ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი (თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა)

პატარა უფლისწული

(მხატვრობა ავტორისა)

XXI

ამ დროს მელია გამოჩნდა.

- გამარჯობა, - მიესალმა მელია პატარა უფლისწულს.

- გაგიმარჯოს, - თავაზიანად მიუგო პატარა უფლისწულმა და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა.

- მე აქა ვარ, - გაისმა ხმა, - ვაშლის ხის ძირას.

- ვინა ხარ? - შეეკითხა პატარა უფლისწული, - სანდომიანი იერი გაქვს...

- მე მელია ვარ, - მიუგო მელიამ.

- მოდი მეთამაშე, - შესთავაზე პატარა უფლისწულმა, - ძალიან უბედური ვარ.

- შენთან თამაში არ შემიძლია, - მიუგო მელიამ, - მე მოუშინაურებელი მელია ვარ.

- მომიტევე, - უთხრა პატარა უფლისწულმა.

და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დასძინა:

- არ არის „მოშინაურება“?

- შენ აქაური არ უნდა იყო, - უთხრა მელიამ, - რას დაეძებ აქ?

- ადამიანებს დავეძებ, - თქვა პატარა უფლისწულმა - რა არის „მოშინაურება“?

- ადამიანებს, - თქვა მელიამ, - თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს სახიფათო რამაა. მაგრამ მათ ქათმებიცა ჰყავთ. ამის გარდა ისინი კარგს არაფერს აკეთებენ. ქათმებს ხომ არ დაეძებ?

- არა, - მიუგო პატარა უფლისწულმა. - მე მეგობრებს დავეძებ. რას ნიშნავს „მოშინაურება“?

- ეს ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. იგი მიჩვევას ნიშნავს.

- მიჩვევას?

- სწორედ მაგას, - მიუგო მელიამ. - შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არა მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები  შენთვის...

- მგონი მიგიხვდი, - თქვა პატარა უფლისწულმა... - ერთ ყვავილს ვიცნობ... მან, მგონი, მომიშინაურა...

- შეიძლება, - მიუგო მელიამ, - რა არ ხდება ამ დედამიწაზე.

- ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, - თქვა პატარა უფლისწულმა.

მელიას ცნობისმოყვარეობა და გაოცება დაეტყო.

- სხვა პლანეტაზე მოხდა?

- დიახ.

- მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე?

- არა.

- საინტერესოა! ქათმები?

- არა.

- სრულყოფილი არაფერია ქვეყნად, - ამოიოხრა მელიამ.

და ისევ დაუბრუნდა თავის იდეას.

- ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში...

მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.

- სიამოვნებით მოგიშინაურებდი, - მიუგო პატარა უფლისწულმა - მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეგობრები უნდა ვიპოვო და ბევრი რამ გავიგო.

- მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, - თქვა მელიამ. - ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც მეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე.

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...

მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა მელიასთან.

- უკეთესი იქნება, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოხვიდე, - უთხრა მელიამ, - მაგალითად, თუ ყოველთვის ნაშუადღევის ოთხ საათზე მოხვალ, სამ საათზე უკვე ვიგრძნობ ბედნიერებას და, რაც უფრო მოახლოვდება დანიშნული დრო, მით უფრო მომემატება ხალისი. ოთხ საათზე კი მღელვარება და მოუსვენრობა შემიპყრობს და შევიცნობ ბედნიერების ფასს! მაგრამ თუ შენ სხვადასხვა დროს მოხვალ, აღარ მეცოდინება როდისთვის მოვამზადო გული შენს შესახვედრად. აქ ერთგვარი რიტუალის დაცვაა საჭირო.

- რიტაული რა არის? - შეეკითხა პატარა უფლისწული.

- ესეც ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, - მიუგო მელიამ. - რიტუალი განასხვავებს ერთ დღეს დანარჩენი დღეებისაგან, ერთ საათს - დანარჩენი საათებისაგან. მაგალითად, აქაურ მონადირეებს, ასეთი რიტუალი აქვთ: ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ცეკვავენ ხოლმე. დიდებული დღეა ხუთშაბათი! ამ დღეს ზვრებამდეც კი შემიძლია გავისეირნო. მონადირეები რომ ყოველთვის ცეკვავდნენ, მაშინ ყველა დღე ერთნაირი იქნებოდა და ვერასდროს მოვითქვამდი სულს.

ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია. მაგრამ დადგა განშორების დღე.

- ო!.. - ამოიოხრა მელიამ, შენ რომ არ მეყოლები, ვიტირებ.

