ილია ჭავჭავაძე

მეფე დიმიტრი თავდადებული

ვუძღვნი
თ. პეტრე ნაკაშიძეს

უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი,
საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ჰყაყანებდა;
იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი
ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა.

„ეჰ, რას ჰყაყანებთ, - დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, -
შინაც ძლივს ვუძლებთ დღემუდამის ჭირს, ვაგლახობას!
აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა...
ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამაშვილობას!

გვითხარი რამე, ბერო კაცო, ნასმენ-ნახული,
ეგებ გულს ჟანგი მოაშორო კარგის ამბითა...
კარგს მთქმელს ტყვედ რჩების ნატკივარი გული ჩაგრული,
გული, გაზრდილი ვაებითა, წვით და დაგვითა“.

ბრმა მეფანტურე გაიმართა მაშინვე წელში,
სახე ღრუბლივით გაუნათდა რაღაც მადლითა;
მისწვდა, აიღო თვის უბრალო ფანტური ხელში,
დაჰკრა ფანტურსა და დამღერა ნელისა ხმითა:

 
I

„მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით,
გეტყვით გულის გასათბობსა, -
ვინ ვიყავით, რა ვიყავით
ჩვენ, ქართველნი, წინა დროსა.

იმ დროს, როცა ქართვლის ბედი
ჩვენ, ქართველთვე, გვეპყრა ხელში,
როცა მამულისშვილობა
სასახელოდ იყო ჩვენში.

შვილნო, თქვენნი წინაპარნი
ეგრე გულქვად როფი იყვნენ...
ძმა ძმასა და მამა შვილსა
მამულს ხოლმე შესწირვიდნენ.

შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს
მარტო მისთვის გვიხაროდა,
რომ მამულსა მეომარი
მით ერთი ემატებოდა.

ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა
იმ იმედით აწოვებდა,
რომ სიცოცხლით ან სიკვდილით
ის მამულს ასახელებდა.

უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა, ან თავისთავს
შეაკლავდა, როგორც ლომი.

მამულისთვის ვის ახსოვდა
განსაცდელი განსაცდელში!
ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად
და სატევრად – ხმალი ხელში.

ეგრედ, შვილნო, აქ სცხოვრობდა
უწინდელი ქართვლის შვილი,
მის მუდამი ნატვრა იყო
ან სახელი, ან სიკვდილი.

მათს მომდევარს ყოველს თქვენგანს
ჰყვანდა დიდი წინაპარი...
რჯულის დაცვა, მიწა-წყლისა
მის მოწამედ თქვენ წინ არი...

 

II

„ეხლა რა ვართ? საწველ ფურად
თავი ჩვენი გადვიქციეთ;
ის სახელი, ის დიდება,
ის ოჯახი დავაქციეთ...

რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.

წინა კაცი უკანასი
ხიდიაო, ნათქომია,
დღეის ვაგლახს ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდომია.

ტყუილია სულთქმა, უში,
კაცი უნდა კაცად იყვეს,
სანთელსავით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათვიდეს.

ამით იყო საქართველო
უძლეველი და ძლიერი,
ამით ედგა მტერს გულდაგულ
ეს პატარა ქართვლის ერი.

 

III

„ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს
უტყუარსა და მართალსა:
ერთი მეფე თურმე ჰყვანდათ
უწინ ჩვენ მამა-პაპასა.
- დიმიტრი ერქვა სახელად,
მხარბეჭპრტყელი, ტანმაღალი,
ჯირითში თუ შვილდ-ისარში
არავინ ჰყვანდა ბადალი.

კაცი იყო, მეფე-კაცი,
თვალად, ტანად მშვენიერი,
გარედ – რისხვით მტრისა მსვრელი,
შინ – მოწყალე, ღვთისნიერი.

ღამით თურმე ჩაიცვამდა
უბრალო კაბა-ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა.

მოივლიდა ქვრივს და ოხერს,
დავრდომილსა და ობოლსა,
თავის ხელით ურიგებდა
მოწყალებას და საზრდოსა.

ვის რაც გულში დარდი ჰქონდა, -
წავა – იმას შესჩივლებდა,
გლახის, ობლის, ჩაგრულისას
სარჩელსა არ ითაკილებდა.

ყველგან იმის სამეფოში
თხა და მგელი ერთად სძოვდა,
ერი, ბერი, ობოლ-ქვრივი
სულ იმის დღეს ჰლოცულობდა.

