იაკობ გოგებაშვილი

იავნანამ რა ჰქმნა?

(გაგრძელება)

ქეთო საშინლად იტანჯება

რომ პირველ ხანებში ქეთო ვერც იცნობდა თავის მამასა და მწუხარე იქნებოდა, ამის ფიქრი ჰქონდა ზურაბსა. ხოლო ამასთან დარწმუნებული იყო, რომ ქეთო მალე მოვიდოდა გონსა, იცნობდა ჯერ თავის მამასა, მერე დედასა. თავის ბავშვობა მოაგონდებოდა და მოიმხიარულებდა, მაგრამ საშინლად მოსტყუვდა. ქეთოს მწუხარებას მთელის მოგზაურობის დროს საზღვარი არა ჰქონდა. მას განუწყვეტლივ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები თვალებიდან და ისე ოხრავდა, თითქოს ლამობს, გულ-ღვიძლი თან ამოატანოსო. მამა საშინლად იტანჯებოდა თავისი ქალის ამისთანა მდგომარეობით; სცდილობდა, როგორმე გაექარვებინა მისი ნაღველი, მაგრამ ტყუილად. ყოველი მისი ალერსი ქეთოს მწუხარებას უფრო უმატებდა. ის უყურებდა ზურაბს, როგორც თავის მოსისხლე მტერს, რომელმაც მოაშორა საყვარელს დედ-მამას, სანატრელს სამშობლოს და სადღაც მიჰყავს ტყვედ. ამიტომ ყოველი მისი ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა ლახვარივით ესობოდა გულში. ზურაბს ისღა ანუგეშებდა, რომ ეგება შინ მისვლამ მოიყვანოს ქეთო გონსა, იცნოს დედა, თავის კარმიდამო, სოფელი და ჩვენსკენ მოიბრუნოს გულიო.

ამ აზრით იყო ზურაბი დაიმედებული, როცა თავისი სახლის კარები შეაღო, შეიყვანა სიგ ქეთო და თავის ცოლს მხიარულად უთხრა: - აი, მაგდან, მოგიყვანე შენი ქეთო.

სიხარულისაგან გატაცებული მაგდანი გაექანა შვილისაკენ, მაგრამ სიმხიარულე სიმწუხარედ გადაექცა, როცა დააცქერდა თავისი შვილის სახეს, რომელზედაც გამოუთქმელი ტანჯვა იხატებოდა. მაგდანმა მხიარულად ჩაიკრა გულში ქეთო, უნდოდა გაექარვებინა მისი მწუხარება, მაგრამ ამაოდ. ქეთო ყინულივით ცივად, ქვასავით უგრძნობლად იყო და არავითარი გავლენა არ იქონია მასზე მაგდანის მხურვალე დედობრივმა მიგებებამ და ალერსმა. არა, იქონია, მაგრამ სრულიად წინააღმდეგი მოსალოდნელისა. მაგდანის ალერსმა ცოცხლად თვალწინ წარმოუდგინა ქეთოს მისი დედობილის, ნაიბის ცოლის სახე და ალერსი, ვარამი უფრო კიდევ გაუძლიერდა და მდუღარე ცრემლის ნაკადული გადმოსკდა თვალებიდან.

– შენი მშობელი დედა ვარ, შვილო! ესეც შენი ღვიძლი მამაა, - ეუბნებოდა მაგდანი ქეთოსა... აი სახლი, რომელშიაც შენ დაიბადე და დაცუნცულებდი პატარაობის დროსა, აი შენი პატარა აკვანი, რომელშიაც იწექი, აი შენი საყვარელი ბაღჩა, რომელშიაც დილიდან საღამომდე იჯექი, - მაგრამ ქეთოს აქაურობისთვის არც თვალი ჰქონდა და არც ყური. მისი გრძნობა და გონება მთლად, განუწყვეტლივ შეპყრობილი იყო უღრმესი დარდითა და ვარამითა. მაგდანი მაინც იმედს არ ჰკარგავდა, რომ ქეთო დღეს, თუ ხვალ მოიგონებდა თავის პატარაობას, იცნობდა მშობლებს და დაუბრუნდებოდა მათ.

