გრიგოლ რობაქიძე

გველის პერანგი

ქარავანი

ხანდახან უდაბნოში ხმა გაისმის.
სიტყვა ბედუინის.

უდი -

არაბული ცხენის გული ექვსს კილოს იწონის.

ამ გულის ფეთქვას რა შეედრება?!

არჩიბალდ მეკეშიც ასე ფიქრობს.

ნაშუადღევმა უცხო ფიქრები იცის: ნამეტურ უეცარ გაღვიძების წამს.

მეკეში თვლემს: როგორც მეწამული ალხი ირანის ტაშირზე რომ არის ეხლა დაღვლეფილი.

ოლგა გუშინ საღამოს პეტერბურგს გაემგზავრა. ომში დაჭრილ ძმის სისხლმა მოუხმო დეპეშით.

ყაზვინის მიდამოებში სიცარიელეა.

არჩიბალდ მეკეშის ცალიერება მიაგავს სათავეგადაგდებულ წისქვილს.

ტაბა ტაბაჲ თეჲრანიდან ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.

ვამეხ საქართველოშია.

ოლგა - მენადას გული - გადაფრინდა.

არა: არჩიბალდ მეკეშის გულისცემა შეედრება არაბულ ცხენის გულის ფეთქვას.

გული საგულეს ვერ ეტევა. ვაჟი ოთახში ვერ ეტევა.

გადის გარეთ. მიდის უმიზნოდ. ცქერა - უსაგნო.

მიადგა „წითელი ჯვარის“ საავტომობილო ნაწილს.

აქ ესვენა საცოდავი მანიაკი თუ ვიზიონერი სარგის.

აქ ნახა უკანასკნელად ირანის ჯეირანი - ირაჰშანდა.

ხმელი კუნელა ძლოკვივით იკლაკნება ფიქრებში: საზარი კეთროვანი მის ტოტზე ჩამოხრჩობილი გადმოკაკლულ თვალებით სამყაროს შუაგულში გამყურე. ვინ შესძლებს - გვერდი აუაროს ამ თვალებს?! ვის თვალებს შეუძლიათ ამ თვალების ჩარჩენილ კვალის ამოშლა?! კუნელა იკლაკნება ძლოკვივით.

არჩიბალდ მეკეში განზე იხედება:

ისევ ის კაცი: განმარტოებით რომაა ყოველთვის.

50 წლის ჟღალწვერიანი პროფილით: სემიტის ბუში. თვალები მიმქრალი. ცქერა: თითქო დაკარგული - ასე იფერფლება ხოლმე ნაკვესი აბედი ჭაობში გადაგდებული.

შეკითხვაზე ერთს სიტყვას თუ იტყვის. თვითონ არავის შეეკითხება. საერთო ბაასის დროს გვერდზე დგას და ცალყურს თუ ათხოვებს წარმოთქმულ სიტყვას.

გული არ მოდის არაოდეს. ღამობით ადრე წვება. სძინავს ცოტა. ალიონზე ღუღუნობს: თითქო სიმღერას მღერის - მხოლოდ გულში. მოთენთილია მუდამ: ნაბიჯაუჩქარები.

ხანდახან თავის თავს ელაპარაკება.

ნეტავ თუ იცინის?! დამხჩვალ ღიმილისათვის თუ მოუკრავთ ხანდახან თვალი. უტირნია ოდესმე?! არავინ იცის.

ან მეგობარი თუ ჰყავს?! ან სატრფო?! ან ცოლი?! ან შვილი?! ან მამა?! ან დედა?!

გამოუცნობია:

დაბეჟილი მელანქოლია...

არჩიბალდ მეკეში იქვემდგომ ქართველ ჯარისკაცს ეკითხება:

- ის კაცი ვინ არის?!

- უდი..

- უდი ვიღაა?!

- პატარ ხალხი..

- რა ჯიშისაა?!

- არ ვიცი..

- სად ცხოვრობენ?!

- საქართველოში.. ცოტაც - სომხეთშიც..

- ბევრნი არიან?!

- ოთხი სოფელი თუ იქნება..

- სულ: მხოლოდ ოთხი?!

ჯარისკაცი ეხლა უდისკენ გაიწევს:

- კობა!

კობა განზე იყურება დაკარგული მზერით.

- კობა!.

 

* * *

ბუზი ბზუის. ფოთოლი ირხევა.

ირანის ტაშირი გასუდრულია: პანი თუ იბადება.

 

* * *

ამაღამ სახლიდან გაიპარება საწყალი ირაჰშანდა.

ერთი ბუღა ეგულება. იქ წაიღებს ტანს: ტანს განძრევა უნდა. იქ გაახელს თვალებს: ცრემლებს გადმოშვება უნდა. იქ დაიჭერს პატარა ჩიტს: გულს მოფერება უნდა.

ბაღში ვიღაც დაიწყებს სიმღერას.

ირაჰშანდა ყურს დაუგდებს.

ეს სიმღერაა არაა. ეს ტირილია. სლოკინი. ოხვრა.

ნეტა ყოველი გული ასე მღერის?!

ვის უძახის?! ვის უხმობს?!

გადახვეწილი თუ არის ვინმე.. მაგრამ - დაბრუნდება?! ეგების არ დაბრუნდეს თუ ვერ დაბრუნდეს..

ირაჰშანდას თვალები დაინისლებიან.

გულს დაუბრუნდება თავისას. ვინაა ეს გული?! ეგებ ისაა - ბაღში რომ იღვრება სისხლით?! აქაც კვნესა. აქაც ოხვრა. აქაც სლოკინი. რად იღვრება სისხლი?! რაღაც დაჰკარგა?! აღარ შეიძლება დაბრუნება!? აღარც ნახვა!? არაოდეს!?

ირაჰშანდას ხელი აუკანკალდება.

პატარა ჩიტი ხელიდან გაუვარდება.

ირაჰშანდა ჩიტს დახედავს:

რად არ კვდება გული!? რად ფართქალობს ასე დასისხლული?! სურს - „იმ“ გულის ფეთქვა გაიგონოს!? ოდესმე მაინც!. რომ ვეღარ გაიგონოს!? სიცარიელე იშმუშნება.

ირაჰშანდას გული წაუვა. დაეცემა.

გულს ბაღში მომღერალი დაიჭერს და აამღერებს -

თუ აატირებს?!

