ზაფხულის დამდეგი იყო, როცა ერთი რუსული საფილმო საზოგადოებისაგან წინადადება მივიღე გავყოლოდი მის მიერ გამზადილ ექსპედიციას ხევსურეთში, როგორც მცოდნე ქართული ენისა. დიდი სიხარულით შევხვდი ამ წინადადებას. ეხლა შემეძლო ადგილზე გავცნობოდი ამ უსაიდუმლოეს ტომს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ კავკასიის ტომთა შორის. ხევსურები მეჩვენებოდნენ შორიდან მუდამ როგორც ცოცხალი დანაშთი ერთი უსახელო, ძველი, საუკუნეებში გარდასული ხალხისა. ჩემმა ნატვრამ ამ დანაშთის ხილვისა იმატა ფრიად. ერთ მზიან დღეს კიდეც შევუდექით გზას კავკავიდან. ექსპედიცია ოთხი კაცისაგან შესდგებოდა. მე მეხუთე ვიყავ.
საქართველოს სამხედრო გზა ჩემთვის სრულყოფილი ქმნილებაა ბუნებისა, არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი თვალწარმტაცი და ლამაზია; სხვაგან შეიძლება უფრო თვალწარმტაცი და ლამაზი ადგილი მოინახოს. ეს გზა ერთი მთლიანი ხელოვნური ქმნილებაა, 200 კილომეტრზე ჰარმონიულად გაშლილი - აქაა მისი უპირატესობა. ყოველი ნაკვეთი მისი ლანდშაფტისა გულისხმიერი ელემენტია კომპოზიციური სასტიკად დაცული მთელისა. კავკავიდან უნდა გადმოხვიდე, რომ ნამდვილად იგრძნო სიმშვენიერე მისი; თბილისიდან იგი შესაძლოა მოგეჩვენოს, როგორც უკუღმა დაშვებული ფილმის ზოლი. მიწა აქ მართლა „დედა მიწაა“, თბილსაშოიანი და ნაყოფმადლიანი. გულის ფრიალით გზნებ ცოცხალს მძლეოსან მითოსს: წინაწვეყნიური დაგქროლავს და გევლება აქ თავს.
მივაღწიეთ დარიალის ხევს. თვითონ ხმოვანებაში ამ სახელისა „დარიალი“ მოცემულია მთელი ჯადოსნური ასახვა ადგილისა. დადუმებული კლდეები სუნთქავენ მყუდროებას. ხოლო ეს სიმშვიდე არაა, ეს უფრო უძრაობაა: თითქო ზვავდენანი ოკეანესი გაქვავებულიყვნენ. გგონია, ვითომ ციკლოპური მიქელანჯელო ყოფილიყოს აქ სამუშაოდ და უძაფრეს დაძაბულობისას გაგიჟებულიყოს იგი: და სისრულის მაგივრად დარჩენილიყო ღრიოშ დემონთა ქაოტიურობა, სამარისებური გარინდებულობა კლდეთა, ნაპრალთა, ლოდთა. დროდადრო გეჩვენება: ესაა გასკდება ეს უძრაობა დაუმთავრებელ ელემენტთა და ატეხილ გრიგალად ავარდება ყოველივე. თერგის ხმაური არღვევს და თანვე აღრმავებს კლდეთა მდუმარებას. შიში გიპყრობს არაადამიანური.
განვვლეთ ხევი და მივადექით პატარა დაბას ყაზბეგს. მარჯვნით გამოჩნდა თვითონ მყინვარი, მარად დათოვლილი. იგი დგას მყუდროდ თავის თავში ჩასვენებული: თითქოს შინაგან მისსა არა ხდებოდეს რა. სდგას ყოვლის განზე, რაც ხდება, თვით არამყარი და თავისთავადი. ხანდახან გგონია, არა მიწიერისაგან, არამედ სხვა ნივთიერისაგან იყოს იგი წარმომდგარი: ვულკანური, ხოლო სიმძიმისაგან თითქო განთავისუფლებული. ინთქმება იგი უსაზღვრობაში, ან უკეთ: ერთვის მას.
გავცილდით დაბა ყაზბეგს. მივუახლოვდით მლეთს. დარიალის ხევიდან როცა მლეთში მოხვალ, გზნებ მეშვიდე დღეს შექმნისა: ისე ნეტარ დამატკბობელია ეს ადგილი. მლეთში თითქო მიწასთან ერთად მიჰქროლავ სადღაც უცხო უცნობ მხარისაკენ. სინაზითა და სილბილით არის აქ ყოველივე მოცული. ნელინელ ეშვება ჰაეროვანი შორეთი სულში. განშორების ჟამს ამა სოფლისაგან უთუოდ მლეთს აირჩევ. ერთხელ კიდევ ვიგემე მისი მადლი. დუშეთში დავიქირავეთ ცხენები და გამყოლნი და ჟინვალისაკენ გავეშურეთ. აქ ერთვიან ერთმანეთს ორი ტოტი არაგვისა: ფშავისა და მთიულეთის. ჟინვალიდან მაღაროსკარის გზით შუაფხოსაკენ გავემგზავრეთ. მივადექით ორწყალს: საცა არაგვი ორ ტოტად იყოფა. აქვე იწყება ერთი ხევი ძნელგასავლელი.
მე ვიცოდი, რომ ფშავები მგოსანნი არიან. ერთმა აღმოჩენამ მაინც გამაკვირვა: ტყეში ხეებზე ამოჭრილი ლექსები ვიხილეთ. კითხვისას ვიგზნე უეცრად: თითქო ეს შაირებიც მცენარენი ყოფილიყვნენ. გზა გაძნელდა. თანდათან განვვლეთ როგორც იქნა ერთი წავარნა თავბრუდამხვევ სიმაღლეზე ნაპრალების გასწვრივ. რამდენიმე ვერსის გავლის შემდგომ მივუახლოვდით სოფელ მათურას. აქ წავარნას „ფშავის ნახტომი“ ჰქვია: გადმოცემით აქ ერთი ფშავი ცხენიდან გადაჩეხილა ხრამში. ყველგან კლდეთა ეხნი და ქვის საფეხურნი. აქა-იქ ღრეებზე და ხრამებზე ბოგირები: უზარმაზარნი ძელნი, ერთი კლდის კიდურიდან მეორე კიდურამდე გავლებულნი. გზის სიგანე ალაგ-ალაგ ერთი ალაბის მეოთხედი თუ იქნება. უფსკრულში იქაფება არაგვი. შიშის მომგვრელი არე: გული იწყებს რეჩხს.