გავიდა რამდენიმე კვირა და ეს იმდეი დედ-მამას არ აუსრულდა. ქეთო თითქმის არას სჭამდა, სმითაც ცოტას სვამდა, ღრმად ოხრავდა, ხშირად სტიროდა და ღამითაც ძილი, მოსვენება არა ჰქონდა. ჩამოხმა, გაყვითლდა და მომაკვდავს დაემსგავსა. ის იჯდა ტახტზე ჩუმად, უმეტეს ნაწილად თვალებდახუჭული და მისი გონება ფრინავდა იქ, დაღესტანში, ნაიბთან და იმის ცოლთან, თავის ტოლ-ამხანაგებთან და იქაურ სოფელთან. რაც გარშემო ერტყა, ყველა ეუცხოვებოდა, ყველას ითვალისწუნებდა, ყველა თავის მტრად მიაჩნდა, ყველა ეჯავრებოდა, სძულდა. ბევრგვარი ხერხი იხმარეს, რომ მოეგონებინათ როგორმე პატარაობა. დედამ რამდენჯერმე მიიყვანა ტყეში სწორედ იმ ადგილას, სადაც მოიტაცეს, მიიყვანა საღამოს იმ ჟამს, როდესაც მოიტაცეს, მიიყვანეს წყაროს თავზე, სადაც ქეთო ხშირად იჯდა ხოლმე თავის გამდელთან და უყურებდა, როცა სოფლის დედაკაცები კოკებს ავსებდნენ, იკიდებდნენ მხარზე და მიჰქონდათ; აჩვენა მეზობლის ქალები, ქეთოს ტოლები, რომლებთანაც პატარაობისას ის ხშირად თამაშობდა; დაიბარა მისი გამდელი სხვა სოფლიდან, რომ ეგები ის მაინც ეცნო, აჩვენა მისი დედოფლები, რომელიც ყუთში მთლად შენახული ჰქონდა, რამდენჯერმე მიაქცია ქეთოს ყურადღება ეკლესიის ზარის რეკასა, რომელსაც პატარაობისას ქეთო ტაშის კვრას აყოლებდა, მაგრამ ვერც ერთმა ღონემ ვერ გასჭრა.

დედ-მამამ ქეთოს შუკერა ისეთი მშვენიერი ქართული ტანისამოსი, რომ ყველა ყმაწვილს ქალს თვალი ზედ დარჩებოდა, მაგრამ ქეთომ ახლოც არ მიიკარა და კიდევ უფრო შეიყვარა ამის შემდეგ თავისი ლეკური ტანისამოსი...

ბოლოს ერთმა მეზობელმა უთხრა მაგდანასა: ქეთო შენ ძლიერ გგავს, სულ პირავარდნილი დედაა. დადექ თქვენი დიდი სარკის წინ და დაიყენე გვერდით ქეთო. ის ჩაიხედავს სარკეში, შეადარებს ორს სახესა, თავისსა და შენს სახეში დიდს მსგავსებას ნახავს და იქნებ მაშინ გეშველოთო. მაგდანამ ესეც სცადა, მაგრამ ამან ქეთო უფრო გააოცა, როგორც უცნაურმა ქცევამ მაგდანისამ. სახეებს ხეირიანადაც არ შეხედა და მსგავსებას ხომ სრულიად ვერ შეაჩნევდა.

ყმაწვილი ქალი დედ-მამას ხელიდან ეცლებოდა, უავადმყოფოდ ჭკნებოდა, დნებოდა და სიკვდილამდე პატარა მანძილიღა ედო.

- არა, მე ვეღარ ვუცქერ ამ ბავშვის ამდენ ტანჯვასა და წვალებასა, თუ რამდენსამე დღის განმავლობაში პირი ჩვენსკენ არ იბრუნა, შევსვამ ცხენზე და ჩემის ხელით ავუყვან ნაიბსა და იმის ცოლსა. ეტყობა, ღირსეული ადამიანები ყოფილან, რომ აგრე შეუყვარებიათ თავი ჩემი ღვიძლი შვილისათვის, - უთხრა ზურაბმა თავის ცოლს მაგდანსა.

ხოლო მაგდანი ესე ადვილად ვერ დასთმობდა ქეთოსა და მზად იყო თავის ახლო დაემარხა თავისი ერთადერთი შვილი, ვიდრე გაეგზავნა ხელმეორედ და სამუდამოდ დაღესტანში.

იავნანამ რა ჰქმნა?

