ვაჟა-ფშაველა

გაზაფხულს ია ამოდის

(სიმღერა)

გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ყვირისო, -
ე ჩემი გული ტიალი
ისევ და ისევ სტირისო.

ღამით მინახავს მთის პირად
ბუ გულსაკლავად კიოდეს;
ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა
ჩემებრივ გული სტკიოდეს?!

მითამ სუყველას ბოლო აქვს,
ზღვანიც კი დაშრებიანო;
მაშ ჩემი გულის დამჭრელნი
რატომ არ გასწყდებიანო?!

1886