- შენი ბრალია, - უთხრა პატარა უფლისწულმა. - მე ცუდი არაფერი მინდოდა შენთვის. შენ თვითონ მოინდომე, რომ მომეშინაურებინე...

- მართალია, - თქვა მელიამ.

- ახლა კი უნდა იტირო!

- მართალია.

- მერე და, რა მოიგე?

- დიახაც მოვიგე, - მიუგო მელიამ. -მოიგონე რა გითხარი ოქროსფერ თავთავებზე.

და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა:

- წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. გამოსამშვიდობებდლად რომ მობრუნდები ჩემთან, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ჩემი საჩუქარიც ეს იქნება.

პატარა უფლისწული ვარდებისკენ გაემართა.

- თქვენ სრულებით არ გავხართ ჩემს ვარდს, - უთხრა მათ პატარა უფლისწულმა, - თქვენ ჯერ არარანი ხართ. თქვენ ჯერ არავის მოუშინაურებიხართ. და არც თქვენ მოგიშინაურებიათ ვინმე.

- თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც მე პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა ასი ათასი სხვა მელიისაგან. მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად.

ყვავილებმა ეს სიტყვები ძალიან ითაკილეს.

- თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, - განაგრძო მან. -  არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია.

და პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა.

- მშვიდობით... - უთხრა მან მელიას.

- მშვიდობით, - მიუგო მელიამ. - აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.

- თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

- თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.

- თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, - თქვა მელიამ, - მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე...

- ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

XXII

- გამარჯობა, - თქვა პატარა უფლისწულმა.

- გაგიმარჯოს, - მიუგო მეისრემ.

- რას აკეთებ აქ? - შეეკითხა პატარა უფლისწული.

- მგზავრებს ვანაწილებ, - მიუგო მეისრემ, - ათას-ათას კაცად ვაჯგუფებ და ხან მარჯვნივ ვისტუმრებ და ხან მარცხნივ.

ამ დროს ისეთი გრუხუნით ჩამოიქროლა გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა, რომ მეისრის ჯიხური შეაზანზარა.

- სად მიჰქრიან? - იკითხა პატარა უფლისწულმა. - რას დაეძებენ?

- ეს თვითონ მემანქანემაც არ იცის, - მიუგო მეისრემ.

ახლა მეორე გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა ჩაიგრუხუნა მეორე მიმართულებით.

- უკვე გამობრუნდნენ უკან? - იკითხა პატარა უფლისწულმა.

- ესენი სხვა მგზავრები არიან, - მიუგო მეისრემ.

- არ მოსწონთ ის ადგილი, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ?

- არავის მოსწონს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს, - მიუგო მეისრემ.

ამასობაში მესამე ჩქარმა მატარებელმა ჩამოიქროლა.

- ესენი პირველი მატარებლის მგზავრებს მისდევენ? - იკითხა პატარა უფლისწულმა.

- არავის არ მისდევენ. - მიუგო მეისრემ. - მათ ვაგონებში სძინავთ ან სხედან და ამთქნარებენ. მარტო ბავშვები არ შორდებიან ფანჯრებს და ცხვირი სარკმლის მინაზე აქვთ მიჭყლეტილი.

- მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ, - თქვა პატარა უფლისწულმა. - ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის. და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან.

- ისინი ბედნიერები არიან, - თქვა მეისრემ.

XXIII

- გამარჯობა, - თქვა პატარა უფლისწულმა.

- გაგიმარჯოს, - მიუგო ვაჭარმა.

ეს იყო წყურვილის მომკვლელი აბებით მოვაჭრე. საკმარისია ერთი ასეთი აბი გადაყლაპოს კაცმა და მთელი კვირა აღარ მოწყურდება.

- რა საჭიროა ეს აბები? - შეეკითხა მას პატარა უფლისწული.

- იგი დროის დიდ ეკონომიას იძლევა, - მიუგო ვაჭარმა - ექსპერიმენტებმა გამოიანგარიშეს, რომ კვირაში შეიძლება ორმოცდაცამეტი წუთი დაზოგო.

- მერე რად უნდათ ეს ორმოცდაცამეტი წუთი?

- რამეში მოიხმარენ.

„მე რომ ორმოცდაცამეტი თავისუფალი წუთი მქონოდა, - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, - ნელა გავისეირნებდი წყაროსაკენ...“

XXIV

უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც ამ უდაბნოში მარცხი მომივიდა და სასმელი წყალის სწორედ მაშინ გამომელია, როცა პატარა უფლისწული აბებით მოვაჭრის ამბავს მიყვებოდა.

