ვაჟა-ფშაველა

ბახტრიონი

I

   დღემ დაიხურა პირბადე,
მთებმა დახუჭეს თვალები.
აღარ შფოთობენ საფლავში
გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.
ქარი ქვითინებს... ღრუბელთა
ზარი თქვეს შესაზარები.
გული ვერ მოუფხანიათ,
ცრემლი სდით ალაზნიანი;
ჩარეცხეს, ჩაალამაზეს
მთების გულ-მკერდი კლდიანი.
გაცოცხლდა, ცას ემუქრება
ღრმა ღელე, წყარო-ფშიანი.
გადაიკრიფნენ ღრუბელნი,
ქუჩი გასწირეს ცვრიანი.
გაივსო რძითა მთათ ძუძუ,
დაუშრომელად რძიანი.
მოგესალმებით, ქედებო,
მომაქვს სალამი გვიანი,
ჩემსამც სამარეს ამკობენ
თქვენი დეკა და ღვიანი!
თქვენგანა გულობს ეს გული,
შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი.
თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ,
ღალიან-ბარაქიანი.
ნუმც გაჯავრდება პირიმზე,
ნუმც დამწყევლიან იანი,
რომ იმათ დედის ძუძუთი
მსუქდები ცოდვილიანი.
მეც მიგემებავ იგი რძე,
რითაც თქვენ დაიზარდენით;
თქვენავე გარგებსთ, დობილნო,
თუ უხვად დაიხარჯენით!

 

II

   გორი რამ ჩასდგამს შუბის წვრად,
მუხა-იფნებით ფარული.
იქ ჰყრია დიდი ლოდები
შავფერი, ციხის-კარული,
ლიბო-დათხრილი კოშკები,
უმზეოდ ჩამოგვალული.
ბერი ტიროდა დიაცი,
ისმის ქვითინი ქალური.
რამდენი სიპები აწყვავ!
მოსჩანს აკლდამის პირები.
გმირთა სამარეს, როგორც ხატს,
სამთხვევლად დავეღირები.
ეს ფშაველთ სალოცავია,
დღეს დღეობაა ამისა.
არ ვიცი, თვალი მატყუებს, -
მიშლის წყვდიადი ღამისა!
ხალხს ნუთუ დაჰვიწყებია
წმინდა გიორგი თავისა?!
ეს რაღაც ცუდს საქმეს ჰნიშნავს.
მომასწავებელს ავისა.
საჯარეს დიაცს რა უნდა?
არ თუ ეშინის დავისა?
მარტოს აუნთავ სანთლები
და ხატიც უდიდებია;
მარტოდ-მარტოკას დიაცსა
ხატ-ღმერთი უხსენებია!
აქ არც ხებისბრის ხმა ისმის,
არსად ფშაური ღრეობა.
ვინ გიჟი იტყვის იმასა,
რომ დღეს აქ იყოს დღეობა?!
ბრალადა ბჟუტავს სანთელი,
ცრემლი წინ უდგა გუბედა.
მტრისამც დედასა გველი ჰკბენს
და ჩაუძვრება უბედა, -
გმირთა გამზრდელთა ძუძუებს
გაიხდის თავის ბუდედა!

 

III

უცბად გაისმა ფეხის ხმა,
კაცი გამოჩნდა უცხო რამ,
ჩამოგლეჯ-ჩამოწეწილი,
ერთი ყარიბი, უშნო რამ.
სანთლისა შუქზე წამოდგა
დატანჯულისა ფერითა,
მხარზე თოფ-გადაგდებული,
გაბუდებულის წვერითა.
დანჯღრეულ ქარქაშიანი
ხმალი წელს ერტყა წნელითა.
ადვილად საცნობი იყო
კაცი ფშაურის ერითა.
დადგა, დაეყრდნო თოფის ტუჩს,
ცრემლებს იწმენდდა ხელითა,
იზიარებდა ბებრის დარდს
სახის შეჭმუხვნით ხმელითა.
თავისს დარდებში გართული
დიაცი მიჰხვდა ვერასა,
ტიროდა, ემდურებოდა
ხოშარელთ ბედისწერასა.
გულს იმიჯღავდა, ჰკითხავდა
ნანგრევებს ცრემლის დენითა:
„სრულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში,
კვენსა რად ისმის ჩვენითა?
როდემდის უნდა ვსტიროდეთ,
მიწა ვასველოთ ცრემლითა?
ან მიწა რად არა ძღება
დამდნარის გულის წვენითა?!
როდემდის უნდა ვიბანოთ
სისხლით პირი და ხელები?
შვილთა მაგივრად დედებსა
ძუძუს გვიწოვდეს გველები?!
როდემდის უნდა ფეხითა
ვლახოთ ჩვენივე წელები,
ცეცხლები გვერტყას ათასი,
გულის, გონების მწველები?!
ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს
ამ ფშავის ხევის მცველები!“
   დიდხანს უცქირა უცნობმა
მოხუცის მოთქმას მწარესა;
მიჰხვდა, რომ უბედურება
სწვევია ფშავის არესა.
ათრთოლებულის ხმით ჰკითხავს
უცნობი უცნობს დიაცსა:
   ვინა ხარ, ნეტარ, დობილო?
ვისას რას მოსთქვამ ზიანსა? -
ვერ გაიგონა ნათქვამი,
ისევ ზარს ამბობს ხმიანსა...
- შენ გეკითხები, დედაო,
რად ჰსვამ ბალღამით ფიალსა?

