მორის ფოცხიშვილი

ჯონი - დამპყრობელი - ჯონი

ინგლისელები საქართველოში 1919 წ.

საკამათო რა მაქვს დროსთან,
ან რას მარგებს საწუთროსთან ომი, -
ღვინო ღმერთმა შეგარგოს და
ჭიქა მაინც დამიტოვე, ჯონი!

ვაი, ბედშავს რა მიქნია,
ყველაფერი წამიგია მგონი, -
ყვავილები დამითმია,
მიწა მაინც დამიტოვე, ჯონი!

ვინ გაიგებს ართქმულ იგავს,
ვის რად უნდა დოლარი და კრონი, -
ოქრო-ვერცხლი ოხრად მიგაქვს,
ხატი მაინც დამიტოვე, ჯონი!

ჯონი, შენ ერთს გართობ როკვით,
ჯონი, გულზე დაგდებია ქონი, -
თავის დასახრჩობი თოკი,
თოკი მაინც დამიტოვე, ჯონი!

თითს მიქნევ და მასხრად მიგდებ,
თან სალდათად მერეკები მგონი, -
გევედრები, მოდექ-მიდექ,
წადი, სანამ ლამაზი ხარ, ჯონი!

საკამათო რა მაქვს დროსთან,
თვითონ უნდა გამოვნახო ფონი, -
ღვინო ღმერთმა შეგარგოს და
ჭიქა მაინც დამიბრუნე, ჯონი!