სტუმარ-მასპინძელი
I
ღამის წყვდიადში ჩაფლული,
გამტკნარებულის სახითა,
მოსჩანს ქისტეთის მიდამო
სალის კლეების ტახტითა.
ბნელს ხევზე მიჰყეფს მდინარე,
გულამღვრეული ჯავრითა.
გადმოხრილყვნენ მთანიცა,
ხელ-პირს იბანენ წყალზედა;
ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;
ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
კაცი რამ მიდის გზაზედა.
გზას ვამბობ, თორემ რა გზაა,
ვიწრო ბილიკი კლდეზედა?
სავალად მეტად ძნელია,
ფეხს ძლივს აცილებს ფეხზედა.
გაღმა სჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა,
საამო არის საცქერლად,
დიაცის უბესავითა.
სოფლის თავს სძინავს შავ ნისლსა
დაფიქრებულის სახითა,
ყურს უგდებს არემარესა,
გულლაღობს სანახავითა.
სტუმარი ცოტა ხანისა
ხვალ სხვაგან წავა აქითა;
წავა, გადივლის გორებსა,
ქედებსა ყინულიანსა,
აბნელებს, უხილავად ჰქმნის
ქვეყანას ხილულიანსა.
თუ მონადირეს ატირებს,
გზადაკარგულსა კლდეშია,
ალაღებს მგელსა და ქურდსა,
მოარულთ სიბნელეშია.II
ზევიდამ ვინღაც უცნობმა
კლდის ლოდი გამოაგორა,
მგზავრმა შეჰხედა პირაღმე,
წინ უდგას მაღალი გორა.
ყურს უგდებს... ცოტა ხანს შემდეგ
მოესმა ქვიშის ჩხრიალი.
მგზავრი სიათას იმარჯვებს:
მტერი არ იყოს ტიალი.
შესცქერის გაფაციცებით
ფეხზე შემდგარის თოფითა,
ჰხედავს, რომ მოალაჯუნებს
კაცი ორკაპის ჯოხითა.
შავი რამ მოსთრავს პირთაქვე,
ქვიშა ქანავდა იმითა.
არას ამბობდა უცნობი,
სიტყვა არ მოსდის პირითა;
უპრჭყვინავს სალტა თოფისა,
ვით წვიმის ცვარი დილითა.
- ვინ ხარ, რა სულიერი ხარ,
რას იარები ამ დროსა?
- ვინ გინდა? მონადირე ვარ,
კაცს შენ ვერ გხედავ სანდოსა.
- რაობით სანდო არა ვარ?
სიტყვას რად ამბობ მცდარესა?
ვითომ, რომ დავხეტიალობ
შენებრ ამ კლდიან მხარესა?
მეც მონადირე გახლავარ,
დღეს კი ვეხეტე უბრალოდ.
- წესია მონადირისა,
ხომ მაინც დაჰრჩი უვალოდ?
ესეც ვალია, ძმობილო,
ძლივსღა დავათრევ ფეხებსა,
სულ დავიარე ჭიუხი,
არა ვსტოვებდი ხევებსა.
ზედ შავი ნისლი ჩამოწვა,
ნიავი მოსცა ძლიერი,
ხევებით შემომღმუოდა,
როგორაც მგელი მშიერი.
თვალწინ გზას ვეღარ ვირჩევდი,
კლდეზე გადვარდნას ვლამობდი,
ხამად ვარ, გეზი არ ვიცი,
ამით ძლიერა ვწვალობდი.
ბევრგან დავაფრთხე ნადირი,
ცხადად ფეხის ხმა მესმოდა,
ან როცა გადაფრენილის
ჯიხვის რქა კლდეებს ესმოდა.
ის იყო გულის საკლავი,
თვალით ვერაფერს ვხედავდი,
სროლას ან მოკვლას ვინ იტყვის,
წინ სვლას ვეღარა ვბედავდი.
უცნობი ახლოს მივიდა,
შორიახლოსა მდგომარე,
„გამარჯვებაო!“ - მისძახა,
„ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე!“
- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,
ჰხოცო ნადირი მხტომარე.
