გრიგოლ რობაქიძე

გველის პერანგი

გოეტჰეს -
რომლის „ტყის მეფე“
წაკითხვამდე ვიგზნე
შვიდი წლის ბავშვმა -
გოეტჰეს თვალს
რომანი „გველის პერანგი“.
როგორც სიყვარული.

ეკბატანა

ჩემი ძმა
არყოფილი
ვითარ მიყვარდის
უმეტეს მზისა
და უმეტეს ხმალისა
რამეთუ იყო იგი
სხვა ჩემი

სიტყვა ამოჭრილი ჰამადანში
ნახულ ხვლიკისფერ ქვაზე.

ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლით - სერი მჲუსელლაჰ. სერიდან სამხრეთ დიდი ქვის ლომი წითური: თითქო მზით ნაყვავილევი. ქვის ლომი: კირსილისაგან ჩამოსხმული. კირში - მზის ხურუში და სილაში - მზის თესლები. ქვის ლომი ფარია ქალაქის. სპარსეთის ტიტველ ნაპრალებიდან, საცა გახელებული მზე ავხორცობის ჟინს იკლავს, ხანდახან ლომის გრგვინვა გადავარდება სუნთქვაშეკრულ ხევებში და გრიალის ბრაზიანი ღვარი შორს-შორს დიდ მანძილზე არღვევს ირანის მყუდროებას. არის ამ გრიალში უცნაური სითავადე: უტეხი და ზვიადი. ქვის ლომი ხმალია ჰამადანის. დიდი შუადღის ჟამს როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ ქვის ლომთან მიდის სნეული: უნაყოფო თუ ათაშანგით დადაღული. უნაყოფო იღებს ფალლოსს გახურებულ ქვასთან და თხოვს წითურ ლომს თესლებს. ათაშანგიანი შეახებს ფალლოსს მზით გასუდრულ ქვას და ელის პირგამეხილ ნადირისაგან კურნებას. ცხელ ქვიშაზე თითქო პეშვებით ესხმიან შელოცვანი: კაცმა არ იცის რა ენაზე.

სერი მჲუსელლაჰ: „ადგილი სალოცავი“. მაღალი სერიდან ველი: სიგრძით ხუთმეტი მილი და სიგანით ცხრა. უწყვეტი რიგი ბაღების და მდელოების. ხშირად: ტანაშოლტილი ხე ალვისა. აქა-იქ: უცნაური ხე „narvend“ ფანტასტური ფორმებით. ზოგან: ლარდარტყმული ხეივანი. ველი ჰამადანის: ზვირთებივით მოშვებული ელვენდის კალთებიდან და აბორცვილი თანდათანი ამაღლებით. მაღლობზე სერები და სერებზე ქალაქი: ნაგები როგორც ტერრასა. მჲუსელლაჰ: სერი უმაღლესი. აქ იყო გამართული ციხე - (თუ დავუჯერებთ „ისტორიის მამას“): ლეგენდარულ დეჲოკის მიერ ფუძედებული. ჰეროდოტე აგვიწერს. ციხის ირგვლივ: შვიდი გალავანი: თეთრი. მეორე შავი. მესამე მეწამული. მეოთხე ლურჯი. მეხუთე წითელი. მეექვსე და მეშვიდეს წვეტები მოვერცხლილი და მოოქრული. მეშვიდე გალავანის შუაგულში: მეფის სასახლე. ნაშენი კედრისა და კიპაროსისაგან. დამძიმებული ვერცხლით და ოქროთი. გადახურული ვერცხლის კრამიტით. ჰეროდოტე აგვიწერს და მოსწონს. ეხლა: მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი პატარა. ნაშთით - („ტახტ არდეშირ“). ქვის პლატფორმა. წინამხარე თეთრ ოთხკუთხიან ქვისაგან ნაშენი. უკანით უბრალო ქვა და სილა კირით. დანატოვარი პირველ სასსანიდის არდეშირ ბაბეგაჲს.

