ვაჟა-ფშაველა

ბახტრიონი

IX

   ღელეს ჩავიდა მწუხარე
ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი;
უძრავი ჰხურავ თავზედა
ყვავილიანი საბანი.
მოულოდნელი ხმა ესმის,
კაცის კივილი შორითა,
ჩამორბის, ჩამოუძახებს
კაცი ახადის გორითა:
   - მოიცა, ქალო, და-ძმობას
ცოტას იარე წყნარადა.
რა გაქვითინებს, ბეჩავო,
იყავი უწყინარადა!
   ლელა ჩამოხდა ცხენიდამ,
ცხენი მიაბა ხეზედა,
ჩამოჯდა დაღონებული,
შუბი დაიდვა გვერდზედა.
აგერ გამოჩნდა ისიცა,
ვისიც ესმოდა ძახილი,
ქალთან პირისპირ მივიდა,
ვით ამოწვდილი მახვილი.

კვირია

   შენ და და მე ძმა, ლელაო!..
თუნდა მიმიღე მამადა.
ჩემს ესე დატევებასა
ნუ ჩამამართმევ ავადა.
მე კვირია ვარ, მიტირე,
თუშეთით მოსულ მზირია,
თუმცა კი თქვენის წყლისა ვარ,
ფშაური მიდგა ძირია,
გოგოლაურთა დისწული,
მათურელ გივის შვილია...
შენი პასუხი მესმოდა,
იქვე ლაშქარში ვერიე,
უფროსთა საუბარშია
მე ვეღარ ჩამოვერიე.
თუმც კი დამიჯდა ჭკვაშია
შენი გაყოლა თანაო...
აჩქამდნენ, იუკადრისეს
დიაცის წამოყვანაო.
რომ ხერხი ღონეს სჯობია,
ლაშქარი ფიქრობს განაო?
საცა ჰოს უნდა ამბობდენ,
იქ იძახიან: არაო!
როდი ფიქრობენ, - ბახტრიონს
ბევრი თათარი სტანაო;
ჯერ შასვლა არი საჭირო,
რო კაცმ იხმაროს დანაო.
საქმე ციხეა, უფრო კი
მაგარი ციხის კარები,
რომ ლაშქარს ჰქონდეს  მტრისაკე
გზა, ლაღად გასატარები.
მე და შენ, დაო, ესრე ვქნათ,
მეც თავს არ ვზოგავ, იცოდე:
ჩვენ ჯარზე უწინ წავიდეთ,
შენაც ჩენთანა ხვიდოდე.
ჩვენ ორნი წავალთ ერთადა, -
მივმართოთ თათრის ბინასა;
მივესალმებით ყარაულს,
სხვებზე თავს მდგომს და წინასა.
თან ვეტყვი: ყეინს მოვართვი
ფეშქაშად ტურფა ქალიო;
გთხოვთ მანუგეშოთ მენაცა,
კაცი ვარ შესაწყალიო.
კარს გაგვიღებენ ციხისას,
მარჯვედ მოვხვდებით შიგითა.
შენ თუნდა ხელსაც ნუ გასძრავ,
ჩვენს ჯარს მე ვუშველ იქითა.
ჯარი ხვალამდე არ მოვა,
ჩვენ სრულ წინდაწინ ვიაროთ;
მზას ვიყვნეთ, ციხის კარითა
საქმე წაღმ დავატრიალოთ.
ცისკრის ხანს მოვა ლაშქარი,
ჩვენც იქ დავხვდებით მარჯვედა;
ვეცდები კარი გავუღო,
თუნდ დამკლან ციხის კარზედა.
შენ რაღას იტყვი ამაზე,
ვამბობ თუ არა ჭკვაზედა?

ლელა

   მზადა ვარ, შენი ჭირიმე,
როგორც სჯობ, იცი უკედა;
მე კი გონება არ მიჭრის,
გამხდარს დარდ-ბოღმის ბუდედა.
მტრის ჯავრი გულში მიდგია
შავს ალაზანის გუბედა
ეგრ იყოს, როგორც შენ ამბობ,
უარს არ ვიტყვი მაგაზე,
ოღომც დააბას ჩვენმ ჯარმა
თათრები ვირის ბაგაზე.
იმოდენს როგორ არ შევძლებ,
რო დამკლან დედის კალთაზე...
   ამ პირობაზე დამდგარნი,
ორნი გორი-გორ ჩადიან;
ოღომც ეშველოს ჩვენს ჯარსა, -
ორსვე სიკვდილი სწადიან.

