რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წ. სოფელ ხაშმში (საგარეჯოს რაიონი). დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1956). პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წ., ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წ. მისი მოთხრობების ძირითადი კრებულებია: „მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან“ (1958), „წვეთები ფოთლებზე“ (1962), „ცოსფერი გორგალი“ (1968), „საღამო ხანის ჩანაწერები“ (1971), „ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა“ (1974), „ჩიტების გამომზამთრებელი“ (1978).
მწერალი ნაყოფიერად იღვწოდა საბავშვო ლიტერატურაშიც. აღსანიშნავია მისი საბავშვო კრებულები: „ბედნიერი მთა“ (1960), „ბიბო“ (1964), „სად ცხოვრობს მეზღაპრე“ (1970), „მგლის ლეკვები“ (1973), „შორი თეთრი მწვერვალი“ (1976), რომელშიაც 1977 წ. მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „არდადეგები“, „დაბრუნებული ღიმილი“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „ფერმა მთაში“, „ზაფხული სოფლად“ („პასტორალი“, თანაავტორი ო. იოსელიანი), „ნატვრის ხე“ (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე), „ქვიშანი დარჩებიანო“ (თანაავტორი გ. შენგელაია).
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.