„ჰამადან: ძველი ეკბატანა.

ქალაქი გაფენილი ელვენდის ჩრდილო კალთებზე.

ელვენდ: „ორონტოს“ ძველი გეოგრაფიის. გრანიტის მასსა: რომლის თხემი თითქო მთვარეა განახევრებული.

ქალაქის კიდურიდან შვიდი მილის მანძილზე: კლდე. კლდის ძირას მდინარე კლდიდან მოხეთქილი. მდინარის ნაპირთან ორმოცი ნაბიჯის სიმაღლეზე ნაპრალი „გენჯნამეჰ“. ნაპრალზე ორი დაფა პორფირის: წარწერებით. დაფების ზევით კიდევ ნაკადულები. ელვენდ დასერილია ხალასი ღელეებით. სპარსი დარწმუნებულია: ელვენდის კლდეებში სიბრძნის ქვაა დამალული. მას ისიც სჯერა: რომ ნაკადულოვან მთაში უცნაური ბალახი იზრდება ყოველი სენისაგან მკურნავი. სპარსმა იცის: ელვენზე ჯადო მცენარეც იზრდება რომლის შეხება უბრალო ლითონს მეწამულ ოქროდ აქცევს. ხოლო არ იცის მან: რომ „გენჯ-ნაჰემ“ რომელიც ორიათასხუთასი წლის სიგრძეზე მუნჯი სიტყვებით გადაჰყურებს ჰამადანის მიდამოს - თვითონ სასწაულია საარაკო. ერთ დაფაზე სწერია:

დიდი ღმერთია აურამაზდა
რომელმა ეს მიწა შეჰქმნა
რომელმა ეს ცა შეჰქმნა
რომელმა კაცი შეჰქმნა
რომელმა სიამენი შეჰქმნა
კაცთათვის
რომელმა მეფედ დასვა დარიუს
ერთადერთ მეფედ მრავალთაგან
ერთადერთ მრავალ მხარეთაგან
მე ვარ
დარაიავუშ მეფე
უდიდესი მეფე მეფეთა
მეფე ქვეყანათა
მრავალ დგმათა.

მეფე ამას დიდი მიწის
მიერითაც
ვისტასპას ძე
ახმენიდ.

სიტყვები: თითქო ხმლები: წარწერა დარიუსის - (522-486 წ.წ.ქ.წ.). ამ პათოსს ჰქონდა ძალა. დარიუსის ხელისუფლების ქვეშ იყო მრავალი მხარე. სპარსეთი. სირია. მესოპოტამია. ფინიკია. პალესტინა. ეგვიპტე. ბახტრია. ხორეზმი. ხმელთაშუა ზღვიდან ვიდრე ჩინეთამდე.

ვისტასპას ძე ახმენიდ: ღერბი ჰამადანის.

ჰამადან: ძველი ეკბატანა: საუნჯე ახემენიდების დინასტიის.

ეკბატანა: საზაფხულო სამყოფელი ახემენიდების.

„ახემენიდ“: თვითონ სიტყვის ფონეტიკას მოაქვს დამასკის რკინა.

ეკატანიდან გასცა კიროსმა მანიფესტი როგორც შიშველა ხმალი.

ელვენდ... ელვენდზე წარწერების ახლო მზის საკურთხეველია.

ეხლა მხოლოდ ნაშთი. მინგრეული.

ალბად მისთვის დაინგრა -

რომ ჰამადან თვითონ არის საკურთხეველი მზის.

ვისტასპას ძე

ახმენიდ:

მზის ღერბი ჰამადანის.

