გიორგი მერჩულე

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

60

ხოლო ესევითართა სასწაულთა იქმოდა ქრისტე ხელითა ნეტარისა გრიგოლისითა, რამეთუ უძლურნი, თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი, და ვნებულნი სულთაგან არაწმიდათა, ლოცვითა მისითა და ცრემლითა განიკურნებოდეს თხოვისაებრ სარწმუნოებით მვედრებელთაჲსა.

და არა ხოლო თუ კაცნი ოდენ ჰხედვიდეს მას ნავთსაყუდელად, არამედ ნადირნიცა ველისანი. რამეთუ ოდესმე მახლობელად შატბერდისა მთათა მათ ზედა ესე ნეტარი საქმისა რომლისათვისმე იყო და მის თანა ძმანიცა იყვნეს. და ირემი ერთი გამოვიდა საჩინოსა მათსა, რამეთუ მონადირეთა მოეცვა იგი და ვერვინაჲ განერებოდა ხელთაგან მათთა. მაშინ მიჰმართა მონაზონთა მათ და შორის განვლნა ყოველნი და მივიდა ვითარცა გონიერი ნეტარისა გრიგოლისსა და თვისი თავი ზედა ხელთა მის წმიდისათა დადვა და რეცა ტიროდა მოწევნულისა მისთვის ბოროტისა. ხოლო მან ნუგეშინის სცა და ჰრქვა:

- სახელითა ქრისტეჲსითა ვერ გავნონ მტერთა ამათ შენთა, ნუ გეშინინ!

და იხილეს რაჲ კაცთა მათ, განუკვირდა ფრიად და ადიდებდეს ღმერთსა და მოვიდეს წმიდისა მის და ჯვარი დაიწერეს. ხოლო მან აკურთხნა იგინი და ნაცვალად ირმისა მისცა სხვაჲ საღვაწი ხორცთაჲ და წარვიდეს. ხოლო ირემი იგი განუტევა მშვიდობით.

61

და ეგრეთვე ხანძთას რაჲ იყო თვისსა სენაკსა შინა, მონადირეთა მრავალთა მახლობელად მონასტერსა მას მოიცვნეს ოთხნი გარეთხანი. ხოლო იგინი სრბით შევიდეს სენაკსა მას, სადა იყო მამაჲ გრიგოლ მჯდომარე, და გარემოადგეს წმიდასა მას. ხოლო მან გულისხმა ყო მიზეზი მისლვისა მათისაჲ და ნუგეშინის სცა მათ და უბრძანა, რაჲთა მონადირენი იგი ისტუმრნენ და წარგზავნნენ. და ნადირთა მათ ჭამადი სცა და განუტევნა მშვიდობით.

62

ხოლო ბასილი მამაჲ, იყო რაჲ ჭაბუკ, კარაულსა მამისა გრიგოლისსა ხედვიდა. და ბოროტი მჯდომი ქედსა მისსა გამოაჯდა, რომელსა კურთხეულ უწოდიან, ხოლო ძუელად ჰრქვან სატალი. და ბასილი მწარითა მით სენითა ქუემდებარე იგუემებოდა ვითარ ოთხ დღე ოდენ. მაშინ იკითხა ნეტარმან გრიგოლ, ვითარმედ:

- სადა არს ყრმაჲ ბასილი?

და აუწყეს ძმათა სენი მისი, და მან ბრძანა წოდებაჲ. ხოლო მათ ჰრქვეს:

- ვერ ძალ უც მისლვაჲ.

მაშინ ჰრქვა მათ:

- ჩემ მიერ არქუთ, ვითარმედ „გიწესს შენ მამაჲ გრიგოლ“.

და ვითარცა ესმა სიტყვაჲ წოდებისაჲ ბასილის, განძლიერდა ბრძანებითა თვისისა მოძღვრისაჲთა და მივიდა წინაშე მისსა. ხოლო მან ჰკითხა:

- რაჲ გევნების?

და მან ხელითა თვისითა უჩვენა მჯდომი იგი, რამეთუ დაეპყრა ადგილი დიდი. მაშინ ნეტარმან გრიგოლ ძლიერად სცა ხელითა თვისითა ადგილსა მას, სადაცა იყო მჯდომი იგი, და ჰრქვა ბასილის:

- ცუდად მოგიმედგრებიეს თავი, რამეთუ არა არს ვნებაჲ შენ შორის ყოვლადვე.

