შოთა ნიშნიანიძე

* * *

გუშინ გოდება გავიგონე ეკლესიის თუ სამრეკლოსი,
ბეთანიასთან ჩამოვარდა ფრთებმოტეხილი ანგელოსი.
უცხო სინათლემ დამაბრმავა - მაცხოვრის მესმა ნაბიჯები,
დიდ საიდუმლოს შევესწარი... ვაიმე, ალბათ, დავისჯები.
გაიხარებენ მოშურნენი, ჩემზე იტყვიან შეიშალა,
მე ვუყვარდიო, - იჭორავებს ვიღაც მკითხველი მეტიჩარა.
ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან დამსხვრეულ ელვის შიშინსა ჰგავს,
სილამაზისგან შეშლილი ვარ და არამარტო შიშისაგან.
მესმის ჩურჩული მეზობლების, მესმის ახლოდან, შორიდანაც:
უცნაურია ეს პოეტი: სახლში ღრუბელი მოიტანა.
ის განა მართლა ღრუბელია, - სიზმარია და სასწაული,
დიდი ცოდნაა საიდუმლო - მოკვდავისათვის აკრძალული.

• • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • •

მიწაზე აღარ მედგომება, იცვლება ბედის ამინდები,
მალე ღრუბელი მომაკითხავს, ამიტატებს და... გავფრინდებით...