ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წ. სოფელ ჩუნეშში (წყალტუბოს რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-40 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-24 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.
ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ.
მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის.
ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.