და მან ხელი მოისუა ადგილსა მას და კუალიცა უჩინო იქმნა მჯდომისა ბოროტისაჲ.

და რომელთა იხილეს სასწაული ესე, ადიდებდეს ღმერთსა.

63

მას ჟამსა იყვნეს ვინმე იერუსალემს მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი კაცნი შვენიერნი, კეთილნი მონაზონნი, სრულნი სიბრძნითა და სასწაულთა მოქმედნი, მეძიებელნი სასუფეველისანი და მეოტნი დიდებისაგან ამის სოფლისაჲსა, მღდელნი ღირსნი, შვილნი დიდებულთა აზნაურთანი, ტომნი დიდისა ეფრემ მაწყვერელ ეპისკოპოსისანი, რომელთაგან მოწერილ იყო ესე ეპისტოლე მამისა გრიგოლის წინაშე, იერუსალემით ხანძთად მოწევნული პირველვე. ხოლო მე აწ შთავწერე წიგნსა ამას შინა მოწერილი ესე მათი შეუცვალებელად ყოველი, ესრეთ:

„წმიდაჲ ლოცვაჲ წმიდისა და პატიოსნისა დიდისა მამისა ჩვენისა გრიგოლისი უფალმან მოგვიბოძენ და ღირს გვყვენინ ჩვენ, ცოდვილნი ესე გლახაკნი და უღირსნი მონანი შენნი, უხმარი არსენი და მაკარი უძლური, სულიერად ძმისწული და შვილი შენი და ყოველთა შვილთა შენთაჲ. მამაო დიდო და პატიოსანო უფლისა მიერ, და უფალო ჩვენო და ღირსო ღმრთისაო და წმიდისა მაგის უდაბნოჲსა თავადო უფალო, და ქრისტეჲსმოყვარისა ერისა მოძღვარო და განმანათლებელო ყოველთაო! შეგვინდვეთ წმიდითა მაგით სიმდაბლითა ჩვენი ესე კადრებული გლახაკთა და უღირსთა მონათაჲ, მოწერილი უცები და უგუნური. ღმრთისმოყუარებასა შენსა მინდობითა ვიკადრეთ ესე კადნიერებით მოწერაჲ, ჩინებულო სერობასა მას უკვდავსა. ჩვენ, ცოდვილნი ესე უმეტეს ყოველთა კაცთასა, ლმობიერად მოგახსენებთ და მიგიძღუანებთ მადლსა და ლოცვასა წმიდისა ადგომისასა და ყოველთავე, რომელნი არიან წმიდასა ქალაქსა შინა იერუსალემსა და გარემოჲს სანახებსა მისსა წმიდათა ადგილთა თაყვანის საცემელთა ქრისტეს უფლისა ჩვენისათა. შენ, წმიდაო მამაო პატიოსანო, და ყოველთა შვილთა შენთა სარწმუნოებით სურვილებისაებრ თქვენ ყოველთაჲსა შეგვინდვეთ და შეიწირეთ წადიერებაჲ მოკითხვისა ჩვენისაჲ თქვენდა მიმართ!

ეგრეთვე, წმიდაო მამაო, მო-ვინმე-ვიდა მანდაჲთ კაცი, მონაჲ ღმრთისაჲ, მღდელი ბერძენი ამის ქვეყანისაჲ. და ეხილვე შენ მამაო, და მან მოგვითხრა ღმრთისა მიერ მშვიდობით დაცვაჲ და სიმრთელე პატიოსნისა მაგის სიწმიდით ცხორებისა შენისაჲ წმიდასა მაგას უდაბნოსა შინა. და ჩვენ, უღირსთა ამათ, დიდად ხოლო განვისვენეთ და განვიხარეთ და უღირსითა პირითა ვიკადრეთ მადლისა შეწირვაჲ ცოდვილთა ამათ კაცთმოყვარისა მიმართ ღმრთისა სმენითა ამით და სიხარულისა მშვიდობისა შენისაჲთა,

