ყოველ სწავლსა და ცოდნას საძირკვლად საკუთარი მწერლობისა და ვითარების ცოდნა უნდა დაედოს.

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

 

ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთვრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად-ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

 

ლიტერატურას ასაზროდებს საზოგადოება. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა აღვიაროთ, რომ ჩვენს ლიტერატურას დღითიდღე საზოგადოება აკლდება. დღეს თუ ჩვენს ლიტერატურას მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავს, ერთი ეგრეთწოდებული ინტელიგენციაა, რომელსაც თითონაც არა აქვს საზრდო ცხოვრებისა, და მეორე - ძველნი ქართველნი, კაცნი თუ ქალნი. ყოველი კი ახლად მომავალი, ნამეტნავად ქალები, ჰთაკილობენ ქართულს ლიტერატურას და იკვებებიან იმ წვრილად ფშხვნილ  ნამცეცებითა, რომელიც აქაურს წვრილმან გაზეთებს ყოველდღე ტომრებით მოაქვთ. თუმცა ეს ასეა დღეს, მაგრამ იმედია, რომ ქართული ლიტერატურა გავრცელდება ჩვენში... საქმე ის არის, ჩვენი ერი მომზადდეს, გონების გახსნის გზაზედ იმოდენად წარიმართოს, რომ როგორც პურის საჭიროებას ჰგრძნობს ხორცისათვის, ისეც ლიტერატურა მიიჩნიოს სულისა და გულისათვის.

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

 

ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.

ნიკო მარი

counter for vBulletin