ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი (თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა)

პატარა უფლისწული

(მხატვრობა ავტორისა)

ლეონ ვერტს

პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. და კიდევ ერთი მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება. და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას:

ლეონ ვერტს.
როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.

I

ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელიშიაც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. აი იმ ნახატის ასლი.

წიგნში ეწერა: „მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო“.

მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო ჩემი ნახატი ნომერი 1.

ჩემი შედევრი დიდებს ვუჩვენე და ვკითხე, თუ შეგეშინდათ-მეთქი. „განა ქუდი საშიშია?“ - მომიგეს მათ.

მაგრამ ჩემი ნახატი ქუდი არ იყო. ეს გახლდათ მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა! ჩემი ნახატი ნომერი 2 ასეთი იყო:

დიდებმა მირჩიეს ხელი ამეღო მახრჩობელა გველების ხატვაზე, შიგნიდან იქნობოდა, თუ გარედან, და მეტი გულისყურით მოვკიდებოდი გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. ამიტომ იყო, რომ ექვსი წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრობის ბრწყინვალე კარიერაზე. ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატის უგულებელყოფამ გული გამიტეხა. დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი.

ამრიგად, იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია და მფრინავის ხელობა შევისწავლე. თითქმის მთელ დედამიწას შემოვუფრინე და, უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა. თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონისაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე.

ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრ სერიოზულ ადამიანს შევხვედრივარ, დიდხანს მიცხოვრია დიდებს შორის და საშუალება მქონდა ძალიან ახლო გავცნობოდი მათ. მაგრამ ამან მაინცდამაინც ვერაფერი შემატა მათ ჩემს თვალში.

როცა ისეთ ადამიანს შევხვდებოდი, რომელიც სხვებზე უფრო ნათელი გონების პატრონი ჩანდა, ჩემს ნახატ ნომერ 1-ს ვუჩვენებდი, რომელიც მუდამ თან მქონდა. მინდოდა, ამ ხერხით გამეგო, ნამდვილად გამჭრიახი იყო იგი თუ არა. მაგრამ ამ ნახატის დანახვაზე ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ - „ქუდიაო“. ამის შემდეგ აღარაფერს ვუყვებოდი მათ მახრჩობელა გველებზე, უსიერ ტყეებსა და ვარსკვლავებზე, მათებურად ვიწყებდი ლაპარაკს და საუბარს ვუბამდი ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა და ჰალსტუხებზე, და ისინიც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასეთი გონიერი ადამიანი გაიცნეს.

II

ასე მარტოდმარტო ვცხოვრობდი და არავისთან შემეძლო გულითადი საუბარი, ვიდრე ერთხელ, ამ ექვსიოდე წლის წინათ, საჰარის უდაბნოში არ მომიხდა იძულებით დაშვება. ჩემი თვითმფრინავის ძრავას რაღად დაუზიანდა და, ვინაიდან არც მექანიკოსი მახლდა და არც მგზავრი მყავდა, გადავწყვიტე, თავად მეცადა დაზიანებული ნაწილის შეკეთება. ამაზე იყო ახლა დამოკიდებული ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე. სასმელი წყლის მარაგი დიდი-დიდი ერთი კვირა თუ მეყოფოდა.

ღამით სილაზე დავიძინე დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილით დაშორებულ უდაბნოში. გემის დაღუპვის შემდეგ შუაგულ ოკეანეში ტივზე შერჩენილი მეზღვაურიც კი არ იქნებოდა ჩემსავით მოწყვეტილი მთელ ქვეყანას. და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სისხამ დილით უცნაურმა წკრიალა ხმამ გამაღვიძა:

- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი!

- რა?

 - ბატკანი დამიხატე!

ელდანაკრავივით წამოვვარდი ზეზე, თვალები მოვიფშვნიტე და ყურადღებით მიმოვიხედე. ჩემს წინ საოცარი ბიჭუნა იდგა და ყურადღებით შემომცქეროდა. აი, მისი ყველაზე უკეთესი პორტრეტი, რომლის დახატვაც შემდეგ შევძელი. ჩემი ნახატი, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება ორიგინალს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. დიდებმა ამიცრუეს ხატვაზე გული, როდესაც ჯერ კიდევ ექვსი წლისა ვიყავი, და მეც ვარაფრის დახატვა ვერ ვისწავლე, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.

გაოცებული მივჩერებოდი ამ მოულოდნელ ზმანებას და თვალებს არ ვუჯერებდი. არ დაგავიწყდეთ, რომ უდაბნოში ვიყავი, მრავალი ათასი მილით დაშორებული ადამიანის სამკვიდრებელს. ბიჭუნა კი არც გზააბნეული ჩანდა, არც დაღლილობით, შიმშილითა და წყურვილით ღონემიხდილი და არც შეშინებული. იგი არაფრით მოგაგონებდათ ბავშვს, რომელსაც გზა აბნევია შუა უდაბნოში, ადამიანთა საკვიდრებლიდან მრავალ ათას მილზე. როგორც კი მოვიკრიბე ძალღონე და შევეკითხე:

- კი მაგრამ... აქ რას აკეთებ?

