ხალხური
ჯავრიანი გულიგულო ჯავრისგან მოკლულო
რა დაგაყარო წამალი?
არც მოგიდგება ექიმი
არც მოგეტევე სამარი.
ეს ჩემი გული ორია,
ერთში სწვიმს, ერთში დარია;
ავტირდე, შავყრი ღრუბლებსა,
რომ გავიცინო, დარია;
ეს ერთი გული მეტყოდა:
მოკვდი, რათა ხარ მთელია!
მეორეც ამას ამბობდა:
იყავ, აჯავრე მტერია!
ეს ჩემი გული რასა ჰგავს?
ცასა ჰგავს შემოღრუბლულსა,
პირ შეკრულ, დამძიმებულსა,
საწვიმრად გამზადებულსა,
ქალს ჰგავს ქმარ-ყოფამოშლილსა,
მამისას დაბრუნებულსა;
ხმალსა ჰგავს პატრონ მომკვდარსა,
პირჟანგიანსა ოხერსა;
ცხენსა ჰგავს პატრონ-მომკვდარსა,
სადავე ჩემოშვებულსა;
წისქვილს ჰგავს მიშლილ-მოშლილსა
სათავე გადაგდებულსა.