- შენი თავგადასავალი მშვენიერია, - ვუთხარი მე პატარა უფლისწულს. - მაგრამ ხომ ხედავ, ჯერაც არ შემიკეთებია თვითმფრინავი, სასმელი წყალიც არა მაქვს და, მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ნელა გავისეირნო წყაროსკენ.

- ჩემმა მეგობარმა მელიამ მითხრა, რომ...

- ჩემო კარგო ბიჭო, რა დროს მელიაა!

- რატომ?

- იმიტომ, რომ წყურვილით სიკვდილი გველის.

მან ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი და მომიგო:

- მეგობარი ყოველთვის კარგია, სიკვდილის წუთებშიც კი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მელიას მეგობრობით...

„წარმოდგენაც არა აქვს მოსალოდნელ საფრთხეზე, - გავიფიქრე მე. - მას ხომ არასოდეს გამოუცდია შიმშილი და წყურვილი. მისთვის მზის სხივიც კმარა...“

პატარა უფლისწულმა შემომხედა და ფიქრი გამაწყვეტინა:

- მეც მწყურია... - მითხრა მან. - წამოდი, ჭა მოვძებნოთ...

მე უიმედოდ ჩავიქნიე ხელი: რა აზრი ჰქონდა ალალბედზე ჭის ძებნას ამ თავლუწვდენელ უდაბნოში. მაგრამ მაინც გავუდექით გზას.

დიდხანს ვიარეთ ხმაამოუღებლად. დაღამდა. ცაზე ვარსკვლავები აენთნენ. წყურვილით ღონემიხდილი და გაოგნებული ძლივსღა ვარჩევდი ვარკვლავების ციმციმს. პატარა უფლისწულის სიტყვები მაინც მიტრიალებდა თავში.

- შენც იცი, რა არის წყურვილი? - შევეკითხე მე.

მაგრამ პასუხი არ გამცა.

- წყალი გულსაც რგებს... - თქვა უბრალოდ.

მე ვერ გავუგე, მაგრამ აღარაფერი ვკითხე... კარგად ვიცოდი, რომ კითხვაზე პასუხს ადვილად არ გამცემდა.

იგი დაიღალა და სილაზე დაეშვა. მე გვერდით მივუჯექი. კარგა ხანს ვდუმდით. მერე კი თქვა:

- ლამაზია ვარკვლავები, მეტადრე იმიტომ, რომ იქ, სადღაც, ერთი ყვავილი ხარობს, რომელიც აქედან არა ჩანს...

- მართალი ხარ, - მივუგე მე და თვალი მოვავლე მთვარის შუქით განათებულ დატალღულ ქვიშას.

- უდაბნოც ლამაზია, - დასძინა მან.

მართლაც ლამაზი სანახავი იყო უდაბნო. მე ყოველთვის მომწონდა იგი. ზიხარ სილის ბორცვზე, ირგვლივ არაფერი ჩანს. არაფერი ისმის. და მდუმარებაში მაინც ანათებს რაღაც...

- იცი, რატომაა უდაბნო ასეთი ლამაზი? - თქვა პატარა უფლისწულმა, - იმიტომ, რომ სადღაც, მის წიაღში, წყარო იმალება...

მე გავვოცდი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რას მოასწავებდა ეს იდუმალი ელვარება, უდაბნოს სილა რომ გამოსცემს ხოლმე. ოდესღაც, პატარა რომ ვიყავი, ერთ ძველისძველ სახლში ვცხოვრობდი. ხალხში ხმა დადიოდა, ამ სახლში განძია დაფლულიო. ეს განძი, რა თქმა უნდა, არავის უპოვია, და ალბათ არც არავის უძებნია, მაგრამ სახლი გრძნეულებით იყო მოცული. თითქოს გულში რაღაც საიდუმლო აქვს ჩამარხულიო...

- მართალი ხარ, - მივუგე მე პატარა უფლისწულს. - სახლი იქნება, ვარსკვლავი თუ უდაბნო, ლამაზი მათში ის არის, რაც არა ჩანს.

- მიხარია, რომ ჩემს მელიას ეთანხმები, - მითხრა პატარა უფლისწულმა.

