გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წ. სოფელ სვირში (ზესტაფონის რაონი). 1895 წ. 15 წლისა
შევიდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. სემინარია დაამთავრა 1901 წ. და იურიევის
(ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1901 წ. დეკემბერში
გერმანიაში წავიდა. იქ ლაიფციგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 1907 წ. პარიზში გაემგზავრა,
შემდეგ ისევ იურიევის უნივერსიტეტში დაბრუნდა, ხოლო აქედან ყაზანის უნივერსიტეტში
გადავიდა. 1914 წ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო საქართველოში გამოემგზავრა.
გრიგოლ რობაქიძე არის ქართული მოდერნისტული მწერლობის წინამძღოლი, კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს მწერალთა კავშირი. აქტიურად თანამშრომლობდა პრესაში. თეატრებში იდგმებოდა მისი პიესები. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში შექმნა ისეთი მნიშნვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა: „გველის პერანგი“, „მალშტრემ“, „ლამარა“, „ლონდა“.
1931 წლიდან გრიგოლ რობაქიძე უცხოეთში - გერმანიაშია. იგი გაერიდა მისთვის საძულველ კომუნისტურ რეჟიმს. 1945 წ. იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად გერმანიიდან შვეიცარიაში გახიზნულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 82 წლის ასაკში 1962 წ. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
გ. რობაქიძეს უცხოეთში აქვს დაწერილი არაერთი ნაწარმოები (ბევრი მათგანი გერმანულ ენაზე): „მეგი“, „ჩაკლული სული“, „ისრაელი, როგორც საიდუმლო და ბედისწერა“, „ფრიდრიხ ნიცშე“, „ქალღმერთის ძახილი“, „გრაალის მცველნი“, „დემონი და მითოსი“. ესეები: „ვინსენტ ვან გოგი“, „ატომის გახლეჩა“, „ტექნე და მითოსი“, „თომას მანის „დოქტორ ფაუსტუსი“.