 

IV

„მის დროს იყო ყეინობა,
მეფე ყეინს ჰმორჩილებდა,
მაგრამ თავის ქვეყნის საქმეს
თვის ნებაზედ განაგებდა.

ერთხელს ყეინს აეშალა
თათარივე კაცი ერთი,
იმძლავრა და გადიყენა
ნახევარი სათათრეთი.

მეფე ჩვენი ყეინს თურმე
არ გადუდგა სხვასავითა...
ვაჟი-კაცის წესი არის –
კაცს შეჰრჩება ძმასავითა.

შეიბნენ და შეიჭიდნენ
ყეინი და გადგომილი;
ძმას ძმის ძვალი ატეხინეს,
მამის სისხლსა ღვრიდა შვილი.

დამარცხდა ბოლოს ყეინი,
გამდგარმა აკი აჯობა,
ის მოკლა და თვით დაიპყრო
სათათრეთის ბატონობა.

ის ხომ მოკლა, მის ცოლ-შვილიც
ცხენსა კუდით ათრევინა,
საცა კი მის მომხრე იყო,
თავები დააყრევინა.

 

V

„ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც...
- „რატომ მე არ მომიდგაო,
იმას ცოცხალს არ გავუშვებ,
თუ პირში სული მიდგაო“.

გაუგზავნა მოციქული:
- „გამოცხადდი ჩემ წინ შენო,
თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას
ნაცარტუტას ავადენო“.

დაგვიღონდა მეფე ქველი,
იმ ურჯულოს მიხვდა წადილს,
ისიც იცის, - იმ ღვთისრისხვას
ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს.

რა ჰქნას? თითონც მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი.

დიდს ჩავარდა საგონებელს,
შეუდგა ბჭობას, რჩევასა...
- „წავალ – მომკლავს, და არ წავალ –
ამიოხრებს ქვეყანასა“.

ბოლოს ბრძანა: „თავს მოვუყრი
მღვდელმთავართ და დიდებულთა,
ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო –
წესია მეფეთ ქებულთა.

ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან –
წასვლას თუ წაუსვლელობას?
ორში ერთს რას აირჩევენ –
მეფის თუ ქვეყნის დამხობას?“

 

VI

„ბრძანა და მსწრაფლ შეიყარნენ
დიდებულნი, მღვდელმთავარნი,
ვეზირნი და ვაზირები,
ბჭე-მდივნები, სპასალარნი.

წადგა მეფე კრების წინა
თამამად და დიდებულად;
ყველამ, დიდმა და პატარამ,
თაყვანი სცეს ბატონს ყმურად.

ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს
ტანად, თვალად, იერითა,
მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს
იმის ჭვრეტით, ყურებითა.

უბრძანა თუ „დიდებულნო,
საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა...
ის დღეა დღეს, - ან მე ვიყო,
ან ჩვენი ტურფა ქვეყანა.

შეიტყობდით, მომივიდა
მე ყეინის მოციქული,
აქ მოდიო, მე მიბრძანებს
ჩემზედ გაბოროტებული.

თუ არ მოხვალ, მე მოვალო,
აგიოხრებ ქვეყანასა,
საცა კი ფეხს დავადგამო,
ავადენ ნაცარტუტასა,

თუ წავედი, თქვენც ხომ იცით,
მე სიკვდილი არ ამცდება...
თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით,
მართლის თქმაა ერთგულება“.

 

VII

„დიდებულნი წინ წამოდგნენ
ამ ამბით შეწუხებულნი,
მივიდნენ და თაყვანი სცეს,
აემღვრიათ მწარედ გულნი.

- მეფევ! ნეტა რა გვიბძანე,
რა ასმინე ყურსა ჩვენსა!..
თუ შენ მოგკვლენ, შენს სანაცვლოდ
რაღა დარჩეს ერსა შენსა?!

თუ შენ აღარ გვეყოლები,
რად გვინდა სახლი, ქონება...
ჩვენ შენისთანა დიმიტრი
სხვა არვინ დაგვებადება.

მოვიდეს, რომ იმუქრება
ის უსჯულო სისხსლისმსმელი,
მოვიდეს და წინ დახვდების
შენი ერთგული ქართველი.

მტრის მუქარას ერი შენი,
გვითხარ, როდის გაჰქცევია,
გვითხარ, როდის ქვეყნის მტრის წინ
ქართლს უკან დაუწევია!

ბძანე და იმ მუქარასა
ჩვენს მოსისხლეს შევანანებთ,
ან შევმუსრავთ მამაპაპებრ,
ან მეფისთვის თავსა დავდებთ.