 

* * *

თიხისაგან ნაშენი მინგრეული კედლები. ამ კედლების რიგებით შედიხარ ქალაქში. მიზგითი „მესჯიდჯუმახ“: უკვე სასტიკად მოძველებული. მის წინ: მაჲდან - საცა გაშლილია ბაზარი. ყოველ დილით მზის ამოსვლამდე ბარებით ხელში აქ თავს იყრიან მიწის მუშები. ურიგდებიან და მიჰყავთ სამუშაოდ ველებზე. „მესჯიდ-ჯუმახის“ ახლო: ეზო - საფლავებით ავსილი. აქ აკლდამააა ესთერის და მარდოხაჲს: აგურისაგან ნაშენი აკლდამა ორთვალიანი. შენობის თავზე ელლიპსიური გუმბათი. არქიტექტურა - არა უადრესი სარაცინების შემოსევის. აკლდამაში შედიხარ ქვის კარით. ქვაში ნახვრეტია. ნახვრეტში ხელს გაჰყოფ და კარს გააღებ. პირველი ნახევარი: თითქო საწყობი სიკვდილის სიმბოლოების. მათ შორის - ხის საკაცენი. მეორე ნახევარი: განსასვენებელი. ორი სარკოფაგი შავწითელა ხის სახურავით. ზედ: ჰებრაული წარწერები ამოჭრილი. აქ განისვენებ ესთერ და მარდოხაჲ კედლებზე - წარწერები ტალმუდიდან: ზოგი ჰებრაულად ზოგი არაბულად. წარწერები - თიხისაგან ჩამოსხმული. წარწერებს ანათებენ გუმბათში გამოჭრილი პატარა სარკმელები. მოდიან სალოცავად არა მარტო ჰებრაელები: მაჰმადიანებიც. კედლებზე ფურცლებს აკრავენ. ფურცლებზე: „მე ესა და ეს შვილი იმისა ამა და ამ ქალაქიდან ვინახულე წმიდა ადგილი და ვილოცე“. ესთერ და მარდოხაჲ! როგორ შეჭრილან ჰებრაელები მიდიელთა სამთავროში! შენობის გუმბათზე ყანჩს ბუდე გაუკეთებია... არის ეს: ირონია საუკუნეთა შორის გადასულ ეკბატანის თუ - ჰუმორი ჰებრაულ აკლდამის: არ იცის ყანჩმა. მან მხოლოდ ის იცის: რომ გუმბათზე აკანჭული და კუნწში გამყურე - იგი თავისი პოზით მიმინოს ედავება ამაყი ყელაზიდვით რომ უზის ფეოდალს ხელზე.

შიგადაშიგ ქალაქში: სიძველის ნაშთი მრავალი. მიზგითი ძველი. ნატეხი ძველი ბაზრის. საფლავის ქვები. კოშკები ნგრეული. წარწერები „cuffick“ ყოველ კუთხეში. ცილინდრული ქვები პერსეპოლის ფიგურებით და წარწერებით. ძველი ფულები: სასსანიდების თუ ახემენიდების თუ სხვების. ნაშთი მრავალი. და მაინც: მოგზაური გაკვირვებულია. რამდენჯერ გადაუხნავს ისტორიის სახნისს ეკბატანას მკერდი. შედარებით ამ „ხვნასთან“ ნაშთი ცოტა დარჩენილა. მაგრამ საკვირველია ისიც: ეს სიცოტავე ნაშთებისა თუ პირდაპირ უნაშთობა კიდევ უფრო ამძაფრებს ჰამადანის ძველობას. არის ადგილი ხასიათის გარე. თითქო ჯერ კიდევ უხასიათო. თითქო ახლად თვალახელილი. არის ადგილი - ხასიათი თავიდან ბოლომდე: ისტორიას მხოლოდ სურნელი დაუტოვებია მის ნიადაგში გასრესილი. ჰამადან ხასიათია უკანასკნელი კენჭითაც. აქ თვალი გადასულ ლანდებს ხედავს. თუმცა თვალი დაცდილია საჭირო რომ ლანდები არ დააფეთოს. აქ მიწის ბელტიც შორეულის სურნელს ასხურებს. წარსულს მხოლოდ იყნოსავ. სხვარიგ მას ვერ აითვისებ. გადასულს სურნელის გზნება თუ მოაბრუნებს... ერთი შეხედვით: თიხისაგან ნაშენი სახლები და ვიწრო ქუჩები. მაგრამ ვინ იცის: თიხაში ეგებ მოქცეულია მოკრძალება დროის მიმართ - (დრო ყველაფერს ანგრევს: თიხა ისედაც ინგრევა). სივიწროვე ეგებ ამხელს სივრცის მიმართ შიშს: შენობები მჭიდროდ შექუჩულან. ყველაფერი თითქო ერთფერი: ნაცარი თუ ღველფი იმისდამიხედვით თუ მზე რა გუნებაზეა. ყოველი - მცირე და პატარა: ალბად ბედის მორჩილი. მხოლოდ აქა იქ უეცრად ასხლტდებიან მიზგითები როგორც დაჭორფლილი ქალები ოჩოფეხებზე: რომლებიც სავსე მთვარეს ნოყიერებას ევედრებიან. და ჰაერში სიტყვები თითქო თავისთავად წარმომთქმელნი: და ილაჰ ილლა ალლაჰ...