სანათა (ბებერი)

მადლობა ღმერთსა, თუ კიდევ
კაცი ვიხილე თვალითა. -
ადგა და ჯოხზე დაეყრდნო
ხანხალით, - ძალის-ძალითა. -
- მოხვედი, შვილო, მშვიდობით.
შვილო, წყალობა ხატისა!
აღარ მეგონა, თუ მამრი
კიდევ მიწაზე დადისა...

მგზავრი

   შენიმცა მწყალობელია,
შენთა შვილთა და ქმარისა.
ერთს გკითხავ, დედა-შვილობას,
მითხარ პასუხი ამისა:
დიაცს ვინ მოგცა ის ნება,
საქმე აკეთო მამრისა?
ვფიქრობ, დროება დამდგარა
იმ მეორ-მოსვლის წამისა.
ხომ არ აყრილან ფშაველნი,
ჩქამ რო არ ისმის ხალხისა?
როგორც მინახავ, არ არის
ლხინი კაცის და ქალისა.
შენობა მინდა გავივო,
ვარ თქვენის მიწა-წყალისა.

სანათა

   ჩემ რა იკითხვის, დედილას,
უკლოსი, ბედით შავისა,
დავკარგე ყველა თვის-ტომი,
ვინაც-კი მყვანდა თავისა...
წარღვნა დაგვეცა ხოშარელთ
წყეულის თათრის ჯარისა.
მამრთა შააკლეს მტერს თავი,
ხსენება გასწყდა კაცისა.
გასუქდა ხოშარის გორი
სამარეებით ხშირითა.
ვინც დავრჩით ცოცხლად დიაცნი,
დახოცილებსა ვსტირითა.
ჩვენ რო გვნახავენ მტირალთა,
ბალღებიც ატირდებიან;
გლოვის მიზეზსა გვკითხავენ,
დედებს რო გვაკვირდებიან;
არ მიიღებენ პასუხსა,
უფრორე აყვირდებიან;
ძუძუთ ვათირებთ ბალღებსა,
რძისთვინ რო აბირდებიან!
რად გვინდა დედებს შვილები?
რაზედ ვსწვალობდით ნეტავი?
გაჰზრდი, გალაღებს ვაჟკაცი,
ლამაზი, გორის მდრეკავი.
გალაღებს, მაგრამ ტყუილად:
დღეს მთელი, ხვალე მკვდარია;
მოვა, წაიღებს უეცრად
სისხლისა ნიავ-ღვარია!
პირსისხლიანის მსინჯველი
შვილის, დუშმანიმც არია!
სანათაი ვარ მე, შვილო,
აფხოშოური ქალია.
აქა ვარ გამოთხოვილი,
ბერიძე მყვანდა ქმარია.
შვიდი გავზარდე ვაჟკაცი,
თითო ლომისა დარია.
შვიდივ გამიწყდა ერთ დღესა,
მამაც იმათთან მკვდარია.
ხოშარის გორზედ დავმარხენ,
თავზე დასტირის ქარია.
ორს კვირას საფლავებ ვსთხარე,
იმათ თავშესაფარია. -
რა ეს სთქვა, ამოქვითინდა,
ღვარა ცრემლები მწარია. -
ჩემს ქმარ-შვილებთან ბევრს სხვასა
გამოეჯარა კარია.
ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა?
მაშ ვინ აუნთოს სანთელი?
მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი?
ვინ მოაკმიოს საკმელი?!
უკაცურთ კაცობა გვმართებს,
მანამ სული გვჩრავ პირშია.
ხატიც შაგვინდობს ცოდვასა,
რო გვნახავს გასაჭირშია.
ეხლა ის მითხარ, დედილას,
სადაური ხარ, ვისია?
იქნება ჩვენობა გეთქმის.
იქნება იყოს სხვისია?