პასუხად მან ძალიან ნელა და დინჯად გამიმეორა, თითქოს უაღრესად დიდმნიშვნელოვან რამეზე ლაპარაკობსო:

- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი...

როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას. და თუმცა ადამიანებისგან მრავალი ათასი მილით დაშორებულს და სიკვდილის საფრთხეში მყოფს ასეთი საქციელი ძალიან სულელურად მეჩვენებოდა, მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოკალამი. მაგრამ უცებ მომაგონდა, რომ მე გეოგრაფიაში, ისტორიაში, არითმეტიკასა და მართლწერაში უფრო ვიყავი გაწაფული და, ცოტა არ იყოს, მკვახედ ვუთხარი, ხატვა არ ვიცი-მეთქი. მაგრამ ბუჭუნამ მომიგო:

- ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიხატე ბატკანი.

ვინაიდან ბატკანი არასოდეს დამეხატა, დავხატე ის, რაც შემეძლო - ეს იყო მახრჩობელა გველი გარედან, და სახტად დავრჩი, როცა ბიჭუნამ წამოიძახა:

- არა! არა! არ მინდა სპილო, რომელიც მახრჩობელა გველს გადაუყლაპავს. მახრჩობელა გველი ძალიან საშიშია, სპილო კი - ძალიან დიდი. აქ, ჩემთან, ყველაფერი ძალზე პატარაა. მე მხოლოდ ბატკანი მჭირდება. დამიხატე ბატკანი.

და მეც დავუხატე.

იგი გულისყურით დააქცერდა ჩემს ნახატს და მითხრა:

- არა, ამას ძალიან ავადმყოფური იერი აქვს, სხვა დამიხატე.

სხვა დავუხატე.

ჩემმა მეგობარმა წყნარად და მოწყალედ გამიღიმა:

- შენც ხომ ხედავ, რომ ეს ბატკანი არაა. ეს უკვე ყოჩია. რქები აქვს...

ისევ დავუხატე, მაგრამ მან ესეც დამიწუნა.

- ეს ძალიან ბებერია. მე ბატკანი მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს.

უკვე ამევსო მოთმინების ფიალა... ჩემი საქმე მაწუხებდა, ძრავის დაშლას ვეშურებოდი, და კალმის რამდენიმე მოსმით ეს დავუხატე.

თანაც დავძინე:

- აი ყუთი. ბატკანი, რომელსაც შენ მთხოვდი, შიგ არის და ძალიან გავოცდი, როცა დავინახე, როგორ გაუბრწყინდა სახე ჩემს პატარა მსაჯულს.

- სწორედ ის არის, მე რომ მინდოდა! როგორ ფიქრობ, ბევრი ბალახი დასჭირდება?

- რატომ მეკითხები?

- იმიტომ, რომ იქ ჩემთან, ყველაფერი ძალიან პატარაა.

- მისი სამყოფი მაინც იქნება. მე შენ ძალიან პატარა ბატკანი გაჩუქე...

იგი ისევ დააცქერდა ნახატს:

- არც ისე პატარაა... შეხედე! უკვე ჩასძინებია...

ასე გავიცანი პატარა უფლისწული.

III

კარგა ხანი მოვუნდი იმის გაგებას, თუ საიდან მოვიდა იგი ამ უდაბნოში. პატარა უფლისწული კითხვებს კითხვებზე მაყრიდა, ჩემს კითხვებზე კი სიტყვას ბანზე მიგდებდა. შემთხვევით თუ წამოსცდებოდა თითო-ოროლა სიტყვა, რომელთა შემწეობითაც თანდათან აეხადა ფარდა ყველაფერს. ასე მაგალითად, პირველად რომ დაინახა ჩემი თვითმფრინავი (თვითმფრინავს არ დავხატავ, რადგან იგი გაცილებით უფრო ძნელი დასახატია), შემეკითხა:

- რა საგანია ეს?

- ეს საგანი არ არის. ამან ფრენა იცის. ეს თვითმფრინავია, ჩემი თვითმფრინავი.

 და მე თავმომწონედ ვამცნე მას, რომ ფრენა შემეძლო.

- როგორ! შენ ციდან ჩამოვარდი?! - წამოიძახა მან.

- ჰო, - გულიბრყვილოდ მივუგე მე.

- საოცარია...

და პატარა უფლისწულმა ხმამაღლა გადაიკისკისა, რამაც ძალიან მატკინა გული. არ მიყვარს, როცა გასაჭირში მყოფს აგდებულად მექცევიან. შემდეგ კი დასძინა:

- მაშ შენც ციდან მოხვედი! რომელია შენი პლანეტა?

ამ სიტყვებმა უეცრად მოფინა ნათელი მისი აქ მოსვლის საიდუმლოს და საჩქაროთ შევეკითხე:

- შენ სხვა პლანეტიდან ხარ?

პატარა უფლისწულმა პასუხი არ გამცა, თავი წყნარად გაიქნია და მზერა ჩემს თვითმფრინავს მიაპყრო.

- მაგრამ ამით შორიდან ვერ მოხვიდოდი... - მითხრა მას და ოცნებაში ჩაიძირა. კარგა ხანს იდგა გარინდებული. შემდეგ ჯიბიდან ჯიბიდან ბატკანის სურათი ამოიღო და დიდხანს დაჰყურებდა თავის განძს.