ამასობაში გავიდა აპრილი და დადგა მშვენიერი მაისი. პირველსავე რიცხვში ზაფხულურად მოიღრუბლა და გაჩნდა ჭექა-ქუხილი. საღამომდე იდინა ხშირმა და გამაცოცხლებელმა წვიმამ. საღამოზე კი ისე მოიწმინდა ცა, რომ ერთი ნაფლეთი ღრუბელიც არსად იყო, კამარა მთლად ბრწყინვალე ვარსკვლავებით მოიჭედა. დატრიალდა მეტად შეზავებული ჰაერი. უთუოდ ეს იყო მიზეზი, რომ ქეთოს იმ ღამეს მშვიდობიანად ეძინა. მეორე დღეს ადგა ცოტა მოღონიერებული.

შეუდარებელი დილა იყო: არე-მარეს კაშკაშა მზისაგან თავს დასდგომოდა მთელი შადრევანი ბრწყინვალე სინათლისა და ამ სინათლეს მცენარეებზე ათასფრად აებრჭყვიალებინა დილის ნამი. ტყე სავსე იყო ფრინველების გამაცოცხლებელი ჟივილ-ხივილით. ქართველაძიანთ ბაღში ვარდის კოკრები საამურად გადაშლილიყო და გარშემო მოეფინა გულწარმტაცი სურნელება. ამ ვარდების მახლობლად ტკბილად დასძახოდა ბულბული, რომელიც იქვე ხეზე მოთავსებულიყო. ბუნება ხარობდა, დღესასწაულობდა, თითქოს ათას ბედნიერს ქორწილს ერთად იხდისო. ბუნება შეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა. შვება მისცა მან ქეთოს ნაღვლიან გულსაცა და სახეზე მას აშკარად დაეტყო შემცირება იმ საშინელის მწუხარებისა, რომელიც აქამდე მაჯლაჯუნასავით აწვა მის გულსა და გონებას და ნებას არ აძლევდა, გარემოცულ ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო. ამასთან ქეთომ პირველად დაიწყო ფიქრი იმაზე, რისთვის და რად მიჩვენებენ ამდენ სიყვარულსა უცხო ადამიანები და რადა სწუხან ჩემს მწუხარებაზედაო.

დედამ ადვილად შეამჩნია ქეთოს ეს სანუგეშო ცვლილება და იმედი მიეცა. ცალკე ამ იმედმა და ცალკე მშვენიერმა დილამ კარგ გუნებაზე მოიყვანა მაგდანი და მან სრულიად უნებურად, თავისთვის დაიწყო ღიღინი იავნანისა. რაც ქეთო დაჰკარგა, მას შემდეგ მაგდანის სიმღერის ხმა აღარავის გაუგონია. ეს პირველი სიმღერა იყო ათის წლის დუმილის შემდეგ. მაგდანი ფანჯარასთან იჯდა, ქეთო იყო მოთავსებული პატარა ტახტზე ოთახის კუთხეში. იავნანას მაგდანი ჯერ დაბლა ხმით, ღიღინით ამბობდა, მერმე კი თავისი ხმის სიმშვენიერემ გაიტაცა და თავისებურად დამღერა, მაღლა ასწია. პატარა ხანს უკან ისე, უნებლიეთ, გაიხედა ქეთოსაკენ და გაოცდა: ქეთოს აშკარად ეტყობოდა სახეზე აღელვება. ცხადი იყო, რომ რაღაცას იგონებდა და ვერ კი მოეგონებინა გარკვევით. მისი ბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამარხული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ კი გამოეღვიძა. გონების ძირიდან, რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქვასა, მაგრამ ზევიდან კეცკეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი და უშლიდნენ მაღლა ამოსვლასა. მაგდანმა ეს კარგად შეამჩნია და თავის ხმას მისცა საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა. უწინ აგვარი სიმღერითა და ამავე ხმით ყოველდღე უტკბობდა მაგდანი თავის ქეთოს სიპატარავის დღეებსა. მაგდანის ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის, შესძრა ის ძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის ნაშთნი, საგონებელნი. მაგდანი თან ხმას აძლევდა მომხიბლავს ძალას და თან ქეთოს შესცქეროდა უსაზღვრო დედობრივი სიყვარულით. ქეთოც თითქმის სჭამდა თვალით დედის პირისახესა და მღელვარებით ცდილობდა, ამ სახეზედ ამოეკითხა რაღაც დიდი საიდუმლო და კიდეც ამოიკითხა. ქეთოს აღელვებული სახე თანდათან დაწყნარდა და პირისახიდან მთლად გადაეყარა შავი ღრუბელი, განსაზღვრული სხივის ნათელი მოეფინა სახეზე და სიხარულის სხივმა დაუწყო მასზე ელვარება. უცებ წამოვარდა ქეთო ტახტიდან, დაიძახა სანატრელი ხმით „დედავ!“ მსწარფლ მივარდა მაგდანთან, მოეხვია ორივე ხელით და მხურვალედ დაუწყო კოცნა. დედასა და შვილს თქრიალით მოსდიოდათ ცრემლი, მაგრამ ეს ცრემლი იყო სიხარულისა, შვებისა, ლხენისა.

