მუხრან მაჭავარიანი

მიდის... მიდის...

ტყე-ტყე მიდის. ტყე-ტყე მიდის...
ინდი მინდი ფერად შინდი...
იმღერს ლექსთა საბრალოთა...
მიდის...
მიდის...

ტყე-ტყე მიდის... ტყე-ტყე მიდის...
ინდი მინდი ფერად შინდი...
სჭკნება ტურფა საბაღნარო...
სწყდება ზეცას მეტეორი...
- მოშაირე არა ჰქვია,
თუ სადმე თქვას
ერთი, ორი!

ერთი...
ორი...
და იცვლება
საუკუნე საუკუნით...
მაინც მღერის,
მაინც სტირის,
ვით სტიროდა გული...

ტყე-ტყე მიდის... ტყე-ტყე მიდის...
ინდი მინდი ფერად შინდი...
იმღერს ლექსთა საბრალოთა...
მიდის... მიდის...
- ღმერთო ერთო!
- ღმერთო ერთო!
თრთის სხეული...
თრთის ბაგენი...
რუსნი,
სპარსნი,
მოფრანგენი -
ისმენდიან,
გაჰკვირდიან,
რა ატირდის,
ატირდიან...
- რა პატარა ქვეყნიდანა...
რა დიდია!..

ტყე-ტყე მიდის... ტყე-ტყე მიდის...
ინდი მინდი ფერად შინდი...
მიდის...
მიდის...
წვება ბინდი.
ვარსკვლავები...
კვლავ დილა!..
- ავთანდილი?!
- რუსთაველია!
- რამ გააავთანდილა!..

ტყე-ტყე მიდის... ტყე-ტყე მიდის...
ინდი მინდი ფერად შინდი...