ალბათ წარმოიდგენთ, როგორ დამაინტერესა მის მიერ გაკვრით ნახსენებმა „სხვა პლანეტამ“ და გადავწყვიტე უფრო დაწვრილებით შემეტყო პატარა უფლისწულის ცხოვრება.

- საიდან მოხვედი აქ, ჩემო პატარა ბიჭო? რას ნიშნავს „იქ, ჩემთან“? სად უნდა წაიყვანო ჩემი ბატკანი?

იგი ერთ ხანს დუმდა ფიქრებში დანთქმული. შემდეგ კი მომიგო:

- რა კარგია რომ ყუთი მაჩუქე. ღამღამობით სადგომად გამოადგება ჩემს ბატკანს.

- რაღა თქმა უნდა, ჭკვიანად თუ იქნები, თოკსაც გაჩუქებ ბატკნის დასაბმელად და პალოსაც.

ჩემმა სიტყვებმა თითქოს შეაკრთო პატარა უფლისწული.

- დასაბმელად? რა სასაცილო აზრია!

- თუ არ დააბი, დასმე წავა და დაიკარგება...

ჩემმა მეგობარმა კვლავ ხმამაღლა გადაიკისკისა.

- სად წავა?

- სადაც მოისურვებს. ააღერებს თავს და სულ პირდაპირ ივლის...

- ამას მნიშვნელობა არა აქვს. იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერი ძალიან პატარაა! - დინჯად შენიშნა პატარა უფლისწულმა და ნაღვლიანად დაუმატა:

- პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ...

IV

ამრიგად, კიდევ ერთი უაღრესად საყურადღებო რამ შევიტყვე: პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, სახლზე ოდნავ დიდი ყოფილა მხოლოდ. მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია. კარგად ვიცოდი, რომ გარდა ისეთი დიდი პლანეტებისა, როგორიცაა დედამიწა, იუპიტერი, მარსი და ვენერა, რომლებსაც ჩვენ სახელებიც კი შევაქვით, არსებობს მრავალი სხვა პლანეტა, რომელთა შორისაც ზოგი ისეთი პატარაა, რომ მათი დანახვა ტელესკოპითაც კი ჭირს. როცა ასტრონომი ასეთ პლანეტად აღმოაჩენს, იგი მას სახელის ნაცვლად ნომრით აღნიშნავს. მაგალითად, „ასტეროიდი 3251“.

მე სერიოზული საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, ასტეროიდი ბ612 უნდა ყოფილიყო. ეს ასტეროიდი მხოლოდ ერთხელ, 1909 წელს შენიშნა ტელესკოპით ერთმა თურქმა ასტრონომმა. ამ აღმოჩენის შესახებ მან ვეებერთელა მოხსენება წარუდგინა საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესს. მაგრამ, რადგან ასტრონომს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა, არავინ დაუჯერა. ასეთი უცნაური ხალხია ეს დიდები!

მაგრამ ასტეროიდ ბ612-ს უნდა უმადლოდნენ, რომ თურქეთის დიქტატორმა ბრძანება გასცა, ყველა მის ქვეშევრდომს ევროპულად ჩაეცვა, და ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, სიკვდილით დასჯა ელოდა. 1920 წელს, ამჯერად უკვე ევროპულ კოსტუმში დიდებულად გამოწყობილმა ატრონომმა ხელმეორედ მოახსენა კონგრესს თავისი აღმოჩენა. და ახლა უკვე ყველამ აღიარა მისი აღმოჩენა.

    

ამ ასტეროიდის ამბავი ასე დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით და მისი ნომერიც იმიტომ აღვნიშნე, რომ დიდებს გაეგოთ ჩემი ნათქვამი. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო“, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!

და სწორედ ასევე, თუ მათ ეტყვით: „იყო ერთი პატარა უფლისწული, და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ იგი მშვენიერი იყო, იცინოდა და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ბატკანი, ხოლო ვისაც სურს ჰყავდეს ბატკანი, რა თქმა უნდა, არსებობს კიდეც“. ამ სიტყვებზე ისინი მხრებს აიჩეჩავენ და ბავშვად ჩაგთვლიან. მაგრამ თუ ეტყვით, რომ პლანეტას, საიდანაც იგი მოვიდა, ასტეროიდი ბ612 ჰქვია, ეს მათ სავსებით დაარწმუნებს და მეტი შეკითხვით აღარ შეგაწუხებენ. რა გაეწყობა, ასეთი ხალხია დიდები. ნუ გავუბრაზდებით მათ. ბავშვებს დიდი მოთმინება მართებთ დიდების მიმართ.

მაგრამ ჩვენთვის, ვისაც გვესმის ცხოვრების აზრი, მნიშვნელობა არა აქვს ციფრებს. მე მერჩივნა, ამ ამბის თხრობა ზღაპარივით დამეწყო:

„ოდესღაც, უხსოვარ დროში, ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული. იგი ცხოვრობდა ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა მეგობარი...“ და ის, ვისაც ესმის ცხოვრების ავკარგი, გაცილებით უკვეთ მიხვდება ჩემი მოთხრობის აზრს.