- აი ნადირი, რას სჩივი? -
უჩვენა ჯიხვი რქიანი,
მკვდარი, რქებგადაგდებული,
დადუმებული, ჭკვიანი. -
თუ გინდა, ახლავ გავიყოთ,
როგორც ამხანაგთ, ორადა,
ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი,
გავინაწილოთ სწორადა,
ამაღამ ჩემთან წამოდი,
სახლი არ მიდგა შორადა.
სადაური ხარ, ძმობილო?
სახელიც მითხარ შენია!
ნუ სწუხარ, საზრდო შენთვისაც
დღეს უფალს გაუჩენია.
წილი გდებია შენაცა
ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია.
რად გიკვირს, არ გეხუმრები,
არც გეფერები პირშია.
მაშ, თუ ეს ასე არ არის,
რად შემეფეთე ამ დროსა?
შაჰრცხვეს, ჩემთავად, ვინც შენა
ნაწილი დაგიკარგოსა.
რა გრქვიან? სახელი მითხარ.
ხევსური სჩანხარ იერით.
- ნუნუა მქვიან, ძმისაო,
გადმოხვეწილი ჭიელით. -
იცრუა ზვიადაურმა,
თვისი სახელი დამალა.
რა ქნას? მის სახელს იცნობენ,
ქისტებს ბევრს სისხლი ავალა,
ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,
უდროდ საფლავში ჩალალა.
- შენი სახელიც მასწავლე,
ჩემი ხომ გითხარ მართლადა.
- ჯოყოლა მქვიან, ძმობილო,
ალხასტაისძე გვარადა;
არ მოგვიხდება, ერთურთში
სიტყვა ვიუბნოდ მცდარადა.
სახლი აქ, ჯარეგას მიდგა,
ქავი და ციხე კარადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
მე გაგიძღვები თავადა.
თუ კარგად არ დაგიხვდები,
არც დაგიხვდები ავადა.
ხვალ თვითონ იცი, ძმობილო,
საითაც გინდა, იარე.
ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა,
ზოგიც შენ გამიზიარე.
- საცა არ მიხნავ, ძმობილო,
იქ ვმკო - ეს სადაურია?!
ყელი მოგიჭრავ ჯიხვისთვის,
ფეხებიც ჩატყაულია.
გესტუმრო, უარს არ გეტყვი,
გიშველი ჯიხვის ზიდვასა,
წილს კი არ მოგთხოვ, იცოდე,
თავს არა ვკადრებ იმასა.
შამოატყავეს ნადირი,
წავიდნენ ჯარეგაშია,
ბევრი უბნეს ამბავი,
ერთურთს გაეცნენ გზაშია.III
მივიდნენ, კოშკები ჩანდა,
აქა-იქ ჰყეფდნენ ძაღლები;
კარებში იცქირებიან
ცნობისმოყვარე ბალღები.
დაეტყო ცხადად, კლდის მსგავსად
სიპით ნაგები სახლები.
- აი, ეს ჩემი ოჯახი,
ჩემი ციხე და სახლია;
მობრძანდი, როგორც ძმა ძმასთან,
ნათლიმამასთან ნათლია.
ცოლს დაუძახა ჯოყოლამ:
- გამოიხედე კარშია!
ეტყობა თავმოწონება
მასპინძელს საუბარშია.
დგანან დერეფანს, უცდიან...
ცეცხლი ჰკრთებოდა ღველფზედა,
ჩონგურს უკრავდა, დროული
კაცი რამ უჯდა გვერდზედა.
დაჰმღერდა გმირობისასა,
მამა-პაპათა ცდისასა:
როგორ არბევდნენ ფშავ-ხევსურთ,
სისხლს არ არჩენდნენ ძმისასა;
ყველგან მადლობას სწირავენ
მარჯვენას კაი ყმისასა.
გამოჩნდა ქალი ლამაზი,
შავის ტანსაცმლით მოსილი,
როგორაც ალყა ტანადა,
ვარსკვლავი ციდამ მოცლილი.
- აი, სტუმარი მოგგვარე, -
ღვთის წყალობაა ჩვენზედა -
როგორც დაგვხვდები, დიაცო,
ეხლა ჰკიდია შენზედა.
ქალმა სალამი მიართო:
- სტუმარო, მოხვედ მშვიდობით!
- შენაც მშვიდობა, გაცოცხლოს
თავის ქმრითა და წილობით!