პატარა ხანს უკან ზურაბმაც შემოაღო კარები, ქეთო განთავისუფლდა დედის ხვევნიდან, მიეგება შემოშულს, დაიძახა: „მამა!“ და მოეხვია.

შემდეგ დაბრუნდა დედასთან, წაავლო ხელი, გაიყვანა მეორე ოთახში, დაიყენა თავის გვერდით დიდი სარკის წინ, სიყვარულით გადაავლო თვალი, მაგრამ რაღაც აზრი შეეშალა. სწრაფად მოშორდა სარკესა, შეირბინა მეორე ოთახში, გააღო ყუთი, ამოიღო თავისი ახალი ქართული ტანისამოსი და ლეკურის მაგივრად ჩაიცვა. შემდეგ ისევ მიიყვანა გაოცებული დედა სარკესთან. დაუდგა გვერდით, შეადარა სახეები, ააშკარად დაინახა, რამდენად ჰგავდა დედას, მიუბრუნდა მას, ჩამოიკიდა ყელზე და ხელახლად დაუწყო კოცნა. უწინ ამისთანავე ქმედებამ მაგდანისამ გააოცა, ახლა კი იგივე მოქმედება თვითონ ჩაიდინა. მერე დედას აახდევინა დედოფლების ყუთი და სიყვარულით მიეალერსა თავის უწინდელს მეგობრებსა.

ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია, მეორემ მესამე, მესამემ მეოთხე და ქეთოს სარკესავით გადაეშალა თვალწინ თავისი სანატრელი სიპატარავის დრო. აქამდის ის დაჰყავდა დედას აქეთ-იქით ძალაუნებურად, ახლა კი თვითონ ქეთო მოსვენებას აღარ აძლევდა დედასა და მიჰყავდა ხან ბაღჩაში, ხან წყაროს თავზე, ხან ტყეში და სოფლის არე-მარე სულ შემოიარა. მოიგონა ქართული ენაც. თუმცა სიტყვები ბლომად აკლდა. ლაპარაკის დროს ჩერდებოდა ან ლეკურს სიტყვებს ურევდა და ამ დროს დედა ქართულს სიტყვებს ასწვალიდა.

აღმოჩნდა, რომ პირველის წლების ჩაბეჭდილებანი და ჩასახულებანი კი არ გამქრალიყვნენ და არ წაშლილიყვნენ ქეთოს გონებაში, თურმე ღრმად ეძინათ, დამარხულნი იყვნენ მისი სახსოვრის სიღრმეში, ძირში, როგორც მცენარის თესლია დამარხული მიწაში, და ზევიდან მათ ეფარებათ მთელი ათის წლის ნანახი და ნაცადი დაღესტანშიყოფნის დროსა. ამ ჩასახულებათა დაძვრა და გამოღვიძება შეეძლო მხოლოდ რომელსამე ძლიერსა და ღრმა ჩაბეჭდილებას, სწორედ ისე, როგორც მცენარის თესლს ზევით ამოიყვანს ხოლმე გამაცოცხლებელი მზის სითბო – სინათლე. ამისთანა მზეებრივი ჩაბეჭდილების მოხდენა ქეთოს გონებაში შესძლო მხოლოდ სამშობლო ხმამ, საბავშვო სიმღერამ „იავნანამ“, რომელიც ყველაზე უფრო ღრმად ჰქონდა ქეთოს ძვალსა და რბილში გამჯდარი.