მათურიდან გზა ავიღეთ ჩრდილო მიმართულებით, საცა არაგვის გვერდით მეორე მდინარე მოხმაურობს. უეცრად თავსა ჰყოფს უზარმაზარი ქედი მთისა, რომლის იქით ხევსურეთია. ამრეცი ბილიკი ხდება უფროდაუფრო საშიშარი. ირგვლივ მდუმარება სუფევს. ჩვენც ვდუმთ. მივაღწიეთ უღელტეხილს. უეცრად მთის თხემის ორივე მხრით წამოიშალა ნისლი, რომელიც საოცარ სიმაღლით დიდდებოდა და სქელდებოდა. რამდენიმე წუთში მოიცვა მან ირგვლივ მიდამო. შიშმა იმატა. ხოლო მყისვე ვიგრძენით უცხო რამ: თითქო კლდე ხომალდი ყოფილიყოს უდიდე და მძლავრი; სიზმარეულ მიგვაქანებდა იგი უსაზღვროებაში ცის რძეთეთრი შორეთის მიმართ. იყო ერთი წუთი: მეგონა, შევეხე მარადობის სამოსელს. უღრმესი ნატვრა, რომელიც თან გამოყვა ჩემ სულს აქეთკენ, იქცა ჩვილ და ნაზ ელეგიად.
განვვლეთ ვიწრო ბილიკი. ირგვლივ უდაბურობა და მდუმარება. გავიარეთ რამოდენიმე ვერსი. ხევი გაგანიერდა ოდნავ, ამწვანდა; აქა-იქ ტყიანი ალაგიც გამოჩნდა. კლდენი სთვლემდნენ ხავსმოდებულები. მუქგრემა კაჟ-ძარღვიან თირქვავნარზე ლივლივებდნენ თბილი ზავთიანი ხალები. შორს - მოთოვლილი მასივები მთისა, ჩვენსკენ - კლდეთა მოშვებული ნაპრალები. ბორცვთა დაფენებანი, ხალებით აქა-იქ ამწვანებულნი; შიგადაშიგ - აღივებული ყვითელი ხორბალ-ველები. გამოჩნდა პირველი სოფელი ხევსურეთისა, რომელიც ციხეს უფრო წააგავდა. თირიქვისაგან ნაშენი სახლები კოშკისებურად იყვნენ ერთიმეორესთან მიჯრილნი. სახლებს და კლდეებს გადაჰკრავდა ერთიდაიგივე ფერი. შთაბეჭდილება იყო: თითქო სახლები კლდისაგან ყოფილიყვნენ ამოზრდილნი. არწივთა ბუდე ნამდვილი.
ერთ მოსახვევში უცხო ვინმეს წავაწყდით თავს. იგი ახალგაზრდა იყო. უნდოდ გვიმზირავდა იგი ჩვენ, შეჩერებული. როცა ქართულად გამოველაპარაკე, მყის მოსცილდა მის სახეს უნდობლობა. შუატანისა იყო. ტანჩაცმულობა ხევსურული ჰქონდა: მოკლე მოშავო ჯუბა, მატყლისაგან ნაქსოვ წითურ პერანგზე გადაცმული. ყელთან და მკერდთან სწორი ზოლები პერანგისა მძივებით იყვნენ აცმულნი, განიერ მდგენ-მფენზე ჯუბა ამშვენებული იყო გოჯისოდენა ჩაქსოვილი ჯვრებით. შარვალი არაგანიერი, ქუსლებიდან მუხლებამდე მუქგრემა ლეკვერთხები. ხევსური 22 წლის თუ იქნებოდა. მხარზე ბრტყელი რკინით მოჭედილი ფარი და წელზე არამოკაული ხრმალი სწორკუთხიანი ტარით; ღვედზე ხანჯალი; ხელში სახრე; თასმის გრეხილი, შიგან მავთულჩატნეული; თვალს ხვდებოდა სიმჭლე მისი სხეულისა; შუბლი მაღალი, ძვლები საფეთქლებთან თხელი და ბრტყელი; ნიკაპი წამახული, ყურები ოდნავ წამოშვერილი; სახეს მისსა გადაჰკრავდა ფერი გამომწვარი აგურისა; ღაწვთა ძვლებს ეტყობოდათ სიძლიერე; სახის კუნთები მაგრად გადაჭიმული ტყავით ცხადყოფდნენ ძალას, საკუთრივ, საკვნეტი კუნთები; თვალები დიდრონი და ლეგა; ზედა ქუთუთოები ნაღვლიანად ძირს დაშვებულნი - თოვლიან ველთა მოლურჯო ციალის გამო? ვაჟი ხშირად ახამხამებდა წამწამებს. მის ფიზიურ აგებულებაში სჩანდა სულიერი თვისებაც მისი ტომისა: უნდობლობა და ამაყი თავდაჭერა, მზაყოფნა გამოწვევისათვის და უშიშროება, თავნებობა და გულოვანება. უნდობლობა მასში შეწყვილებული იყო ბავშვურ რცხვენასთან თუ კდემასთან. სიტყვა მისი სრულხმიანი იყო, თქმა მოჭრილი და მკვეთრი. „ქართველ ხარ?“ შემეკითხა იგი. „ნაწილად“, მივუგე ცოტა შეგვიანებით. უნდა დაგენახათ ხევსურის სახე. ეს ვაჟი, რომლის არსში ყველა ელემენტები ერთ სახედ იყვნენ ქცეულნი და რომელმაც არ იცოდა, რაა განყოფა, ცხადია, ჩემს პასუხს „ნაწილად“ ვერ გაიგებდა. „რა იქმნების ეს - ნაწილად?“ მომიბრუნა მან კითხვა ოდნავ შუბლმოქუშულმა. უნდა ამეხსნა მისთვის. მამით მე რუსი ვარ, გვარად:Lვალუევი. დედით კი ქართველი. ჩემი მშობლები დღესაც თბილისში ცხოვრობენ. დავიბადე საქართველოში და აღვიზარდე მის წიაღში. სისხლით ვგზნებ მე თავგადასავალს ქართველთა. რასიული ელემენტი ჩემს პიროვნებაში უფრო ქართულია, ვიდრე რუსული. ხოლო ქაღალდების მიხედვით რუსად ვითვლები მაინც. ჩემი დედა ქართველია-მეთქი. ავუხსენი ხევსურს. „მამაი?“ მკითხა მან ღიმილის მოქროლვით. „მამა რუსია“, ვუპასუხე. ხევსური მოიღუშა კვლავ. „რაი გქვიან შენ?“ დამიყენა კითხვა და თვალებში ჩამაცქერდა. „გეორგიი ვალუევ!“ ვუთხარი რუსული გამოთქმით. ხევსურმა დაიწყო ბუტბუტი. „გეორგიი, გივარგი“. რუსული „გეორგიი“ შესცვალა მან ხევსურული „გივარგით“. ვალუევს რომ მიადგა, ენა არ დაემორჩილა. ვერ გამოსთქვა. მაშინ შეეცადა იგი გვარიც ხევსურულად გადაეკეთებინა. დიდხანს ღეჭდა გამოსათქმელს, სანამ მოსანახავს სწვდებოდა: „ვალუაური“, დაასკვა მან. „ხევსურად გინდა გამხადო?“ შევეკითხე მე ღიმილით. „მერე რაი? იქნების ცუდ?“ იმის სახესაც მოედო ღიმილი; ლითონურ სხმული მარცვლებით განიმეორა მან: „გივარგი ვალიაური“. თითქო მომნათლა ამით ხევსურად.