ირანის პლატო დამწუხრებულია.

 

* * *

ქალაქის დასავლეთ ბჭედან ქუჩაა. მარცხნით - ბჭიდან ახლო - მეკეშის ბინა. ნახევარი ვერსის მანძილზე მეორე ქუჩა შემოეჭრება მარჯვნით. იხაზება სამკუთხე.

ამ სამკუთხეში მოქცეულია „წითელი ჯვარის“ საავტომობილო ნაწილი. აქ ასვენია სარგისის ცხედარი კუბოში.

ვამეხ სიტყვას ასრულებს.

არჩიბალდ გამოცებულია. თვალს ადევნებს ვამეხს. ჭირისუფალია ნამდვილი. ის არის მიცვალებულისათვის: მამა - დედა - დაჰ - ძმა. დარბის იქითაქეთ ქუდმოხდილი. არის ათასი წვრიმალი: საშინელი წვრიმალი. უფრო მძაფრი სიკვდილის არეში. კუბო. ნებართვა. ავტომობილი. მოწყობა. მისვლა. მოსვლა. ფული. ყველაფერს ვამეხ აკეთებს.

კუბოს სდებენ საბარგო ავტომობილში.

ხალხი შეკრებილია. აქ არიან: ქართველები - ყველა. თანვე: მეკეში და ტაბა ტაბაჲ. მათთან - ოლგა.

აქაიქ სპარსული სახეებიც მოსჩანან.

სპარსი ქალები პირაფარებულნი შორიდან იცქირებიან.

მათ შორის ერთია - ყველაზე მაღალი.

განზე დგას. ტანზე - შავი მოსასხამი. თავზე - ზაფრანისფერი მანდილი. სახეზე - თეთრი რიდე. რიდეზე - ორი ნახვრეტი თვალებისთვის. ელვარება დანისლულ ზურმუხტების: ყორნის ფრთებში დამუქულ ზურმუხტების.

ქალი დგას უძრავად. განზე.

ავტომობილი მზადაა.

ვამეხ შოფერის გვერდით ჯდება.

სახე მწუხარე აქვს. მაგრამ არა მტირალი.

მხნედ არის. თვალს ავლებს შეკრებილთ.

ავტომობილი იძვრის.

ვამეხ თვალს მოჰკრავს განზე მდგომს. იცნო.

- ირაჰშანდა!.

უძრავი ფიგურა თვალებზე ხელს მიიდებს.

- ირაჰშანდა!.

კიდევ შეძახება - თითქო სიხარულით.

უძრავი ფიგურა გატრიალდება და გავარდება...

(გული?!)

 - თუ სხვა მაშინამ არ გამოიარა - ვერა.

- არ გამოიარს?!

- არ მეგულება..

- მენჯილამდე რამოდენი ვერსი დარჩა?

- ხუთმეტი თუ იქნება თუ ოცი..

„ვერ“ და „არ“.

არჩიბალდ მეკეში დაღონებულია: ვერ ჩაუსწრებს. ოლგას ვერ ნახავს. გული ისევ ირევა. „ალლან“ გარს ეხვევა: ერთადერთი მეგობარი განუყრელი. თავზე ხელს გადაუსვამს. თვითონაც ნელდება.

ირგვლივ - ღრეები.

ერთს დაფენებაზე ქიმერების თავები იკლაკნებიან: თითქო ქარით გადაზნექილნი თაველნი. აქლემები.

ქარავანი უნდა იყოს. თუ მენჯილისკენ მიდის - გაჰყვება. მენჯილში ამაღამ ჩავლენ. იქ შეიძლება შემთხვევით იყოს ავტომობილი. დილით ენზელს გაემგზავრება.

არჩიბალდის აზრს სხვებიც იზიარებენ. ორი - სამი.

 

ქარავანი -

დზინ. დზინ. დზინ. დზინ. დზინ.

დონ. დონ. დონ. დონ. დონ.

გაუნ. გაუნ. გაუნ. გაუნ. გაუნ.

კლდეებში მიდის ქარავანი.

აქლემები ასამდე. დიდი. მომცრო. ერთკუზიანი. ორკუზიანი. დატვირთულები - ყველა. აქაიქ ვირებიც დატვირთულნი.

მიმყოლნი ქონდრის კაცებათ სჩანან.

აქლემებს და ვირებს ყელზე ზარები ჰკიდიათ: დიდი - შუათანა - პატარა: ლითონის - ხის - ყოველნაირი. ზოგი დიდია ისე: რომ ტვირთს საგრძნობ სიმძიმედ ემატება.

დზინ. დზინ. დონ. დონ. გაუნ. გაუნ.

კლდეებში მიიზლაზნება ქარავანი.

სუნთქვაშეკრულ არეში ზარების რეკა გაისმის როგორც ნომადური სიმფონია. აქლემები რბილსა და ასევდილს ფეხებს მოთენთილ ლაჯით ზარების წკაკუნს აყოლებენ. თავებსაც სხვარიგ მართავენ. ყველანი ერთსხეულ მიდიან. თითქო ქარავანი ერთი უზარმაზარი მუხლუხოა ტანგახუნებული.

ზარების რეკა ტვირთს უმსუბუქებს ქარავანს.

აქ: რიტმია. სიმძიმე რა შუაშია?!

ერთი წაფორხილება - ერთი ფეხშეშლა - ერთი გადახრა განზე - და: ზარი სხვა ტონს იძლევა. აქლემი გრძნობს საერთო ფერხულის გაბზარვას და წამსვე ასწორებს უნებურ შეცდომას.

დზინ. დზინ. დონ. დონ. გაუნ. გაუნ.

კლდეებში გაწოლილა უზარმაზარი მუხლუხო: ქარავანი მიიზლაზნება. მუხლუხოს ხერხემალის ხტილები მრავალფერია. ზოგი წითური. ზოგი მრეში. ზოგი ყვითური. ზოგი რუხი. ზოგი მოთეთრო. ზოგი ნაცრისფერი. მაგრამ ყველაზე მეტი: გახუნებული ყარამფილის ფერი.

თავები ერთიმეორეს მისდევენ - თითქო ქიმერები: ქიმერებს ტანები თითქო უკან რჩებათ. ქიმერების ადამიანის თვალებით იხედებიან. თვალებში სიამაყე და თან სევდა უთქმელი (ხანდახან სიმრუშეც ლოშქრიანი). ძრაობა სხეულის: მედიდური - მზეხილული - მზენაკრავი - მრავალნაცადი.