სტუმარს აბჯარი წაუღო,
მიიპატიჟეს შინაო;
ქალი მისდევდა უკანა,
ჯოყოლა მიდის წინაო;
თან მისდევს ზვიადაური,
ძმობილი გაიჩინაო.IV
კაცი რომ სჩანდა სახლშია,
ჭაღარშერთული, ხნიერი,
წამოდგა ისიც ფეხზედა,
როგორც კლდის ვეფხვი ძლიერი.
სტუმრად მოსული უცნობი,
სტუმარს პატივს სცემს სხვისასა,
ფეხზე ადგომა წესია,
წესს ვერ დაარღვევს მთისასა.
მაგრამ, როს ნახა უცნობი,
ფერი დაედო მგლისაო;
ადვილად აიცნობოდა,
რასაც ჰფიქრობდა ისაო,
არ ეჭაშნიკა დროულს ქისტს
დანახვა უცხოს ყმისაო.
გული სცემს ბრაზმორეული,
სახეც არ ჰმალავს ამასა,
ხანჯრისკე ხელი მიუდის,
ჩუმად სინჯავდა დანასა,
მაგრამ სტუმარი სხვის სახლში
ვერ გაშლის ხათაბალასა.
ადგა და ჩუმად გავიდა,
თითზე იკბინა მწარედა,
სამჯერ ჩაიკრა გულს ხელი,
როცა გავიდა გარედა.
წავიდა, კარიკარ დადის,
ენასა ჰლესავს შხამითა:
„ქისტებო, ჩვენი მოსისხლე
შემოგვეპარა ღამითა.
სჩანს, რო ჯოყოლა ვერ იცნობს,
არ უნახია თვალითა
ეგ ჩვენი ამომგდებელი,
ჩვენი მრბეველი ძალითა;
გაუმაძღარი მუდამ ჟამს
ჩვენის სისხლით და ძვალითა.
დღეს ჩვენს ხელთ არის, ვეცადოთ,
ვაგემოთ გემო მწარია,
მაგათ მოკლული ამ ზაფხულს
გვყავს უპატრონო მკვდარია.
სთქვით, თუ არ ვამბობ სიმართლეს,
თუ ჩემი სიტყვა მცდარია!
გაიგოს ჩვენმა დუშმანმაც,
არ გვაქვს უჯიშო გვარია.
მიკვირს ჯოყოლას ჭკვისაგან,
მტერს რად გაუღო კარია,
ვისა ჰმასპინძლობს ჭკვათხელი,
ცნობაზე რად არ არია?!
ცხვირდამ უნდა ვადინოთ
ზვიადაურსა ძმარია,
თუ არა, დიაცთ დაუთმოთ
ჩვენი ხმალი და ფარია“.
აღელვდენ ქისტისშვილები,
ყველამ შაიბა ხმალია,
აღელვდა მთელი სოფელი -
ბალღი, კაცი და ქალია.
უნდა შესწირონ თავის მკვდარს
ზვიადაურის თავია;
უნდა მტრის საფლავზე დაკლან,
როგორაც წესი არია.
გაგზავნეს ერთი მზვერავი,
თან აბარებენ ჩუმადა,
მივიდეს ჯოყოლასთანა
მეზობლურადა, ძმურადა;
სოფლის განზრახვა არა გზით
მას არ ჩაუგდოს ყურადა.
ივახშმოს, იმუსაიფოს,
გაიგოს სტუმრის ლოგინი;
ღამე დაესხნენ, შაკონონ,
არ უნდესთ ბევრი ლოდინი.
მოვიდა მოყურიადე
ლაქარდიანის ენითა,
სახელს ულოცავს ჯოყოლას,
ლაღობს, არ არის წყენითა.
ხალბათობს, ამბობს ამბებსა,
ენას აკვესებს კვესითა.
ვინ იცის, გული სავსე აქვს
გველის შხამით და გესლითა.
ივახშმეს. თვისი სტუმარი
მასპინძელს მოსწონს გულითა.
„კარგი ვაჟკაცი ეტყობა“, -
ფიცულობს თავის რჯულითა. -
„ეს ერთი ცნობა, ხვალ ძმობა,
ერთად შევთვისდეთ სულითა“...
მიიპატიჟა საძილედ,
დაუთმო თავის ლაჭანი.