 

X

   ცამ გადიბანა პირიდამ
მური, ნაცხები ღრუბლისა,
გადაეფინა სამყაროს
ლოცვა-კურთხევა უფლისა.
შუქი დაეცა ლაშქარსა
მთების ბრწყინვალის შუბლისა.
ლაშარის გორზე წავიდა
ლაშქარი დროშის ჟღერითა.
„შადეგით“, ჰყვირის ლუხუმი
სამკლავიანის ხელითა:
„ვერა ჰნახეთა, ბატონი
წინ მიგვიძღვევა ცხენითა?!“

პირველი მხედარი

   ვნახე, ცის ტატნად დავატყვე,
მთა გადალახა სწრაფადა;
გარს ევლო შუქი ბრწყინვალე,
ციდამ მოსული ძაფადა.

მეორე მხედარი

   ლურჯს ცხენზე იჯდა, ლამაზი
სხივი თავს ედგა ღვთიური;
რო ვნახე, გულში ჩამიდგა
სიამოვნება ციური.

მესამე მხედარი

   მე ტრედის-ფერად მეჩვენა,
სხივი მისდევდა მზიური;
შორს გაანათა ელვასებრ
ასი ბარული დღიური.

მეოთხე მხედარი

   ჯერაცა ვხედავ, მივალის
ტურფა, სიტურფით ქსოილი;
ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე
გაზაფხულისა ყოილი.

ლაშქარი (ერთხმად)

   იდიდოს შენი სახელი,
ჩვენო ბატონო, ძლიერო!
ჩაგვიძეღ, მოგდევთ ჩვენაცა,
საყმოს საშველად მშიერო!
ადიდე ლაშარის ჯვარი,
ცისა და ქვეყნის იერო!
ნეტავ, რა მტერი იქნება, -
ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო,
ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა,
ლურჯაის დანაბიჯებო!
   ლაშარის ჯვარის ცხენისა
ნატერფალია ელვარე;
აღტაცებულსა ლაშქარსა
გული გაჰხდია მღელვარე.

 

XI

   იჟიჟრიბანდა, ცისკარი
სულს ჰლევს, თანდათან ჰქრებოდა, -
ნეტავი ყველა ლამაზსა
ესრე სიკვდილი ჰხვდებოდა!
დღეს მკვდარი, ხვალე დილითა
ცოცხალი წამოდგებოდა;
სრულის ჯანით და იერით
თვალებს წინ დამიდგებოდა.
ნეტავი ცეცხლი ციური,
ვისაც კი გულში ჰნთებია,
ჯერ არ გაუქრეს, თუ გაქრეს,
ისივაც ამოჰგზნებია!
მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა.
არ ებრალება მოყვასი,
მის წინ რო აცვან ჯვარზედა.
ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთს წამს ტრფობისა მთაზედა.
შორს არის, მეტად შორს არის
დშორებული მაზედა.
ჭაობში არის ჩაფლული,
ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა.

 

XII

   გადგიდენ ალაზნის თავსა,
მთების წვერები ჩნდებოდენ.
საცა გაჰხედავ, ყოველგან
გასაშტერონი დგებოდენ:
ზოგნი ცის გულ-მკერდს ჰკოცნიან,
ზოგნი უკანა რჩებოდენ;
იმათ ჩაუთქამ ქვეყანა,
ბუნების სისხლით ძღებოდენ;
ნამძინარევი დევები
ისევ ბურანში არიან,
ერთს ადგილას დგომით ტანჯულნი
შეჭირვებულან ძალიან.
მზე რომ მოვალის, მაშინის
შავს ნისლებს გადაიყრიან,
თუნდ მთლად ქვეყანა დაეცესთ,
აბჯართ არ ჩამაიყრიან.
გულ-მკერდს ერთმანეთს აბჯენენ,
წარბ-შეუხრელად მდგარნია,
წვანან ხმა-ამოუღებლად,
როგორც საფლავში მკდარნია.
ნეტავ ბუნების ქმნილება
სხვა მათ რა შაედარება,
მალ-მალე შავი ჯანღები
თავზე რომ დაეფარება?
ნისლი ფიქრია მთებისა,
იმათ კაცობის გვირგვინი.
მიყვარს შეუდრეკს მათს მკერდზე
ხშირის ბალახის ბიბინი,
ტიალის ობლის ნიავის
გულის მგმირავი სისინი.
არწივნი დაფარფაშობენ,
უფსკრულს ავლებენ თვალებსა,
მაღლიდამ ჩამოჰხარიან
თავისგან დახრულს ძვალებსა;
ლაღი შვილები მთებისა
ერთმანეთს ეძრახებიან;
ამ დროს ომში მყოფს გმირებსა
ტიალნი ემსგავსებიან.
უყვარსთ, რო ჰხედვენ ერთურთსა,
იმიტომ ეხასებიან!
ლაშქრისა გულიც აივსო
სიამოვნებით სრულითა,
ყველა დაჰხედავს კახეთსა
ათრთოლებულისა გულითა.