მიზოზავს ქარავანი: უზარმაზარი მუხლუხი - ეხლა თითქო უზარმაზარ გველად ქცეული - ცხელ კლდეებში მიიკლაკნება. უდაბნოს ხურუშმა თუ წარმოშვა ეს უცნაური ცხოველი თუ ფრინველი - (არის ასეთი ქარი ხურუშის) - ეს ბასტარდი ცხოველისა და ფრინველის ერთმანეთთან მრუშობის.

მაგრამ რად არის ეს ბასტარდი ასეთი მიმზიდველი და ასეთი გულისხმიერი?! თითქო ადამიანია დასჯილი ცხოველ-ფრინველის უშნო სხეულით.

აქ უდაბნოა მთელი: მისი ხილვა - მისი სევდა - მისი თვლემა.

აქ ირანია. მისი სუნთქვა.

დზინ. დზინ. დონ. დონ. გაუნ. გაუნ.

იქითაქეთ - კლდეები: ვით დატეხილი ფერდები პრეისტორიული მამონტის. ზოგი ფრიალო. ზოგი ყაფარი. წაშვერილი და გამოფერდილი. აეროლიტები. მონოლიტები. ტიტველი მოჩვენებანი: პირამიდების - ქვაბულების - სარკოფაგების. გახელება ფარაოს ფანტაზიის თუ მზის დაღველფვა და გაქვავება?!

და მურები - და ფერები...

არჩიბალდ მეკეშს ახსოვს სულტანბულაღის უღელტეხილიდან გახედვა. ახსოვს ტაბა ტაბაჲს მიმართ: „აქ ადამის თვალია საჭირო“. მაგრამ „ადამის თვალისთვის“ მხოლოდ ეს კლდეების განრთხმულან. სანახაობა საოცარი:

ფერებით და მურებით -
ირისის ფოთოლი. ნიგვზის ფოთოლი. იელი. გვიმრა. ყარამფილი. ალუბალი. ხენნე. ბრინჯაო.  თუჯი. ასპიდი. კაჟი. თაფლი. ხავსი. კალო. ასკილი. გველი. ხვითო. ვასაკა. ძოწეული. თვლები - თვლები: ყველა ქვა სპეკალი და ყველა იამავრი. ყოველი მცენარე და ყოველი ქვეწარმავალი - ფერებით და მურებით. თვითონ ფერები და მურები: ზოგი ღვარად დაშვებული კლდის ჭეოებში - ზოგი ფოთლოვან სტავრად გაფენილი აღმა თუ დაღმა თუ ჩაღმა - ზოგი ცისარტყელას ზოლებად გაბმული ფერდებზე თუ კალოებზე. ნაცად თვალს შეუძლია დაინახოს თვითონ ნახატიც: ცხოველის - ფრინველის - მცენარის - ლითონის: რომელნიც არ იციან: არც ბიოლოგიამ არც ბოტანიკამ არც გეოლოგიამ. გახედავ ერთ თვალგადავლებით: ხავსი და ყარამფილი ერთიმეორეს ედავებიან. სძლევს ყარამფილი. გახედავ კიდევ: ასპიდი და ხვითო ერთიმეორეს ეჯიბრებიან. ერევა ხვითო. ბოლოს - რჩება უთვალავი ვასაკა: ფარშევანგების ბოლოებით მიმობნეული. ან და: ხვითქების ლივლივა ტანები ზედ დაღვრილი შვინდის დაღებით: და ერთად: თითქო მზის ხანძარი - სპეკალებში დანელებული.

დზინ. დონ. გაუნ.

არჩიბალდ მეკეში ფიქრობს: არც ერთ ევროპის მხატვარს არ ზმანებია ასეთი მურები და ასეთი ფერები. ეხლა გასაგებია: თუ რამ შექმნა სპარსული ხალიჩა თუ სპარსული მინიატჲურა.

დზინ. დონ. გაუნ.

ქარავანი თითქო შეჩერდა ერთი. შემდეგ - ისევ მიზოზავს.

არჩიბალდ მეკეში თვალს აცილებს კლდეებს.

თითქო ყურს უგდებს:

ნამდვილი დაყუდება მზის - (ბიბლიის ინტუიციით).

ზმანება დიდი შუადღის გაქვავებაში.

ასეთს მყუდროებას პანი გასტეხავს ხოლმე:

კივილით რომ მოედება უძრავ ალხს.

პანი და შიში პანის. აქ სინამდვილე ორდება.

ორდება მისი ამთვისებელიც.

დრო ჩერდება. არის მხოლოდ წარსული. აწმყო მიმქრალია. მომავალი ხანდიხან თუ იელვებს - როგორც აზრი თუ ფიქრი. არის მხოლოდ წარსული: და ისიც - როგორც ზმანებულის მოგონება.

არჩიბალდ მეკეში იყვინება მზეში გახვეულ არეში.

ყოველი ხილული გადასულის ლანდია მხოლოდ -

აშანთული დაღი გარდასულის თუ წარსულის.

აქ: ეხლა თითქო არა არის რა.

აქ: ყველაფერი ხსოვნაა ყოფილის.

აქ: თვითონ ყოფილია: ძველი ამბავი - შორს წასული.

არც ერთ მხარეს ევროპისას ამდენი ნაკვალევი არ აჩნევია.

აქ: ისტორიის დიდი ამბები ასტრალურ ლანდებად აყუდებულან.

ასტრალური ლანდები გალურსულნი და თვალებდანისლულნი -

გაგუდულან და შინაგან იყურებიან.

ეს: ირანის ტიტველი კლდეებია.

არჩიბალდ მეკეში იყვინება მზით გასუდრულ არეში...

მაგრამ ეს რა მოესმის?!

მისი თანამგზავრი - 50 წლის ჰებრაელი - განზე გაჩერებულა და კლდეების მიმართ რაღაცას მღერის: თუ ღუღუნობს. ასე მღერის ხოლმე ცახეზე - (მზის მტვერზე) - გალიციელი ჰებრაელი.

არჩიბალდ ამოიყვანს მზის ხვავში ჩაძირული.

უსმენს. რას მღერის?! თუ რას სტირის?!

ჰებრაელიც რაღაცას უხმობს - (თუ იგონებს?!).