ამასობაში არც კამერა იყო გაცდენილი: ხევსური გადაიღეს ჩემმა თანამგზავრებმა ნაირ-ნაირ, საცნაურო რამ: ფოტოგრაფიულ აპარატს ხევსურში არაფერი გაკვირვება არ გამოუწვევია. მას ვეუცხოვებოდით ჩვენ; დანარჩენს იგი იღებდა, როგორც თავისთავად ცხადს. მდგარიყო მის წინ ამ დროს ნაპოლეონი თუ გოეტჰე, ვერცერთი ვერ გამოიწვევდა მასში გაოცებას. ეჭვი არაა, იგი მათს წინაშე პატივისცემით დაიჭერდა თავს. მაგრამ იმავე დროს იგი დარწმუნებული იქნებოდა შინაგან, რომ სადღაც, ყოფის ერთი არსებით მუხლში იგი მათზე მაღლა სდგას. ასეთი იყო შთაბეჭდილება მისგან გამოწვეული. ხევსური იდგა ჩვენს წინაშე შინაგან ამაყი, ხოლო არა მედიდური.
„ქართულს კარგს უბნობ“, მომმართა გახარებულმა. ხევსურისგან ეს დიდი ქებაა. მგელიკა ალუდაური - ასე იწოდებოდა ჩვენი პირველი დამხვედრი ხევსურეთში - გაგვიძღვა სოფლისაკენ.
მზე იდგა მაღლა, ხოლო არ იყო მწველი. ღრუბლები ჰფენდნენ ჩრდილებს მომწვანო მიდამოს. გული ახალისდა. ირგვლივ სიხარულს აღვიძებდა ყოველი: მდინარის დენა, ქვიშნარის ხალისი, ციალი ნაკადულის სარკიდან ფორაჯმოხატული კლდეთა ფერდები, ხავსმოკიდებული ნაპრალები. ხალისით გვეშლებოდა წინ ხევსურეთი. ქვეითნი მივდიოდით ეხლა. ჩემს გვერდით მხარდამხარ მგელიკა მოაბიჯებდა. აქა-იქ მუხა გვხვდებოდა ნამეხარი, გაფატრული, მაგრამ მაინც მაგარი. ფიქრში მგელიკას ხან მუხას ვადარებდი, ხან კიდევ - თვითონ მეხს. უეცრად თვალი მოვკარ ნაწერს კლდის ფეხზე. შევუდექ მის კითხვას. მგელიკა მათვალიერებდა გაჩუმებული. კიდევ ერთი წარწერა თირზე. გაოცებამ იმატა. გამახსენდა ახემენიდების წარწერანი მიდიაში. მოკლედ მოგვითხრობდნენ იქ მიდიის მეფენი თავიანთ თავგადასავალს. ხევსურები კი ქვაზე მგოსნურ ხილვას ამეტყველებენ. გულდასმით ვკითულობდი მახვილ ფოლადით თირზე ამოჭრილ შაირებს, მრავალი რამ იყო იქ თხრობილი: ჯიხვებზე ნადირობა, მონადირეთა მარჯი თუ მარცხი, მორკინალთა შებმა. „აქ ცხოვრობენ ნაშიერნი ჰომერისა“ - გავიფიქრე. ქართულ პოეზიას კარგად ვიცნობ. მისი ხევსურულ-ფშაური ფშანიც არაა ჩემთვის უცო. ვაჟა-ფშაველას შაირთა კრებული განუყრელი თანამგზავრია ჩემი. მე არ ვიცი ვინ დავუყენო მას გვერდით თანადროულ პოეზიაში. მისი მგოსნური აღვივება მაგონებს ძველთა-ძველ კაცის ექსტაზს, რომელმაც უეცრად მუხის ქერქთა ხეხვისას პირველად იხილა ცეცხლი. მახსოვს ზაფხული 1915 წლისა, ოდეს ეს დიდი მგოსანი ტფილისის ერთ საავადმყოფოში კვდებოდა. ღრმად მოესურვა მას, მშობლიური წყარონი ეხილა კიდევ. გრძნობდა იგი წინასწარ, რომ მამა-პაპათა სავანეში გადადიოდა? - სცადა ლოგინიდან წამოდგომა. ვერ შეძლო საცოდავმა. ფოთლებიანი რტო მოითხოვა მან - მოუტანეს; დოქი მოითხოვა მან ანკარა წყაროს წყლით სავსე - მოუტანეს. რტო მოიხვია გარს - იგზნო მისი ნედლი ძალა. კიდევ ერთხელ სავსე დოქს დაეწფა მოწყურებული - იგემა ნაკადის ცინცხალი სიხალისე, უკანასკნელად. ასე შეერთო იგი მიწას, დედას იგი: ცეცხლოვანი ნაშიერი გილგამეშისა და ილიადასი.
