რა ტკბილი არიან სასასა ჩემსა სიტყვანი ჩემნი - ოდეს კრძალვით ვახსენებ შენს გვირგვინოსანს სახელს, ჰოი, თამარ!
გაზაფხულს ესწორე და ვარდებში განეწესე: ყირმიზის იაგუნდის გაღიმებით სამშობლო გამინათე! შენი სახე - საქართველოს სანთელია, თვალმშვენიერო! ვაი მე! ვაი მე! საქართველოსთვის მხიარული დღე ვერ მიპოვნია; შენც უდაბნოს ვარსკვლავივით გაიელვე ლურჯ უფსკრულში და ვგოდებთ, რომ კვლავ ვერ შევესწრებით სხივთა დღესასწაულს... ჩვენ ვიცით, რომ ორჯერ ვარსკვლავი ვერ გაგვინათებს! - და კვლავ შეგნატრით, განუმეორებელო მზევ, გაზაფხულის ღელის ყვავილო!
აჰა, სამშობლო ჩემი, როგორც ანგელოსი სუსტ-ფრთებიანი, უიმედოდ აწყდება წყვდიადს, მაგრამ შენი შორეული სახე თეთრ-ვარდიან ბრწყინვალებით უნათებს აღთქმულს გზა-ბილიკს!
მოუვალ გზისკენ წარსულთან სამშობლოს ვარსკვლავები; ბრწყინვა და შარავანდედი შეახუნდა საქართველოს მზეს... არ გაიშალა ჩვენთვის სხივთა მარაო და დღეს მტრის შვილდოსნისგან დაკოდილი ქართლოსიანი სასოებით მხოლოდ შენ შემოგძახის: თამარ! ჰოი, თამარ!
ჰყვავის და ჭკნება საუკუნე; ჰყვავის მწუხრი და განთიადი, ხოლო სახე შენი ჰგიებს, დაუმჭკნარო, ღიმილის ელვით ოქროცურვილო...
საუკუნეთა ბინდში, მხოლოდ შენ გპოვა ერის სალამურმა, მხოლოდ შენ მოგკრა თვალი საქართველოს დედამ!.. და გიხმობთ შველად, თამარ! ჰოი, თამარ! - ივერია იავარ იქმნა!
მეც ძაძით შევიმოსე გული; მე ღამის სიჩუმეში ვარ - ღამეში ჩამარხული და სიჩუმით ვახსენებ შენს სახელს. მე არ მაგიჟებს დროშების ჟღრიალი და შენი სახელის ხსენება საგმირო სიმღერაში, მე მხოლოდ ჩუმად გლოცულობ შენ!
მთვარის ნაპერწკლებით და ოქროს ძაფებით შენს მზიურს სახეს შავ ნისლებში ვქარგავ, ჰოი, თამარ!
მე მიხარიან რომ საქართველო შენის სახელით შეიმოსა; მე მიხარიან, რომ შენ ედედოფლე მას - უკვდავი მშვენიერება და სიხარული! - და კვლავ თაყვანსა გცემ, თამარ! შენით ჰსუნთქავს საქართველო!
გულს ვეღარ შემიზარავს ჩემს წინაშე აღმართული შავი აჩრდილი სიკვდილისა; უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე - უკვდავია, რადგანაც შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა.
ჰოი, თამარ!..