ვაჟა-ფშაველა დაიბადა სოფელ ჩარგალში (ახლანდელი
დუშეთის რაიონი). რვა წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. ჯერ სწავლობდა თელავის სასულიერო
სასწავლებელში, შემდეგ 1877-79 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ
ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1879 წლიდან გორის სამასწავლებლო სემინარიაში,
რომელიც დაამთავრა 1882 წ. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო უნივერსიტეტი დატოვა და
მასწავლებლობა დაიწყო მთის სოფლებში, 1888 წლიდან კი ჩარგალში დამკვიდრდა. ფშავში
დაწერა მან გენიალური პოემები, ლექსები, მოთხრობები. დროდადრო ცხენზე გადაკიდებული
ხურჯინით თბილისში ჩამოჰქონდა თავისი ნაწერები. მძიმე ცხოვრებამ და გაჭირვებამ ადრე
შეარყია ვაჟას ჯანმრთელობა და 54 წლისა გარდაიცვალა თბილისში, ჰოსპიტალის პალატაში
(ამჟამინდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა). სიკვდილის წინ ახლად მოთიბული
ბალახი და მთის წყარო ინატრა... დაკრძალეს დიდუნის პანთეონში. 1935 წ. მისი ნეშტი
მთაწმინდაზე გადაასვენეს.
ვაჟას შემოქმედებაში ცხოვრება და სამყარო სინათლის და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების დაუსრულებელი ჭიდლის სახითაა წარმოდგენილი.
ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით მაღალი გონიერების და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია.
ვაჟა-ფშაველა როგორც მოქალაქე და პოეტი, მხნე პატრიოტი იყო. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ეროვნულ გათვითცნობიერებაზე. მანვე დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში პიროვნული სრულყოფის - „კაი ყმის“ კულტი, რომლის მნიშვნელობა განუზომელია.