წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
დამაკვირდიI
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?II
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა:
სულგრძელებითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა.III
ვაჟკაცთ ცრემლსა რად უძრახვენ?
რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი...
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შექმნა მარტო ცრემლი.IV
წუთის-სოფელი ასეა:
ღამე დღეს უთენებია.
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.V
ხმალი იმოდენს ვერას იქმს
მრისხანე და ძლიერიო,
რასაც იქმს მშვიდობიანი
კალმის პატარა წვერიო.VI
შუბი დიდია და მძლავრი,
სისხლმღვრელი, სისხლის მსმელია,
წყნარი, პაწია ნემსი კი
შიშველ-ტიტველთა მცმელია.VII
არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა
კაცთა მუსრვას და ომსაო!..
ვაჟკაც იგია, ვინც მართალს
ეტყვის ქვეყანას მცდომსაო;
ვინც არ შეუდრკა მრავალსა,
ხშირად მართლისთვის მწყრომსაო,
ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის
და პირში უდგა ლომსაო.VIII
მადლმა სთქვა: წუთის-სოფელში
ყოფნა, ვაი, რა ძნელია!
ძალი ჰძალოვნობს, ჰბატონობს,
მე გული გადამელია;
საცა კი შევხვდი, დამძლია,
ვერ შევუბრუნე ხელია...
მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა:
„ძალა აღმართის მხვნელია“.IX
თუ სახელის შოვნა გინდა,
დღეს ისეთი ნერგი დარგე,
რომ ხვალემა მადლობით სთქვას:
ნანერგითა შენით მარგე.X
ვაჟკაცად იმას არ ვაქებ,
ვინცა სისხლისა მღვრელია,
ვაჟკაცად იგი მიქია,
ვინცა უბედურთ მხსნელია.XI
ჭკუამ სთქვა: წუთის-სოფელსა
აღმართი მე ვახვნევინე,
თესლი მოვკრიბე და ხნულში
დავთესე, დავაბნევინე,
უღონოს ღონე მე მივეც,
ხელი მე გავაქნევინე.
გულმა სთქვა: ჭკუავ, მართალ ხარ,
და ზოგიც მე მათქმევინე!
შენი ნახნავის გორახი
ფარცხით მე მომაფშვნეტინე;
ნაგოლვი, მშრალი ბელტები
ცრემლით მე მომარწყვევინე;
შენი ნათესი, ნანერგი
სისხლის ღვრით გამაზდევინე;
შენსა ჯეჯილში, ყანაში
ღვარძლი მე ამარჩევინე;
ნაამაგარი ძნად შევკარ,
ზვინად მე დამადგმევინე...
ვკვნეს, რომ ერგოს ყველას სწორად,
და შენ ეს ვერ გაქმნევინე, -
არ იქმნა, ჭკუავ, მადლის გზა
მე შენ ვერ დაგაქნევინე.XII
ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო;
დროზედ ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.XIII
პატიოსანთ მტერთა შორის
მოციქული ნამუსია.XIV
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.[1886 წ.]