უხმობს აღთქმულ ქვეყანას. იგონებს ძველს მამულს.

სევდა უცნოჲს. ოხვრა უთქოჲს.

 

ჰოზარსიპჰ -

არჩიბალდ მეკეშიც მოგონებად ილხობა.

ეს ქარავანიც თითქო იგივეა: ძველი. ასე მოგზაურობდენ ძველად ჰებრაელთა ტომები: მეწამულ ზღვასა და სპარსეთის სრუტეს შუა - ეფრატსა და პალესტინას შუა. ხალხი: უსახელო - უკარო - ულოგინო. სახლის მაგიერ - კარავი. ლოგინის მაგიერ - ქვიშა. საგზაურად: აქლემი და ვირი. ხალხი: უცხო ცეცხლით ამწვარი: მოუსვენარი და დაუდეგარი. ნიადაგს ვერმითვისებული თუ ვერშეთვისებული. ხალხი: რომლის იდუმალი სახელია - „იბრიმ“: იქითა მხარეს მყოფი. „მყოფი“?! ჯერ კიდევ არა. სწყურია მხოლოდ „იქ“ ყოფნა. ილტვის „იქით“. მაგრამ: იხილავს თუ არა „იმ“ მხარეს - მყისვე „იქითა მხარედ“ სხვა მხარე წამოიჭრება. ხალხი: სულ ახალი და ახალი მხარის ნატრული. სულ უცხო და უცხო გზებით მავალი. ხალხი: რომლის იდუმალი ნდომა „ყველგან ყოფა“. ხან მოლოხის კერპების წინაშე პირქვედამხობილი. ხან ბაბილონის ორგიებში ჩაყირავებული. ხან „მოაბის“ - ქალებით გალეშილი - (ჰქონდათ მოაბელ ქალებს ლურსა თვალები ნაკვერჩხლიანი და ცხელი ტანი შავკანიანი). მაგრამ ვერც მოლოხის კერპები - ვერც ბაბილონის ორგიები - ვერც მოაბის კახპა ქალები: ვერავინ და ვერაფერი ვერ აკავებდა უცნაურ ხალხს ერთ ადგილზე. იგი მაინც სულ უდაბნოს მიმართ იხედებოდა. თითქო იზიდავდა უდაბნო „იბრიმს“ სხვანაირ სუნთქვით: საცა წყურვილის მოსაკლავად ქვიშაა მარტო. ხალხი გამოუცნობი - ამწვარი ცეცხლით - ქარავანით მიდიოდა. საით?! სასურველის სანახავად?!

(არჩიბალდ მეკეში ქარავანს მიჰყვება.

ქარავანს ჰებრაელიც მიჰყვება: ვიღაცას რომ უხმობს.

„ის“ ქარავანი ხომ არ არის?! ძველი!.

ისევ ის სევდა უცნოჲს, ისევ ის ოხვრა უთქოჲს.

ქარავანი მიიზლაზნება. რა სურს იხილოს?!

არჩიბალდ მეკეში ხედავს).

მადიანთა მხარე: გაზნექილი ელამელთა სრუტესა და არაბთა უდაბნოს შორის. შორიდან: „სინას“ მაღლობი მოღუშული - აქედილი მეწამულ ზღვასა და უდაბნოს შორის. სასვენებელი ლტოლვილთა და გადახვეწილთა და მუდამ მავალთა. მაღლობზე - ტაძარი ოზრისის. ტაძარში გაისმის სახელიც „ელორჰიმის“. არაბები - სემიტები - ჰებრაელები - შავკანიანი ტომები: ყველანი იქ მიდიან წირვისა და ლოცვისათვის.

(არჩიბალდ მეკეში ქარავანით მიდის.

გვერდით ჰებრაელია ასევდილი - (კიდევ ლოცულობს).

სიცხე ისეთია - მზე ისეთია - არე ისეთია:

რომ ყოველი მოგონებაში გადადის მთლად -

ზმანებულის მოგონებაში).

მოსჩანს ოზირისის ტაძარი. ტაძარში ქურუმია: ეთიოპი იოფორ. იცის მან საიდუმლონი: ნილოსის ტრამალების თუ ირანის ტაშირების. მიდიან მასთან: ლიბიელები - არაბები - სემიტები.

(ქარავანი ირხევა: რა მოსჩანს?!)

იოფორის წინაშე ყრმა სდგას უცხო.

ეკითხება მოხუცი: ვინა ხარ?!

ყრმა ოზირისისა და ელორჰიმის სახელს იხსენებს: ერთად.

მოხუცი ეთიოპი გაოცებულია - (გახარებით?!).

ყრმა ეგვიპტელია. მოხუცი იოფორ ათვალიერებს.

მორჩილი ტანი. შუბლი-ვერძის („თუ ყოჩის“). თვალები: ორბული შეყენებით და უსვენარი კიაფით. უძრავი და გამხვრეტი. ფერად შავი: თითქო შავ მდინარეში შავი გველი გაკვალთული. სახე - მშვიდი: ხოლო ფიქრებით დანისლული.

მოხუცი იოფორ ცნობილობს:

ყრმა ყოველთვის განზეა. ჩუმია. მას „მდუმარეს“ ეძახიან. ეკითხებიან. ყრმა ლაპარაკობს. ენა ებლაგვება - (სიტყვას თუ ეძებს?!). ყრმა განაგრძობს. ებრგვილება ენა კიდევ - (თუ ეშინია აზრის მხელის?!). ყრმა ლაპარაკს უეცრად გასწყვეტს. შეჩერდება. განზე იხედება. საგნებს არ უყურებს. საგნების „მიღმა“ იხედება. ან და: შუაგულ სჭრის მზერით საგნების „მიღმა“ იხედება. ან და: შუაგულ სჭრის მზერით საგნებს და „იქით“ იმზირება. დაძაბულია. უეცრად მოიხედავს და წამოიძახებს უეცარ სიტყვას და უეცარ სახელს. სიტყვა თუ სახელი მეხის ნატეხია ხის დიდ მუცელს რომ გარუჯავს. ეხლა იმისი სახეც ნატეხია მეხის. საქმეს გაურბის თითქო. ხოლო აიღებს თუ არა საქმელს - ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გააჩერებს. ხედავ მოკუმულ ბაგეს: იქ შვილდი იჭიმება ნების. მზერ განიერ შუბლს: კითხულობ ბედის ნიშანს ცეცხლი.

