გრიგოლ რობაქიძე

გველის პერანგი

ირაჰშანდა

- მიწა..

- რა მიწა?!

- სარგის კვდება.

- კვდება?!

- მიწას გაიძახის..

- რა მიწას?!

- მიწას გთხოვს..

არჩიბალდ განზე გავარდება. ხსნის ჩემოდანს. იღებს კოლოფს. ხსნის: იღებს ბოღჩას. ხსნის: იღებს მიწის ნატეხს. ჰხურავს. ჰკეტავს.

ოლგა გაოცებამ თუ წაიღო?!

არჩიბალდს მიწა ხელში უჭირავს.

მიდიან. მირბიან.

 

* * *

თხელი ცხვირი კიდევ უფრო წამწვეტილა.

ჭროღა თვალებს ცეცხლი ეკიდებათ. ასეთი ნაკვერჩხალი მხოლოდ უდაბნოში კიაფობს ხანდახან.

ჩაქნეულ ბაგეს სევდა გარჩენია. სევდას ირონია წამოცმია.

ჩაქცეული მკერდი კიდევ უფრო ჩაქცეულა. ქშინავს ჩაფუშული საბერველივით.

ხელებზე ხტილებსა და ძარღვებს დაითვლი.

წამოკაკლული თვალები არავის უცქერენ.

ასეთი თვალები „ვიღაცამ“ კუნელაზე დაინახა მესოპოტამიაში.

ტუჩები თავის თავს ელაპარაკებიან:

„რამა“: პირველი მქნელი. ჩვენც - პირველიდან.

„ამონ-რა“. „ამონ“: ამო. აამო. ამან.

„რა“: რა. რამე. რაიმე.

„რამა“: რამ.

ჰოი ქართულო! შენშია პირველი: „ის“.

რა. რა. რა ყველგან: რა. და რა. „რამა“ და „ამონ-რა“.

ვარ. ხარ. არის. ყველგან - „რა“.

არს. არსი. არე. მარე. გარე.

ვინ თქვა ქართულად არ არის „გაისტ“ - „დუხ“.

არის: „არიჰ“. მე თქვი ეს: პეტრიწიმ.

არა: მე სარგის ჯაყელმა ციხისჯვარელმა.

თვალები გვერდზე გადმოანთხევენ ნაკვერჩხალს.

- სად არის ვამეხ?!

- ამ წამში მოვა..

- მიმატოვა..

- არა ეხლავ აქ იქნება..

თვალები უცბად არჩიბალდს მიანათებენ.

- ჰაა: არჩიბალდ! არა არჩილ..

არჩიბალდს ფერი ეცვლება.

- ნუ გეშინიათ: საიდუმლოს არ გავტეხ..

არჩიბალდ ფითრდება.

- თუმცა „არჩიბალდს“ „არჩილი“ სჯობს..

არჩიბალდ თავის გულში მანიაკის თვალს ხედავს.

შეეშინდა საიდუმლოს გამჟღავნების?!

არჩიბალდ სხვა რამის შეეშინდა უფრო. მან იცის დაცდით: მომაკვდავი გულთამხილავი ხდება უკანასკნელ წამს.

ნებას შვილდავს. მიაწოდებს მიწის ნატეხს კრძალვით.

ხმელი ტანი ავარდება:

- ჰოი მიწავ! საქართველოს მიწავ!

მიწავ - ირუბაქიძის გულზე დადაგულო!

ირუბაქიძე კარდუ: სარგის ჯაყელის ციხისჯვარელის მეგობარი იყო.

მე ვარ სარგის! სარგის ჯაყელი! ციხისჯვარელი!

საქართველოს ყველა მთავრებმა უღალატეს.

არ უღალატნია მხოლოდ ციხისჯვარელს.

ვარ ციხისჯვარელი! სარგის!

 

* * *

ხელები - ძვლები. ძვლები მიწის ნატეხს გულზე ადებენ დამჭნარ ტანს.

თვალები სცილდებიან ცოცხლებს - იქ მყოფთ.

თვალები უდაბნოში იმზირებიან.

უდაბნოში ნაკვერჩხლებია.

ნაკვერჩხალთ ცრემლები სდით.