სირცხვილია ერისათვის,
თავის მეფე მისცეს მტერსა...
მეფევ, სირცხვილს ნუ შეაჭმევ
ერსა, შენსა შემნატვრელსა.

ნუ, ნუ გვაჭმევ ემაგ სირცხვილს,
წამყოლს შვილისშვილამდიე...
აქ მოვიდეს, მის დახვედრა
ამ ჩვენს ქედზე დააჭდიე“.

 

VIII

„ახლა წადგა სპასალარი...
- „მეფევ, რაც სთქვეს, მართალია.
შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, -
ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?!

თუნდ რომ დავრჩეთ, ვინ რას გვეტყვის,
რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი?
არა, მეფევ!.. ძველებს უთქვამთ, -
სახელიო ან სიკვდილი.

ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს,
სირცხვილისგან დაგვიხსენი!..
მეფეს ვფიცავ, - მამა-პაპებრ
დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი“.

ბატონმა თავი ჩაჰკიდა
გვირგვინოსანი, ცხებული,
დიდხანს იყო დაღონებით
ეგრე თავჩაკიდებული...

 

IX

„ბოლოს ბძანა: - „ეს ქვეყანა
ღვთისაგან მაქვს მონაბარი...
მე დავრჩე და იგი წახდეს,
მითხარით, რა მადლი არი!

ათი ერთზე რომ მოვიდეს,
მუქარას მტერს შევანანებ;
რა ვქნა, - ასი ერთზე მოვა,
ამას ვწუხვარ და ვვალალებ.

ჩვენი კაცი ერთი ასსაც,
ვიცი, არ შეუშინდება,
მაგრამ ბოლოს სიმრავლე გვძლევს,
ხალხი ურგოდ გამიწყდება.

მერმე უკაცურს ქვეყანას
დასწვავს, დაჰბუგავს, დაანგრევს,
საყდრებსა და მონასტრებსა
დააქცევს, მიანგრ-მოანგრევს.

ხატებს, მამათ სალოცავსა,
წაძურტლავს და შეგვიგინებს,
ამოიღებს მკვდრებს საფლავით,
ძაღლსა და ღორს ათრევინებს.

ქალწულთ-ქალზედ ძალით მივა,
წაჰბილწავს, ნამუსს დაუმხობს;
ორსულ დედაკაცებს კიდევ
მუცლებსა ხანჯლით დაუპობს.

დედას თავის ძუძუთა შვილს
კბილითა დააგლეჯინებს,
უსუსურს ბავშვებს ძნად ჩაშლის
და ზედ კალოს ალეწვინებს.

 

X

„ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.

ქვეყნის ამოდენი ცოდვა
ჩემს თავზედ დატრიალდება,
წაწყმდება აქაც და იქაც
დიმიტრი მეფის ხსენება!

ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,
რომ მე შიშსა გავექეცი,
ჩემი თავი გადვირჩინე
და ერი კი წყალს მივეცი.

მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი, რაშიც არი...
ფუ იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი...

სირცხვილს ამბობთ! – რა სირცხვილი?
მე ვეძლევი ნებით მტერსა,
ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა
თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.

თუ სიკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის – ერთისათვის,
მაშ, რად მიშლით თავდადებას
მე ერთს – მთელი ერისათვის!...

არა! წავალ, არ დავდგები,
დე, სრულდეს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა“.

 

XI

- „შენ რას ბრძანებ, მღვდელმთავარო?
სიტყვა შენი გვიღირს ძვირად:
მართებს თუ არ ერისათვის
მეფეს თავი გასაწირად?“

ატირდა და მოახსენა:
- „ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს.
მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის
სული მიწუხს, გული მიტირს.

მეფევ, უნდა თავი დასდო
ერისა და ქვეყნისათვის,
ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს
მე ამ მწარე რჩევისათვის.

მეფევ, რაკი ბედმან დაგდო
შენ ეგ მძიმე საზღაური,
სხვას უკეთესს ვერას გირჩევს
სიყვარული ბატონ-ყმური...

ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას,
რაკი რომ ეს დღე გვეწია, -
მოყვასთათვის თავდადება
ქრისტე-ღმერთის ანდერძია.

ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაჰკარგო
წუთის-სოფლის გულისათვის!..“

 

XII

„მეფეს ძლიერ მოეწონა
მღვდელმთავრისა სიტყვა ბრძნული,
წარდგა ისევ კრებულის წინ
უფრო გათამამებული:

- „დიდებულნო, ხომ ისმინეთ,
რაც სთქვა წმინდა მღვდელმთავარმა!..
მოყვასისთვის თავდადება
გვიბრძანაო მაცხოვარმა.