ყრმის სახელი - ჰოზირსიპჰ.

(ჰებრაელი ლუღლუღობს. ამ სახელს ხომ არ ახსენებს?!)

არჩიბალდ მეკეში ჰებრაელს გადახედავს.

ქარავანი მიღოღავს ტორტმანით.

ჰებრაელი ლუღლუღობს და კლდის გარუჯულ ქიმს უყურებს.

არჩიბალდ მეკეში ჰებრაელის ცქერას მიყვება.

ჰოო: ეს იოფორის შუბლია. ერთიოპის თუჯის შუბლი გადალესილი.

იოფორის წინაშე ჰოზარსიპჰია. მოუთხრობს ამბავს?!).

მემფისის ტაძარი. ტაძარში - ჰოზარსიპჰ. ყრმა ემზადება შეწირვისათვის. ყრმა უცნაური. ყრმა საოცარი. მისი ყველას ეშინია. ქურუმებსაც. ყრმის ქალებსაც ეშინიათ. როცა მას ხვდებიან - ერთიან ფითრდებიან: თითქო ქალთა სქესი აიმღვრა მათში.

რამზეს მეორე იჭვიანობს: ტახტი ხომ არ სურს მედიდურ ყრმას?!

ყრმას ტახტი არა სურს: არც მეფის და არც სხვისი.

მაგრამ დედას - (თუ დედობილს) - სწადია მისთვის ფაროს ტახტი:

- გახედე ამ მიდამოს: ტაძრებს - ობელისკებს - პირამიდებს - ნილოსს - დელტას - მემფისს: შენი იქნება - თუ...

ყრმას შუბლი შეუკრავს: გახელება იცის.

მაგრამ ყრმა დედის წინაშეა თუ დედობილის.

პეშვით ქვიშას იღებს. თხელი თითებით გადმოაბნევს.

სიტყვა მაგარია - (ხმა კიდევ უფრო მტკიცე):

- ამდენად მინდა: ტახტი..

- შენ გმობ წინაპართა სჯულს..

- არაოდეს..

- მაშ რა გსურს?!

- პირამიდა უძრავია.. მან ფეხი უნდა აიდგას..

(ქარავანი გადაქანდება და გადაიხრება.

არჩიბალდ მეკეში კლდეებს უცქერს - პირამიდებს:

ვინ აუდგამს ფეხს ტიტველ გიგანტებს?!

ვინ არის ასეთი გიჟი?!)

ყრმა გახელებაა. მაგრამ ყრმა დედის თუ დედობილის წინაშეა. ფერხთქვედავარდება. კურთხევას თუ თხოვს - (თუ განშორებას?!).

დედა თუ დედობილი იგლეჯს შუბლიდან ლოტოსს. აძლევს.

ყრმა ყნოსავს ყვავილს - (ნესტოები ნადირისა აქვს).

დედა მიდის - (ვერ გაიგებს ვაჟის საიდუმლოს).

ვაჟი ვერძის თავს ამართავს.

(ქარავანი მიზოზავს. ჰებრაელი უცხო სიტყვებს ისვრის.

მეკეში ქვების ლანდებშია. კლდეებში ქვაბულებია:

თუ მემფისის ტაძარი?!).

ყრმა სწავლობს ჰერმესის საიდუმლოს. ერთი ნდომა. ერთი წყურვილი. სულ რკინდება. ნება კაჟდება. ხასიათი იკვეთება. გონება იხსნება: არ აქვს კიდური. ქურუმებს ეშინიათ ყრმის. არ შეიძლება მისი მოღუნვა. არც გადაბირება. გადატეხისათვის არც ერთს ძალა არ შესწევს. დიდ ქურუმსაც ეშინია მისი: მებრას.

- რა გსურს შენ ბოლოს?!

- აი ეს:

ყრმა ხელს დაჰკრავს სკივრს:

სკივრში მემფისის საიდუმლო წიგნია უმაღლესი.

მისი წაკითხვა მხოლოდ პონტიფს შეუძლია.

- შენ გსურს იქცე პონტიფად?!

- მე მსურს ვიცოდე მხოლოდ: რაც აქ სწერია..

- პონტიფის გარდა მის ცოდნას ვერვინ მიიღებს..

ოზირისი არ ჰკითხავს არავის: ვის ამცნოს ცოდნა..

ყრმა კლდეა. პონტიფი ირხევა.

(მეკეში ისევ კლდეებს გასცქერს. რა გაარღვევს მათ?!

ჰებრაელ ჰებრაულ სიტყვებს ისვრის.

ქიმერების თავები მზით დაკაფულ არეში ინთქებიან).

პონტიფს ეშინია. ფარაოს ეშინია.

განაჩენენ: ყრმა სკრიბად დარჩეს ტაძარში -

სკრიბს ტახტზე ასვლა არ შეუძლია.

ყრმა - სკრიბი ზედამხედველია მუშაობის: ფარაო აერთებს სიმაგრეებით პელუზიმსა და ჰელიოპოლისს. მუშაობს ხალხი ურიცხვი. მუშაობენ ჰებრაელებიც. მათ იციან ქვის ტეხვა. მაგრამ მორჩილებას ნაჩვევნი არ არიან.

ყრმა ხედავს: ეგვიპტელი უფროსი ურტყამს უიარაღო ჰებრაელს;

ყრმა მარტო სიმართლეა და ხანდახან - გახელება.

ყრმა ფიცხია: მივარდება და ჰკლავს ეგვიპტელს.

ყრმა გადალახვაა: გარბის-გარბის შორს-შორს.

(კლდეები იშმუშნებიან თუ აზმორებენ.

ჰებრაელი ლუღლუღობს: ყრმის სახელს თუ ისვრის.

მეკეში ჰებრაელს გადახედავს:

ჰებრაელი კლდის გაურჯულ ქიმს გაჰყურებს.

ჰაა: ეს იოფორის შუბლია: ეთიოპის თუჯის შუბლი გადალესილი.

ეთიოპის წინ: ყრმაა თავდახრილი: მოყოლა თუ გაათავა.

იოფორ აყვანილია: შიშით თუ სიხარულით).

- რა გსურს ყრმაო?!

- მინდა დავისაჯო..

ჰოო: ეთიოპმა იცის რაღაც.

- რა გსურს ყრმაო?!

- ოზირისის ხილვა..