მერე კი ჩაეძინა. მე ხელში ავიყვანე იგი და გზა განვაგრძე. აღელვებული დავყურებდი მას. ასე მეგონა, თითქოს უძვირფასესი განძი მეჭირა ხელში და მასზე სათუთი არაფერი იყო ქვეყნად. დავცქეროდი მთვარის შუქით განათებულ  ფერმკრთალ შუბლს, მინაბულ თვალებს და ოქროსფერ კულულებს, რომლებსაც ქარი ელამუნებოდა, და ჩემს თავს ვეუბნებოდი: რასაც ახლა ხედავ, ნაჭუჭია მხოლოდ, ყველაზე მთავარს თვალი ვერ ხედავს-მეთქი.

უფლისწულს ოდნავ გაპობილ ბაგეზე წყნარი ღიმილი გადაეფინა.

„ის რაც უფრო დიდ აღტაცებას მგვრის, - გავიფიქრე მე, არის მისი ერთგულება ყვავილისადმი, ვარდზე ოცნება, რომელიც ჩირაღდანივით ანთია მის სულში მაშინაც კი, როცა მას სძინავს...“ და ჩემთვის აშკარა გახდა, რომ იგი უფრო სათუთი იყო, ვიდრე მეგონა, მივხვდი, რომ ჩირაღდანს უნდა გაუფრთხილდე, თორემ ქარის ერთ შემოქროლვას შეუძლია ჩააქროს იგი...

ასე ვიარე, ვიდრე განთიადისას ჭას არ წავაწყდი.

XXV

- ადამიანები, - თქვა პატარა უფლისწულმა, - ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან.

- მაგრამ ამაოდ... - დასძინა შემდეგ.

ჭა, რომელსაც ჩვენ მივაგენით, არ გავდა უდაბნოს ჭას. ჩვეულებრივად, საჰარის უდაბნოს ჭა სილაში ამოთხრილი ორმოა. ეს კი ნამდვილი სოფლური ჭა იყო. მაგრამ ახლომახლო სოფელი არ ჩანდა და თავი სიზმარში მეგონა.

- უცნაურია, - ვუთხარი პატარა უფლისწულს, - ყველაფერი თავის ადგილზეა: გორგოლაჭი, ვედროცა და თოკიც...

მან გაიცინა, ჭასთან მივიდა, თოკი აიღო და გორგოლაჭი დაატრიალა. გორგოლაჭი ისე აჭრიალდა, როგორც ძველისძველი, უქმად დებით დაჟანგული ფლიუგერი.

- გესმის? - თქვა პატარა უფლისწულმა, ჩვენ გავაღვიძეთ იგი და ისიც ამღერდა...

არ მინდოდა, რომ იგი დაღლილიყო.

- მე ამოვიღებ, - ვუთხარი უფლისწულს. შენთვის ეს ვედრო ძალიან მძიმეა.

ნელა ამოვიღე წყლით სავსე ვედრო და ჭის გვიმზე დავდგი. ჯერ კიდევ მესმოდა გორგოლაჭის ჭრიალი, ჯერ კიდევ ტოკავდა ვედროში წყალი და მის ზედაპირზე მზის შუქი ლივლივებდა.

- ეს წყალი მწყუროდა, - თქვა პატარა უფლისწულმა, - დამალევინე.

და მხოლოდ ახლა მივხვდი, რასაც დაეძებდა იგი!

ვედრო ტუჩებთან მივუტანე. მან თვალები მოხუჭა და წყალს დაეწაფა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალი არ იყო. ეს წყალი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გადალახულმა გრძელმა გზამ, გორგოლაჭია ჭრიალმა და ჩემი ხელების ძალამ დაბადა და ახლა საჩუქარივით ეფონებოდა გულს. ბავშვობისას ასე მახარებდა ხოლმე საშობაო საჩუქრები: სანთლების ციმციმი შობის ხეზე, შუაღამის წირვის მუსიკა და ადამიანების ალერსიანი ღიმილი.

- შენი პლანეტის ადამიანებს, - მითხრა პატარა უფლისწულმა, - ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ... მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ.

- ვერ პოულობენ... - დავუდასტურე მე.

- ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა.

- მართალია, - ისევ მივუგე მე.

- მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს...

მე წყალი შევსვი და შვებით ამოვისუნთქე. განთიადისას უდაბნოს ქვიშას თაფლის ფერი დაჰკრავს და ამ ფერის ცქერაც ბედნიერებას მგვრიდა. ან კი რა მქონდა სადარდებელი?

- დანაპირები უნდა შემისრულო, - წყნარად მითხრა პატარა უფლისწულმა.

- რა დანაპირები?

- ხომ გახსოვს, პირსაკრავს რომ შემპირდი ჩემი ბატკნისათვის... ხომ უნდა ვიზრუნო ჩემს ყვავილზე!