და კვალად მანდავე წარმოვიდა კაცი იგი ღმრთისაჲ მოსე და ესე წიგნაჲ მისდა წარმოგვიცემია. და აქა წმიდანი ესე ადგილნი ყოველნი მოვლნა და მოილოცნა და შენ, მამაო, ყოველთა თანა მორწმუნეთა ყოვლადვე გილოცვიდა და გახსენებდა და დიდად ხოლო გაქებდა. და ჩვენ უფროჲს ზომისა განვიხარეთ და თავთა ჩვენთა და სულთა ჩვენთა ცოდვილთათვის ვიკადრეთ ესე მოწერაჲ. ვევედრებით ქვედავრდომით სახიერებასა შენსა ყოვლად კეთილსა და ტკბილსა უფლებასა ღმრთისმოყვარებისა შენისასა, რაჲთა არა უგულებელს გვყვნე მონანი შენნი წმიდასა ლოცვასა შენსა, ღმერთშემოსილო მამაო, დიდო მოძღვარო წმიდათაო!

ვითარცა შეგვევედრა სული ჩვენი სიწმიდით ღირსებასა შენსა, აწცა გევედრებით, ქრისტეჲს სიყვარულისათვის ხსენებულ გვყვენით ღირსთა შინა ლოცვათა და წინაშე წმიდასა მაგას სამწყსოსა თქვენსა, ღირსო ღმრთისაო, პატიოსანო მამაო და უფალო ჩვენო!

ხოლო ჩვენი ყოფაჲ წმიდასა ამას ადგილსა საბაწმიდას და ჰამბავი ყოველი მანვე მოსე მოგახსენოს, წმიდაო მამაო. სიტკბოებასა შენსა მინდობითა გაუწყებთ, დაიჯერენ სიწმიდემან შენმან. წმიდათა ამათ აღგილთა მარადის ხსენებასა შენსა ვიკადრებთ ლოცვათა შინა ჩვენთა, რაჲთა უფალმან ჩვენ, უღირსნი ესე, წმიდასა ლოცვასა შენსა ღირს გვყვნეს ყოვლადვე ნაწილეულ.

მამაო, გვედია ეფროსინე, დაჲ ჩვენი, ღმრთისა სიყვარულისათვის იკითხეთ და ლოცვაჲ და კურთხევაჲ შენი მასცა მიჰფინეთ, ამენ“.

და ესევითართა მათ ღირსთა კაცთათვის თქვეს პირველთა წმიდათა მამათა, ვითარმედ: „ჟამთა უკუანაჲსთა რომელ იპოვნენ ქრისტეჲს ნებისმყოფელნი მამანი, ჩვენსაცა უწინარეს იყვნენ და მამათაცა ჩვენთა“.

64

ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ სასწაულთა მოქმედი ესრეთ განმგებელ იყო წმიდათა კლარჯეთისა ყოველთა უდაბნოთა, რამეთუ სარწმუნოთა მონაზონთა კეთილად იღვწიდა, ხოლო ბრალეულთა სინანულად მოაქცევდა და ურჩთა სამართლისათა სრულიად განასხმიდა. რამეთუ ოპიზელი ბერი ერთი იტყოდა, ვითარმედ:

- სიჭაბუკესა ჩემსა სამგზის ოპიზით განძებულ ვიქმენ მამისა გრიგოლისგან უკეთურებისაგან სლვათა ჩემთაჲსაო.

არამედ ვინაჲთგან აღეშენნეს კლარჯეთისა დიდებულნი უდაბნონი, მღდელნი და დიაკონნი მათნი ანჩელთა ეპისკოპოსთაგან იკურთხევიან და ეგრეთვე ოდეს ეპისკოპოსთა აკურთხევდიან. უკეთუ სწორად ყოველთა მათ უდაბნოთა წამებაჲ არა აქვნ და წიგნი ყოველთაჲ ჭეშმარიტი საწამებელი, კათალიკოსმან საეპისკოპოსოჲსა მის ხელთა დასხმაჲ ეპისკოპოსად არა ინების, არცა სათნო არნ სამართლითა საბჭოჲთა. დაღაცათუ ფრიად ურიცხვნი ჟამნი ჰქონან საყდარსა მას ანჩისასა უწინარეს აღშენებისანი და ეპისკოპოსნიცა მრავალნი კეთილად სასწაულთა მოქმედნი ყოფილ არიან, არამედ პატივ სცა ქრისტემან წმიდათა მათ უდაბნოთა, რაჲთა იყოს წინამძღვრად მათდა ეპისკოპოსი უმიზეზოჲ, წმიდაჲ და ღირსი, ვითარცა შეჰგავს წმიდასა მას საყდარსა ქალწულებით დამარხულსა განხრწნისაგან წვალებისა გულარძნილისა მოძღვრებისა სახელსა ზედა წმიდისა ქრისტეჲს ღმრთისა ხატისასა აღშენებულსა.