ეთიოპმა იცის: მკვლელი - (და ისიც შეწირული) - ოზირისს ვერ იხილავს. არა: იხილავს - თუ მოკლულმა შეუნდო. მაგრამ როგორ?! მკვლელმა თვითონ უნდა განიცადოს თავის თავზე მკვლელობა. მოსცილდეს თავის სხეულს. იხილოს მოკლული. სთხოვოს შენდობა.

- მზადა ხარ ყრმაო?!

- მზადა ვარ..

(კლდეებში თითქო შეჩერდა მზე - ხედავს მეკეში.

მზე მზადაა დაჰკაფოს არე. რა შეაჩერებს?! რა გაუძლებს?!

ჰებრაელი აღარ ლუღლუღებს.

ქარავანიც შეჩერდა თითქო ერთი წამით.

უცდიან თუ: საოცარს?!).

- მზადა ხარ ყრმაო?!

- მზადა ვარ..

მარხვა სასტიკი. დაძაბვა სულის. დაოკება ნების.

ნდომა საშინელი და გადამლახავი.

ეთიოპი მოგვის ყრმას ლეტარგიას.

ყრმას სდებს იგი ტაძრის მღვიმეში.

გადის: დღე ერთი. ორი. სამი. გადის კვირა.ლ

ას შემთხვევაში ერთი თუ გაიღვიძებს.

მაგრამ ყრმა მძლევია თვითონ მატერიის..

და ათი დღის შემდეგ დგება..

(მზემ დაჰკაფა ასე - ხედავს მეკეში.

ჰებრაელი ისუნთქავს თავისუფლად.

ქარავანი მიდის შუბლგახსნილი.

კლდეების მუცლები ჰხარობენ).

დგება ყრმა შერიგებული.

გაიხედავს: უკან ეგვიპტეა. ჰოო: რა შორსაა. მეწყერმა თუ გაირბინა. სხვა მხარე - სხვა მხარე.

(ჰებრაელი იძახის ხმამაღლა: მოსე! მოსე!

ვის უხმობს?! გაგიჟდა?!).

„მოსე“ სახელია ჰოზარსიპჰის.

ეთიოპს ცხელტანიანი ქალიშვილი ჰყავს: სეფორე.

ჰოზარსიპჰს თუ ელოდა საქმაროს...

 

* * *

არჩიბალდ მეკეში ერკვევა.

ეხლა ნათელია მისთვის - თუ რად უყვარდა მოსე ირუბაქ ირუბაქიძეს. ეხლა იგი წინაპარშია თვითონ და ხედავს: ხილვას სინას მთაზე - მოგზაურობას უდაბნოში - გახელებას და მცნებათა დაფის დახეთქებას - ჯიუტი და ურჩი ხალხის დაურვებას - ისრაელის წყევას - უკანასკნელ სიმარტოვეს კაცისას. გზნობს ნაღველს მისას: რომ კვდება ქანაანის უნახავი. და მის წინ იზრდება ზეკაცი ნამდვილი: რომლის გახელებას მზის ატეხა თუ შეედრება ამ ტიტველ კლდეებში და რომლის გულის სიმართლეს ბავში და ამხელს დედას რომ რძეს ეხვეწება.

არჩიბალდ მეკეში ერკვევა ბურუსს:

ხედავს აშანთულ კლდეებს. ქარავანი მუხლუხის ზოზვით მიიზლაზნება ხვეულ ხევებში. ასეთი ქარავანი მიდიოდა იქ: შავ მოხუცთან. ასეთ კლდეებში იშვა ცეცხლი: რომლითაც აიწვა ჰებრაელი. ეგების: ეს ქარავანიც იმ ქარავნის ნატეხია.

კლდეები აყუდებულან ვით ასტრალური ლანდები და შინაგან იყურებიან გალურსულნი. იგონებენ ყოფილს თუ ზმანებულს?! უთუოდ: მისთვის არიან ასე დამძიმებულნი და გარინდებულნი. ხსოვნა შორსწასული - ქვავდება.

შეიძლება ასეთი ქარავანით დაბორგავდა ძველად მცირე აზიაში ძველი გვარი ირუბაქიძის. ეგების: ეს ქარავანიც იმ ქარავნის ნატეხია?! თუ ნატეხი არა - გაგძელება ხომ არის: სინელით - ხსოვნით - წვით - ზმანებით!

და ამ კლდეებში
ამ ღრეებში
ამ უდაბურებში
ამ გზებში
ამ ქარავნებში
ამ ხალხებში
ამ გახელებაში და გადავარდნაში -
ერთი სახე:
მოღუშული და მრისხანე
როგორც მეხით გარუჯული ხე თუ ქვა -
მშვიდი და მართალი
როგორც კრავი:
ყრმა ჰოზარსიპჰ.

 

* * *

არაბული ცხენის გული აქვს კილოს იწონის.

რა შეედრება ამ გულის აფეთქას?

მეკეშის გული ფეთქს როგორც არაბული ცხენის გული.

მაგრამ რაა არაბული ცხენის გული ჰოზარსიპჰის გულთან ერთად?! უბრალო ხორცი: თუ გინდ ექვსი კილო.

რაა ამ გულთან შედარებით მეკეშის გული?! ჭიანჭველას ტკივილი.

რაა თვითონ ოლგა?! რაა ვამეხ?! რაა ტაბა ტაბაჲ?!

არარა. დიახ: არარა.

არჩიბალდს ცრემლი ერევა - (სიხარულის?!):

რომ სამყაროში იყო კაცი „ერთი“.

რაა ადამის რომელიმე შვილის სიმარტოვე ჰოზარსიპჰის სიმარტოვესთან ახლო?! უბრალო ბუტიაობა.

დიდო ირუბაქიძევ: მართალი ხარ.

დღეს ვიგზნე სიცოცხლე.

მეკეშის გული დარბილებულია.

ეს იცის ქარავანმა..

 

მარადის თვალისხამხამი -

დზინ. დზინ. დონ. დონ. გაუნ. გაუნ.

ზარების წკარუნი წყდება ნელნელა.

გზა კლდის ძირასაა. კლდე გოლიათის ჩრდილს შლის.

ქარავანი ისვენებს ჩრდილში.

გვერდით მდინარეა: თითქმის ამომშრალი. გველეშაპმა თუ ამოხვრიპა. აქაიქ: წყალის გუბე. გუბე - თითქო ფშანი. ფშანი - თითქო თვალი: დავსებას რომ უცდის.