- არაო, - სტუმარი ეტყვის, -
არ მინდა ლეიბ-საბანი.
მე დერეფანში დავსწვები,
შინ ძილს არა ვარ ჩვეული...
ასრულდა მისი წადილი,
გულიდამ ამოწეული,
მოყურიადეს ეს უნდა,
ამად არს აქ მოწვეული.
წავიდა გახარებული,
შეატყობინა ყველასა.
მამლის საჯდომი თუ იცის,
მეტი რა უნდა მელასა?!V
- რა ამბავია, დიაცო?
ხმალი მინდა და ხანჯარი!
სახუმრო საქმე არაა,
თავზე დაგვესხა მტრის ჯარი!
ნამდვილ აკლებას გვიპირობს,
გვღალატობს ჩვენი სტუმარი;
ძმობით და მეგობრობითა
შემოგვაპარა ლაშქარი!
სუ, დაიცადე!.. მოვსტყუვდი...
ჩვენი ქისტები არიან.
რისთვის მოვიდნენ ამ დროსა,
რას ბჭობენ, ვის რა სწადიან?!
ყური დაუგდე კარგადა,
კაცისა მესმის ხრიალი.
რა მქისე ხმაურობაა,
რა საზარელი გრიალი!
ჩემს სტუმარსა ჰკვლენ სწორედა,
უდგასთ ხანჯრების პრიალი.
უყურე უნამუსოთა,
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ!
ჩაიგდეს ჩემი კაცობა,
ფეხსქვეშ ტყლაპივით სთელავენ.
გავიგო, აბა, წავიდე,
რაზე, რისთვისა ჰღელავენ?!..
ეს სთქვა ჯოყოლამ, წამოდგა,
ხელხანჯრიანი წავიდა.
გააღო სახლის კარები,
შეუპოვარად გავიდა.
- რას სჩადით? - შემოუძახა, -
ვის სტუმარს ჰბოჭავთ თოკითა?
რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?
ჩემს სჯულსა ვფიცავ, სისხლს დავღვრი,
განანებთ ბრიყვულს ქცევასა,
განანებთ, თუმცა ძმანი ხართ,
ჩემის კაცობის ქელვასა!..
- რას ამბობ, შტერო, რას ამბობ?
რას არ მოდიხარ ცნებასა?
მოსისხლე სტუმრის გულისთვის
ძუძუს ვინ მოსჭრის დედასა!? -
შემოუძახეს ქისტებმა
ერთხმად, ძლიერად, ჭექითა, -
შენ და შენს სტუმარს, ორივეს
ერთად გადგისვრით ბექითა.
თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
მთელის ქისტეთის ამომგდე
სტუმრად რადა გყავს სახლშია?
ზვიადაურის სახელი
ბავშვმაც კი იცის მთაშია.
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.
ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა,
პირს სინანული წაესო,
თითქოს ნატყორცი ისარი
ზედ გულის კოვზზე დაესო.
- თვით ამან მოკლა შენი ძმა
არყიანებში თოფითა,
ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა,
გადალესულსა ცოფითა.
„გახლავართ ზვიადაური!“ -
ჩამოგვკიოდა გორითა;
სულ კარგად ვიცით, ცხადადა,
თვალს ვადევნებდით შორითა.
აავსო ფშავ-ხევსურეთი
აქით წასხმულის ძროხითა.
უკან გაუდგა ლაშქარსა
ფეხმარდი, ლეგის ჩოხითა.
თავს რად იმურტლავ, ბედკრულო,
გაუმაძღარის ღორითა?
გული როგორ არ გერევა
მაგასთან ჯდომა-ყოფნითა?!
- ეგ მართალია, იქნება...
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.
დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითაც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.
მე გთხოვ, გაუშვა, მუსაო,
ნუ სტანჯავ უდიერადა,
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.
ვის გაუყიდავ სტუმარი?
ქისტეთს სად თქმულა ამბადა?
რა დავაშავე ისეთი,
რომ მომიხედით კარადა?
თვის რჯული დაგვიწყებიათ,
მიტომ იქცევით მცდარადა;
ჩემს ოჯახს პასუხს რით აძლევთ?
სახლში ხართ, განა შარადა!