65

ხოლო ნეტარისა მამისა გრიგოლის ზე ღირსმან მღდელთმთავარმან ზაქარია ესე სასწაულნი ქმნნა: რამეთუ მონასტერსა ტბას ახლოს მყაფარსა მას გვერდსა საშინელი ლოდი იძრვოდა და შიშისაგან მონაზონნი ივლტოდეს თვისთა სახლთაგან. ხოლო ზაქარია სასოებით მდგომარემან ჰრქვა მათ:

- ხვალე იხილოთ ლოდი ესე მდებარე ადგილსა, რომელსა ჩვენ არა გვევნოს.

და იყო ეგრე, რამეთუ ყოვლად ვერ ცნეს მამათა მათ შეძრვაჲ მისი. და ხვალისა დღე მოუგონებელსა ადგილსა, სადაცა ჰრქვა წმიდამან მან, მუნ მყარად იდვა და ადიდებდეს ქრისტესა.

66

და იგივე ზაქარია სთვლისა ჟამთა ჯდა ოდესმე ტბას თვისთა ბაბილოთა მწიფეთა ქვეშე, რომელთა მრავალგზის შაშვი ჭამდა, ხოლო ჯვარი დასწერა და მსწრაფლ მოკვდა, და კვალად ჯვარი დასწერა და განცოცხლებული ფრინვიდა მოყვასთა თანავე თვისთა.

და ოდესმე მკალი ურიცხვი მოვიდა მახლობელად ანჩისა საზღვარსა. ხოლო ნეტარმან ეპისკოპოსმან ზაქარია წინამიაგება კვერთხი თვისი მღდელთა ხელითა. და უფალმან მადლითა მონისა თვისისაჲთა მოსრა სიმრავლე იგი მკალთაჲ, რომელი დაჰფარვიდა ჰაერსა მზისასა. და ერი მორწმუნე ღმერთსა ადიდებდა.

67

კვალად ორნი საშინელნი ვეშაპნი გამოჩნდეს ანჩისა ვენახსა და მევენახენი ივლტოდეს. ხოლო ზაქარია ლოცვითა მოაკვდინნა იგინი და კაცნი იგი სიხარულით ჰმადლობდეს ქრისტესა.

და რამეთუ ესევითარნი ღირსნი სხვანიცა იყვნეს ეპისკოპოსნი სასწაულთა მოქმედნი ანჩს, მიმსგავსებულნი უფლისანი, რომელთა სიყმილსა შინა მცირითა პურითა მრავალნი მშიერნი გამოზარდნიან.

68

არამედ დასაბამი მადლისაჲ ესე იხილვა ზაქარიაჲს სიყრმისა ჟამთა: რამეთუ მწყემსი იყო კრავთაჲ კლარჯეთისა ქვეყანასა შინა. და ვითარცა მღდელმან შესაწირავი განჰმზადა წინაშე პატიოსანსა ჯვარსა და სხვანი ჩჩვილნი ყრმანი გარემოადგეს მას და დაუდუმებელად ხმითა ხმობდეს ანგელოზთა გალობასა ესრეთ:

- „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანაჲ დიდებითა მისითა, ალელუჲა, ალელუჲა, დიდებაჲ ღმერთსა“, - და კვირიელესონი ფრიად მრავალი თქვიან. ხოლო ზეცით მოწევნულ იყო სვეტი ფრიად ბრწყინვალე ნათლისა უმანკოსა მას ზედა მღდელსა ყრმასა.

და მგზავრ მომავალი ვინმე ეპისკოპოსი ანჩელი ხედვიდა სასწაულსა მას და მივიდა და ეზიარა ხელითა ღირსისა მის ყრმისაჲთა და თანაწარიყვანა ანჩს. ხოლო დეკანოზსა გამოუცხადა ზიარებაჲ თვისი და ეპისკოპოსისა მის ბრძანებითა ღირსთა კაცთა ტბას შინა აღზარდეს ნეტარი იგი ეპისკოპოსი ზაქარია. და ესევითარნი კეთილნი სათნოებანი დაიმკვიდრნეს ანჩისა ეპისკოპოსთა.