გაღმით: ისევ გიგანტები: სქელფაშვიანი ლებიათანები.

კლდენი დამცხრალნი. მაგრამ მაინც მძვინვარენი.

ავხორცობით დალეშილნი და სურვით დაღვლეფილნი.

გაწოლილნი და გადაზნექილნი როგორც უზარმაზარ მამონტების უზარმაზარნი ხერხემალნი.

გახელებული დევები: რომლებიც ერთიმეორეს ეომებიან - (ერთი ვერ სძლევს მეორეს) - და ამ გაუთავებელ შებმაში ქვავდებიან ერთიმეორეს შესხეულებულნი: მკლავებით - თავებით - ფეხებით.

ნაშუადღევია.

თხაფეხა პანმა ალბად უკვე გადაირბინა.

მზე ცხრება სასტიკი.

ფერებიც და მურებიც ცხრებიან.

ხავსი ეჯიბრება ყარამფილს. ეხლა ხავსი ძლევს.

ასპიდი ეომება ხვითოს. ეხლა ასპიდი ერევა.

მეწამული მანდილი რბილდება.

ბუზი არ ბზუის.

ფოთოლი არ ირხევა - (ან სად არის?!)

აქლემები მილაგდებიან. მილაგდებიან გამყოლნიც. აქლემის თვალები და კაცების თვალები ერთმანეთს სინჯავენ. კაცების თვალებს ეშინიათ: არ დაინახონ აქლემთა თვალებში ტკივილი ან წყრომა. ეალერსებიან. ხელს თმაზე უსვამენ.

არავითარი ხმაური. არც ერთი ხმამაღალი სიტყვა.

აქლემთა სხეულნი - ერთიმეორეს მილაგებულნი - ჰქმნიან ქვებისა და ქვების გაგრძელებას. გძელი მუხლუხი ეხლა ქვაა დატეხილ ხერხემლიანი. ქვებზე ქიმერებია აწვდილი თავებით. თავები ადამიანის თვალებიდან იხედებიან: ქვები თუ იხედებიან შორიდან - შორიდან - (თუ იხედებიან) შორს - შორს.

თავები თვლემენ.

ოდნავი შრიალი:

თავები შეირხევიან - როგორც მდინარეში მცურავი ღეროები.

ყველა მარჯვედაა. მაგრამ ერთს რა ემართება?!

ტანმორჩილი სპარსი - (თავი გადახოტრილი და თვალები შორსწასული) - მიდის აქლემთან. აქლემი მრეში ფერისაა. რად არ უქცერს პატრონს?! მზით თუა დასიცხული და გარინდული. არა: თვალები ელორწება. თუ სტირის!. სტკივა რამ?!

- ბეხან!.

სპარსი თავზე ხელს მოუსვამს. ხელი ალერსია.

აქლემი ნელა მოხოხავს. თვალებში: სევდა.

- ბეხან გტკივა რამ?!

ბეხან თავს მიიბრუნებს: ეგებ არ უნდა ცრემლი აჩვენოს.

გვერდზე ცხენისოდენა ვირია. წამოხტება. ათქრიალდება ცახცახით როგორც მდინარიდან გამოყვანილი.

სპარსი გახედავს და ფიქრს რაღაც წვრილი და ცხარე გასერავს: სიკვდილს თუ შეხედა დიდყურამ.

- ბეხან!.

აქლემი მოხედავს პატრონს. თვალებში: სევდა კვლავ. მაგრამ სევდას რაღაც ეძალებაა: დაიმედება თუ სურს პატრონის. შემდეგ თავს დახრის: დაღვრემილი.

არავითარი ხმაური.

ბუზი არ ზუის. ფოთოლი არ ირხევა - (ან სად არის?!).

ხანდახან „ალლან“ დაიყეფს.

ყეფა შორს გადავარდება ხევში განართხული.

აქლემები ატორტმანდებიან: თითქო წამოდგომას აპირებენ.

ნაცნობის ხმა თუ არის?!

სპარსეთის ტიტველ ნაპრალებში ხანდახან ლომის გრგვინვა გადავარდება ხოლმე და გრიალი ცხელი შურდულივით გაიკლაკნება ხახაგახსნილ ღრეში.

ეს ხმა თუ არის?!

არა: აქლემების თავები მიელაგებიან ერთიმეორეს როგორც შერხეულნი თაველნი.

მზის დაყუდებისას ხვილიფში ცხვრის ფარა

აფარებს თავს ვერხვის ჩეროებს. თვალებს

თითქო რაღაცასი ეშინიათ. ორბის ან არწივის აჩრდილი

თუ დაინახა ფარამ.

არა: აქ სხვა შიშია.

კლდის ძირას აქლემები მილაგებულად.

ჩრდილებიდან ქიმერების თვალები ტიტველ კლდეს მზერენ.

ქიმერებსაც ეშინიათ?!

რისი ან ვისი?! მხეცი თუ მოელანდათ.

არა: ეს სხვა შიშია.

ერთი სპარსი - (სახე ნირვანაა) - რაღაცას უყურებს.

რას უყურებს?! არაფერს.

ეგებ უსმენს?! ხმაური რომ არაა!.

და უსმენს მაინც...

არჩიბალდის თანამგზავრნი - ჰებრაელი და რუსი - ხმაგაკმენდით ერთმანეთს ებაასებიან. არჩიბალდ მის გვერდითაა.

- რა სიჩუმეა..

- საშინელი მყუდროება..

პაუზა.

- აქ რომ უეცრად ატყდეს ორკესტრი..

- რა იქნება!.

- ხუთი ათასი ვიოლინო.. სამი ათასი ვიოლონჩელი.. ორკესტრი - 10.000 კაცისაგან..

- და დაუკრას ბეტჰოვენის „მეცხრე“..

- ან ბახის... რომელიმე...

- რა იქნება!.

- სასწაული..

მეკეში ჩუმი წვეთით:

- ისედაც მუსიკაა..

- ?! ?! ?!

კიდევ ჩურჩულით:

- აქ სფეროთა მუსიკაა..

- ?! ?! ?!

ეხლა თავისთვის:

- ეს უფრო მეტია.. ეს მუსიკა..

- ?! ?! ?!

გაიხედავენ სპარსის მიმართ.

