ვაჟა-ფშაველა
გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ
(სიმღერა)
გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ,
შუაზე მოფის მდინარე,
ხიდი არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით გამოვედ
ამ სატიალოს მდინარეს.მეც უნავო ვარ, შენაცა,
ცურვა არ ვიცით, ვტირითა;
მეშველიც არვინ გვიჩნდება
არც ციდან, აღარც ძირითა,
შენ მე მიმელი, მე - შენა
გაცინებული პირითა.ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,
მდინარე ბრაზობს, ღრიალებს,
ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი,
როგორ შავადა ტრიალებს!..რა უნუგეშო ყოფნაა,
წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;
რომ მოვკვდე ბევრით ჰჯობია,
მაინც გარგივარ ვერრაში!..
არა, ის მინდა, გხედავდე,
ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.მარტი, 1895 წ.