ვკითხულობდი თირზე ამოჭრილ შაირებს; ვგრძნობდი, თუ როგორ მერეოდა მგოსნური თრობა და ვიწყე წარმოთქმა ვაჟა-ფშაველას ერთი შაირისა. გაოცებული და გახარებული მისმენდა ახალგაზრდა ხევსური. მდუმარე ნაპრალთა შუაგულში ეშვებოდნენ სიტყვები და სახენი ვითა დენა სრულხმოვანი ლითონისა. ვაჟა-ფშაველა სწერდა ფშავ-ხევსურულ კილოზე. ეს კილო არ არის პროვინციალიზმი, იგი უფრო არქაიზმია. ლაკონური გამოთქმა აქ უკიდურესობამდეა დაყვანილი. შაირებში ეს უფრო ცხადდება, რადგან მათი შინაგანი აგებულება ელიპსია. სიტყვები აქ ყოფის ფესვებია თვითონ, მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ სურნელება პირველქმნისა. მეტაფორები უბრალო შედარებები კი არ არიან აქ, არამედ თვით სინამდვილე, განცალკევებულ საგანთა თუ მოვლენათა შინაგან გადაბმული. ყოველი თქმა აქ ელემენტურია როგორც ცეცხლი.
ჩემი თანამგზავრნი ფოტოგადაღებით იყვნენ მოშორებით გართულნი. მე ვაგრძელებდი სხვადასხვა შაირის წარმოთქმას და ვთვრებოდი ჩემივე ხმით. ხევსური ყურს მიგდებდა როგორც განაბული ნადირი. უეცრად ავარდა იგი, მოახტა ნაპრალის ერთს ეხს და მიმოავლო თვალი მძლავრად გაშლილ გარემოს. ახლა ხევსურმაც იწყო შაირობა. მთიულები ჩვეულ არიან ერთმანეთს გადასძახონ შორიდან; დაწმენდილი ჰაერი მთისა აგანიერებს მათ ფილტვებს; საკვირველი არაა, თუ მათ მაგარბგერიანი ხმა აქვთ. ლითონური იყო ხმა ხევსურისა. იგი შაირობდა და ჰყვებოდა: ქისტებს გაერეკათ ცხვართა ფარა თუშებისა; უკანასკნელნი გადევნებოდნენ მათ, დაემარცხებინათ მომვარდნი. სიტყვებში ჩანდა გაავება და შურისძიება. სხვა არაფერი? ხევსური შაირობდა და ჰყვებოდა: თუშებმა ვეღარ შეძლეს ჯოგის მობრუნება: მისი მეთაური რქამაგარი ვერძი მირბოდა გაქანებული სულ იქითა და იქით, მასთან ერთად მთელი ფარა. ხევსური შეჩერდა ერთ წამს, სახე ეცვალა: თუშები იძულებულნი გახდნენ მოეკლათ მეთაური ვერძი, რჩეული, საყვარელი, რათა შეეჩერებინათ გავარდნილი ჯოგი. მოშაირეს თვალები აცრემლებოდა. მე ყურს ვუგდებდი განლინგებული. ხევსურმა ეხლა სხვა შაირი დაიწყო: ერთი მონადირე ჯიხვზე წასულიყო სანადიროდ; შეჰყროდა ვეფხს; ერთი სროლა და მოეკლა ნადირი; ხოლო ამ წუთს ნადირს ტორი მოეკრა მონადირისათვის და ორივე ხრამში გადაჩეხილიყვნენ. ხევსურმა შეისვენა ცოტა, ხოლო ეს არ იყო ბოლო. მოშაირე განაგრძობდა: დედა მონადირისა დასტირის თავის დაღუპულ ვაჟს; ხოლო თანვე ვეფხსაც მიუზღებს სარგოს: დიდი სახელია მონადირისათვის ვეფხთან შებმისას დაღუპვა. გარნა არც ამით თავდებოდა შაირი; თვალღია სიზმარში ხედავს დედა მონადირისა: ვეფხის დედაც დასტირის თავის შვილს. ხევსური დადუმდა. შერხეული ვიდექ; რა სინაზე იყო აქ შაირის ბოლოს, რა ხმიერება გულისა! ნელ კოსმიურ მწუხარებაში ბედითი შებმა მონადირისა ვეფხთან. მოშაირეს ეტყობოდა შაირით თრობა. კიდევ ბევრი იშაირა მან. გიგანტ კლდეთა შუა, სადაც მდუმარება თითქო განუზომელ სიმაღლიდან ჩამოშვებულიყო, ორფეოსის ხმას ვისმენდი თითქო, ჰარმონიით ამღვივებულ ელემენტებისა.
მგელიკას თავისკენ მივყავდით. ვუახლოვდებოდით ციხისაებრ გამართულ საბინადროს. სახლი სახლზე იყო კლდის ფენზე გასწვრივ მიშენებული, ორსართულიანი - ისე, რომ ქვედა სართულის სახურავი აივნად იშლებოდა ზედასათვის. სახურავები ქვიშანარევი თიხით იყვნენ გადაგლესილნი. ზედა სართული უმეტესად ხისაგან იყო ნაშენი, ქვედა კი - თირიქვისაგან, კირის მაგიერ თიხით და კელათით შეგოზილი.
პირველად ძაღლები შემოგვეგებენ წინ, დიდი თეთრი ნაგაზები: ცხვირმოკლე, პირფართო, წამოცქვეტილი ყურებით. მოგვიახლოვდნენ თუ არა, იწყეს ავი ღრენა, კბილების ღრეჭით. მგელიკამ ანიშნა თვალით, რაღაც ჩაუჩურჩულა - ძაღლები დამშვიდდნენ მყისვე.
უკვე ღამდებოდა. მგელიკამ მიგვიწვია თავის სახლში. შევედით ქვედა სართულში, დავსხედით. სკამად მუხის სამტოტა ნამორი იყო. სივრცე ფართო იყო, მაგრამ ბნელი. სინათლე მხოლოდ ერთი სარკმლიდან შემოდიოდა, რომელსაც ხარის ბუშტი ჰქონდა გადაკრული. სხვენი იყო მაღალი და სქელი ჭვარტლით მოცული. ერთ კედელთან კერა იყო ქვებისაგან გამართული; იწვოდა ნაკელი, რომელიც მკბენ სუნს გამოსცემდა. კერის თავზე ჯაჭვით დაკიდული ქვაბი. კედელთან მიელაგებინათ ტომრები ფქვილითა და ხორბლით, ყუთები, ჭურჭლეულობა და ტანსაცმელი. ერთ კედელზე ეკიდა ნაირნაირი ხრმალი, ხანჯალი, ფარი, სამაჯური, ჯავშანი. სხვენის ქვემო გამართული იყო აქა-იქ ლატანი: იქ ეკიდა ნატე-ნატეხ ცხვარის ძვალი ძაფზე აცმული. მათი რიცხვით აღინიშნებოდა დაკლული პირუტყვი. კერის გვერდით იყო გამართული დაბლანდული ზღვარკედელი, რომლის იქით ოთხფეხნი იმყოფებოდნენ. სქელი ფარდით ერთი სივრცე იყო აგრეთვე გამიჯნული ქალების საძინებლად.
