ვაჟა-ფშაველა

ისევ შენ, ისევ, ქალაო

(სიმღერა)

ისევ შენ, ისევ, ქალაო,
მომხედე, გამიცინია.
შენ მაინც ნუ მიღალატებ,
მოვკვდები, - დამიტირია.
მაღლისა მთისა წვერზედა
საფლავი გაამითხაროდი,
ჩემის სამშობლოს ქვიშანი
ხშირ-ხშირად მომაყაროდი.
სოფლისგან დავიწყებულსა
შენც დამივიწყებ მალეო,
მალე იშოვი საქმროსა,
უკან გაჰყვები ხვალვეო.
ემ კლდეებს მაინც შესტირე
დანაბარები ჩემია:
იდგნენ გულსალნი ამაყად,
არ შამაუშვან მტერია!
ნუ დაიწყებენ ჩამოშლას…
არწივთ მოზარდონ წიწილნი,
დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს,
მალ- მალ მაიღონ ბიბინი;
მთებმა ახარონ ყვავილნი,
კისრით ატარონ ნისლები,
მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, -
ისევ ცოცხალი ვიქნები.

1886