 

XIII

   ლაშქარი შედგა ცოტა ხანს,
ხმა გამოისმის კითხვისა:
„კაცნო, კვირია რა გვექნა?“
ყველა ამასა სჩივისა.
ენთება ხოშარეული,
როგორაც ბურდო თივისა.

ხოშარეული

   იფიქრეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ეგრე არ გარგებთ ტარება,
მზირმა მზირობა არ გვიყოს,
თავს არ მოგვხვიოს წვალება.
ვინ იცის, ნათრევ კაცია,
არ იყოს ღალატიანი,
დუშმანი არ გაგვიფრთხილოს,
საქმე ქნას ნახლართიანი.

ლაშქარი

   რა გაიგება, იქნება
ბრიყვმა გაგვყიდოს ფულზედა,
ფიცი გატეხოს უსირცხვოდ,
ხელი აიღოს რჯულზედა,
ცოცხლად დაგვმარხოს, თვითონვე
მიწა გვაყაროს გულზედა.

ლუხუმი

   კაცნო, რას ამბობთ ნეტარა?
რად ჰგრეხთ დიაცებრ ჭორებსა?
ფარ-ხმალით მოკაზმულები
აჰკიდებიხართ ჯორებსა!
რად არ გაჰხედნებთ, ბრიყვებო,
ჩვენის სამშობლოს გორებსა?
ვის გაუგონავ, სად თქმულა
ამბავი, ძველად თხრობილი,
მითხარით, ნუ დამიმალავთ,
ვინც კი კაცი ხართ ცნობილი,
ეგრე მუხთალად ღალატი,
ეგრე უღმერთოდ ტყუება,
მტრისა სალხენად ძმებისა
შინაით გამოტყუება?!
სრულ სიცრუვეა, ნუ იტყვით,
თქვენ გენაცვლებათ ლუხუმი.
არ რადმე მეჭაშნიკება
სიტყვა კოჭლი და ლუგუმი.
კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ,
მაგის მეტ არ გაქვთ შნოება?
თავის ფიქრიდგან შემკრთალთა
ეხლავ მოგკიდათ ცხროება.
ღალატს რა უნდა ჩვენშია,
როგორი გვადგა დორება?!

სუმელჯი

   ფუქრმა თვითონ სთქვა, რაცა ვსთქვით,
ეს ნურვის გაუკვირდება;
ყველაც კი იტყვის ამასა,
ვინც საქმეს დაუკვირდება.
არც კაი ბოლო იმათ აქვ,
ვინც ერთურთს აუხირდება.

ლაშქარი (ერთხმად)

   არა, ტყუილად ნუ ვიტყვით,
ცოდვას ნუ ვიდებთ კისრადა,
მშვილდზე ნუ ვაგებთ კვირიას,
ნუ ვათამაშებთ ისრადა.
კვირიას ღალატ არ უნდა,
სხვა რამ ფიქრი აქვ წყეულსა,
თვალ-ცრემლიანსა, ობოლსა,
გულზე ეკლებით ხეულსა,
ეგრე ქურდულად გაპარულს,
ერთბაშად გადათხეულსა,
ვის ეწადება ღალატი
სწორჩიით გამორჩეულსა?!

ლუხუმი

   ეგრე თქვით, მაგას მოგელით,
სიტყვას წყნარსა და რჩეულსა.
ლუხუმიც მალე შეატყობს
ცრუვს, ღალატობას ჩვეულსა...
   თანდათან ცნობას მოვიდა
გული-გონება ლაშქრისა.
სპეროზიაის კლდიდამა
ცივი ნიავი მიჰქრისა.
მიდიან ფეხ-შეუშლელად,
კალთა ჩაკეცეს მთებისა,
რაკი დაუშლის მგზავრობას
მოსახვევები გზებისა.
გაღმა-გამოღმა მწყრომარე
ხვივილი მოდის წყლებისა
და ალაზანიც, ბარს დინჯი,
მთაში მეტადა სწყრებისა;
ძირს უთხრის სალსა კლდეებსა,
თავზე ჩაჩქანი ჰხდებისა!..