სტუმრები ვერ ვგრძნობდით თავს მაინცდამაინც კარგად. მაგრამ მე ვძლიე უხერხულობა. სახლის მთელ მორთულობაში შევიცნე ელემენტური კავშირი ადამიანისა და ოთხფეხისა. ერთმა რამმ გამაკვირვა: არსად არ ჩანდა თეთრი ლაქა, არც ტანსაცმელზე, არც უნჯზე, არც მოწყობილობაზე. გამოუთქმელი სევდა სუფევდა ყველგან.
ვისხედით ცალ-ცალკე: მე, ჩემი თანამგზავრნი, მგელიკა, მისი მამა და მისი ძმები - ქალები ოდნავ განზე: ისინი იღიმებოდნენ და ხანდახან ხუმრობასაც ბედავდნენ. გაშალეს ტაბლა: მოიტანეს გამხმარი ქერის პური, ცხვრის ლორი და ჯიხვის შაშხი, თანვე არაყიც. მგელიკა იჩოქებდა ერთს მუხლზე და გვაწვდიდა სტუმრებს არყით სავსე ყანწებს. ერთმა ძმამ მისმა დაიწყო ზღაპრის მოყოლა. შემდეგ შეუდგნენ ძმები სიმღერას: თუ როგორ გამოიყვანეს ხევსურებმა მეფე ერეკლე ერთი ომიდან ხელში აყვანილი - წაგებულ ბრძოლის შემდგომ არ სურდა მას ცოცხალ დაბრუნებულიყო უკან. ვუსმენდი მელოდიას: ეს პირდაპირ ტირილი იყო ნამდვილი. შედარებით სხვა ქართველ ტომებთან ხევსურები ჰგოდებენ უფრო, ვიდრე მღერიან. აქაც, სიმღერაში, იგივე სევდა. ზღვარკედლის იქით გაისმოდა რხეული შმუშვნა ახალგაზრდა პირუტყვისა.
ვახშმის შემდგომ აგვიყვანა მგელიკამ მეორე სართულზე დასასვენებლად. საძინებლად ჩვენ აივანი ავირჩიეთ. გავშალეთ ქურქები, ბალიშები. მივლაგდით და გადავიხურეთ საგზაო საბნები. მთის ნათელი ღამე იდგა. დაღლილი გავცქეროდით მაღლა ცის უსაზღვროებას. ჩემს თანამგზავრებს წამსვე მიეძინათ. მე კი მზერას ვერ ვაცილებდი თვალუწვდენელ კამარას. ნატვრით ფეთქავდა ჩემი გული. საკვირველი: ვგრძნობდი, თუ როგორ ივსებოდა მოთენთილი სხეული უცხო, ახლად მოდენილი ძალით. ვოცნებობდი და თანვე ვეშვებოდი ნელ-ნელა მძიმე ძილში ადამისა.
მეორე დღეს დავინახე ეზოში: ბავშვები ფარიკაობდნენ. გაკვირვებული დავრჩი: მათთვის არ იყო უცხო ხელოვნება მორკინალისა. ხელში ეჭირათ ხისგან გამოჭრილი ხრმლები ოდნავ მოკაული წვერით. მრგვალი მომცრო ფარები მათი - ტირიფის ქერქისაგან იყვნენ დაბლანდულნი. ფარიკაობისას ბავშვები ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ ეშვებოდნენ მუხლით, იმისდამიხედვით, თუ რომელი იყო მათთვის მდგომარეობის მხრივ უმჯობესი. ხანდახან ორივე მუხლით იჩოქებდნენ; ეს ხდებოდა მაშინ, როცა ისინი რისხდებოდნენ. წესებს ფარიკაობისას სასტიკად იცავდნენ. შევამჩნიე, რომ ახალგაზრდა მორკინალთათვის საფრთხე „Prim“-ისა უცხო არ იყო.
ბავშვების მაგალითმა გამიტაცა და ვთხოვე ერთს მათგანს ხის ხრმალი ეთხოვებინა ჩემთვის. განცვიფრებით შემყურებდნენ ისინი, ხოლო უფრო განცვიფრებულად მათვალიერებდა მგელიკა - ანაზდად მოსული - როცა მან ჩემს ხელში ხრმალი დაინახა. „შეგიძლიან ფარიკაობა?“ შემეკითხა იგი. მის შეკითხვაზე ცოტაოდენი დაცინვაც იყო შერეული ბარელის მიმართ, რომელიც ხრმალის მომარჯვებაში მთიელს ვერ გაეტოლება. „დიახ, შემიძლია“, გავეც პასუხი ღიმილით. „გინდა იფარიკავო ჩემთან?“ გამიმიწვია მან. „სიამოვნებით“ მივუგე მე.
მგელიკა სწრაფად გაეშურა სახლისაკენ; რამდენიმე წუთის შემდეგ მან გამოიტანა ორი ხრმალი; „აირჩიე!“ მომმართა მან. მე ვიწყე სინჯვა ხრმლებისა და გავვოცდი: მათზე ლათინური წარწერანი დავინახე. ერთზე ეწერა A. M. D. იყო აქ „Ave mater Dei?“ მეორეზე: „Genua“. როგორ გაჩნდნენ ეს ხრმლები ხევსურეთში?
„აირჩიე რაღა!“ შემომძახა მგელიკამ, რომელსაც ვერ გაეგო ჩემი განცვიფრება.
მე ავირჩიე ხრმალი, რომლეზედაც ამოკვეთილი იყო მგელი. თანვე ჩემი ხსოვნაც მუშაობდა. სერვანტესი აღნიშნავს: დონ კიხოტს - როცა ბრძანა ლომის გალია გაეღოთ - ხრმალი მგელის ნიშნით არ აღმოაჩნდაო. მე კი აქ, ქვეყანას მოწყვეტილ ხევსურეთში მეჭირა ასეთი ხრმალი ამ წამს. მგელიკას დარჩა ხრმალი არწივის ნიშნით.
დიდხანს ვფარიკაობდით. მგელიკა მარდად მიტევდა მე. მე კი თავს ვიცავდი და ვიცავდი კარგადაც, რაიც მას ახარებდა.