ქუჩები. ვიწრო ქუჩები. მიხვეულმოხვეულები. მიკიბულ-მოკიბულები. ქუჩის ერთი პირიდან შესაძლოა გადახტე მეორეზე. ერთი სახლიდან - მეორეში. ფუსფუსი. ხალხის მასსა: როგორც ჭიანჭველები სხვადასხვა ბუდიდან კაცები ყველგან: რგვალი კვახის მზგავსი ქუდებით. სიცხეშიაც კი - ნახევრად თუ მთლად გადახოტრილ თავებზე. სახეები: შორეულის მასკები. თვალები იცქირებიან უწვდენელ სიშორიდან. ძველი რასსის ნამდვილი ნიშანი. უმზერ - და თითქო კაცი შორსაა. საჭიროა კარგა ხანი და კარგი ცდა: რომ სპარსში მზერა იხილო თანდათან მოახლოებული. აქა იქ კუთხეებში სემიტების პროფილებიც შეგეფეთებიან. ესენი ჰებრაელებია. მათი მზერაც შორიდან მოდის. მაგრამ სველი თვალები ოდნავ იღიმებიან და ამ შორეთს თითქო მალავენ. არის რაღაც საიდუმლო ჰებრაელის გამოხედვაში. თვალებში ირონია და ბაგეზე სევდა. თვალებით თითქო გეუბნება: მე ვიცი და შენ არ იცი - საიდუმლო. ტუჩებით თითქო გამცნევს: ღმერთმა გაშოროს ჩემი ხვედრი. გაბრუნდება. უკანიდან თვალს გააყოლებ: მზერაში გრჩება დანაოჭებული მიმქრალი ყვითელი ყურები. ეს ხაზი იქ უფრო გამსხვილებულია სადაც ჰებრაელთა რიცხვი ცოტაა: როგორც ჰამადანში. აქვე გვხვდებიან სომხებიც. წაქანებულ შუბლს არტყია საშინელი სიჯიუტე. უკმეხი ძრაობა ამხელს ხასიათის სიკორძეს. ღჯუ ხე: მუხლმაგარი მაგრამ გაღუნული და გაბრუნდული.

მტვერი და წვირე - ყველგან. არ არის საფიქრალი: თითქო სპარსელს მტვერი უყვარდეს ან წვირე. ეგებ სპარსელმა იცის: რომ ბოლოს მტვერად იქცევა ყოველი. ქვეყნის უკანასკნელ არსთან - მორიდებაა სავალდებულო. ეგებ სპარსელმა იცის: რომ წვირეს წყალი წაიღებს და გააქრობს უკვალოდ. უდაბურ მკერდებით რძენაწოვარმა მართლაც იცის წყალის საიდუმლო. იგი მას ადიდებს: წყალს ყველაფერი შეუძლია. წვირე ღელეში ჩაყრილი თუ გახსნილი ათი ალაბის მანძილზე უკვე აღარ არის წვირე. იგი გაწმენდილია. ასე ფიქრობს სპარსელი. ჰამადანს შუაგულში ჩაურბენს მთის ანკარა მდინარე. მდინარეს მიაქვს ქალაქის სიბინძურე. ჰამადანს არ ეშინია უკანასკნელის.