69

ხოლო შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღვარძლი სარწებს აღმოცენებული დიაკონებასა შინა და ტფილისს აღზრდილი საჰაკ ამირისა ისმაელის ძისაგან და მოციქულად მავალი აშოტ კურაპალატსა წინაშე, რომელმანცა იხილა ანჩისა ეპისკოპოსი გარდაცვალებული და მიშვებითა აღურაცხელად სულგრძელისა ღმრთისაჲთა საჰაკ ამირისა მიერ მოითხოვა ანჩისა საყდარი აშოტ კურაპალატისაგან უკეთურმან მან ცქირმან. და რაჟამს მძლავრებით დაიპყრა ანჩი, კვალად შესძინა ძვირი ძვირსა მისსა ზედა მრავალი, რომლისა მოხსენებაჲ ამას წიგნსა შინა არა ჯერ არს შთაწერად ყოველი.

ხოლო უწესოებაჲ მისი მრავალგზის ემხილა წმიდათა მათ პირველთა კლარჯეთისა მეუდაბნოეთაგან მამათა და ყოველთა მათგან სამწყსოთა კათოლიკე ეკლესიისათა, უფროჲს ხოლო მამისა გრიგოლისგან, რამეთუ არქიმანდრიტი იყო იგი დიდებულთა მათ უდაბნოთაჲ. ხოლო მან სრულიად საღმრთოჲ შიში განაგდო ამპარტავანებისაგან ძლეულმან და ფარულად მოუწოდა ერისკაცსა ანჩელსა, ლირბსა და გლახაკსა და მაგრიად მოისარსა. და აღუთქვა მიცემად სამი გრივი ფეტვი და ხუთნი თხანი და წარავლინა ხანძთად მოკლვად მამისა გრიგოლისა.

და გზას ვისგანმე ცნა, ვითარმედ არს იგი ხანძთისა აგარაკსა და დღეს მოვალს შინა. მაშინ წარვიდა მზირად ტყესა მას ხანძთისასა და მშვილდი გარდაცმული ხელთა აქვნდა.

70

ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ თვისით აგარაკით მარტოჲ შთამოვიდოდა ხანძთას და მგზავრ სლვასა ზეპირით წმიდისა მამისა ეფრემის თქმულთა საკითხავთა იტყოდა გოდებით ტირილსა შინა. ხოლო სულითა იხარებდა, რამეთუ ხედვიდა საღმრთოთა ხილვათა მადლითა სულისა წმიდისაჲთა.

მაშინ საწყალობელმან მან კაცმან იხილა სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯვარი თვალთშეუდგამი გარემო მისა ცისსარტყელისსახედ, შვენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წვიმისასა.

ესე დიდებაჲ მის ზედა იხილა კაცმან მან და ფრიად ძრწოლამან შეიპყრა იგი, რამეთუ დაჰხსნდეს ძარღვნი მკლავთა მისთანი და ზარისა მისგან დიდისა დაცემული იდვა ქვეყანასა ზედა.

ჰრქვა მას ნეტარმან გრიგოლ:

- ჰოჲ საწყალობელო, ყავ ბრძანებული მისი, რომელმან მოგავლინა შენ, რამეთუ შენ ხარ უარისმყოფელი ქრისტეანობისაჲ, ვინაჲთგან უნდოჲსა სასყიდლისათვის უბრალოჲსა ბერისა კაცისა სისხლთა გარდაისხამ. ანუ არა სამისა გრივისა ფეტვისათვის და ხუთთა თხათათვის მოსრულ ხარა მოკლვად ჩემდა, ჰოჲ უგუნურო?

მაშინ კაცი იგი ტირილით ევედრებოდა მას:

- შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, განწირული ესე მკლველი შენი და მიემსგავსე ქრისტესა, მკლველთა თვისთა მონანულთა შემნდობელსა! რამეთუ არა დაშთა ძალი ჩემი ჩემ თანა საშინელისა ხილვისა შენისაგან, რომელმან დამაკუეთა მე.

მაშინ წმიდამან მან წყალობით ჯვარი დასწერა და განკურნა იგი, რამეთუ მრავალი გვემაჲ დაცემულ იყო მის ზედა და სიხარულით განუტევა სახიდ თვისად.