„ოჰო, შენა შეგიძლიან ფარიკაობაი“, სთქვა მან და დაუშვა ხრმალი. მე ვდუმდი. იგი შებრუნდა სწრაფად სახლში და თასი გამოიტანა. „კარგ უბნობ შენ შაირებს, ფარიკაობაც შაგძლებია - გინდ გახდე ძმადნაფიც ჩემი?“ შემეკითხა იგი თავშეკავებული. „სიხარულით“, მივუგე მე. მგელიკამ აიღო კრძალვით ერთი ვერცხლის ნაჭერი, ჩამოათალა მას ცოტა და თასში ჩაუშვა ჩანათალი. შემდეგ აავსო თასი ლუდით და შენაცვლებით შევსვით იგი სამსამჯერ. ამ წესით დავძმობილდით ჩვენ. ამიერიდან ჩვენი ბედი ერთი გზით წარიმართა.
ახლოვდებოდა ხახმატის დღესასწაული. ეს დავუმალე მე ჩემს თანამგზავრებს, რადგან არ მსურდა ისინი დასწრებოდნენ მას: არ მსურდა, რადგან ვშიშობდი, რუსი სტუმრების იქ ყოფნა აიძულებდათ ხევსურებს თავისი რიტუალიდან ბევრი რამ არ ეცნაურებინათ; მე კი არ ვიყავი მათთვის ასე უცხო: ჯერ ერთი, ქართული მემარჯვებოდა და მეორე მგელიკას ძმადნაფიციც ვიყავი უკვე. ხევსურები ამის გამო მე როგორც თავისიანს მიმიღებდნენ. ჩემი თანამგზავრნი გაეშურნენ ხახაბოს, მგელიკა და მე კი გავემგზავრეთ ხახმატისაკენ. გუდანის ახლოს მარცხნით ავუარეთ გვერდი მთის ერთ თხემს, რომელზედაც აღმართულია ციხე თამარ დედოფლისა. გავყევით ქვევით ალპური ყვავილებით მოცულ ბორცვებს. ბოლოს მივაღწიეთ ხახმატს, მდინარის ორივე ნაპირზე მდებარეს. ერთ ციცაბო კლდიდან კოშკი გადაჰყურებს ხახმატის მიდამოს. იქვე ახლოს წმინდად მიჩნეულ ეწერში, სადაც აკრძალულია ტოტის მოტეხაც კი, სალოცავი - „ხატი“ - არის გამართული. ასეთ ეწერთა არეში მცენარეულთა ზონის მაღლა ხეებიც კი გვხვდებიან ხევსურეთში: საცნაური მეცნიერთათვის.
წმინდად მიჩნეულ ხეების ჩრდილში გამოჩნდა სადა თირიქვისგან ნაშენი საჯვარე. გალავანში დიდ ლოდებზე ესვენა ჯიხვის და ირმის რქები. საჯვარის გვერდით იდგა პატარა შენობა, საცა დღესასწაულის ჟამს ღამეს ათევენ ხევსურები. ცოტა ქვემოთ - მეორე პატარა შენობა ხალხისათვის. ირგვლივ ქოხები: ერთში ხდიან რიტუალურ ლუდს; მეორეში ინახავენ მას; მესამეში ხორბალია დაგროვილი. სალოცავი დაბალი იყო და ბნელი. გამიკვირდა, რომ „ხატში“ არავითარი ხატი არ იყო ამ სახელის ბარის მნიშვნელობით. სამაგიეროდ მრავლად მოიპოვებოდა იქ კოდი, ხისგან გამოჭრილი, მრგვალი და გრძელი; აგრეთვე: უთვალავი დოქები, ქვაბები, კასრები, ორშიმოები. ერთადერთი რამ წმინდა - სალოცავში იყო „დროშა“ - გრძელი, მოვერცხლილი ლატანი, ვერცხლისსავე რკინაწვერიანი ხრმალით. დროშას ეხვია ალამი, რომელიც მოქროლვისას ფართოდ ფრიალებდა. ყოველი ეს უბრალო იყო, ვით ლოცვა. ეწერი მსუნთქავ მყუდროებაში იყო ჩასვენებული.
ხალხი მოგროვდა უკვე. მლოცველნი ელოდნენ მთავარ ხევისბერს. ბოლოს გამოჩნდა იგიც: ახოვანი, მჭლე, ძალოვანი. ყველამ მოიხადა ქუდი. შეკრებილთ უმეტეს წილ თავი გადაპარსული ჰქონდათ; არცერთისათვის არ შემიმჩნევია სილაქვასავით მლივი თავისქალა. თვითეულ მლოცველს მოეყვანა საზორვო ცხოველი, უმრავლესად ცხვარი; თანვე დოქიც ლუდით სავსე. ხევისბერი შეუდგა წირვას. აანთო სანთელი, აიღო დოქი. მის წინაშე დადგა ერთი მლოცველი. ბერმა იწყო ლოცვა: „დიდება გამჩენს, დიდება დღევანდელ დღეს, დიდება მზეს და მის თანა მყოლთ! მოგცეს მაღალმა - აქ მან სახელი ახსენა მის წინ მდგომ მთხოვნელისა - ბედნიერებაჲ და კურთხევაჲ!“ ხევისბერმა თავი მაღლა ამართა და ნახევრად მოხუჭული თვალებით მიმართა მან ეხლა უხილავს: „ისმინე ვედრებაჲ მლოცველისა! აჩუქე მას ვაჟი, ამრავლე მისი ნაშიერი და მოსავალი მისი! ეხმარებოდე მას მდინარის გავლისას! შეეწეოდე ავადმყოფს მისას! შეგცოდა მან, აპატიე ცოდვაჲ! მოჰფინე მას შენი სამოსელი! ნუ მოაკლებ მას ძალას, რათა გარეკოს მან მტრები! გამოექცეს იგი მაძულებელსა, მოეშველე მას, რათა ხელთ არ ჩაუვარდეს მდევნელს! აკურთხებდე ნამუშევარს მის ხელთა და მის ოთხფეხთა! იყავ მოწყალე მისი მარადის!“ დაამთავრა ბერმა ლოცვა, მოსვა ცოტა ლუდი და შემდეგ გადასცა იქვე მდგომ შემწე ბერებს. ეხლა ამათაც მოსვეს ცოტა და დანარჩენი ჩაასხეს იქვე გვერდით მდებარე კასრაში. მთავარი ხევისბერი შეუდგა ეხლა კურატის შეწირვას. ბასრი დანით გადასერა მან ყელი ცხვარისა და სისხლის ნაკადი ხის გობში გადაუშვა. ხელი დაისველა სისხლით და თითებით მოსახა მლოცველის შუბლზე ნიშანი ჯვარისა. მაშველნი ხევისბერნი კურატის სისხლს სალოცავის კედლებს ასხურებდნენ. ხევისბერმა მოსჭრა შემდეგ მსხვერპლს თავი და გაუწოდა იგი შემწირველს. ბერებმა გააცილეს მლოცველები და მათაც დალოცეს იგი: „მიიღე მოწყალებაჲ ღვთისა!“ ეხლა მეორე მლოცველი წარსდგა ხევისბერის წინ, მეორეს მესამე მოჰყვა და ასე შემდგომ. ხევისბერი იდგა სისხლამოვლებული; ხელში გალესილი დანა ეჭირა, რომელსაც აგრეთვე სისხლი სდიოდა. ბერი მთვრალი იყო სისხლით. ანთებულ მზერდნენ მისი თვალები. იგი თითქო მზა იყო საკუთარი შვილი მიეტანა სამსხვერპლოდ, შეშლილს ჰგავდა იგი წმინდას, რომელიც უკანასკნელ საიდუმლოს ეხება.