ჯიბიდან ჩემი ჩანახატები ამოვიღე. პატარა უფლისწულმა გადაათვალიერა ისინი, გაიცინა და თქვა:

- შენი ბაობაბი ცოტათი კომბოსტოს მიაგავს...

- ო?!

მე კი ისე ვამაყობდი ჩემი ბაობაბებით!

- შენს მელიას კი... ყურები რქებს მიუგავს... ძალიან გრძელი ყურებია.

და მან კვლავ გაიცინა.

- შენ მე უსამართლოდ მექცევი, ჩემო კარგო ბიჭო. მე ხომ არაფრის ხატვა არ ვიცოდი, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.

- არა უშავს, - დამამშვიდა მან, - ბავშვები მაინც მიხვდებიან.

მე პირსაკრავი დავუხატე ბატკნისთვის. ნახატი რომ გავუწოდე, ეჭვმა გამკენწლა.

- შენ რაღაცას აპირებ და არ მიმხელ...

მაგრამ მან პასუხი არ გამცა, მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა:

- ხვალ წელიწადი შესრულდება, რაც დედამიწაზე ჩამოვვარდი.

მცირე ხნის დუმილის შემდეგ კი დასძინა:

- ის ადგილი ძალიან ახლოა...

და სახე წამოუფაკლდა. ისევ შემომაწვა გულზე უცნაური სევდა და შევეკითხე:

- მაშ, ამ ერთი კვირის წინათ, პირველად რომ დაგინახე, შემთხვევით არ დაეხეტებოდი მარტოდმარტო ამ უდაბნოში? იმ ადგილას ბრუნდებოდი, სადაც მაშინ ჩამოვარდი?

მას ისევ წამოუფაკლდა სახე.

- წელიწადი რომ შესრულდა, იმიტომ? - გაუბედავად დავძინე მე.

პატარა უფლისწული კვლავ წამოჭარხლდა. იგი არასოდეს მაძლევდა კითხვაზე პასუხს, მაგრამ განა გაწითლება დასტურს არ ნიშნავს?

- ვაი თუ... - მაგრამ პატარა უფლისწულმა სიტვა გამაწყვეტინა:

- დროა შენს საქმეს შეუდგე. მანქანას მიხედე. მე აქ დაგელოდები. ხვალ საღამოს მოდი...

მაგრამ ამან ვერ დამამშვიდა. მელიას ნათქვამი მაგონდებოდა - რაკი ვინმეს მოაშინაურებინებ თავს, ცრემლიც უნდა ღვარო.

XXVI

ჭასთან ქვის ძველი კედლის ნანგრევები იყო. მეორე დღეს, მუშაობა რომ მოვათავე და დავბრუნდი, შორიდანვე მოვკარი თვალი პატარა უფლისწულს. იგი კედელზე იჯდა. და შორიდანვე შემომესმა მისი ხმა:

- ნუთუ არ გახსოვს? - ეუბნებოდა იგი ვიღაცას, - ეს აქ არ იყო...

ალბათ ვიღაც შეეპასუხა, რადგან მან ისევ გაიმეორა:

- დიახ, დიახ, სწორედ დღევანდელ დღეს, მაგრამ აქ არა...

ნაბიჯს ავუჩქარე. კედელთან არავინ ჩანდა და არც ხმა ისმოდა. პატარა უფლისწული კი ისევ უმტკიცებდა ვიღაცას:

- ...რა თქმა უნდა. შენ შენიშნავ, სად იწყება ჩემი ნაფეხურები სილაზე და იქ დამელოდები. ამაღამ მოვალ.

ახლა მხოლოდ ოციოდე მეტრი მაშორებდა კედელს, მაგრამ მაინც ვერაფერს ვხედავდი.

მცირე ხნის დუმილის შემდეგ პატარა უფლისწულმა იკითხა:

- კარგი შხამი გაქვს? დარწმუნებული ხარ, რომ დიდხანს არ მაწამებს?

თავზარდაცემული ადგილზე გავქვავდი. მაგრამ ჯერ კიდევ ვერაფერს მივმხვდარიყავი.

- ახლა კი წადი, - თქვა პატარა უფლისწულმა, - ძირს უნდა ჩამოვიდე.

დაბლა დავიხედე და თოფნაკრავივით შევხტი. კედლის ძირას მოყვითალო გველი დავინახე, რომელსაც თავი პატარა უფლისწულისკენ აეღერა. ასეთი გველის შხამი ნახევარ წუთში ჰკლავს ადამიანს.