ყოველ კუთხეში ყავახანა სავსე ხალხით. დათლილი თითები და კრიალოსნები - ქარვის და გიშერის. ყველგან ჰაშიში. მოსწევს ერთი და გადასცემს მეორეს მოსაწევ ტარს. მეორეც მოსწევს და გადასცემს მესამეს. მესამე მეოთხეს. მეოთხე მეხუთეს. მეხუთე მეექვსეს. მეექვსე მეშვიდეს. ასე: სანამ ტარი პირველს არ დაუბრუნდება. ამ რიგათ ჰქმნიან მაგიურ რკალს. აქ იჭერენ თვალღია ზმანებას. აქ არის საიდუმლო აღმოსავლეთის თანაყოფისა თუ ერთყოფისა. სხვაობა და ზიზღი მეორისადმი მოხსნილია: ერთი ტარი ყველა ტუჩებისათვის, ერთი მეორის გზით სხვაში გადადის და სხვების გზებით თავის თავს უბრუნდება. მაგიური ძალა კრებულში თავგახსნის თუ თავდახსნის. აჭრელებულ ზმანებას ხშირად პირი ეხსნება. იწყებს რომელიმე საგმირო ამბავის თხრობას: „წავიდა რუსტან დღესა ერთსა და მივიდა ზორაბთან“... მეორე აგრძელებს. მესამე საადის მოიგონებს შაირით. მეოთხე შირაზის ვარდებს გადაჰფენს. მეხუთე ისპაჰანის ბულბულს ააფრენს. ამ რიგად: სანამ სიმთვრალე სიტყვას ემორჩილება. თუმცა მისი უხილავი მხეცი უკვე იმზირება და იგრუზება.

ჯგუფის განზე პირდაღებული გამოჩნდება ძონძებში გახვეული თმა აბურძგნილი. ლაშებზე დორბლი. თვალებში ცხელების კიაფი. თავის კანკალი ოდნავ. ამღვრეული. ეს დერვიშია. ყველას უცქერს და არავის ხედავს. თითქო უხილავს უსმენს და ელის მისგან ნიშანს. ჩამოწვება სიჩუმე აუტანელი. უეცრად ავარდება პირდაღებული კაცი და იწყებს საშინელ კივილს. საშინელი კაცი კივილს ახვევს თუ ამსხვრევს გააფთრებულ ცეკვაში. სივრცე ჭრელი ზმანებით აყვანილი ეხლა უცხო სიტყვებში ეხვევა. კაცი ვერ გაიგებს თუ რას ამცნევენ უკანასკნელნი. ყველაფერი ირევა და გადადის დღეულ ფანტასმაში. ანაზდად თეთრი ვირი გამოჩნდება დატვირთული. მაღალი. ცხენის ოდენი. ცნობილი ჰამადანის ვირი. ბიჭი უკან მოსდევს და გაიძახის: ფენირ! ფენირ! ჭრელი ზმანება ჰქრება. თეთრი მაღალი ვირი სტოიკური სიდარბაისლით ჩაივლის ქვეით. სიფხიზლეს უბრუნდებიან ისევ. განზე მარჩიელი ქალი გამვლელებს უხმობს.