მგზავრი

   დედაო, დედა-შვილობამ,
მეც ბევრი ვნახე ჭირია.
ოცს წელს სრულ სხვიშვილადა ვარ,
სამშობლო გამიწირია,
მათურელი ვარ ძირადა,
სახელად მქვია კვირია,
ჩემფერა უკეთურები
ყუნჭებიც ბევრი ჰხირია.
ფშავს უბინადროდ რჩენილი,
წაველ საძებრად ბედისა, -
ვაჰ, მოგონება ჩემის დღის
დამსხმელი არის რეტისა!
მზიდველი არის ეს ქედი
ტანჯვისა მეტის-მეტისა.
ჩემი ამბავი შორს წავა,
მოკლედ რო მოვსჭრა სჯობია:
ვინ არ გეტყოდა ჩემს ამბავს,
ვინაც-კი ჩემი მცნობია;
ობლობის, ბეჩაობისა
დღესაც ზედ მაძე ობია.
სად სიცივეში ვგდებულვარ,
ორ-კვირაობით მშიერი,
არც ისე დროულიცა ვარ,
უცხოს ვგონივარ ხნიერი...
ოცი წელია მწყემსად ვარ
თუშეთს, უცხოსა მხარესა,
და ფშავის ხევის სტუმარსა
მარტო ვხედავდი მთვარესა.
საბაროდ გადმამავალთა
ამბავს ვკითხავდი წეროთა, -
რა წერილობას გაგვიწევს,
თოვლზე ამბავი ვწეროთა?
ოცს წელს მიწა მაქვ ლოგინად,
ცა მახურია საბნადა;
ავდარში შავი ნისლები
ტანზე მეხვევა საბნადა.

სანათა

   მიკვრის, ან ეხლა რო მოხვალ,
ოცს წელს ნამყოფი სხვაგანა?

მგზავრი

   საქმე გაჭირდა, დედილო,
ურჯულო თათრებისგანა:
დათარეშობენ... კახეთი
მისცეს ქარსა და ნიავსა;
საცა ჰსურთ, ყურძენსა სჭამენ,
საცა - ჭანჭურს და ქლიავსა.
აწიოკებენ ქალ-რძალსა,
ნამუსსა ჰხდიან ძალადა.
ჰკრეფავენ ურჯულოები
სილამაზესა ღალადა.
არა ჰზოგავენ, დედილამ,
ვინც კი მოუათ თვალადა.
მთელი კახეთი ქცეულა
ჩიქილა-მოხდილ ქალადა.
არა სჩანს ხელის შამქცევი,
მტრის ამომყრელი ჯავრისა,
კაცი არ ჩნდება შამყრელი
და წინ გამძღოლი ჯარისა.
იქ, ჩვენთანამდიც მოდიან,
ცხვარსა ფარობით გვტაცებენ.
არვინ გადურჩათ რჯულ-ძაღთა,
ყველას ბეგარას ადებენ.
ვისაც ჰკვლენ გზა-გზის პირებზე,
თავებს მარგილზე აგებენ.
შადიან სხვისა სახლშია,
კარს უკრძალავად აღებენ.
დაჯავრდენ თუშნი, რო ნახეს
ქვეყანა ნაოხარია.
პირი ქნეს, იმათ წინ უძღვის
ზეზვაი საოცარია.
სუყველამ ტანზე აისხა
აბჯარი საომარია.
მე გამომგზავნეს საჩქაროდ
ფშავს და ხევსურეთს მზირადა
და დამაბარეს ხვეწნითა
სიტყვა, სათქმელი პირადა:
„ჩვენაც ხომ თქვენი ძმანი ვართ
სისხლით, ხორცით და რჯულითა.
მტერმა დაგვჩაგრა, გვიშველეთ,
გაუტეხელნო გულითა.
უბაროდ, განა არ იცით,
მთანიც რო ვერა გვარობენ.
გვიშველეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ბარზე თათრები ხარობენ.
ჩვენის საყდრების ტრაპეზთან
ეხლა მოლები გალობენ.
ბევრია დაღონებული,
უთხარო: ბევრნი წვალობენ!“
მახსონდა, ამ დღეს ხოშარელთ
აქ გექნებოდათ ხატობა;
ვიცოდი, ეწყინებოდათ
კახეთის რბევის შატყობა.
ღმერთმა აცხონოს ისინი,
ჩვენც იმათ მივდევთ კვალზედა.
იქნება ამ ორს კვირაზე
შავხვდე შავეთის კარზედა.
მანამა ვცოცხლობთ, მტერი გვყავ,
ბევრად სჯობს ვიყვნეთ ცდაზედა.
როცა დრო მოვა... დე, გაქრეს
ბედის ვარკვლავი ცაზედა!
ცოცხალს კი უნდა ეხუროს
ვაჟკაცსა გული თავზედა.
სიცოცხლეს აუგიანსა
სიკვდილი მიჯობს ხმალზედა.
როს ჩემი ბინა სხვას ჰრჩება,
ჩემი ცოლი და შვილები, -
თუ დუშმნის ხმალი არ მომკლავს,
მე თვითონ გავიგმირები.
დედა-შვილობას, ნუ სჩივი,
ღმერთმან აცხონოს გმირები,
რომ არ წაიღეს საფლავში
ლაფით მოსვრილი პირები.