ყოველი ვაშლოვნელი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გახარებული იყო ქეთოს გონზე მოსვლით, მოდიოდნენ და ულოცავდნენ მაგდანსა და მის ქმარსა და შეჰხაროდნენ ქეთოსა. ქართველაძის სახლში ტრიალებდა იმისთანა დიდი სიხარული, რომელსაც ქრისტეს დროს გამოივლიდნენ ხოლმე ისინი, ვისაც მაცხოვარი მომაკვდავს მოურჩენდა, ან მკვდარს აღუდგენდა. ამ ძლიერს სიმხიარულეს სწორედ შეფეროდა და ბანს აძლევდა ხშირი სიმღერა მაგდანისა. როგორც დიდხანს უწყალოდ ტოფილი შველი ხარბად ეწაფება წმინდა წყალსა და გაძღომა მალე არ ეკიდება, ისე ქეთო, მთელს ათს წელიწადს მოკლებული თავის უსაყვარლეს სიამოვნებას, გაუმაძღრად ეწაფებოდა დედის სიმღერას და მაგდანს მოსვენებას არ აძლევდა. ერთს ხმას რომ გაათავებდა მაგდანი, ახლა მეორეს ათქმევინებდა, მერე მესამეს, მეოთხეს. ხშირად მაგდანი ეტყოდა ხოლმე: გენაცვა, შვილო, ცოტა დამასვენე, თორემ არაქათი აღარა მაქვსო. მაგრამ ქეთომ უებარი წამალი იცოდა ამ დაღალულობისა: მხურვალე ხვევნა და კოცნა დედისა. ქეთო თანა სტკბებოდა დედის მშვენიერი სიმღერით და თან თვითონაც სწავლობდა სიმღერას.

ქეთო და მისი დედობილ-მამობილი

ერთხელ, როდესაც ქეთომ გული იჯერა ახალი ცხოვრებით, ჰკითხა თავის დედასა: - დედილო, გენაცვა, არ შეიძლება, რომ დაღსტანში მოკითვა ვისიმე პირით შევთვალო?

მაგდანს ეს სიტყვა არ ესიამოვნა და შეკრთა.

- ფიქრი ნუ გაქვს, დედა! – შვილებრივი სიყვარულით უთხრა ქეთომ, - შენ და მამაჩემი მიყვარხართ, როგორც ღვიძლი მშობელნი, იმათ კი პატივსა ვცემ, როგორც ჩემს მოამაგეთა და ჩემს აღმზრდელთ. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, ვის ხელში ჩავვარდნილიყავ და რა მომსვლოდა.

მოკითხვა შეუთვალეს ნაიბსა და მის ცოლს საგანგებოდ გაგზავნილი კაცების პირით და ძღვნადაც გაუგზავნეს ჩინებული კახური ღვინო, რომელსაც მაშინდელი ლეკები კახელებზე ნაკლებად არ ეწყობოდნენ.

ზაფხული გადიოდა, დედა ატყობდა, რომ ქეთოს ძლიერ უნდოდა ნახვა თავისი დედობილ-მამობილისა, მაგრამ კი არ ამბობდა ამასა. ერთხელ მაგდანმა უთხრა ქეთოსა: - იცი, ჩემო კარგო, რა აზრი მომივიდა? ეხლა რჩველი ახლოვდება, დაღესტანში ვენახები არ არის და რჩველი იქ არ იცის. მოდი, რთველში მოვიწვიოთ შენი დედობილ-მამობილი და ვასიამოვნოთ; სიკეთეს გადახდა უნდა. – მადლობის ნიშნად ქეთო დედას მხურვალედ გადაეხვია.

ნაიბსა და იმის ცოლს ძლიერ უნდოდათ ქეთოს ნახვა. ამიტომ რთველში მოწვევამ გაახარა და დანიშნულს დროზე ეწვივნენ თავისი შვილობისლის დედ-მამასა. დედ-მამის ნება-დართვით ქეთო თავის დედობილ-მამობილს ლეკური ტანისამოსით მიეგება. ქეთოს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, რადგანაც ერთად ხედავდა ოთხს ძვირფას თავისიანს, რომელნიც გულით და სულით უყვარდა.

