წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) დაიბადა ყვარელში, გრიგოლ
ჭავჭავაძის ოჯახში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ძველი საქართველოს ისტორიული
ტრადიციები. 1848 წ. მიაბარეს თბილისში, რაევსკის პანსიონში, სადაც 1851
წლამდე სწავლობდა. შემდეგ შევიდა გიმნაზიაში. 1857 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის
უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ოთხი წელი ისწავლა (1857-61).
ამ ოთხმა წელმა დიდი როლი ითამაშა ილიას, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ჩამოყალიბებაში. სწავლობდა საქართველოს ისტორიას და მწერლობას, ევროპისა და რუსეთის ლიტერატურას, ფილოსოფიას. ამ პერიოდში შექმნა ეროვნული და ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომლებიც აღმავალი ეტაპი გახდა XIX ს-ის ქართული ლიტერატურისა და აზროვნების ისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (1859), პოემა „ქართველი დედა“ (1860), პოემა „კაკო ყაჩაღი“ (1860), რომლებიც მძაფრი ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებითა და სოციალური პრობლემებითაა განმსჭვალული. იმავე პერიოდში თარგმნა შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებები. დაწერა პროგრესული სოციალური და ეროვნული იდეალებითა და სიახლეებით აღბეჭდილი ლექსები: „გუთნისდედა“, „ქართვლის დედას“, „ჩემი თარიარალი“ (სამივე 1858 წ.), „ნანა“ (1859), „ქართველი სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860 წ.) და მრავალი სხვა. ამავე ხანებში დაწერილი ილიას მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები: „გლახის ნაამბობი“ (I-VI თავები), ესკიზი მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, მრავალი წერილი, რომლებშიც ნათლადაა ჩამოყალიბებული მწერლობისა და ხელოვნების დანიშნულება და არსი.
1893 წ. ილია აარსებს ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“, 1877 წ. - „ივერიას“, რომლებიც საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთ ძირათად ცენტრად იქცა.
ილია თავის პუბლიცისტურ წერილებში, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნული ბურჯის - ქართული ენის დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსელის ზრდის მოთხოვნებს.
მთელი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ილია დიადი მიზნის განხორციელებას - ქართველი ხალხის ერთიანობას, ეროვნული და სოციალური თვითშეგნების გამოცოცხლებას და ამაღლებას, ეროვნული და სოციალური თავისუფლების დამკვიდრებას უმსახურებოდა.
შეუძლებელია ერისა და ქვეყნის წინაშე ილია ჭავჭავაძის ყველა დამსახურების ჩამოთვლა. XIX ს-ში რომ საქართველოს ის არ მოვლენოდა, უკუღმა წარიმართებოდა ჩვენი ქვეყნის ისედაც გაუკუღმართებული ბედი. ძნელი იქნებოდა ამ ეროვნული დვრიტის გაღვივება და აღმოცენება, რომლის გარეშეც ერი ერი არ არის და ქვეყანა - ქვეყანა. ალბათ ამან გააღიზიანა და გადარია ბნელი ძალები, შინაური და გარეული, და 1907 წ. სიცოცხლე მოუსწრაფეს ერის მამას. თავისი ერის სიყვარულისა და მსახურებისთვის არსად მწერალი არ მოუკლავთ. ეს სირცხვილი საუკუნეების მანძილზე გაგვყვება!
წმინდა ილია მართალი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.