სწრაფად წავიღე ხელი ჯიბისკენ, სადაც რევოლვერი მედო, და გველისაკენ გავექანე. მაგრამ ჩემი ფეხის ხმაზე იგი წყნარად გასრიალდა სილაზე წყაროს ნაკადივით და აუჩქარებლად მიიმალა ქვებში ლითონისებური მსუბუქი წკრიალით.

კედლისკენ გავიქეცი და ხელში ავიტაცე ჩემი პატარა უფლისწული. მას თოვლის ფერი ედო.

- ეს რა ამბავია? გველებს ელაპარაკები?

სწრაფად შემოვხსენი ოქროსფერი ყელსახვევი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. შემდეგ საფეთქლები დავუნამე და წყალი შევასვი. ვერ ვბედავდი რაიმე მეკითხა. მან დაფიქრებით შემომხედა და კისერზე მომხვია ხელები. გული ნატყვიარი ფრინველივით უცემდა.

- მიხარია, მანქანა რომ შეგიკეთებია. ახლა შეგიძლია დაბრუნდე შინ...

- საიდან იცი?

სწორედ ის იყო, უნდა მეთქვა, ბედმა გამიღიმა და თვითმფრანავი შევაკეთე-მეთქი.

მან პასუხი არ გამცა და განაგრძო:

- დღეს მეც დავბრუნდები შინ...

მერე კი ნაღვლიანად დასძინა:

- ოღონდ ჩემი გზა უფრო შორია და უფრო ძნელი...

ვგრძნობდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო. ჩვილი ბავშვივით მივიხუტე იგი მკერდზე, მაგრამ ასე მეგონა, თითქოს ხელიდან მისხლტებოდა და უფსკრულში ვარდებოდა, მე კი ძალა არ შემწევდა შემეკავებინა...

იგი ჩაფიქრებული გასცქეროდა სივრცეს...

- მე მყავს შენი ბატკანი, მაქვს მისთვის ყუთი და პირსაკრავი...

და ნაღვლიანად გაეღიმა.

დიდხანს ვიდექი ასე. ვგრძნობდი, რომ იგი ნელ-ნელა იკრებდა ძალ-ღონეს.

- ჩემო პატარა ბიჭო, შენ შეშინებული ხარ...

რაღა თქმა უნდა, შეშინებული იყო, მაგრამ მან წყნარად გაიცინა:

- ამ საღამოს უფრო შემეშინდება...

უბედურების წინათგრძნობა სისხლს მიყინავდა. ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ამიერიდან ვეღარასოდეს გავიგონებდი მის სიცილს, რომელიც ისე საჭირო იყო ჩემთვის, როგორც წყარო უდაბნოში.

- ჩემო კარგო ბიჭო, ერთხელ კიდევ გამაგონე შენი სიცილი...

- ამაღამ წლისთავი შესრულდება, მითხრა მან. - ამაღამ ჩემი ვარსკვლავი სწორედ იმ ადგილას იქნება, საიდანაც შარშან დავეშვი.

- ჩემო კარგო ბიჭო, ხომ მართალია, რომ გველის, პაემანისა და ვარსკვლავის ამბავი ცუდი სიზმარია მხოლოდ?..

მან პასუხი არ გამცა.

- რაც მთავარია, ის არ ჩანს... - თქვა მან.

- მართალი ხარ...

- ისევე, როგორც ყვავილი. თუ ყვავილი გიყვარს, რომელიც სადღაც ვარსკვლავზე ხარობს, სიხარულით შესცქერი ღამით ცას და ყველა ვარსკვლავი ჰყვავის შენთვის...

- მართალი ხარ...

- ან კიდევ, წყალი. შენ რომ წყალი დამალევინე, იგი მუსიკას ჰგავდა იმ გორგოლაჭისა და თოკის წყალობით... გახსოვს, რა გემრიელი იყო...

- მართალი ხარ...

- ღამ-ღამობით შენ ვარსკვლავებს შეხედავ ხოლმე, ჩემი ვარსკვლავი ისე პატარაა, რომ არ შემიძლია დაგანახო. თუმცა ასე სჯობს. იგი შენთვის მხოლოდ ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება ვარსკვლავთა შორის. და შენ გეყვარება ვარსკვლავებით მოჭედილი ცა: ყველა ვარსკვლავი შენი მეგობარი იქნება... და კიდევ ერთი რამ უნდა გაჩუქო.

და მან ისევ გადაიკისკისა.

- ჩემო კარგო ბიჭო, ჩემო პატარა უფლისწულო, რომ იცოდე, როგორ მიყვარს შენი სიცილი!