დუქნები. ფარდულები. თითქო კიდობნები. ქიშმიში. ზეთისხილი. თხილი. ნიგოზი. ბრინჯი. ფსტაჰ ნედლი და ფსჰატ მოხალული. უთვალავი ქსოვილი. ფარჩეული. აბრეშუმეული. ქაშემირი. ათასნაირი... ჭიქები. თასები. დოქები. თუნგები. მოხაზულები ნაირნაირ. მრავალი... სირმები. სამკედები. არშიები. გრეხილები. თავლისმომჭრელნი... ნოხები... ხალები. ხალებში: ჰამადანის „numud“. ფარდაგები. ფლასები. ჭილობები. აურაცხელი.. ხორასანი რკინები. შაჰაბაზის ხმალები. შუბები. შვილდები. ისრები. უნაგირები. მოსართავები. ღვედები. თასმები. ამულეტები. კუთხეში მინჲატურა ხატული. იქვე „ყურანი“ საფიანის აფერადებულ ყდაში. გვერდით თვალი პატიოსანი მრავალი. საკუთრივ: იაგნუდი - ლალი - ფირუზი - ქარვა - იასპი - ზურმუხტი. კუთხეში - გალია და შიგ იადონი თუ ბულბული. ათასი და ათიათასი სხვა რამ. არეული ერთი მეორეში. და უეცრად - ქალი მწვანე მოსასხამით კოჭებამდი. თავზე: ზაფრანისფერი მანდილი ოდნავ აჭრელებული. ფეხებზე: მწვანე ქოშები წითური ქუსლებით. ოდნავ პირახდა თითქო უნებლიე - და სახე: რბილი მარმარი რომელსაც ძვალის ფერი გადაჰკრავს. უცაბედი გამოხედვა - და თვალები: ფართონი დიდრონი ნუშისებრ მოხაზულნი. თვალებს გადაუვლის ჰინდური მუქი ზურმუხტის წყალი. მოსასხამი ირხევა მაღალი ტანის მოსხლეტილი გავლით და ნაცადი თვალი არჩევს სხეულს ტანაგრის სტატუის მკვეთრ აღნაგობით. გაიწევ უნებურ ლამაზისაკენ და ჩვენება ჰქრება სიზმარივით სადღაც ბრბოის ხრიალში. და მოგონება - „ათასერთი ღამის“. და გაგრძელება - იმავ ღამის...

 

* * *

მჲუსელლაჰის სამხრით დიდი ქვის ლომი წითური: კირსილისაგან ჩამოსხმული. კირში - მზის ხურუში და სილაში - მზის თესლები. ქვის ლომი ფარია ქალაქის. სპარსეთის ტიტველ ნაპრალებიდან, საცა გახელებული მზე ავხორცობის ჟინს იკლავს, ხანდახან ლომის გრგვინვა გადავარდება სუნთქვა შეკრულ ხევებში და გრიალის ბრაზიანი ღვარი შორისშორს დიდს მანძილზე არღვევს საშიშარ მყუდროებას. არის ამ გრიალში რაღაც უცნაური სითავადე: ზვიადი - ქედმაღალი - უტეხი. ქვის ლომი ხმალია ჰამადანის. დიდი შუადღის ჟამს როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ ქვის ლომთან მიდის სნეული: უნაყოფო თუ ათაშანგით დახსნილი. უნაყოფო იღებს ფალოსს გახურებულ ქვასთან და თხოვს ლომს თესლებს. ათაშანგიანი შეახებს ფალოსს მზით გასუდრულ ქვას და ელის ნადირისაგან კურნებას. გაფიცხებულ სილაზე თითქო პეშვებით ესხმიან საიდუმლო შელოცვანი; კაცმა არ იცის რა ენაზე...

ქვის ლომთან ზის უცხო კაცი.