არ მინდა უგულოდ წაიკითხოს ვინმემ ჩემი წიგნი. ძალიან მიმძიმს ამ მოგონების გადმოცემა. უკვე ექვსმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც პატარა უფლისწულმა მიმატოვა და თან წაიყვანა თავისი ბატკანი. და თუ ახლა ვცდილობ დაგიხატოთ იგი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამავიწყდეს. მეგობრის დავიწყება ძალიან ცუდია. ყველას არა ჰყავს მეგობარი და თუ მე იგი დავივიწყე, მაშინ იმ დიდებს დავემგვანები, რომლებსაც ციფრების გარდა აღარაფერი აინტერესებთ.

ამიტომ ვიყიდე ისევ საღებავების ყუთი და ფერადი ფანქრები. ჩემს ასაკში არც ისე ადვილია ხელახლა მოჰკიდო კაცმა ხატვას ხელი, მით უმეტეს, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე მახრჩობელა გველის გარდა არაფერი დაგიხატავს და ისიც მაშინ, როცა ექვსი წლისა იყავი. ცხადია, რაც შემიძლია ვეცდები კარგად გადმოგცეთ მისი სახე. მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ შევძლებ. ზოგ ნახატს არა უშავს, ზოგი კი სრულებით არა ჰგავს. ცოტათი სიმაღლეშიც ვცდები: ზოგან უფლისწული ძალიან მაღალი გამომივიდა, ზოგან კი - ძალიან დაბალი. არც ის მახსოვს კარგად, რა ფერის ტანსაცმელი ეცვა. მაგრამ მე ძალღონეს არ ვიშურებ და, მთელი მონდომებით ვხატავ. ცხადია, უფრო საყურადღებო დეტალების გადმოცემაშიც შეიძლება შევცდე. მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იქნება. ჩემი მეგობარი არასოდეს არაფერს არ მიხსნიდა, ალბათ მასავით გულთმისანი ვეგონე. მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, მე არ ძალმიძს მასავით დავინახო ყუთში დამწყვდეული ბატკანი. შესაძლოა ცოტათი დიდებს ვგავარ. ალბათ დავბერდი.

V

ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდი უფლისწულის პლანეტაზე, იმაზე, თუ როგორ დატოვა მან იგი, ანდა, როგორ იმოგზაურა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიყვებოდა პატარა უფლისწული თავის ამბებს, როცა შემთხვევით სიტყვა მოიტანდა. ასე შევიტყვე მესამე დღეს ბაობაბების მიერ გამოწვეული უბედურების ამბავი.

და ამასაც ბატკანს უნდა ვუმადლოდე. უეცრად, თითქოს რაღაცამ დააეჭვაო, პატარა უფლისწული შემეკითხა:

- ხომ მართალია, რომ ბატკანი პატარა ბუჩქებს ჭამს?

- სრული სიმართლეა.

- როგორ მიხარია!

ვერ მივხვდი, რატომ უნდა ყოფილიყო ასე მნიშვნელოვანი ის, რომ ბატკანი ბუჩქებს ჭამს. მაგრამ პატარა უფლისწულმა დასძინა:

- რაკი ეგრეა, ბაობაბსაც რომ შეჭამს?

მე ავუხსენი, რომ ბაობაბი ბუჩქი კი არა, ტაძრის ოდენა ხეა და, სპილოების მთელი ჯოგიც რომ დაასიო, ვერაფერს დააკლებს-მეთქი.

სპილოების ხსენებაზე პატარა უფლისწულს გაეცინა:

- ოღონდ სპილოები ერთმანეთის ზურგზე უნდა შეგვესვა...

შემდეგ კი დინჯად განმიმარტა:

- სანამ ბაობაბი ასეთი დიდი გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა.

- მართალია, მაგრამ რატომ გინდა, რომ შენმა ბატკანმა პატარა ბაობაბები შეჭამოს?

- როგორ თუ რატომ! - ისე მომიგო მან, თითქოს ეს ამბავი თავისთავად ცხადი ყოფილიყოს. მე კი თავისმტვრევა დამჭირდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად.

და მართლაც, როგორც შევიტყვე, პატარა უფლისწულის პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პლენეტაზე, კარგი მცენარეებიც ხარობს და ცუდიც. კარგ მცენარეს კარგი თესლი გამოაქვს, ცუდს კი - ცუდი, მაგრამ თესლი უხილავია. მას მშვიდად სძინავს მიწის იდუმალ წიაღში, სანამ გამოღვიძებას არ მოისურვებს. და აი - პატარა თესლი თვალებს მოიფშვნეტს, გაიზმორებს და გაუბედავად აღმართავს მზისკენ მშვენიერ, უწყინარ, პატარა ყლორტს. თუ ეს ბოლოკის ან ვარდის ყლორტია, დე იხაროს, სადაც მოესურვება. მაგრამ თუ იგი ცუდი მცენარეა. მაშინვე უნდა ამოიძირკვოს. პატარა უფლისწული პლანეტაზე თურმე ბაობაბების საშინელი თესლი გაჩენილა... ეს თესლი მთელი პლანეტის ნიადაგს მოსდებია. ბაობაბი კი ისეთი მცენარეა, რომ დროზე თუ არ მიხედე, მერე ვეღარ მოიცილებ. მთელ პლანეტას მოედება, ღრმად გაიდგამს ფესვებს და თუ პლანეტა ძალიან პატარაა, ბაობაბი კი ბევრი, მათ შეუძლიათ ნაფლეთებად აქციონ იგი!

