ხალხური

* * *

ნეტავ არ ჩაედებოდეს
ფოლადის გული სხეულსა,
მალე მოჰკლავდა სიკვდილი,
არ დასტანჯავდა სნეულსა.
მადლია ცივი სამარე,
დაასვენებდა ეულსა,
დაეშვებოდა პირიდან
ამ წუთისოფელს წყეულსა.
ათასნაირად მტანჯველსა,
სიტკბო-სიმწარით რეულსა,
ფლიდია წუთისოფელი,
დაუგმავ ყველა გრძნეულსა.
მიწაა ჩვენი მფარველი,
დედას ვადარებთ ხვეულსა,
გულ-მკერდში ჩაკონებულსა,
შვილზე ხელ გადახვეულსა,
სუყველას გულში ჩაიკრავს:
უვარგისსა და რჩეულსა,
უალერსოს და უღონოს,
მკერში სისხლ გამოლეულსა.
თუ საიქიო არ უჯობს
ამ წუთისოფელს წყეულსა,
ერთს მაინც ვისმე ნახავდით
იქიდან გამოქცეულსა.