- ჰაა: წყარო! თხილთა - წყარო!. დედავ!. სიდონია!. დედავ!. წყალი მოგაქვს?! მწყურია დედავ!. დამალევინე.. ჰო: დოქით.. დოქით.. გული გამიგრილე.. ვიწვი.. არ წაიქცე.. მე მოგეხმარები.. მე წამოვიღებ.. რა გატირებს?! დედა!. ძუძუები გაგიშრა?! თმები გაგთეთრებია.. დედა!. ჩვენი ნისლა ხარი წყალს სვამს...

ცრემლები არც სხვა თვალებს ზოგავენ.

კარი იღება. შემოდის ვამეხ. მასთან - ქალიშვილი. თავზე: თეთრი თავსაფარი. სათნოების დაჰ თუ არის ახალი.

უეცრად თავსაფარს წაიგლეჯს.

ღრუბლიდან ხანდახან ასე გამოანათებს მთვარე.

მაგრამ თვალები: ირანის ღამური ცის ელვარი..

შეჩერდება გაფითრებული. ეს: ერთი წამი.

შემდეგ მოსხლეტით ლოგინისკენ გაიქცევა.

ოლგას გვერდს ჩაუვლის. თითქმის იმხელაა.

მივარდება ლოგინთან. დაემხობა. მარცხენა ხელით საბანს ასწევს. მარჯვენას ფეხებს შეახებს სნეულისას. „ცივია“: და რაღაც უკურნებელი დაუარს ტანში.

ხმელი თავი ოდნავ აიწევს.

ტუჩები დაიყვირებენ:

- ირაჰშანდა!.

- საჲრიგჰი!. საჲრიგჰი!.

ქვითინი. ირაჰშანდას თავი ჩაქცეულ მკერდს დაეცემა.

ვამეხ იქვეა ახლო.

- ვამეხ!

- სარგის!

- არ დამტოვო.. არ მიმატოვო..

- შენთან არ ვარ?! რის გეშინია?!

- მომეც ხმალი..

აძლევს. ძვლები - ხელების ფოლადდებიან: ხმალს ატრიალებს და სინჯავენ. თვალები - ოდნავ დამცხრალნი ეხლა კითხულობენ წარწერას: „ირუბაქიძე“. ტუჩები გაიძახიან:

- ირუბაქიძე მეგობარი იყო სარგის ჯაყელის..

მეც ჯაყელი ვარ: სარგის ციხისჯვარელი.

ყაზვინი თამარის ჯარმა აიღო..

შაჰაბაზ!. შაჰაბაზ!. სადა ხარ!. გამოდი!.

ხმალში გიწვევ!. გაგაპობ ორად ირუბაქიძის ხმალით.. შაჰაბაზ!. შაჰაბაზ!.

გაგანადგურებ...

 

* * *

პირქვე დამხობილ ირაჰშანდას შაჰაბაზის სახელი მზის შუბად ენათება. მხრებს ამართავს. თავს ასწევს: თითქო გალაღებული.

- საჲრიგჰი!.

- ირაჰშანდა!. მე ვეხუმრები შაჰაბაზს.. არ მოვკლავ.

- საირიგჰი!.

- არ მოვკლავ.. რა გატირებს?.

გახსოვს ნასირ იბნ ხოსრუს ლექსი: შენ რომ მასწავლე?!

„ეი რუხეთ აфთაბი ქიშვარი დილ.
ტაბი მეჰრეთ მეიე მუნავვარი დილ.
ნაკში რუიეთ მეიე სურაჰიიე ჩეშმ.
სუზი ეშყი ტუ ყუდი მუჯმარი დილ.
ზილფი ტუ ბურდე აბ ეზ რუხი აკლ.
ხალი ტუ კერდე ხაქ ბერ სერი დილ.
ტუყმეიე ნარგისეთ ზი საღერ დილ.
ეშყ დარია ვე დილ დურ უ სადაф ესტ.
რუჰ ღავაზ უ ვესლ გოუპარი დილ.
დუშ ბა ბულბულანი ყალემი ღეიბ:
მიზედ ინ დასტან ქებუთერი დილ.
ქი ჯაჰან ფერტუისტ ეზ რუხი დუსტ.
ჯუმლეიე ქაიანათ საიეითი უსტ“.