- მთავარია დისციპლინა, - მითხრა პატარა უფლისწულმა, - როგორც კი დილით ხელ-პირს დაიბან, გულმოდგინედ უნდა შეუდგე შენი პლანეტის დასუფთავებას. როგორც კი შეამჩნევ ბაობაბის ახლადამოწვერილ ყლორტებს და მიხვდები, რომ ეს ბაობაბია და არა ვარდის ბუჩქი, რომელსაც იგი თავდაპირველად ძალიან ჰგავს, ხელადვე უნდა ამოძირკვო. ეს ძალიან მოსაბეზრებელი საქმეა, მაგრამ ძალიან ადვილიც.

ერთხელ პატარა უფლისწულმა მირჩია კარგად დამეხატა ბაობაბი, რომ ჩვენი ქვეყნის ბავშვებს უკეთ გაეგოთ ყველაფერი.

„თუ ოდესმე იმოგზაურებენ - მითხრა მან, - გამოადგებათ. ზოგიერთი სამუშაოს სახვალიოდ გადადებას ზიანი არ მოაქვს, მაგრამ როცა საქმე ბაობაბს ეხება, დაყოვნება დამღუპველია. მე ერთი პლანეტა ვიცოდი, სადაც ზარმაცი კაცი ცხოვრობდა. მან დროზე ვერ შენიშნა სამი პატარა ბუჩქი და...“

პატარა უფლისწულის მონაყოლის მიხედვით მე დავხატე ის პლანეტა. ძალიან არ მიყვარს მორალისტის ტონით ლაპარაკი, მაგრამ რადგან ბევრმა არ იცის, რა საფრთხე მოელის ადამიანს, თუ იგი ასტეროიდზე მოხვდა, გადავწყვიტე დავარღვიო ჩემი ჩვეულება და ვამბობ: „ბავშვებო! უფრთხილდით ბაობაბს!“ მინდა ჩემს მეგობრებს დავანახო ის საფრთხე, რომელიც მათ დიდი ხანია ემუქრება და ვერ ხედავენ, ისევე როგორც მე ვერ ვხედავდი. ამიტომ ვიშრომე ამდენი ამ სურათზე და არც ვნანობ. იქნებ მკითხოთ, რატომ არ არის ამ წიგნში სხვა ისეთი დიდი ნახატი, როგორიც ამ ბაობაბების სურათია. პასუხი მარტივია: ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ხოლო როცა ბაობაბებს ვხატავდი, შეგნებული მქონდა, რომ ამ სურათის დახატვა აუცილებელი იყო და ეს შეგნება მაძლევდა ძალას.

VI

ო, პატარა უფლისწულო. მე თანდათან შევიტყვე შენი სევდიანი ცხოვრების ამბავი. დიდი ხნის განმავლობაში შენი ერთადერთი გასართობი ჩამავალი მზის ცქერა ყოფილა. ეს ახალი აბავი ჩვენი გაცნობის მეოთხე დღეს შევიტყვე, როცა მითხარი:

- ძალიან მიყვარს მზის ჩასვლა: წამოდი, ვუცქიროთ.

- კი მაგრამ, საჭიროა დავიცადოთ...

- რას უნდა დავუცადოთ?

- მზის ჩასვლას.

თავდაპირველად ჩემმა ნათქვამმა ძალიან გაგაოცა, შემდეგ კი ჩაგეცინა და მითხარი:

- მუდამ შინ მგონია თავი!

და, მართლაც ყველამ იცის რომ, როცა ამერიკაში შუადღეა, საფრანგეთში მზე უკვე ჩადის. და თუ შეძლებ ერთ წუთში ჩახვიდე საფრანგეთში, მოუსწრებ მზის ჩასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, საფრანგეთი ძალიან შორსაა. შენთვის კი, შენს პატარა პლანეტაზე, საკმარისი იყო რამდენიმე ნაბიჯზე გადაგედგა სკამი და, როცა მოისურვებდი, მაშინ დაგენახა დაისი...

- ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას!

და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინე:

- როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს...

- მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?

პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა.

VII

მეხუთე დღეს, ამჯერადაც ბატკნის წყალობით, ფარდა აეხადა პატარა უფლისწული ცხოვრების საიდუმლოს. უეცრად, თითქოს ამ კითხვამდე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიდაო, შემეკითხა:

- თუ ბატკანი ბუჩქებს ჭამს, ყვავილიც ხომ შეიძლება შეჭამოს?

- ბატკანი, - მივუგე მე, - ყველაფერს ჭამს, რასაც კი მისწვდება.

- ეკლიან ყვავილებსაც?

- ელიანსაც.

- მაშ, ეკალი რაღა საჭიროა?