ხალხი დაიყო ჯგუფებად სოფელთა მიხედვით; ქალნი ცალკე, კაცნი ცალკე. გაშალეს რიგრიგად ტაბლები. მოიტანეს: ხორცი, ხინკალი, ლუდი, არაყი. წირვა თანდათან ნადიმში გადავიდა. სვამდნენ ჯიხვის რქით. ხალხის ხალისობა მზის ჩქერალში ისმოდა. მღეროდნენ საგმირო სიმღერებს. ერთი იწვევდა მეორეს გაშაირებაში. შაირებით შებმაში ყველა გამარჯვებული გამოდიოდა. რიგებმა ფარიკაობაც იწყეს. მორკინალნი ჩაცმულნი იყვნენ, როგორც მეომარნი. ტანზე ჯავშანი ეცვათ, მკლავებზე სამკლაური, მხარზე ფარი და წელზე - ხანჯალი; თავზე ჩაფხუტი ეხურათ, რომლის ქვე-ჩამოშვებული რკინის წვრილი ძეწკვები მხრებამდე სწვდებოდათ. ფარები აქა-იქ ნაჭდევნი და ჯავშანნი საკმაოდ შეცვეთილნი მოწმობდნენ, რომ მორკინალთ არაერთი მკაცრი შებრძოლება ხვდენოდათ. ბევრ მათგანს ჭრილობის კვალი შერჩენოდა სახეზე: ეს ალბათ „საცერულის“ მოხვედრით. მეომარნი ფარიკაობდნენ, როგორც ვიკინგები. ნადიმი ორგიაში გადადიოდა. ახალგაზრდა ხევსურები ქალთა ჯგუფების მიმართ ორჭოფ სიტყვებსა და თქმებს ისროდნენ. ქალები ღიმილით უპასუხებდნენ. მონადიმეთა ძალაყრილობა მატულობდა. ეს ძალა საითმე უნდა „გაეშვათ“ - და აი ყმაწვილი გმირები მოახტნენ მუხლმაგარ ცხენებს. მარულა გაიმართა. ცხენებთ მოედოთ მხედართა ზარხოში.
მე ვიჯექ მონადიმეთა შორის. ხოლო შინაგან ვერ გავხდი ზიარი დღესასწაულისა: მაყურებელი დავრჩი მხოლოდ. უცხო ატმოსფერო იშლებოდა ჩემს ირგვლივ. ყოველი ხევსური ცოცხლობდა აქ სიცოცხლით მთელისა. პიროვნული თაური, ტომისაგან გამოყოფილი, უბრუნდებოდა თავის ბნელ სშოს. ცალკეულობა ქრებოდა, გვარული ღვიოდა. მოდგმის მაგარი სისხლდენით აყვანილნი, მონადიმენი ფიზიური წევრები იყვნენ მხოლოდ ერთი უხილავი მთელისა. ცალკეულ უთვალავ ქვეფენებში - ვგონებდი ასე - უნდა ხატულიყო უთუოდ ცოცხლი სახე მთელისა: ტომის. ჩავუკვირდი სიტყვას „ხატი“. რა არის ეს, თუ არა შინაგანი ყალიბი ხელუხლებელი მთელისა? სალოცავს „ხატი“ ჰქვია, სადაც ერთი ხატიც კი ბარის გაგებით არ მოიპოვება. მაშ „ხატი“ სურათი კი არ ყოფილა, არამედ შინა-სახე. ჩემს მიხვედრას სხვა რამეც ამაგრებდა. რიტუალური ლუდის გამოსახდელად წყალი მთელ სოფელს მოეტანა ერთობლივ - ნიშანი მთელის გზნებისა. შესაწირავნი ცხოველნი სალოცავში კომლობით მოეყვანათ, მიუხედავად კომლთა სულადობისა - კიდევ უფრო მკვეთრი ხაზი მთელის წარმოსახვისა. ხევსური ეძახის თავისთავს „ხატისყმა“. ეს სახელდება მხვედრია, რადგან ხევსური ტომის ნების ამსრულებელია.
ჩრდილში ქალები ისხდნენ. ისინიც ნადიმობდნენ, მხოლოდ თავშეკავებით. ზოგი მათგაი იქვე გვერდით მდებარე წმინდად დასახულ ლოდზე შემდგარიყო. ალბათYისინი უნაყოფონი იყვნენ და წმინდა ქვისგან მოელოდნენ კურნებას. ქალები ჩურჩულებდნენ თავიანთ შორის. დროდადრო გადმოხედავდნენ ისინი კაცების რიგევს: ამახალისებელი თუ ორაზროვანი მზერით. რაღაც ორმაგი იყო მათ ღიმილში. უნებურ გამახსენდა საიდუმლო ღიმილი ლეონარდოს ჯიოკონდასი. ქალთა შორის ერთი ახალგაზრდა იპყრობდა განსაკუთრებით ჩემ ყურადღებას: განიერთეძოიანი და მუხლმაღალი. მის სახეს გრემა ზეთისხილის ფერი გადაჰკრავდა; დიდრონი თვალებიდან გამოჰკრთოდა მოლურჯო ციალი შორეთისა. ორჭოლ იღიმებოდა და არა უბნობდა რას. ჩემს მზირვას მოჰკრა მან თვალი და მყისვე მოიღრუბლა ეშხიანი: მოქუშა ლამაზად შეყრილი გრძელი წარბები. განლიგებული ვმზერდი მას. დიდი ბედნიერებაა, ოდეს ხედავ ქალს, რომელიც საკუთარ ბედად გევლინება; კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, ოდეს მის გამოხედვიდან ტყობილობ, რომ მოსწონხარ. ვიგრძენი, ამ გოგონას მოვეწონე. ალბათ ჩემმა ურიდმა მზერამ ცოტაოდენ თუ არია ლამაზი: იგი წამოდგა თითქო გამგუნებული და ზანტად გაეშურა ქალთა სხვა ჯგუფისაკენ. მისმა კენარმა ტანმა გამომწვევი ლოდინით კიდევ უფრო გამიხელა სურვა. ახალგაზრდამ მოიხსნა თავსაფარი: სქელი მოკლედ შეკრეჭილი თმები მისი ღვიოდნენ მზის ტალღებში, ვით მუქმეწამული კაჟები რიყეზე. მონატრებული ვმზერდი მას და მის აჩრდილს: თავიდან ფეხებამდე ლივლივებდა იგი. გარდა მომხიბვლელისა, ვგრძნობდი, არავის შეუმჩნევია ჩემი სურვილავსილი მზერა. ტკბილი იყო ეს და საიდუმლო. უეცრად ხელდარტყმა ვიგზნე. მოვიხედე: მგელიკა იყო. პირი გაეხსნა ღიმილით, მოუჩანდა თეთრი მაგარი კბილები. ჩამჩურჩულა ახალისებით: „მოგწონს?“ თავი დავღუნე დარცხვენილმა. ბიძაშვილიაო ჩემი, დაუმატა მან.