ჰოი შენ! ვისი სახეც - გულის მხარის მზე.
ვისდამი ტრფიალის სითბოც - გულის გავსილი მთვარე.
ვისი სურათი სახის - სურით ღვინო თვალთათვის.
ვისდამი ტრფიალის სიცხე - გულის საცეცხლურის ალოე.
ვისმა ზილფმა გონებას მოსტაცა ნათელი.
ვისმა ხალმა გულს მტვერი დააყარა.
ვისი ბაგენი სწოვენ ჯიგრის სისხლს.
ვისი თვალები ეწაფებიან გულის ბარძიმს.
სიყვარული ზღვაა. გული - სადაფი მასში.
სული - წყალში მყვინთავი. ვისალი: გულის მარგალიტი.
წუხელ გულის მტრედი ასე ეტყოდა
იდუმალი ქვეყნის ბულბულებს:
ქვეყანა მეგობრის სახის თინათინია
და ყოველი არსი მისი აჩრდილი.

ხელები - ძვლები ქალის თმებს ეხებიან. ძვლები ფერს იცვლიან: თმებს ჰკოცნიან. თვალები უდაბნოში იცქირებიან. იქ ნაკვერჩხალნი რაღაცას ებრძვიან. სულს თუ ჰღაფავენ.

გულზე - მიწის ნატეხი.

თვალები დაიხრებიან. უდაბნოდან მოდიან.

მიწას დასჩერებიან.

ხელები თმებს სცილდებიან. მიწას ეხებიან.

ტუჩები ჰკივიან:

- მიწავ! მიწავ ქართულო!.

ხმალს ჩაგასობ მკერდში.. ხმალს შიგ გადავტეხავ..

ნატეხ რკინას შიგ ჩავტოვებ.. არ დაიჟანგება..

გახსოვს სააკაძის ხმალი!.

გადაიმსხვრევა შენს გულში..

 

* * *

- სარგის! სარგის!

გაისმის ვამეხის ხმა.

- ვის წყევლი?! რა გემართება?!

- ვის წყევლი?! არ ვიცი..

- სარგის!.

- ვამეხ!. არ მიმატოვო..

- შენთან ვარ.. ვიქნები..

- წამიღებ?!

- წაგიყვან..

ვამეხის ხელი თვალებს აეფარება.

ძვლებს - ხელებს მიწა ტუჩებთან მიაქვთ. მქრალი ტუჩები ცოცხლდებიან. მიწას ჰკოცნიან. პირი მიწას სჭამს.

ძახილი წყევარი:

- მწარე ხარ მწარე: მიწავ ქართულო!.

მარჯვენა ძვალი მიწას გადაისვრის.

მაგრამ ტანს ქვითინი აიყვანს.

მარცხენა ხელში კიდევაა ნატეხი:

- არა.. ტკბილი ხარ ტკბილი: საქართველოს მიწავ!.

ტუჩები ისევ მიწას ჰკოცნიან.

- ვამეხ!

- სარგის!

- არ დამტოვო..

- შენთან ვარ..

- წამიღებ?!

ვაჟი ცრემლებს ვეღარ იკავებს:

- წაგიღ.. წაგიყვან..

- არა წამიღე..

ხელები - ძვლები ქალის თმებისკენ იწევენ.

- ირაჰშანდა.. ირაჰშანდა..

- საჲრიგჰი..

- ელოიელოი ლამაჰ საბაქთანი..

- საჲრიგჰი!.

სარგის აღარას იტყვის.

 

* * *

ბუზის ბზუილი და ფოთოლის რხევა.

 

* * *

ტოტიდან ჩიტი ვარდება და კვდება. რა იქნა?! ყველაფერი აქაა. ფეხები. თავი. ნისკარტი. ფრთები. სადაა?! დუმილი. ხმა დუმილიდან: სად იყო?! ვინ შეახო ხელი?! ვერც ეხლა შეეხები.

ყვითელი მაჭიკი ნათელით იფინება.

სახე დამშვიდებულია. დანელებული.

ტუჩებზე სევდა აღარაა. არც ირონია.

კარგად განისვენებს.