ეს კი აღარ ვიცოდი. იმ წუთს საქმით ვიყავი გართული. ძრავაზე ერთი ჭანჭიკი ძალზე მოჭერილი იყო და მის მოშვებას ვცდილობდი. შეშფოთებული ვიყავი, - ვხედავდი, რომ ჩემი თვითმფრინავი სერიოზულად იყო დაზიანებული, სასმელი წყალი კი უკვე მელეოდა, რაც კარგს არაფერს მიქადდა.

- რაღა საჭიროა ეკალი?

თუკი პატარა უფლისწული რაიმეს შეგეკითხებოდა, აღარ დაგეხსნებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა. იმ ჭანჭიკს კი მოთმინებიდან გამოვყავდი და რაც ენაზე მომადგა, ის მივუგე.

- არაფრისთვის არ არის საჭირო. ყვავილები მხოლოდ სიავით ისხამენ ეკლებს!

- ოჰ!

წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი პატარა უფლისწულმა, ცოტა არ იყოს, მკვახედ მომახალა:

- არა მჯერა! ყვავილი სუსტი და გულიბრყვილო არსებაა და რაც შეუძლია იმაგრებს გულს. მას ჰგონია, რომ თავისი ეკლებით თავზარს სცემს მტერს.

მე არაფერი ვუპასუხე, რადგან ჩემი დარდი მაწუხებდა: „თუ ეს ჭანჭიკი ახლაც ვერ მოვუშვი, - ვფიქრობდი გულში,  - ამ ჩაქუჩით დავლეწავ-მეთქი“.

მაგრამ ფიქრები კვლავ პატარა უფლისწულმა გამაწყვეტინა:

- და შენ ნამდვილად გგონია, რომ ყვავილი...

- არა! არა! მე არაფერი არა მგონია. მე მხოლოდ ისა ვთქვი, რაც ენაზე მომადგა. ხომ ხედავ, როგორი სერიოზული საქმე მაქვს!

მან გაოცებით შემომხედა:

- სერიოზული საქმე?

იგი დაკვირვებით შემომცქეროდა მანქანის ზეთით გათხუპნულს, რაღაც საგანზე რომ ვიყავი დახრილი, რომელივ მის თვალში ალბათ ძალიან უშნო იყო.

- შენ დიდებივით ლაპარაკობ! - თქვა მან.

ცოტა არ იყოს, შემრცხვა. იგი კი შეუბრალებლად განაგრძობდა.

- ყველაფერი გეშლება... ყველაფერს ერთმანეთში ურევს!

იგი მართლაც ძალიან იყო აღშფოთებული. თავი გაიქნია და ქარმა ოქროსფერი კულულები აუშალა.

- მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისათვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, და ამპარტავნად იბღინძება. მაგრამ იგი კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!

- რა არის?

- სოკო!

პატარა უფლისწული მთლად გაფითრდა მრისხანებისაგან.

- მილიონი წლებია ყვავილები ეკლებს ისხამენ, მილიონი წლებია ბატკნები ყვავილებს მაინც ჭამენ. ნუთუ სერიოზული საქმე არ არის იმის გაგება, რატომ შრომობენ ყვავილები ეკლების გამოსასხმელად, რომლებიც მათ არაფრად არგიათ. ნუთუ არაფერია ის, რომ ბატკნები და ყვავილები ერთმანეთს მტრობენ? განა ეს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე იმ ჩასუქებული წითელი ვაჟბატონის არითმეტიკა? თუ მე ქვეყნად ერთადერთი ყვავილი მეგულება, რომელიც მხოლოდ ჩემს პლანეტაზე ხარობს, და თუ პატარა ბატკანს ერთ მშვენიერ დღეს შეუძლია მოსპოს იგი, ისე რომ არც კი იცოდეს რას აკეთებს, განა ეს მნიშვნელოვანი არ არის?

პატარა უფლისწულს სახე წამოუფაკლდა.

- თუ ადამიანს უყვარს ყვავილი, რომლის მაგვარი არცერთ ვარსკვლავზე არ მოიძებნება, ეს საკმარისია, რომ იგი ბედნიერი იყოს ამ ვარსკვლავის დანახვაზე. „იქ, სადღაც, ჩემი ყვავილი ხარობს...“ - ფიქრობს იგი. მაგრამ თუ ყვავილი ბატკანმა შეჭამა, მისთვის ყველა ვარსკვლავი ჩაქრება ცაზე! და ეს მნიშვნელოვანი არ არის?

მან მეტი ვერაფერი თქვა და უეცრად აქვითინდა. ბინდი ჩამოწვა. მე დავყარე ჩემი იარაღები. რა ფასი ჰქონდა ახლა ჩემს ჩაქუჩს, ჭანჭიკს, წყურვილს ან სიკვდილს, როცა ერთადერთ ვარსკვლავზე, ერთ პლანეტაზე, ჩემს პლანეტაზე - დედამიწაზე - პატარა უფლისწულს ნუგეში სჭირდებოდა! მე ხელში ავიყვანე იგი და დავარწიე. თან ვარწმუნებდი: „ყვავილს, რომელიც შენ გიყვარს, არ ელის საფრთხე... მე დაგიხატავ პირსაკრავს ბატკნისათვის... მე დაგიხატავ ჯავშანს ყვავილისათვის... მე...“ აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, როგორ ჩავწვდომოდი მის სულს, როგორ ამოვდგომოდი მხარში... ცრემლების ქვეყანა ხომ ისეთი იდუმალებით მოცული სამყაროა.