სანათა

   ეგებ ინებოს ბატონმა,
გაგმარჯვებიყოსთ მტერზედა;
თუ ამას გავიგონებდი,
არ ვიტირებდი მკვდრებზედა:
იმავ დღეს, შვილო, დედილამ,
ჭრელს ჩავიცომდი კაბასა,
არ ვიგლოვებდი იმიერ
ჩემს ჯუღურას და საბასა;
ჩემს წარბ-დაღურბლვილს ივანეს,
კარგა ხმარობდა დანასა;
ვენაცვლე იმის გულ-მკერდსა,
შაიხდომლებენ შანასა;
ჩემს ტანა-დაბალს ხუმარას
ბატარას, შუბიანასა;
ვაჟკაცის წესი სცოდნიყო,
არა ჰგავ ჯუბიანასა,
მეხად დაეცა მტრის ჯარსა,
მისთიბდა, როგორც ყანასა.
ეცადა, მაგრამ ვინ დაჰლევს
რიყეზე ქვებს და ლოდებსა!
ვინ დაჰლევს თათრის ლაშქარსა,
უთვალავს, გასაოცებსა?!
თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა,
შვილთ არც კი მოვიგონებდი,
რაღა მიჭირდა, თუ მტრისას
გაჟლეტას გავიგონებდი.
გულიდამ ეკლის სალტასა
მაშინის მოვიფონებდი.
შვილო, დედილამ, მე თვითონ
წავალ, შავტირებ ფშაველთა;
ყველას შავტირებ ჩემ დარდსა,
ვისაც შავხვდები გზა-ველთა.
მე თუ რვა სული შავსწირე,
თითოს ვერ გაიმეტებენ?
ფშაველნი აიშლებიან,
თუ მტერს სამ დაიმედებენ...
ღმერთო და ჩვენო გამჩენო,
ხატებო ფშავეთისაო!
აავსეთ თათრის სისხლითა
ველები კახეთისაო.
შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,
დავლათო ახმეტისაო!
გვაკმარე, ღმერთო, ზარალი,
გვეყო, რაც სისხლი გვიღვრია,
გვეყო, რაც მტერთან ბრძოლაში
ძვალები გადაგვიყრია.
გვეყო ამდენი ცრემლის ღვრა,
დაუშრომელი ვაება;
არ თუ ვებრალვით საყმონი,
რო აღარ გვწყაობს ღვთაება?!
გვიშველე, ლაშარის ჯვარო,
დაგვჭირდა შენი თავია;
შენის ფრანგულით აკურთხე
თუშ-ფშაველ-ხევსურთ ზავია;
ნუმც დაეღუპვისთ, შენს მადლსა,
ზღვაში შასული ნავია.
ჩაუძვეღ, ლაშარელაო,
ტანზე შაიბი ხმალია,
გვიჭირს და გამოგვაყენე
შეუმოსავი ძალია.
   ასე მოსთქვამდა დიაცი
თავ-დაკიდებით მდგომარე:
გვიშველე, - სულ ბოლოსა სთქვა:
შენა ხარ ჩვენი მომხმარე!

მგზავრი

   ამინ! გიშველოს უფალმა,
ღმერთმა გიცხონოს შვილები;
გაცხონოს, ჩემო დედაო,
ღვთისგანმც ნუ გაიწირები!
დიდხანს სუბარს ვაგძელებ,
სვლას-კი არ ვფიქრობ რადა მე?

სანათა

ძნელადა ბნელა, დედილამ,
ვეღარსად წახვალ ამ ღამე.

მგზავრი

ხევსურეთს მინდა გადასვლა,
მეტი არ არის ჩარაო,
მიტანა უნდა იმ ამბავს,
რაც ზეზვამ დამაბარაო!..
უნდა ჩავიდე სოფლებსა,
ვიარო კარი-კარაო.

სანათა

   ღვთით ხელიმც მოგემართება!
წადი იარე ჩქარაო.
მეც სულელი ვარ, ბებერი,
წასვლას რო გირჩევ ხვალაო.
პური-ოთ გშიან, დამწვარო,
ნამგზავრ-ნატანჯი ხარაო...
   აიღო ქადა-პურები,
მთლიანად ჩააბარაო.
- ნეტავ მაჩვენა კიდევა
ფშაველის ჯარის ფარაო!
   მგზავრმა ჩაიდვა საგძალი,
პირ-თავქვე ჩაეფარაო.
ქვეით გაისმა ლოდებზე
მგზავრის ხმლის ბუნის ჩხარაო.

 

(გაგრძელება)