- მმმ...

- რამდენია სულ უდები?!

- რამდენია?!.

თვალებში აბედი ჰქრება ერთს წუთს ანთებული.

- ჰო! გეკითხები: რამდენია?!

- რად გინდა?!

 და განზე მიდის ნაბიჯაუჩქარები.

ჯარისკაცი იცინის:

- მუნჯია ე ოხერი?!

- არჩიბალდის ფიქრს რაღაც უკბენს:

უძირო. უფესვო. ჩემსავით.

ოდნავ შენელებული გული ისევ იღვიძებს: რად იჩქარის?! შორს წასული - (თუ გადაჭრილი?!) ფესვები ჰკივიან: „მამა!.“ მამა გადაკარგულია. სხვა ძირი თუ ფშანი?! არავინ.

გული ამოხტომას აპირებს:

გულში ეხლა ოლგა ფართქალობს.

ვაჟი გაშლილ სივრცეშიაც ვერ ეტევა.

გატრიალდება. შედის პატარა ოთახში - საცა საავტომობილო ნაწილის გამგე ცხოვრობს.

- გეცოდინებათ: როდის გადის გემი ენზელიდან..

- ზეგ.. ნაშუადღევის ხუთ საათზე..

- ხვალ დილით რომ წავიდე: ჩავუსწრებ?!

- ჩაუსწრებთ..

- თქვენი მაშინა არ გადის ან დღეს ან ხვალ?!

- გადის ხვალ დილით.. მხოლოდ - საბარგო..

- საბარგო მიუსწრებს?!

- მიუსწრებს..

- არ შეიძლება ერთი ადგილი?!

- ვეცდები..

ქართველი გამგე თავაზიანია.

 

ბუინაკ -

დილით რეშტის ბჭედან მიდის ავტომობილი.

არჩიბალდის გვერდით „ალლანია“. მგზავრნი დოგს ეალერსებიან. დოგი იღრინება. არჩიბალდ გადახედავსა: დოგი წყნარდება. განვლეს სადგური პატარა.

საკვირველია:

სპარსეთში - საცა არ გახვიდე - ყოველი მიდამო თითქო თასია თვალუწვდენი: ირგვლივ მთები. გადაიარ რომელიმე უღელტეხილს - და ისევ მოწურულ თასში ეშვები.

პატარა სადგურიდან იწყება ელბრუზის უმაღლესი წვერვალი - ბუინაკ (ყაზვინიდან 25 ვერსი).

ბუინაკ არ არის ჩვეული უღელტეხილი.

აქ ხერხემალი პლატოა თვითონ: მთის გაშლილი ზეგანი.

უღელტეხილიდან თასში ეშვები.

აქ კი: თვითონ უღელტეხილი თასია თვითონ: მხოლოდ გადაბრუნებული თასი: რომლის ძრო ტრამალია თუ ტაშირი.

არჩიბალდ მეკეშს ახსოვს სულტანბულაღის უღელტეხილი.

მაგრამ ბუინაკ გრანდიოზულია უფრო.

და ჰაერი: სამყაროს გაჩენის პირველი დღეების.

პლატო - უღელტეხილი ეშვება სადგურ იუზბაშჩაისკენ.

გაივლიან ერთ სადგურს. მეორეს.

ავტომობილი იწყებს კაპრიზს. კაპრიზი ჰისტერიაში გადადის.

შოფერი აჩერებს მაშინას: დაზიანებულია.

- შეკეთება სჭირდება..

- დიდი დრო უნდა?!

- რამოდენიმე საათი..

- მაშ ამაღამ მენჯილში ვერ მივალთ..

- მივალთ: ხოლო..

 - რა?!

- შესაკეთებელი მასალა არ მაქვს..

- მაშ რა ვქნათ?!

- უნდა ვუცადოთ სხვა მაშინას..

- გამოიარს დღეს?!

- არ ვიცი..

- ყაზვინიდან რომ გამოვიძახოთ?!

- საიდან გამოვიხმოთ ყაზვინი?!

- ახლო სადგურიდან.. ტელეფონით..

- ღამით თუ მოგვისწრებს..

- მაშ ხვალ გემს ვერ ჩავუსწრებთ?!