VIII

მალე შემთხვევა მომეცა უფრო ახლოს გამეცნო ეს ყვავილი. პატარა უფლისწულის პლანეტაზე ყოველთვის ხარობდნენ უბრალო ყვავილები, რომლებსაც ფურცლები მხოლოდ ერთ წყებად ჰქონდათ, ძალიან მცირე ადგილი ეკავათ და არავის აწუხებდნენ თავიანთი არსებობით. დილით ისინი მორცხვად გამოიხედავდნენ ბალახებიდან და იმავე საღამოს ქრებოდნენ. ერთ დილას კი თესლიდან, რომელიც არავინ იცის, საიდან გაჩნდა პატარა უფლისწულის პლანეტაზე, მოულოდნელად ახალი ყლორტი ამოიზარდა. პატარა უფლისწული ყურადღებით დააცქერდა ახალ მორჩს, რომელიც მისი პლანეტის არცერთი სხვა მცენარის ღეროს არ ჰგავდა. ხომ შეიძლებოდა, რომ იგი ბაობაბის ახალი ჯიში ყოფილიყო? მაგრამ ბუჩქმა მალე შეწყვიტა ზრდა და კოკორი გამოიღო. პატარა უფლისწულმა, რომელსაც არასოდეს ენახა ასეთი კოკორი, მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო. ყვავილს კი ჯერ არ დაემთავრებია მორთვა-მოკაზმვა თავის მწვანე სანთიობოში. იგი გულდასმით ირჩევდა ფერებს და ნელ-ნელა იმოსებოდა საგანგებოდ შერჩეული ნაირ-ნაირი ფურცლებით. მას არ სურდა ულაზათოდ მოსულიყო ამქვეყნად, როგორც ეს მინდვრის ყაყაჩოებს სჩვევიათ ხოლმე. სურდა ყველასათვის მოეჭრა თვალი თავისი სინატიფით. იგი დიდი კეკლუცი არსება იყო! მისი საიდუმლო სამზადისი კარგა ხანს გრძელდებოდა. და აი ერთ დილას, ამოვიდა თუ არა მზე, იგი გაიფურჩქნა.

და, თითქოს ასე გულმოდგინედ არ ემზადებოდაო, დაამთქნარა და წარმოთქვა:

- ოჰ! ძლივს არ გავიღვიძე... გთხოვთ მომიტევოთ.... ჯერ დავარცხნილიც არა ვარ.

პატარა უფლისწულმა ვერ დაფარა თავისი აღტაცება:

- რა მშვენიერი ხართ!

- მართლა? - ნაზად მიუგო ყვავილმა. - მე ხომ მზესთან ერთად დავიბადე.

პატარა უფლისწული, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ იგი მაინცა და მაინც კდემამოსილი არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, მომხიბვლელი რამ იყო!

- მგონი საუზმის დროა, - დასძინა ცოტა ხნის შემდეგ ყვავილმა. - იქნებ გაისარჯოთ და იზრუნოთ ჩემზე...

პატარა უფლისწული ძალიან შეცბუნდა, მერე სარწყული მოიტანა და ყვავილი წყლით მორწყო.

მალე ყვავილმა თავისი ცუდმედიდობით და ჭირვეულობით მთლად გააწამა საბრალო უფლისწული. ერთხელ, თავის ოთხად ოთხ ეკალზე რომ ლაპარაკობდა, უფლისწულს უთხრა:

- მობრძანდნენ ერთი ის ვეფხვები, ბრჭყალებს რომ უქებენ.

- ჩემს პლანეტაზე ვეფხვები არ არიან, - განუმარტა პატარა უფლისწულმა, - და, ასეც რომ იყოს, ვეფხვები ბალახს არ ჭამენ.

- მე ბალახი არა ვარ, - შენიშნა განაწყენებულმა ყვავილმა.

- მომიტევეთ...

- ვეფხვები ვერ შემაშინებენ, მაგრამ ორპირი ქარისა კი ძალიან მეშინია. თეჯირი ხომ არა გაქვთ?

„ორპირი ქარის შიში უბედურებაა მცენარისათვის, - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, - ეს ყვავილი ძალიან მგრძნობიარე ყოფილა...“

რომ მოსაღამოვდება, სარქველი დამახურეთ. აქ, თქვენთან ძალიან ცივა. ძალიან მოუწყობელია აქაურობა. იქ, საიდანაც მე მოვედი...

და უცებ ხმა გაკმინდა. იგი ხომ პატარა თესლის სახით მოვიდა ამ პლანეტაზე და არ შეეძლო რამე სცოდნოდა სხვა ქვეყნებზე. ასეთი მტკნარი სიცრუე რომ წამოსცდა, დარცხვენილმა ორჯერ ჩაახველა, რომ პატარა უფლისწულისთვის მისი დანაშაული ეგრძნობინებინა.

- თეჯირი სადაა?..

- მის მოსატანად ვაპირებდი წავსლას, მაგრამ თქვენ მელაპარაკებოდით!