- ჩემი საჩუქარიც ეს არის... როგორც ის წყალი, შენ რომ შემასვი...

- ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა.

- ყველას თავისი ვარსკვლავები ჰყავს. მაგრამ ეს ვარსკვლავები სხვადასხვანაირია. ზოგისთვის, მაგალითად, მოგზაურისთვის - ვარსკვლავები მეგზურებია. სხვებისთვის - მხოლოდ მოციმციმე სინათლეებია ცაზე. სწავლულისთვის ვარსკვლავები პრობლემაა, იმ საქმოსანისთვის კი - ოქრო იყო. მაგრამ ესენი მდუმარე ვარსკვლავებია. შენ კი ისეთი ვარსკვლავების მფლობელი იქნები, რომელთა მსგავსი არავისა ჰყავს...

- ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა.

- როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან.

და მან კვლავ გაიცინა.

- და როცა გამომიგლოვებ (გამოუგლოვებელი არაფერია ქვეყნად), კმაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი. შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნები და მუდამ იცინებ ჩემთან ერთად. ფანჯარას რომ გამოაღებ და ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება... შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ, როგორ შესცინი ცას. „მე ყოველთვის შევხარი ვარსკვლავებს!“ - ეტყვი შენ მათ და ისინი იფიქრებენ, რომ შეიშალე. არ რა ცუდ საქმეს გიპირებ.

და მან კვლავ გაიცინა.

- ვარსკვლავების ნაცვლად შენთვის თითქოს ურიცხვი პაწია ეჟვნები მეჩუქებინოს, რომლებმაც სიცილი იციან...

და მან ისევ გადაიკისკისა. შემდეგ კი ისევ სერიოზული იერი მიიღო.

- ამაღამ... იცი რა... ნუ მოხვალ...

- მე შენ არ მოგშორდები...

- მე ალბათ გატანჯული სახე მექნება... ალბათ ცოტათი მომაკვდავისაც... ნუ მოხვალ არ არის საჭირო ამის ნახვა...

- მე შენ არ მოგშორდები...

იგი შეწუხდა:

- ამას გველის გამო გეუბნები... უცებ შენც არ დაგგესლოს... გველი ბოროტია. უხარია, ვინმეს რომ უკბენს.

- მე შენ არ მოგშორდები.

მერე კი უცებ დამშვიდდა.

- მართლა! მას ხომ შხამი აღარ ექნება, რომ მეორედ დაგესლოს ვინმე.

იმ ღამეს ვერც კი შევნიშნე, როგორ წავიდა. ჩუმად გაპარულიყო. რომ დავეწიე, მტკიცედ და სწრაფად მიაბიჯებდა.

- შენც აქ ხარ!.. - თქვა მან და ხელი ჩამკიდა. იგი ისევ შეწუხებული ჩანდა.

- ტყუილად მომყვები. დაიტანჯები. მოგეჩვენება, თითქოს ვკვდები, მაგრამ ეს მართალი არ იქნება...

მე ვდუმდი.

- ხომ იცი... ეს ძალიან შორსაა. არ შემიძლია, თან წავიღო ეს სხეული, ძალიან მძიმეა.

მე ვდუმდი.

- მაგრამ იგი ძველი მიტოვებული ნაჭუჭი იქნება მხოლოდ. ძველი ნაჭუჭი კი რა დასანანია...

მე ვდუმდი.

იგი ცოტათი შეშინებული იყო. მაგრამ ისევ მოიკრიბა ძალ-ღონე.

- მეც შევხედავ ხოლმე ღამ-ღამობით ვარსკვლავებს და ყველა ვარსკვლავი ჭრიალა გორგოლაჭიან ჭად იქცევა, ყველა ვარსკვლავი სასმელ წყალს მომაწვდის...

მე ვდუმდი.

- ხომ კარგია? შენ ხუთასი მილიონი ეჟვანი გექნება, მე კი ხუთასი მილიონი წყარო...

მეტი ვეღარაფერი თქვა, რადგან ტიროდა...

-აი ის ადგილიც. ერთი ნაბიჯი გადამადგმევინე მარტოს.

და ჩაიკეცა, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.

- ხომ იცი... ჩემი ყვავილი... მე უნდა ვიზრუნო მასზე! იგი ხომ ისეთი სუსტი და ისეთი გულუბრყვილოა. ოთხი საცოდავი ეკლის გარდა არაფერი აქვს, რომ თავი დაიცვას...

მეც მომეკვეთა მუხლები და ჩავიკეცე.

