იაკობ გოგებაშვილი დაიბადა სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის
რაიონი). სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო
სემინარიაში (1855-61). სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში. აკადემიაში
სწავლის დროს გაეცნო მსოფლიოს გამოჩენილ მოაზროვნეთა (ლოკის, რუსოს, ფოხტის,
ჰუმბოლტდის, სპენსერის, შლოსერის, კომენსკის, პესტალოცის და სხვ.) თხზულებებს,
რომლებმაც დიდი ცოდნა შესძინეს. სუსტი ჯანმრთელობის გამო აკადემიის სრული კურსი ვერ
დაასრულა და 1862 წ. საქართველოში დაბრუნდა. 1863-75 წ.წ. ეწეოდა პედაგოგიურ
მოღვაწეობას, ილაშქრებდა მოსწავლეთა ფიზიკური დასჯისა და სემინარიის მკაცრი რეჟიმის
წინააღმდეგ, მოითხოვდა ბავშვთა ინიციატივისა და თვითმოქმედების წახალისებას,
რისთვისაც აუკრძალეს პედაგოგიური საქმიანობა და დაითხოვეს სამსახურიდან. ამის
მიუხედავად უკან არ დაუხევია, მხარში ამოუდგა ი.ჭავჭავაძეს და აქტიურად ჩაება
ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მონაწილეობდა ი.მამაცაშვილის ლიტერატურულ
სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879
წლიდან). მისი მონაწილეობით შედგა საზოგადოების პროგრამა ხალხური შემოქმედების
შეგროვებისათვის და პროექტები საქართველოს სხვადასხვა რაიონში სახალხო სკოლებისა და
ბიბილიოთეკების გახსნისა.
ი. გოგებაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის ქართულ-რუსულ პრესაში. ბეჭდავდა წერილებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე განსაკუთრებით „ივერიაში“, „დროებაში“, „ჯეჯილში“, „ნობათში“, „ტიფლისსკი ვესტნიკში“, „ნოვოე ობოზრენიეში“.
1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ - „ბუნების კარი“ (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872), „დედა ენა“ (1876), „რუსსკოე სლოვო“ (1887). 1880 წლიდან იბეჭდება მისი ბავშვთა საკითხავი წიგნები: „კოკორი“, „კუნწულა“, „ხომლი“, „აკიდო“, „მოსავლის მცველნი“. მის კალამს ეკუთვნის 130-ზე მეტი საბავშვო ორიგინალური და გადმოკეთებული მოთხრობა. მათ შორის „იავნანამ რა ჰქმნა?“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „თავდადებულნი ქართველნი“, „სხივი ჩვენი წარსულისა“. ი.გოგებაშვილის საბავშვო თხზულებების ძირითადი თემებია პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი, ბუნების მოვლენები.
ი. გოგებაშვილი ავტორია მრავალი პედაგოგიური შრომისა. სწავლების ქვაკუთხედად მშობლიურ ენას მიიჩნევდა. სიკვდილის წინ მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა.
1940 წ. დაბადებიდან 100 წლის თავზე მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.