მაშინ ყვავილმა უფრო ძლიერი ხველა ატეხა, რომ პატარა უფლისწულს სინდისის ქენჯნა ეგრძნო.

თუმცა პატარა უფლისწული თავს ევლებოდა თავის სატრფოს, მაგრამ მალე შეერყა მისდამი რწმენა. იგი გულდასმით უსმენდა მის უმართებულო სიტყვებს და ძალიან უბედურად თვლიდა თავს.

„არ უნდა დამეგდო მისთვის ყური, - გამანდო ერთხელ, - არასოდეს არ უნდა მოუსმინო ყვავილებს. მარტო მათი ქცერით და სურნელებით უნდა დატკბე. ჩემმს ყვავილმა მთელ ჩემს პლანეტაზე მოჰფინა სურნელება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დავმტკბარიყავი ამით. ვეფხვებისა და ბრჭყალების ამბებს არ უნდა გავებრაზებინე, უფრო მეტად უნდა შემბრალებოდა იგი...“

და მერე დასძინა:

- მაშინ არაფერი გამეგებოდა! მისი საქციელისათვის უნდა მიმექცია ყურადღება და არა მისი სიტყვებისათვის. იგი მე სურნელებას მაკმევდა და ცხოვრებას მინათებდა. არ უნდა გამოვქცეოდი! მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა. ყვავილი ხომ ისეთი ცვალებადია! მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სიყვარულის არა გამეგებოდა რა.

IX

თავისი პლანეტიდან გაქცევისას იგი ალბათ გარეულ ფრინველთა გუნდს შეუერთდა. იმ დილას მან საგულდაგულოდ დაალაგა თავისი პლანეტა: გულმოდგინედ ამოწმინდა მოქმედი ვულკანები. მას ორი მოქმედი ვულკანი ჰქონდა. ამ ვულკანების ცეცხლზე იმზადებდა დილით საუზმეს. უფლისწულის პლანეტაზე ერთი ჩამქრალი ვულკანიც იყო, რომელიც ყოველი შემთხვევისათვის ასევე გულდასმით ამოწმინდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, „არავინ იცის, რა მოხდება“. თუ ვულკანი კარგადა გაქვს გაწმენდილი, მისი ცეცხლი თანაბრად ანთია და არასოდეს ამოიფრქვევა. ვულკანის ამოფრქვევა ხომ გაუწმენდავი ღუმელის მილში გაჩენილ ხანძარსა ჰგავს. დედამიწის მკვიდრნი, ძალიან პატარები ვართ და ძალგვიძს ამოვწმინდოთ ჩვენი ვულკანები. ამიტომაა, რომ მათ ამდენი უსიამოვნება მოაქვთ ჩვენთვის.

მართალია, გამგზავრების წინ ძალიან დანაღვლიანებული იყო, მაგრამ მაინც ამოძირკვა ახლადამოწვერილი ბაობაბის ფესვები. მას ეგონა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და ეს ჩვეულებრივი სამუშაო განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრიდა იმ დილით. როდესაც უკანასკნელად მორწყო ყვავილი და სარქველი უნდა დაეხურა, თვალები ცრემლით აევსო.

- მშვიდობით, - უთხრა ყვავილს.

მაგრამ ყვავილმა ხმა არ გასცა.

- მშვიდობით, - გაუმეორა პატარა უფლისწულმა.

ყვავილმა დაახველა. მაგრამ ეს გაციების ბრალი არ იყო.

- სულელი ვიყავი, - თქვა ყვავილმა ბოლოს, - მომიტევე და ეცადე ბედნიერება ჰპოვო.

პატარა უფლისწული გააოცა იმან, რომ ყვავილს საყვედური არ უთქვამს. იგი ადგილზე გაქვავდა, შეცბუნებული და დაბნეული. ვერ გაეგო ამ უჩვეულო სინაზის მიზეზი.

- დიახ, მიყვარხარ, - განაგრძო ყვავილმა - ჩემი ბრალია, რომ ეს არ იცოდი. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. შენც ჩემსავით სულელი იყავი. გისურვებ ბედნიერებას... ეს მინის სარქველი კი გადააგდე, ახლა იგი აღარ მჭირდება.

- კი მაგრამ, ქარი...

- მე ისე გაციებული ვარ... ღამის სიგრილე მარგებს კიდეც. მე ხომ ყვავილი ვარ.

მაგრამ ნადირებმა რომ...

- თუ პეპლების გაცნობა გსურს, ორი ან სამი მუხლუხოს ატანაც უნდა შესძლო. პეპლები ალბათ, ძალიან ლამაზები არიან. მათ გარდა სხვა ვინღა მომაკითხავს? შენ ხომ შორს იქნები. მეც ხომ მაქვს ბრჭყალები. - და მან თავისი ოთხი ეკალი დაანახა პატარა უფლისწულს.

- ნუღა აყოვნებ, - დასძინა მან, - ეს აუტანელია! რაკი წასვლა გადაწყვიტე, წადი.

მას არ უნდოდა, რომ პატარა უფლისწულს მისი ცრემლები დაენახა. იგი ძალიან ამაყი ყვავილი იყო.

(გაგრძელება)