- სულ ეს არის... -თქვა მან.

ცოტა ხანს კიდევ ყოყმანობდა. შემდეგ წამოდგა და ერთი ნაბიჯი გადადგა მხოლოდ.

მე განძრევაც აღარ შემეძლო.

უცებ მის ფეხებთან ყვითლად გაიელვა რაღაცამ. პატარა უფლისწული ერთ წამს უძრავად იდგა, არ დაუკვნესია. მერე კი ნელა წაიქცა, როგორც ხე. დაცემის ხმაც კი არ გამიგია, რადგან ირგვლივ უდაბნოს სილა იყო.

XXVII

მას შემდეგ ექვსმა წელმა განვლო... მე არავისთვის არ მიამბნია ეს ამბავი. ჩემს ამხანაგებს უხაროდათ, უვნებლად რომ დავბრუნდი უდაბნოდან. მე ძალიან მიმძიმდა, მაგრამ ამხანაგებს ვეუბნებოდი, დავიღალე-მეთქი...

მერე ცოტათი დავმშვიდდი, თუმცა ამას დამშვიდება არ ეთქმის... მე მწამს, რომ იგი დაბრუნდება თავის პლანეტაზე, რადგან რომ ინათა, მისი სხეული ვერსად ვიპოვე. ის ხომ არც ისე მძიმე იყო... ღამ-ღამობით კი ვარსკვლავებს ვუსმენ ხოლმე. თითქოს ხუთასი მილიონი ეჟვანი წკრიალებს ციდან...

მაგრამ ერთი რამ მაშფოთებს: როცა ბატკნისთვის პირსაკრავს ვუხატავდი, თასმის დახატვა დამავიწყდა! უთასმოდ კი პატარა უფლისწული პირს ვეღარ აუკრავს ბატკანს. და ახლა ჩემს თავს ვეკითხები: „რა ამბავია ახლა მის პლანეტაზე? ხომ არ შეჭამა ბატკანმა ყვავილი?“

„ რა თქმა უნდა არა! - ვამბობ ზოჯგერ. - პატარა უფლისწული მინის სარქველს ახურავს თავის ყვავილს ღამ-ღამობით და ფხიზლად დარაჯობს ბატკანს“... ამას რომ ვფიქრობ, ბედნიერი ვარ და ყველა ვარსკვლავი წყნარად მიცინის ციდან.

მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ: ხომ შეიძლება რომ ადამიანს საქმე დაავიწყდეს. ხომ შეიძლება, რომ ერთ საღამოს მინის სარქველი არ დაახუროს ყვავილს ან ბატკანი გაეპაროს ღამით ყუთიდან? და ამის გაფიქრებაზე ეჟვნების წკრიალი ცრემლებად იცვლება...

ეს ამბავი დიდი საიუდმლოებითაა მოცული. ჩემთვის ისევე როგორც თქვენთვის, ვისაც პატარა უფლისწული გიყვართ, მთელი ქვეყანა შეიცვლება, თუ სადღაც, სამყაროს რომელიღაც უხილავ მხარეში ბატკანმა, რომელიც თვალით არ გვინახავს, ვარდი შეჭამა.

ახედეთ ზეცას და იკითხეთ: „შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა?“ და დაინახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი...

მაგრამ დიდები ვერასოდეს მიხვდებიან რამოდენა რამაა ეს!

ეს პეიზაჟი ყველაზე მშვენიერი და ყველაზე სევდიანი პეიზაჟია ჩემთვის ქვეყნად. ეს სწორედ ის სურათია, წინა გვერდზე რომ იყო, მაგრამ მე ხელმეორედ დავხატე იგი, რომ სამუდამოდ აღმებეჭდა თქვენს მეხსიერებაში. ამ ადგილას მოევლინა პატარა უფლისწული დედამიწას და ამ ადგილიდანვე გაუჩინარდა.

ყურადღებით დააქცერდით ამ სურათს, რომ ნადვილად იცნოთ იგი, თუ ოდესმე აფრიკის უდაბნოში იმოგზაურეთ. ამ ადგილას თუ გაიაროთ, ნუ აჩქარდებით, შეჩერდით ერთ ხანს. სწორედ ამ ვარსკვლავის ქვეშ, და ყმაწვილი თუ დაინახოთ, რომელიც იცინის, შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა და ოქროსფერი თმა აქვს, უთუოდ მიხვდებით, ვინც არის იგი. და თუ ეს მოხდა, გთხოვთ მანუგეშოთ - შემატყობინოთ, რომ იგი დაბრუნდა.