* * *
ხეები ლექსებით იფარჩება,
ხეებზე აკრავენ ღვთის ბრალდებას,
ამდენი მგოსნის ძლივსმარჩენალს
ისევ მგოსნები გიმრავლდება.ვის უნდა ეს გლოვის თეატრონი,
ხეები გოდებით გალექსილი!
ამდენი მტირალა იადონი,
ამდენი მგლის ლეკვი ალესილი!გლადიატორებთან - ყვავილებით?
გლადიატორებთან - მგალობლებით?
ვაიმე, იღმერთოდ დავილებით!
ვაიმე, უღმერთოდ დავობლდებით!- შენ საით, პატარაა ცოტნე-ბიჭო?
შენ სადღა, პაწია ამორძალო?
ამ გრიგალს როგორ გამოგგლიჯოთ,
ან სიკვდილს როგორ გამოგძალოთ!ქუჩა-მოედნებზე დრტვინავთ რახანია,
ქრისტეს პერანგივით ცოდვაც დაიკვართა,
მე თუ დამიჯერებთ: ახლა აკვანია
თქვენი ტრიბუნა და თქვენი ბარიკადა.თქვენ გინდათ, რომ მოკვდეთ დიდ საქართველოსთვის,
თქვენ მართლა დიდ ამბავს, დიდ საქმეს შემოწვდით,
მე ისე მომწონხართ, მე ისე მიყვარხართ,
მე მინდა იცოცხლოთ დიდ საქართველოსთვის!თქვენს სისხლში ხვატი დუღს გაგანია,
თქვენს სულში ოცნებამ ითილისმა,
თქვენ ამბობთ: ბარიკადაც აკვანია!
კი-მეთქი, ოღონდ სიკვდილისა!ამ მგალობლებს ბუნება არ გაუმგელო
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველო.ერო - ამაყო და უშიშარო,
ერო - წმინდანო და შემოქმედო,
იყავ უდრტვინველი თუნდ გიშარონ,
თუნდაც ავი თვალით შემოგხედონ.ერო - სტუმრისაგან აკლებულო,
ერო - მტერ-მოყვარის მასპინძელო,
ერო - ფალავნების საკრებულო,
თუ გსურს ფალავნობა გაიგრძელო,იყავ გუშინდელზე გონიერი,
რაკი უფლის ნება გამოვლინდა,
უფრო მრავალი და ღონიერი
აღსდეგ ანგელოსთა გალობიდან!ამ მგალობლებს გუნება არ გაუმგელო,
სიკვილითა სიკვდილისა დამთრგუნველო.1989