იგი არ არის სნეული: არც უთესლობით და არც ათაშანგით. არც დიდი შუადღეა ეხლა როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ. ღამეა მთვარით განათებული. ზაფხული. 1917 წელი. საგნები ლანდებს არ ჰკარგავენ თავისას - მაგრამ მთვარის ჯადოშუქები თვითონ იქცევიან ლადებად. იშვის ქვეყნის მეორე პირი: უსახელო - უსხეულო - ხელუხლები - ორალი. უცხო კაცი არ არის: არც სპარსი არც ოსმალი არც ჰინდუ არც ებრაელი არც სლავი არც ფრანგი არც გერმანელი. არც ქართველი?! ჰგავს მხოლოდ ინგლისელს. ისიც პირველი შეხედვით. ქვის ლომთან ზის უცხო კაცი და ერთვის მთვარით მოთოვლილ ფანტასმებს. დიდი თეთრი სასიცხო ჩაფხუტი განზე დაუდევს. სწორი ნათელი სახე თითქო მთვარის პროფილს ეჯიბრება. უცხო კაცი გიმზერს ჰამადანის მიდამოს და სრულიად გაბრუებული მოგონებაში გადადის მთლად. ჰამადანიც ხომ მოგონებაა თვითონ. იგონებს:

ორიათასი წლის წინათ ალექსანდრემ თავი ბუცეფალი შეაგდო ეკბატანის სიმაგრეებში. ერთი დაკვრით აიღო ძველი ქალაქი როგორც ათასწლებში ნასურვი დედოფალი. სძლია უძლეველ ახემენიდებს და თვითონ იქცა ახემედინად. ხმალის ელვარებაზე გამართა დედოფალთან ქორწილი და გავარდნილ ურაცხენს შეშლილ ჩლიქებზე ნაპირ გადალახული ლხინი მიაბა. ეკბატანის ყვითელ კალთებში გაჰფინა „ორრქიანმა“ უთვალავი კარავი და ყოველ კარავში ჩამოუშვა ღელედ მოსხლეტილი ვარსკვლავი. მზე თითქო დაჰკოდა დიდებულმა გალაღებული მახვილით. და მის მეწამულ საშოდან მოხეთქილი რუებით აავსო მეომართა მოწყურებული აზარფეშები. ათიათას მხედარს შერთო ათიათასი მცირეაზიელი მხევალი. ერთ ღამეს გადაიხედა ქორწილი. არასოდეს ღამე ასე არ გადარეულა. არის სადმე პათოსი უფრო მეტი?! იყო ნგრევა და სიმთვრალე. იყო ძლევა და ზეიმი. ეკბატანში ამ ღამეს კაცური გასცილდა კაცურის კიდურს. ლივიის ტაძარში „ორრქიანი“ ამმონ-რას ძედ გამოაცხადეს. ეგებ ჰამადანის ღამის ნიშნად.

უცხო კაცს აგონდება სხვარამ: თითქო შესადარი. არის გადმოცემა ასეთივე მწველი. საუკუნეების წინად სოლეიმან ბრწყინვალემ (თუ მუჰამედ დამპყრობელმა?! მაგრამ გიდები სოლეიმანს არჩევენ. ალბად ხმოვანებისათვის) - საუკუნეების წინად სოლეიმან ბრწყინვალემ ქაფიანი ცხენი შეაგდო კონსტანტინოპოლის აჲა-სოფიას ტაძარში. გაშმაგებული ცხენი ატორტმანდა წმინდა ტაძარის ლებიათანის მუცელში და აყირავებული ტორებით მიაწყდა მაგარ სვეტებს. მოსხლტა უკან რისხვადალეული ცხენი - და თეთრ სვეტზე ცეცხლის ნატერფალიდან სისხლის რუჰ გადმოეშვა. ამბობს ასე გადმოცემა. ამ სვეტს ახლაც ამჩნევია სისხლის დაღი თითქო ნალმოხსნილი. უცხო კაცს აგონდება სოლეიმან ბრწყინვალის ცხენის ტორი და წამსვე ფიქრი გაურბენს: ალექსანდრე დიდის შევარდნა ეკბატანაში თითქო სოლეიმან ბრწყინვალეს ცხენის შეგდებაა აჲა-სოფიის ტაძარში. თვითონ ეკბატანა სოლეიმანის ცხენის დაღია სისხლით აღბეჭდილი ტაძარის მაღალ სვეტზე. არის აქ რაღაც უჩვეულო გახელება. საშინელი სისასტიკე და უმძაფრესი სიტკბო. ვნება და გადალახვა. კაცური მართლაც სცილდება აქ კაცურის კიდურს. ეხლაც: ჰამადანი დაღია ალექსანდრეს ბუცეფალის ნალის: სისხლიანი - ყვითელი - ჟანგიანი ოდნავ - ხავსიანი. მაგრამ მაინც მზიური. ჰამადანი: გახელებული ნალის ნატერფალი. ქვის წითური ლომი მზითგაალებული ფარი ჰამადანის.