ხოლო კაცმან მან ყოველი იგი ყოფილი უთხრა ცქირსა. და იგი უფროჲსღა აღბორგნა და შესძინა სიბრმე სიბრმესა ზედა.

და მრავალი ბოროტი შეამთხვია მამასა გრიგოლს და მის ჟამისა წმიდათა მამათა და სხვათაცა მორწმუნეთა ერისკაცთა. და რომელნი მარადის სამართლად ამხილებდეს მას, მათვე ერთობით აუწყეს ყოველი დიდსა მას ხელმწიფესა აშოტ კურაპალატსა. და ბრძანებითა მისითა ყოველთა მათ მოწესეთა ანჩისა კათოლიკე ეკლესიისათა წიგნი მიწერეს ქართლისა კათალიკოსისა მიმართ. და მის მიერ ეპისკოპოსნი ღირსნი მოიწინეს ანჩს და მათ თანა შემოკრბეს ყოველნი იგი მეუდაბნოენი მამანი.

და სასწაულთა მოქმედი ნეტარი დედაჲ ფებრონია მივიდა კრებასა მას წმიდასა მიმსგავსებულსა პირველთა მათ წმიდათასა, და ყოველნი მღდელნი, მრემლნი ანჩისანი მათ თანა. და წინაშე ეპისკოპოსთა მათ წარმოუთხრეს ცქირისა სამართალი, უშჯულოებაჲ მისი, სარწმუნოთა მათ სასწაულთა მოქმედთა კაცთა წარმდები მიზეზი აუგთა მისთაჲ პირისპირ.

მაშინ სარწმუნოთა მათ მღდელთმოძღვართა განკვეთეს იგი პატივისაგან მისისა. და მამამან გრიგოლ და დედამან ფებრონია შემოსილი საკურთხეველით შთამოიყვანეს და წინაშე საკურთხეველსა განძარცუეს და ყოველთა ერთობით განხადეს კათოლიკე ეკლესიით. ვითარცაღა ასოჲ დამპალი, მწვალებელთაებრ ყოვლით კერძოვე შჯულისა გარდამავალი განიდევნა იგი.

ხოლო მას, ვითარცა განეშორა შეწევნაჲ ღმრთისაჲ, ღონე ყოველი დაელია, და ტფილის წარვიდა საჰაკ ამირისა, პატრონისა თვისისავე. და წყინებითა მისითა რეცა მიეშვა კურაპალატი. და კვალად მძლავრებით დაიპყრა ანჩისა საყდარი, რაჲთამცა შურ იგო მამისა გრიგოლის ზედა.

მაშინ შეკრიბა ერი ანჩისაჲ და წარავლინა დარღვევად ხანძთისა. და აღმოსლვასა ოდენ მზისასა მივიდეს. ჰრქვა მათ მამამან გრიგოლ:

- შვილნო, დრო მეცით მე და ძმათა ჩემთა ვიდრე შუადღემდე, რაჲთა წმიდასა შინა ეკლესიასა ვყოთ ვედრებაჲ წინაშე ქრისტეჲსა და შევიწიოთ წმიდაჲ გიორგი და ყოველნი წმიდანი, და ყოს უფალმან სასწაულ კეთილ.

ხოლო მათ ისმინეს სიტყვაჲ მოხუცებულისაჲ მის ამისთვის, რამეთუ ეხილვნეს მისგან სასწაულნი.

71

და ჟამსა მას ცრემლით ვედრებისა მათისასა ისმინა უფალმან თხოვაჲ მათი და წმიდისა ანგელოზისა მიერ ეუწყა მათ, ვითარმედ:

- საღმრთოჲ შურისგებაჲ ეწია ბოროტსა მას მტერსა თქვენსა. და აჰა მოიწიოს ქადაგი, ვითარმედ: მოკვდა იგი, დაღაცათუ ორ დღე ცოცხალ ამისთვის არს, რაჲთა ვერ ღირს იქმნეს დამარხვად საყდარსა საეპისკოპოსოსა და ყოველთა ჰრწმენეს განკვეთაჲ მისი, ხოლო გული მისი აწვე მომკუდარ არს.