ნუ გადმიყვანთ ღვთისა სიტყვას,
ერს მეფე ვერ ვუღალატებ!..
წავალ და, თუ ღმერთს სწადიან,
ერისათვის თავსა დავსდებ.

მე წავალ და ეს ქვეყანა
თქვენ უნდა გებარებოდეს,
ღარიბს ისე მოუაროთ,
რომ მდიდარს არ შენატროდეს.

გლეხს თუ თავადს, დიდს თუ მცირეს
მადლი თანასწორ მოჰფინოთ,
ობოლი, ქვრივი, უძლური
ძლიერს არ დამიჩაგვრინოთ.

თუ დავბრუნდი, თქვენს სამსახურს
გადაგიხდით ორად ერთსა,
თუ არა და – სული ჩემი
შეავედრეთ მაღალ ღმერთსა“.

ატირდა და აატირა
ყველა კაცი იქა მდგომი;
გულის სილბო სიტურფეა,
თუ კაცია სხვაფრივ ლომი.

მართალს ვაჟკაცს ის ამშვენებს,
როცა გულითაც ლბილია;
რკინის კაცის თვალში ცრემლი
დიდსულოვნობის შვილია.

 

XIII

„ბრძანა და მსწრაფლ დაიშალა
დიდებულთა იგი კრება...
უხმო მხლებელთ და უბრძანა
წასასვლელად მომზადება.

სთქვა და უროდს კიდეც წავა
მეფე იგი უშიშარი,
თქმულა: გმირის კაცისათვის
თქმა და ქნაო ერთი არი.

გაათავეს სამზადისი
და მოვიდა დღეც წასვლისა;
ვით ჭინჭველა, ჰფუსფუსებდნენ
შინაყმანი სასახლისა.

ხმა გავარდა ქალაქშიაც:
მეფე ჩვენთვის სდებს თავსაო,
უშლიდნენ, არ დაიშალა, -
ვერ ვუღალატებ ხალხსაო.

შეიძრა მთელი ქალაქი,
ხალხი ეცა ერთმანეთსა,
მოზღვავდა და იგრიალა
და მიაწყდა სასახლესა.

მივიდნენ, ნახეს, მზად არი
რაზმი მეფის ამალისა,
სულ სავსეა ცხენოსნებით
მოედანი სასახლისა.

წინად ბარგით გაეგზავნათ
ჯორი, ცხენი დატვირთული,
აქ ვინც იყო, სალთად იყო,
ტურფად კაზმულ-დარახტული.

 

XIV

„თავადნი და აზნაურნი
სულ ოქროს და ვერცხლში ისხდნენ,
ვერ იტყოდა, ვინ ვის სჯობდა, -
ყველა ასე კარგნი იყვნენ.

წყობით იდგნენ და ისმოდა
აბჯრისა და რახტის ჟღერა.
საამოა გაწყობილის
ვაჟკაცების რაზმის მზერა!

კაცი თვალს ვერ აშორებდა
მხედარსა და იმის ცხენსა,
თვით წუნი წუნს ვერ დასდებდა
მათს სიკეთეს, სიტურფესა.

მარქაფად ცხენს ბევრს სხვასაცა
რაზმ-გარეთა ატარებდნენ,
მათი მხედნი დიდებულნი
მეფეს სასახლეში ახლდნენ.

იმ ცხენების მორთულობა
კაცს უშურველს შურს მოჰგვრიდა,
მძიმე რახტით დაგვირთულნი,
თითო-თითო სოფლად ჰღირდა.

მაგრამ მათში ერთი იყო
თეთრი ცხენი არაბული,
უკეთესს ვერ ინატრებდა
კაცის უძღომელი გული.

მეფისა იყო ის ცხენი,
თამამი, თითქო ვეფხვია,
იმის უზანგში მეფის მეტს
ვერვის შეედგა ფეხია.

ამაყი იყო ლომსავით
და ნაზი როგორც მშველია,
სხვა მას ვერ იმორჩილებდა,
თუ არ ბატონის ხელია.

ცეცხლს აფრქვევდა თვალთაგანა,
ჰქუხდა, სჭექდა, მრისხანებდა,
თითქო ლოდის ჰთაკილობსო,
ჰშფოთავდა და ტოტსა სცემდა.

(გაგრძელება)