ვაჟა-ფშაველა
კიდევ ხმა მესმა ციდამა
(სიმღერა)
კიდევ ხმა მესმა ციდამა,
ცამ გრძნობა გამიზიარა:
სამოთხის კარი გამიღო,
ბნელეთი გამიმზიანა,
დაკუტებული ოცნება
განკურნა, გააფრთიანა;
საამო ჟრჟოლამ შემიპყრო,
მთელს ტანში ჩამომიარა...
სხვა თვალზე ვნახე სამყარო
ჭალა-ველებით, მთიანა.გუშინ რო გული ეჭვობდა,
დაკოდილიყო მძიმედა,
თავსაც სწყევლიდა, ბედსაცა,
ნუგეშს გვაძლევდა მცირედა,
დღეს ნავთსადგური იპოვნა
იმ ვრცელს განგების მხარესა,
ხან რომ გვალაღებს, ტკბილს გვასმევს,
ხან მოგვაწოდებს მწარესა,
ულევ-უვსები რა შექმნა,
თუნდა შევხედოთ მთვარესა!
დღეს მტირალს, ბედის მომდურავს,
ხვალ ისევ გაახარებსა.
ღარიბს ამდიდრეს, მდიდრისას
სიმდიდრეს გაათავებსა,
დაბმულს აუშვებს და ახსნილს
დააბამს, გააკავებსა...საწუთროს ჟინი შეიგნო
დღეღამეობა ჟამისა;
ხვალ განთიადის მომლოდნეს
შიში არა აქვ ღამისა;
ზამთარს ზაფხული მოჰყვება.
ყნოსვითა ვსტკბებით მწვანისა...
სულდგმულს რად დაეძინაო,
ვისა აქვს ღონე დავისა?!
აქ საკვირველი რა არი,
დიდად სახეთქი თავისა?!.იანვარი, 1899 წ.