სპარსი ლოცულობს: მთელი ტანით. ნირვანა ირღვევა.

მეკეში თანამგზავრებს:

- უსმენს..

- ?! ?! ?!

- მარადის...

- ?! ?! ?!

კლდის წვერვალიდან მოსქდება ქვიშა.

ხვლიკმა თუ გადაირბინა - (შრრქშრრ):

ქვიშა ხვლიკივით ეშვება ათასთვალა კენჭებზე.

შრიალი: ნემსის კურწში რომ ძვრება.

(ქვიშის შრიალი ისმის ერთი ვერსის სიშორეზე)

ქიმერები იხედებიან. თვალებს აღარ ეშინიათ.

რაღაც დაიშალა. თუ დაიბადა.

სპარსი ერკვევა.

მეკეში თავისთვის:

- წამი დაიბადა...

- ?! ?! ?!

- არა: მოსწყდა მარადს.

ნელია ვიღაცის ხმა:

- თვალის დახამხამება.. მარადის..

 

ბეხან -

დზინ. დზინ. დზინ.

დონ. დონ. დონ.

გაუნ. გაუნ. გაუნ.

ისევ ქარავანი. ისევ გზა. ისევ კლდეები.

ტანმორჩილი სპარსი ბეხანთან ერთად მიდის გვერდით.

თვალს არ აცილებს. აქლემს ტვირთი უმძიმს.

მოდის მეორე სპარსი.

- რა ემართება?!

- უღონოთაა..

- ტვირთი თუ უმძიმს..

- ეგების..

შეაჩერებენ აქლემს. ქარავანის ფერხული შეტორტმანდება: თითქო მუხლუხის ზურგს ერთი ხტილი მოაცილეს.

აქლემს ტვირთს უმსუბუქებენ.

ბეხან ისევ ფერხულშია. მაგრამ სველ თვალებს დაღონება არ სცილდებათ.

მოდის მესამე სპარსი.

- რა მოუვიდა?!

- ავად თუ არის..

- ეგების..

შეაჩერებენ. ფერხული ფერხდება. ხსნიან სრულებით ტვირთს. სხვებზე გადაალაგებენ.

ბეხან მიჰყვება ქარავანს უტვირთო.

მაგრამ ფეხები მაინც ეკეცება.

მოდის მეოთხე სპარსი.

- ეგებ შელოცვა უნდა?!

- ვსცადოთ..

ჟღალთვალებიანი სპარსი დააჩოქებს აქლემს. თავს მოწევს მისას ფრთხილად. ყურებში თითქო სიტყვებს ჩასძახის.

მაგრამ ბეხან არ ისმენს.

მოდის მეხუთე სპარსი. წყალი მოაქვს სინით. მიაწოდებს.

ბეხან შესვამს ცოტას. თავს გახრის განზე: თითქო წყალი უგემურია. თვალებიც განზე აქვს.

- ბეხან!

ბეხან ვეღარ დგება.

- ბეხან!

ბეხან დაჩოქილი - მიწაზე ვარდება.

- აღარ შეუძლია..

- აღარ შეუძლია..

- აღარ შეუძლია..

ქარავანი იძვრის.

ბეხანს ვიღაც ეთხოვება თვალცრემლიანი.

 

* * *

დზინ. დზინ. დონ. დონ. გაუნ. გაუნ.

ქარავანი გზას განაგრძობს.

ასეა მოწყობილი სამყარო. ერთი რჩება დავარდნილი. მეორე მიდის. მაგრამ რა ჰქნას დარჩენილმა?! დაიკარგოს?! გაჰქრეს?!

დზინ. დონ. გაუნ.

ეს რა ხმა შეეჭრა ზარების ხმას?!

ქარავანი ჩერდება კიდევ. აქლემების - ქიმერების თავები იღუნებიან: უკან იხედებიან. თვალებში: მოგუდული სევდა.

უკან - ბღავილი ბეხანის. ჩამორჩენილი ბეხანის. მიტოვებული ბეხანის. დავარდნილი ბეხანის.

ღმუილი შემზარავი.

აქლემი მოსდევს ქარავანს. მაგრამ ფეხები ეკეცება.

ტანმორჩილი სპარსი მირბის აქლემისკენ.

- ბეხან! ბეხან!

ბეხან არ ტირის. ეს სპარსი ტირის.

ბეხან ბღავის და ღმუის.

არჩიბალდ სპარსს უახლოვდება.

სპარსი ყელზე მოხვევს ხელებს აქლემს:

- ბეხან! ბეხან! ბეხან!

ბეხან მუხლს მოიდგამს და ისევ ჩაიკეცება.

- ბეხან! ბეხან!

ბეხან ერთი ავარდება. გადადგამს ფეხებს. ისევ დავარდება ტანმოცელილი.

- ბეხან! ბეხან! ბეხან!

ბეხან აღარ ბღავის. ბეხან აღარ ღმუის. ბეხან არც ტირის. ბეხან იხედება თვალებით...

ჰოო: ეს თვალები! მთხოვნელნი სიცოცხლის - პატარა სიცოცხლის - ერთი პეშვი სიცოცხლის...

- ბეხან!

თვალები სპარსს მოხედავენ სიყვარულით... მაგრამ რა ურევია ამ სიყვარულს?! უცხოობა ხომ არა?!

სპარსის ტვინში კბენაა.

- ბეხან!

თვალები აღარ თხოულობენ სიცოცხლეს.

- ბეხან!

თავი გადაიღუნება და ქვას დაეცემა.

- ბეხან! ბეხან!

ბეხან აღარ იძვრის. სპარსი ტირის.

არჩიბალდ კივილს ახრჩობს.

წინ:

დზინ. დზინ. დონ. დონ. გაუნ. გაუნ.

 

* * *

არაბული ცხენის გული ექვს კილოს იწონის.

რაა ამ გულთან სხვა გულის ცემა?!

ყრმა ჰოზარსიპჰ მიიყვანს ისრაელს აღთქმული ქვეყნის კიდურთან და თვითონ კვდება მისი უნახავი.

რაა ამ გულთან შედარებით არაბული ცხენის გულის ფეთქვა?!

კლდეებში კვდება აქლემი ბეხან -

დავარდნილი - მიტოვებული.

ქარავანი განაგრძობს გზას.

ეგებ ბეხან ჰოზარსიპჰის გულია.

...ცრემლი...