანდებდა მტარვალს. ამგვარმა მეცადინეობამ უნაყოფოდ არ ჩაიარა!.. მართალია, მოთარეშეები არა თუ არ გაუწყვეტია, თვალითაც არ უნახავს არავიან მათგანი მთავრობას, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში მართლა შეწყდა თარეშობა და გავარდნილების აღარა ისმოდა რა. ეს სამსახური იმდენად მოუწონეს და დაუფასეს მაყაშვილს, რომ ყეენმა გული მოიბრუნა და პირველი ხალათი უბოძა.
ყეენის ტახტზე აბრძანების დღეობას იხდიდნენ, ალვანის მინდორი მოჭედილი იყო ხალხით. ერთი მხარე ბამბის კარვებით იყო მოფენილი. ოქროს კარავში კახეთის მმართველი ალი-ყული-ხანი იჯდა და გარს დიდებულები ჰყავდა შემოხვეული. მზე დიდი ხნის ამოსული არ იყო, ასე ორ-სამ შუბის ტარზე თუ იქნებოდა აღმოსავლეთით წინ წამოწეული, რომ მოსაკრავეებმა ქაბული დაუკრეს. ხანი გამოვიდა ამალით და მიმართა საჭიდაოს; ხალხმაც დაიგრიალა და ყოველის მხრით მოატყდა და შემოერტყა ირგვლივ წრეს. იმ დროს ჭიდაობა დიდად მიღებული იყო, როგორც თათრებში, ისე ქართველებშიაც. ფეიქარ-ხანი მოყვარული იყო ფალავნობის და ხშირად ესწრებოდა ხოლმე ჭიდაობაზე. განთქმული ფალავნები ერთმანეთს არ ზოგავდნენ გვარტომობის გაურჩევლად, მაგრამ უფრო ხშირად კი თათრები და ქართველები ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს. თუმცა თათრები ჩვეულებისამებრ ტიტვლები გამოდიოდნენ საჭიდაოდ, ტანზე ქონწასმულები, ასე რომ ხელი აღარსად ეკიდებოდათ, და ქართველები კი საჭიდაო ჩოხით გადიოდნენ, მაგრამ მაინც ხშირად გამარჯვება ამ უკანასკნელებს რჩებოდათ. წინა დღეს კოზმანაშვილმა გალახა თათრების განთქმული მოჭიდავე, ბეჭი ამოუგდო, და ამან ისე შეაწუხა თათრები და თვით ფეიქარ-ხანსაც ისე დასწყვიტა გული, რომ აბდუშაჰილს უბრძანა: „გინდა თუ არა, დაეჭიდეო“. ეს აბდუშაჰილი ერთი უთვისტომო ვინმე იყო, მაგრამ თავის ვაჟკაცობით პირველობა დაერჩინა არდალაში და ფეიქარ-ხანის ცხენოსანი ჯარის მეუფროსობა ეშოვნა. ჭიდაობა თუმცა აღარ ეკადრებოდა, როგორც დიდკაცს, მაგრამ ხანს ხათრი ვეღარ გაუტეხა და შევიდა წრეში წელზევით ტიტველი. ერთი შეხედვით, ჩასხმული, უზარმაზარი, შავი მარმარილოს ქანდაკი ეგონებოდა კაცს. შავი წვერები ტევრად ეყრებოდა გულ-მკერდზე, დიდი ულვაშები აქეთ-იქით ტოტებად სცემდნენ სიგრძისად; დიდროვანი შავი თვალები, სქელი წარბებით გადმოხურულ-დაჩრდილულები, საოცრად ბრიალებდნენ. დაუკრეს საჭიდაო. ატორტმანდა ფალავანი, ჯერ მაღლა აღარპყრო ხელები, ზეცას შეხედა, თითქო გამარჯვება გამოსთხოვაო, მერე დაემხო დაბლა და მიწას სამჯერ აკოცა; წამოდგა ზეზე და კალოს შემოუარა; ცერებზე დგებოდა ყოველი ბიჯის გადადგმაზე და ძალზე ჰაერს ისუნთქავდა, თითქოს სცდილობდა, რომ გულბოყვი გაედიდებია, გაებერა. ერთხელ რომ შემოუარა წრეს, ისევ თავის პირველ ადგილზე გაჩერდა, დაიჩოქა ცალ მუხლზე და იქითკენ დაიწყო ყურება, საიდანაც მოპირდაპირე უნდა შემოსულიყო. უყივლეს მსურველებს, მაგრამ არავინ გამოჩნდა. მეორედ დაუარა კალოს, კიდევ არავინ ჩანდა.