გავიდა რამდენიმე დღე, ჩემი თანამგზავრნი დაბრუნდნენ. თან მოიტანეს მრავალი გადაღებული სურათი. ვეშვებოდი თანდათან ხევსურების ყოფაში. ერთ დღეს მგელიკა და მე გავემგზავრეთ ჯიხვებზე სანადიროდ. მზის ჩასვლისას ეშვებიან ჯიხვები მიუვალ კლდეთა ფენებიდან ალპიურ საძოვრებზე და დილამდე სძოვენ ნოყიერ ბალახს. ფეხის წვერებზე „სამწვერა“ ავიკარით, რათა გაჭირვებისას ხრამის გნედზე თავი შეგვემაგრებინა. ბრუდამხვევი იყო ვიწრო ბილიკი ნაპრალებზე, მივდიოდით მღლი და მაღლა დაძაბულნი მთელი სხეულით. საცა გზა წყდებოდა, იქ ხანჯლით ვკვეთდით კლდეზე საბიჯარს, სანამ ახალ გზას მოვნახავდით. ერთი უეცარი ასეხლეტა საბრჯენი ქვისა და ჩვენ ბეწვზე ვეკიდეთ. მგელიკასათვის ადვილი სავალი იყო ეს წავარნა, ჩემთვის კი მეტად საძნელო. გულთბილი დაცინვით მამხნევებდა იგი. ერთ კონცხზე მუქმოლურჯო ფრინველი დავინახეთ თეთრზოლებიანი, რომელიც ჯიხვთა მეგობრად ითვლება. მე პირველად ვიხილე ეს უცხო ფრინველი, რომელსაც ქართველნი შურთხს ეძახიან. ჯიხვი არსად ჩანდა. ბოლოს გამოჩნდა ერთი ნუკრი, რომელიც ჩვენკენ მოდიოდა. მყისვე უხვიეთ გზას და ამოვემალეთ კდლის ერთ მონახეთქს. მოგვკრა თვალი თუ არა, ჯიხვი ისეთი სიმარდით გამოეშურა, რომ - დავრჩენილიყავით ბილიკზე - დაგვეტაკებოდა და ხრამში გადავიჩეხებოდით. ჩვენ კარგად ვიანგარიშეთ. ორი გასროლა და ჯიხვი დაეცა. მგელიკას ტყვია მოხვდა მას. წამოვიღეთ დაკოდილი ლამაზი ნადირი, ტყავი მგელიკას ეკუთვნოდა, რადგან მისმა გასროლამ აჯობა ჩემსას. ხორცი კი ორივეს გვერგებოდა, ხოლო რქები სალოცავისთვის უნდა შეგვეწირა. ყველაფერი ეს - ხევსურთა ნადირობის წესით.
დავბრუნდით უკან. მგელიკა ხარობდა უზომოდ: ხუმრობდა, იცინოდა, ჰყვებოდა ამბებს. ჩემში კი ლამაზი გოგონას სახე იჭრებოდა მძაფრად. გახსენებისას სახის მეტყველებაც მეცვლებოდა, ალბათ ნადირის ალღოთი მიმიხვდა მგელიკა გულნადებს. „მე ვიცი ვიზედაც ფიქრობ“, ღიმილით ჩამაწვეთა მან. „ვიზედ?“ შევეკითხე განცვიფრებული. „მზექალაზე!“ ეს იყო სახელი ნატრულისა. „მართალს არ ვუბნობ?“ მგელიკა ისევ იღიმებოდა. მე არა მითქვამს რა. „ამაღამ გაეცნობი მას“, წამჩურჩულა მან. „როგორ? ამაღამ?“ ვეკითხებოდი გაკვირვებული. ეხლა მგელიკა სდუმდა. იგი იღიმებოდა მხოლოდ.
გზაზე გრიგალი წამოგვეწია. ერთს გვირაბში შევაფარეთ თავი. დიდი დელგმა წამოვიდა: ფართო მარაოებით ესხმოდა იგი არეს. მომხიბვლელი სურათი გადაიშალა ჩვენ წინ. წვიმის წვეთები რკინის სიმსხონი იყვნენ. ველური ატეხილობა ელემენტთა ახმაურდა ჯადოსნურ ორკესტრით. მეგონა, თითქო კოსმიური სიმფონია ხმიანდებოდა ირგვლივ. მგელიკა სიხარულით იყო აყვანილი. თეთრლილისფერი ზოლებით სერავდნენ ელვანი დელგმით შებნელებულ მიდამოს. უეცრად ჩვენს ახლო მეხი დაეცა ფიჭვის ხეს. ხეს წამსვე უცხო ალი მოედო. ვიგზენ მთელ ტანით რაღაც უაღრესად აღმტაცებელი. მგელიკას თვალები უელვარებდნენ. ვხედავდით სიცოცხლეს, ბრმას, უცოდოს, პირველსუნთქვიანს, ძლევამოსილს. ჩვენი გულებიც ხარობდნენ ალმოდებულნი. ძმადნაფიცნი გადავეხვიეთ ერთიმეორეს.