შოთა ნიშნიანიძე

ციხე-ტაძართა საგალობელი

I

ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება -
ციხე-ტაძრები ცად ასულან ლოცვა-ვედრებად.

წევს ვეფხის ტყავზე საქართველო - მზისწილხვდომილი,
თავს დასდგომია იალბუზი ხელაპყრობილი.

თითქო ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს
და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს.

თრთის ვენახები... თრთის ყანები... თრთის გალავნები...
თრთის საფლავები წმინდანების თუ ფალავნების...

თრთის ლეგენდებში ვაზის ჯვარი, თმები ქალწულის,
თრთის ჩუქრუთმებში სასწაულად მთვარე ჩაწნული.

II

ზოგი ციხეა შეკივლება, ზოგი - გაფრენა,
ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად.

ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი - გინება,
ალაყაფებით, ქონგურებით რომ იკბინება!

ზოგი ამაყი ლილეოა, ზოგი გასროლა,
ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოსჩანს სასწორად.

წლებმა იხუვლა, იხვართქლა და ციხეს შეება,
ხავსად, დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად.

ქვებზე დგაფუნებს სხივჩაშლილი მოჩანჩქარე მზე.
ო, ამ გოდლების, ქონგურების საჩეჩელებზე

მრავალი ზეცა დაიჩეჩა, დროშაც მრავალი,
საქართველოზე ღრუბელივით გადმომავალი.

თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,
დაგილეწია, მტერო, მაგრამ ვერ აგიღია.

ერთი ციხეა საქართველო, ციხე ქებული,
მხოლოდ სტუმრისგან აღებული, კარგაღებული.

მე აქ ვბინადრობ, აქა მძინავს ცხრა საუკუნე,
სათოფურებში ჩემი სუნთქვის ექო გუგუნებს.

გადამთიელი აქ ავჩეხე მეზვრემ, მეხრემა,
აქ ჩავეგლისე გადამსხვრეულ ციხის ხერხემალს.

და ჟღალი ჩოხა, წვიმებმა რომ ამიტალახა, -
მე გავიხადე და ჩავაცვი ციხეს ბალახად.

აქ ჩავინაცრე... ამ გალავნებს შამბად შემოვრჩი,
„შავო მერცხალო“ რომ ემღერათ საქართველოში.

დღეს სული ჩემი დასტრილებს ციხის დირესა
და ქონგურებზე არწივივით კლანჭებს ილესავს.

ვარ ისტორია, ჩაკირული ციხის ქვაკუთხედს...
შთამომავალო, მეციხოვნის სული აკურთხე...

III

დიდება თქვენდა, თოროსანო ბერო მამებო,
თქვენ შეინახეთ ენა, რჯული, ერი, სამეფო,

წიგნებს უსხედხართ... ვენახდება ფოლიანტები,
და საქართველოვ, სულს იკაჟებ, გოლიათდები!

ვინაც ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი,
დიდება მის ლანდს, მე არა ვარ მეტის მთხოველი.

კედლებს ფრესკებად შეხიზნული წმიდა დედანო,
ხვედრი თქვენებრი აღარავის გადაეტანოს.

კურთხეულ იყოს, ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია,
სულით განათლდეს, ვინც აკვანი მისი არწია.

ვინაც პირველად დაიმღერა „ვეფხი და მოყმე“,
იმ გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო!

კირითხურონო, კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო,
თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ - ღმერთმა შეგინდოთ!

IV

ო, ციხის ნისლო - სუნთქვავ ჩემო და ფიქრო ჩემო,
ციხის ნაჟურო - ჩემო სისხლო და ჩემო ცრემლო.

ო, ციხის ლოდო, ჩამოშლილო, ჩამომსხვრეულო -
შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო ჩემო სხეულო.

ო, გოდოლ-ბურჯნო, გალავნებო, ნაგებო მკვრივად,
ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრიც მტკივა.

შენ, ჩემო ნიჭო, სიამაყევ, ჩემო სინდისო,
ჩემი წარსული მე უთქვენოდ ვერ შევითვისო.

დიდება შენდა, ციხე-კოშკო, ზღუდე-გუმბათო,
ზეშთაგონების, წიგნის, ისრის ბუდევ უბადლო,

გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო -
შენ - საქართველოს ფარ-აბჯარო, ჯაჭვის პერანგო.

ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,
ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა

და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი
დგას მეციხოვნედ მარადისობა!..

1962