 

XIV

   ნაქერალაში დამდგარან
თუშები თექიანები;
გულ-შაუდრეკნი ომშია,
ლაშქრობას ბედიანები.
გარს სანგლად შემოუვლიათ
ხევები ბექიანები.
ელიან ფშაველ-ხევსურთა,
თვალი იმითკე სჭერიათ;
წინ მიეგებნენ ლხენითა,
დროშები დაუჭერიათ.
ლუხუმმა ცხენი გაქუსლა,
წავიდა თამაშობითა;
შამაუძახა თუშებსა
შუბლ-შეკვრით, კამათობითა:

ლუხუმი

   სადა გყავთ, თუშნო, ზეზვაი,
რად არ მიჩვენებთ თვალითა?
მე დ' იმან უნდა ვიომოთ,
ნაქებ რო არი მკლავითა.
აღარა ხუმრობს ლუხუმი,
მკერდ-შეღობილი ფარითა. -
მე ჯერ თათრებთან რა მინდა,
მაგისი სისხლი მწყურია,
დუღს და გადმოდუღს გულიდამ
მაგის მტრობა და შურია.
   შეჩერდა თუშის ლაშქარი,
გულზე წაესო მურია:
ფიქრობენ: რამ გააგიჟა,
ლეკიაა, თუ ურია?
შველის მაგივრად, თავხედსა
ჩვენივე სისხლი სწყურია!
   ზეზვამ მყის იცნო ძმობილი,
ვეფხი ხმალ-და-ხმალ წავიდა,
გაეკინკლავენ ერთმანეთს
ხმალ-შუბებით და ფარითა;
მემრე აკოცეს მხურვალედ,
ამბავსა ჰკითხვენ ძმურადა.
ერთმანეთისა სურვილი
ორსვე ჰქონიყო წყლულადა.

ლუხუმი

   გენაცვა, ძმაო ზეზვაო,
რო თვალით გნახე კიდევა.
მიყვარს, ძმობამა, ხმალ-და-ხმალ
შენი მტრისაკე მიწევა.
კაცო, შენც დაბერებულხარ,
გაგხშირებია ჭაღარი;
ცხენი სადა გყავ, მიტირე,
ი შენი ცხენი - საღარი?

ზეზვა

   ლაშქრობამ ჩამამაბერა,
ძაღლ-უმადურად გდებამა,
სრულ ლაშქარსა ვარ, რაც კია
ძუძუს მამსხლიტა დედამა.
ჯერ შენთან, ძმაო ლუხუმო,
რამდენჯერ ვიყავ ომშია?..
წელში ორჯელ თუ დაებმის
ჩემი საფერხე გომშია.
საღარი მაგათ მომიკლეს,
ვისაც დღეს უნდა უტიოთ,
მაგ ძაღთი ერთი ცოცხალიც
გარეთ არ გამოუტიოთ.

ლუხუმი

   სრულ მაგონდება, ძმობამა,
საცა რა გადაგვხედია;
უნდა გადაგვხდეს კიდევაც...
ეს არის ჩვენი ბედია.

ზეზვა

   მეც მაგონდება ბევრი რამ,
ერთი კი უფრო ცხადია:
ერთხელის, საბუის ბოლოს,
ლეკებ რო ვაცხვეთ ქადადა.
თუ გახსონს, ერთს ლეკს ხმლით ვეც,
ჭიმად მოვწყვიტე თავია!

ლუხუმი

   შენის ფრანგულის ნაჭრევი
ისევ ისეთი მწვავია?

ზეზვა

   თავი გაგორდა მიწაზე,
ტუჩებმ დაიწყო კაპუნი,
იტყოდი, სარეკელასა
წისქვილზე გააქვ რაკუნი.
შენ შაგებრალა ურჯულო,
მოგიწყლიანდა თვალები;
უთუოდ, საით ენახვე,
მოგაფურთხებდენ ქალები.
მე არ მებრალვის ლუხუმო,
მოუნათლავი აროდის,
მაგათ სიწუნტის ნაღველი
ყელში დუღილით ამოდის.
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით,
ჩვენ შავიბრალოდ რისადა?
სიკვდილი თვითონ უფალსა
გაუჩენია მტრისადა!
   ერთურთს სალამი მიართვეს,
ფიცით შაიკრა ჯარია.
მაღლიდამ მაკურთხებელი
თავზე დაადგათ ჯვარია.
შაიღებება სისხლითა
ქართველთა მთა და ბარია.
დილის მზის სხივით იპოხენ
ქედებს კახეთის მთანია.

 

(გაგრძელება)