შოთა ნიშნიანიძე

* * *

სადაც ამდენი პოეტი ცხოვრობს,
სადაც ამდენი ლამაზმანია,
ჩვენი ცხოვრება ბოლოს და ბოლოს
ნამდვილად ძნელი ასატანია.

თუ დამიჯერებთ სასახლედ ჩავთვლი
სულ მცირე ქოხმახს რიონის პირად,
არ მომაკლდება ბუნების მადლი:
შაშვის ჭახჭახი თუ ღრუბლის ფთილა.

ტოლებს თოხნაში გავეჯიბრები
და საღამოზე თუ მნახავთ მოღლილს,
თოხის ტარს ისე დავებჯინები,
როგორც შუბის ტარს მამაცი კოლხი.

ქოხს მინათებდეს ვარსკვლავის კვარი,
ოქროს საწმისი თავგაპობილი,
ხოხბის ფრთებივით ეკიდოს კარებს
მზე და ვნებები პირველყოფილი.

ამოვიყვანდი ქოთნიდან მთვარეს,
კეციდან - ნეშოდაფენილ აისს,
მოშორებული ქალაქი კარებს
მე ვიქნებოდი კაი ყმა მაინც.

მოშორებული ქალაქის ჭორებს,
მეგობრის ქებას, ქებას თუ ქილიკს,
ვეყვარებოდი ტოლებს და სწორებს
ისე უბრალოდ, ვით ბალახს თრთვილი.

სადაც ამდენი პოეტი მეფობს,
სადაც ამდენი ლამაზმანია,
ჩვენი ცხოვრება თბილისში, ძმებო,
ნამდვილად ძნელი ასატანია.