ვაი თქვენ, ქისტიშვილებო,
მომდგარნო ჩემს კარს ჯარადა!
უიარაღოს აწვალებთ,
გული რასა ჰგრძნობს თავადა?მუსა (ჯოყოლას)
- შენაც ამასთან შაგკონავთ,
თემის პირს რომ სტეხ, თავხედო!
ჩვენის ნარჩევის დარღვევა
შენ როგორ უნდა გაჰბედო?
აჰყეფდი ქოფაკივითა,
აბდაუბდაობ შტერადა;
ამ გიაურის გულისთვის
ძმებსაც ეპყრობი მტერადა;
არ იცი, რომ შენი საქმეც
დღეიდან წავა ცერადა?!ჯოყოლა (მუსას)
- რაო? ქოფაკო?! შენ ამბობ?
ახლა ძაღლადაც გამხადე?! -
იძრო ხანჯარი, მუსასა
გულში უმარჯვა ვადამდე. -
უყურე თვით ძაღლს, უყურე,
გამითამამდა სადამდე!
ჩემის კაცობის დამქცევნო,
ლანძღვასაც მემართლებითა?
ალლახსა ვფიცავ, გაგმუსრავთ,
მანამ ამკაფავთ ხმლებითა,
გრისხავდეთ ცა-ქვეყნის მადლი,
უსამართლობას ჰშვრებითა!
„რა ქნა უღმრთომან, რა ქნაო,
გაგიჟდა, ჭკვაზე მცდარია...“
ჯოყოლას თავზე დაეცა
მთელი ქისტების ჯარია,
ხელი შეუკრეს... არ მისცეს
ნება, ეხმარა ხმალია...
ხელფეხშეკრული დერეფანს
დააგდეს, როგორც მკვდარია.
წყევლა ხალხისა ჭექაა,
ნაფურთხი - წვიმის ცვარია.
წამოიყვანეს დაჭრილი,
ზვიადაურიც სტანია.
რას ამბობს ზვიადაური,
სახე რადა აქვს მტკნარია?
ბოღმა მიტომ კლავს ვაჟკაცსა,
რომ ხელთ არა აქვს ხმალია:
„ჩამიგდეთ ხელში, ძაღლებო,
კარგი დაგიდგათ დარია!“ -
ამას ამბობდა დინჯადა,
სხვად არას მოუბარია.
მიჰყავდათ სასაფლაოზე,
სადაც ქისტების მკვდარია;
უნდა თავის მკვდარს შესწირონ,
რომ იქ უზიდოს წყალია,
მსახურად ჰყავდეს, მორჩილად
და გაუბანდოს ჯღანია...VI
სოფლისა გაღმა გორია,
დამწვარი, ქვიშიანია,
ბევრი წევს იქა ვაჟკაცი,
გულლომი, ჯიშიანია.
ძირს მისდგამს ბექი მდუმარე,
ნაღვარი, თიხიანია.
ხმალ-ხანჯრის, თოფის მხმარეთი
არა სძგერს გული მაგარი;
იმათ სჭამს მიწა უენო,
სასტიკი, გაუმაძღარი;
მასში ეშლება ყველასა
ადამიანის იერი...
ვერ გვიხსნის სიკვდილის ბჯღალით
ძალა, ვერც სიტყვა ცბიერი.
ბუნების ცოდვა ესაა,
მუდამ საწყინო ჩემია:
ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს,
არავინ გადურჩენია.
ყველა მგზავრთათვის ინთქმევა,
როცა იღუპვის გემია!..
მზე ჯერ არ ამოსულიყო,
ჯერ ნამს ბალახზე ეძინა,
არ დაებერა ნიავსა,
დაბლა არ ჩამოეფინა,
ურიცხვი კაცი და ქალი
ჭალაზე შამოეფინა.
მოჰყავდა ზვიადაური
ხელშეკონილი გროვასა,
ყველას უხარის მის მოკვლა,
ან ვინ დაიწყებს გლოვასა?!
სიკვდილი ყველას გვაშინებს,
სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან;
კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა,
როგორ დიდს ცოდვას სჩადიან.
რამდენი ავსული ვიცი,
წარბშეუხრელად დადიან;
თავის მტანჯველის შემუსრვა
ან კი ვის არა სწადიან?!.