- სად არის გუშინდელი თქვენი გამარჯვებული კოზმანაშვილი? – იკითხა ხანმა.
- უარზე დგას, ასე ამბობს: „მე ფალავნებს ვეჭიდავები და არა გოლიათებსო“, - მოახსენეს ქართველებმა.
- მაშ კარგი, სირცხვილი თქვენიო! – ღიმილით სთქვა ხანმა და უბრძანა მოჭიდავეს მესამედ კიდევ წრეში შენავარდება და ისე გასვლა წრიდან.
მოჭიდავემ აასრულა ხანის ბრძანება და მედიდურად დააპირა წრიდან გასვლა. თათრებმა კმაყოფილების ნიშნად წვერებზე მოისვეს ხელი და ულვაშებში ჩაიცინეს.
ამ დროს ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: „დაუკარით, დაუკარითო!“ უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა, შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების შლა; უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა, შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი, ჯირკივით გადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან.
- არა, არა! ჯერ არ არის! მაგრე არ იქნებაო! – ჰყვიროდნენ თათრის მომხრეები, გაბრუებული აბდუშაჰილი წამოდგა ზეზე და სთქვა: „მე ჯერ სალამი არ გამეთავებინა და ის ღალატით მომვარდაო“.
ძალით გამოათრიეს მეორედ ახალგაზრდა; ის გაჩერდა ერთ ადგილას და აღარ იძროდა.
- თათარო, სალამი რომ გაათავო, დამიძახე და მოვალო! – მიაყვირა ფალავანს. იმანაც, ბრაზმორეულმა, კამეჩივით მიაშურა ახალგაზრდას, მაგრამ ის განზე გაუხტა და თათარმა ხელები ჰაერს მოუპოტინა. რამდენჯერმე ჩაუქროლ-ჩამოუქროლა ახალგაზრდამ გოლიათს, მაგრამ ატყუებდა: ხან აქეთ და ხან იქით განზე უხტებოდა, რომ ხელში არ ჩავარდნოდა. მოთმინებიდან გამოსული თათარი წყევლა-კრულვით დასდევდა მოპირდაპირეს; შეურჩია დრო, როგორც იქნა, ახალგაზრდამ, მოავლო ხელი მკლავში, წამოიკიდა ზურგზე, გადიღო კისრულით და უშვა ხელები. აბდუშაჰილი სიგრძისად გაიდღაშა გულაღმა დედამიწაზე... გამარჯვებულმა ცალი ფეხი დაჰკრა ფაშვზე, გადაახტა და გავარდა წრიდან. ხალხმა კიჟინი დასცა.
- შაიტან, შაიტან! – დაიძახეს აქეთ-იქით თათრებმა.
- ახლა გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი, სულ ერთიაო, - უპასუხებდნენ მხიარულად ქართველები.
დაცემული წამოაყენეს და წაიყვანეს გაბრუებული უფრო სირცხვილით, ვიდრე გალახულობით. მოიკითხეს გამარჯვებული, მაგრამ ვერსად ნახეს; მიიმალა ხალხში. ვეღარ გაიგეს, ვინ იყო. ფეიქარ-ხანმა წარბები შეიჭმუხნა და ზეზე წამოდგა, გაბრუნდა ისევ თავის კარვისაკენ. ხალხიც დაიშალა, წავიდ-წამოვიდა აქეთ-იქითკენ. იმ დღეს, მართალია, ხანი გუნებაზე ვერ იყო, მაგრამ მაინც მხიარულად ჩაიარა საერო ლხინმა და შექცევამ. ნასადილევს, ჩვეულებისამებრ, ცოტა წაიძინა დიდკაცობამ და მერე კი, რომ აგრილდა, გამართეს ჯირითი.