 

* * *

უცხო კაცი შეიძრა. შორიდან - ცხენების თქარათქური. უცხო კაცი ხედავს: ცხენოსანთა გუნდი მოჰქრის ქალაქისაკენ. წინ მოხუცი: სამოცდაათ წელზე მეტი. ცოცხალი თვალები და ალმასივით მჭრელი აზრი. მოლურჯო მოსასხამი გრძელი რომელიც ჭენების დროს ფრთებად იშლება. თავზე - თეთრი ჩალმა. ემირ ავღან - მხლებლებით და მცველებით. ალბად ჰამადანის გუბერნატორთან თუ მიეშურება რომ უკანასკნელს საყვედური მიახალოს. მთვარის ნათელში კორტეჟი ფეერიულ ჩვენებად იფინება. ალექსანდრე დიდის ხსენება თუ აწვალებს ფეოდალს. მაგრამ რა იცის ფეოდალმა მაკედონელის გადალახვა. ფეოდალმა არ იცის: რომ ევროპაში ხალხები ერთი მეორეს სასიკვდილოდ ასკდებიან. ფეოდალმა რა იცის ჩრდილოეთიდან რევოლუციის გუგუნი რომ მოისმის. პეტერბურგი ალბად მას არც გაუგონია. ქალაქი: რომელიც პატრე დიდის... გახელებამ ფინის ტბებიდან ამოატივტივა. ქალაქი: რომელიც დოსტოევსკის ეპილეფსიამ პოტმოსის კუნძულად გადმოანთხია. ქალაქი. ეს ქალაქი მას არაფერს ეუბნება. ემირ ავღან და აპოკალიპსი - სად შეხვდებიან ერთმანეთს. სამი მილის მანძილზე კი შევერინში რუსის შტაბში დაღოებულია წინათგრძნობით. გენერალი ნ.ნ.ბარათოვი - ოსი თუ კაზაკი თუ ორივე ერთად - კაცი ტანმორჩილი წვრილი ჭკვიანური თვალებით - ჩაცმული ჩერქეზულად - ეხლა დარდითაა დაკოდილი: თუ დაირღვა დიდი იმპერია რუსეთის. დაფარულ ფიქრებში კი ზომებს იგონებს.

 

* * *

მოდის თანადროულობის სიფხიზლე. იჭრება ხალხთა სიმკაცრე. უცხო კაცი იქით აქეთ იხედება. ალექსანდრე დიდის ლანდი სადღაც გადაიკარგა. წითელი ლომი ქვაა კირიან სილისაგან შემდგარი. ჰამადანი აყალო მიწაა და წვირიანი ქალაქი.

არჩიბალდ მეკეში ბრუნდება ბინისკენ. უეცრად აგონდება ხვლიკისფერი ქვის ნატეხი გუშინ რომ ნახა. ტვინს დაღავენ ქვაზე ამოჭრილი საოცარი სიტყვები:

„ჩემი ძმა
არყოფილი
ვითარ მიყვარდის
უმეტეს მზისა
და უმეტეს ხმალისა
რამე თუ იყო იგი
სხვაჲ ჩემი“.