ზურაბი და ნაიბი დამეგობრდნენ, მაგდანამაც გულით შეიყვარა ნაიბის ცოლი და ამიტომ ყოველ შემოდგომაზე მათი რთველში მოწვევა წესად დასდეს. ეს წესი არ შეცვლილა მას უკანაც, როცა რამდენიმე წლის შემდეგ ქეთო გათხოვდა დედის სამშობლოში და ჯვარი დაიწერა ერთს ღირსეულ ქართველს ვაჟკაცზე, ყოველ ენკენისთვეში ქართველაძეს ქართლიდან ეწვეოდნენ ხოლმე ქალი და სიძე, დაღესტნიდან ნაიბი თავისი ცოლითა და ამალით. არა გვგონია, რომ ვისმე თავის სიცოცხლეში რთველი ისე სიამოვნებით და ბედნიერებით გაეტარებინოს, როგორც ატარებდა ქეთო.

ქეთოს ბედნიერება

მაგრამ განა მარტო რთველობის დროს იყო ქეთო შვებით და ლხენით? არა, სხვა დროსაც.

ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანის ბედნიერებისათვის მოსიყვარულე გულიაო. ძლიერი, წმინდა სიყვარული, მოყვასისადმი თვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცაო. სიმდიდრეც შეიძლება ადვილად დაჰკარგოს ადამიანმა, სიმდიდრესა და სილამაზესაც მოაკლდეს, ნათესავებიც შეიძლება უდროოდ დაიმარხოს, მაგრამ მოსიყვარულე გული კი ათბობს და ანათებს მის სიცოცხლეს თვით სამარის კარამდისაო.

ქეთოს დედისაგან დაჰყვა მეტად მოსიყვარულე გული და ამ გულს ძლიერ მოუხდა იშვიათი მისი თავგადასავალი. ამ თავგადასავალმა ძლიერნი მოძრაობანი გამოაცდევინა ქეთოს გულსა და ავარჯიშა იგი. ღრმა გრძნობანი გულისა ჯერ დედ-მამის სიყვარულზე აღიზარდნენ, მერე ძლიერ ჯავრზე, რომელიც გამოაცდევინა მას მოტაცებამ ლეკების მიერ, შემდეგ დედობილ-მამობილის სიყვარულზე, მასუკან ფრიად ღრმასა და ხანგრძლივს ნაღველზე, რომელიც მოჰყვა მამისაგან მოტაცებასა, მას შემდეგ სიყვარული ღვიძლის დედ-მამისა და დედობილ-მამობილისა ერთად შეერთდა ქეთოს გულში, ბოლოს ამას დაემატა ღირსეული ქმრისა და შვილების სიყვარული და ამ სახით ქეთოს გული გახდადაუშრობელი წყარო კაცთმოყვარეობისა, გაუქრობელი ლამპარი სიყვარულისა მოყვასისადმი. ქეთოს, გამომცდელს ცხოვრებაში დიდი ნაღველისაცა და სიხარულისაც, ყოველთვის და ყოველგან ჰქონდა ტკბილი ალერსი ყველა ბავშვისათვის, ცრემლი უბედურთათვის, ნუგეში დაჩაგრულთათვის, შემწეობა გაჭირვებულთათვის, მოწყალება გლახაკთათვის. მას თავისიანად მიაჩნდა ქართველებიცა და ლეკებიც, საქართველოც და დაღესტანიც. და რადგან სიყვარული შობს სიყვარულსა, ამიტომ ქართველები და ლეკები თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსა, ვინ უფრო მეტს პატივისცემას, მეტს ხათრსა და მეტს სიყვარულს უჩვენებდა ქეთოს. ქეთო, თავისი მოსიყვარულე გულით, გარშემო ჰფენდა ლხენასა და შვებასა, როგორც ვარდის აყვავებული ბუჩქი ჰფენს თავის გარშემო საამურს სურნელებასა და როგორც ამ ბუჩქს ყველა შეჰხარის, ყველას უყვარს, ისე ყველა შეჰხაროდა და ყველას უყვარდა ქეთო, რომელიც ერთსა და იმავე დროს სტკბებოდა თავისი სიყვარულით მოყვასისადმი და მოყვასთა სიყვარულით თავისადმი. უკეთესიღა ბედნიერება განა იქნება ამ ქვეყანაზე?

ღმერთმა თქვენს გულშიაც აღზარდოს, ჩემო ყმაწვილნო მკითხველნო, მოყვასთა ჩაუქრობელი სიყვარული, გაგაძღოთ მათი სიყავრულით თქვენდამი და ქეთოსავით ბედნიერად გაცოცხლოთ დიდხანს...