ცხენოსნები გაიყვნენ ორად და დადგენ გაღმა-გამოღმა მოედნის პირად. ცხენებმა იგრძნეს, კუდები ასწიეს, თავი მოიქანჩეს, ცქმუტავდნენ ერთსა და იმავე ადგილას მარჯვნივ და მარცხნივ ტრიალით. ზურნის ხმა რომ გაისმა, მაშინ კი შეკუნტრუშდნენ და, თუ მხედრებს თავი არ მოექანჩათ მათთვის, გამოიჭრებოდნენ შუა მოედანზე. ახლა კი თავშეკავებულები, ჰბერავდნენ ცხვირის ნესტოებს, ფრთქვინავდნენ, კბილებს უჭერდნენ ლაგამს, ყურებს აცქვეტდნენ და თვალებს აბრიალებდნენ. გამოახტუნა ერთმა მხედართმთავარმა თავისი ყარაბაღული და მოხდენით მიაგდო მოპირდაპირე გუნდზე, გამოიწვია მოწინააღმდეგე და საოცარი სისწრაფით გამოატრიალა ცხენი. უკანამ ჯირითი შესტყორცა, მაგრამ წინამ ჯირითს ჯირითი აუკრა და გადაივლო თავზე. ახლა სხვები გამოვიდნენ, ახლა კიდევ სხვები რიგ-რიგით, ასე რომ წესი არავის დაურღვევია. მშვენიერი სანახავი იყვნენ მხედრები, როცა ისინი შენატყორცი ჯირითის ასაცილებლად ხან მარჯვნით და ხან მარცხნით მანდიკურად გადაეკიდებოდნენ ცხენს და ზოგჯერ მუცელქვეშაც ამოევლებოდნენ ხოლმე. ბედაურებისათვის საჭირო აღარ იყო არც დეზი და არც მათრახი; იმათ თვითონ იცოდნენ, რა დროს რაგვარი მიხვრა-მოხვრა იყო საჭირო. გამეტებით ჯირითის გაგდება დაშლილი იყო; ზოგ მოჯირითეთაგანს ნება არ ჰქონდათ მარჯვენა ხელში აეღოთ ჯირითი და მარცხენათი ათამაშებდნენ. აბდუშაჰილს სულ არ მიუღია იმ ჯირითში მონაწილეობა.
გათავდა ჯირითიც. შეერთდა ორივე მხარე, მწკრივად დააყენეს ცხენები ყველამ ერთად, ცოტა შეასვენეს და, დაიჭყივლა თუ არა ზურნამ, მიანებეს თავი ცხენებს და ისინიც ჭიხვინ-ჭიხვინით გავარდნენ ჯეირანივით. ცხენოსნებს უნდა ის მინდორი სიგრძისად გადაეჭრათ, მისულიყვნენ კიდემდე და მერე იქიდან სათითაოდ გამოეჭენებიათ ცხენი, რომ ყაბახი ჩამოეგდოთ. იმ დღეს ყაბახად ოქროს თასი იყო დასმული თვალაუწდომელ ჭადრის წვერზე; თითო ჯირითი ყველამ შესტყორცა, ზოგმა ახლოს მიიყვანა, ზოგმა ხეს გადაავლო თავზე, მაგრამ ვერც ერთმა კი ვერ შეანძრია ნიშანი. ბოლოს წამოვიდა ვიღაც შავცხენოსანი ისეთი სისწრაფით, რომ თითქმის აღარ ჩანდა ცხენზე, შორიდანვე შესტყორცა ჯირითი, ჰკრა შუაგულში და მაღლა შეაგდო. თასი ბზრიალ-ბზრიალით წამოვიდა; მხედარმა მიაგდო ცხენი ხის ძირში, შეაყენა უკანა ფეხებზე და ჰაერშივე მოავლო ხელი თასს, დაბლა აღარ დაუშვა; ჰკრა ქუსლი ცხენს და მიაჭენა იქ, სადაც ქართველი დიდებულები იდგნენ; ვითომ ზრდილობისამებრ დააპირა გადმოხტომა, მაგრამ გაგიჟებული ცხენი ხელს უშლიდა. მაშინ ცხენდაცხენ გაუშვირა თასი ერთ დიდებულთაგანს და დაიყვირა: „ღმერთმა ნუ მოუშალოს გამარჯვება ბატონ მაყაშვილსო!“ სვიმონ მაყაშვილმა წინ რამდენიმე ბიჯი წამოდგა და ჩამოართვა თასი. ამ დროს უცბად ჰაერში რაღაცამ გაიელვა და მაყაშვილი ჯერ ისევ ფეხზე იდგა, რომ თავი მიწაზე კოტრიალებდა. მხედარმა გამოატრიალა ცხენი და უკანვე გაჰქუსლა. შეკრთა დიდი და პატარა! ბოლოს დაიძახეს აქა-იქ: „ჰეი, ბაში-აჩუკია, ბაში-აჩუკიო!“ გამოუყენეს მდევრები, გვიანღა იყო: გარისხდა ფეიქარ-ხანი, გაწყრა მეთვალყურეებზე და ბაში-აჩუკის თავიც ათას ოქროდ დააფასა.