და ვითარცა ესე ხმაჲ სიხარულისა მათისაჲ ესმა ანგელოზისაგან ანგელოზთა სწორთა მამათა, განიხარეს ფრიად და დიდებაჲ შეწირეს ღმრთისა, რომელმან ყვის საკვირველი მხოლომან. და გულისხმა ყვეს წერილისაჲ, ვითარმედ „უგუნური რისხვამან მოკლის“, რომელი მარადის უწესოებასა იწვრთიდა და მართალთა თანა შეერაცხა თავი თვისი.

მაშინ გამოვიდა ეკლესიით მხიარული ნეტარი გრიგოლ და ჰრქვა მათ:

- ნუღარა გეშინინ თქვენ მძლავრებისაგან მომავლინებელისა თქვენისა, რამეთუ უფალმან რისხვით მოკლა იგი.

და მო-ხოლო-იწია კაცი, რომელი ეტყოდა კაცთა მათ:

- ნუღარა იკადრებთ დარღუევად დიდებულსა ხანძთასა, რამეთუ დამარღუეველი მაგისი მოკვდა!

მაშინ განიხარეს კაცთა მათ. ხოლო მამათა ისტუმრნეს. და სიხარულით წარვიდეს სახიდ თვისად და ადიდებდეს ღმერთსა.

ხოლო პირველსავე სიტყვასა მივიდეთ.

რამეთუ ცქირმან რაჟამს წარავლინა ერი იგი ხანძთას, მაშინ თვით წარვიდა ქორთას, რამეთუ მუნ ნამარხევი მისი იყო, რაჲთამცა წარიღო. და გზას ვითარცა პური ჭამეს, მიერულა და საშინელი ჩვენებაჲ იხილა, სამხილებელი ბოროტთა საქმეთა მისთაჲ, უფროჲს ხოლო - ხანძთელთა ბოროტისყოფისათვს. მაშინ საღმრთოჲ ვინმე მღდელი ანჩელი იყო მის თანა და უფალმან გამოუცხადა ბოროტად სიკვდილი ცქირისაჲ. და მან მღდელმან წარავლინა თვისი მოწაფე ხანძთად და დამტკიცებულად აუწყა სიკვდილი ცქირისაჲ. და ვითარცა მიიწია ცქირი ქორთას, მოკვდა ხოლო და მუნ დაჰფლეს უფლისა მეორედ მოსლვადმდე.

და რაჟამს განქარდა განსაცდელი იგი მის ჟამისაჲ, მაშინ წმიდამან მან საყდარმან ქრისტეჲს ღმრთისა ცხოველისა ხატისამან სიხარული მშვიდობის ყოფისაჲ მიჰფინა სამწყსოთა თვისთა ზედა კეთილთა მწყემსთა გამობრწყინვებითა.

ხოლო უკანაჲსკნელთა ამათ ჟამთა ჩვენთა გლახაკნი იხარებენ მადლითა უფლისაჲთა, ოხითა საუკუნითგან წმიდათაჲთა და ხორციელად მოღვაწებითა მეფეთა ჩვენთა დიდებულთაჲთა, რომელნი იყვნეს კეთილად ღმრთისმსახურ, წმიდათა ეკლესიათა აღმაშენებელ, ბარბაროზთა ბანაკსა დამარღვეველ, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა სიქადულ და მოწესეთა სიხარულ. რომელთა შორის იპოვა ძეჲ დიდისა ადარნერსე კურაპალატისაჲ, ბაგრატ ერისთავთა ერისთავი, ძალითა ღმრთისაჲთა დიდი ხელმწიფე, ეზრაჲს ზე, ღირსისა ანჩელ მამათმთავრისა ეპისკოპოსისა, დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილისა. ესე ბაგრატ გულისხმის ყოფითა ქებულ, წმიდათა ეკლესიათა აღმაშენებელ, საღმრთოთა წიგნთა მეძიებელ და შემკრებელ, წმიდათა ყოველთა ღირსად მადიდებელ, წმიდათა ოხაჲ მარადის შემწე ეყავნ მას აქა და საუკუნოდ, რომელმან ნეტარისა მამისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე განაახლა სასწაულთა მათ გამოხვებულთა შერთვითა. შე-მცა-რთულ არს იგი რიცხვსა პირველთა მათ წმიდათა მეფეთასა მეუფისა ქრისტეჲს მიერ ლოცვითა ღირსისა გრიგოლისითა და ყოველთა წმიდათაჲთა. რომელმან ჩვენ, გლახაკთა შვილთა მამისა გრიგოლისთა, ყვედრებაჲ მოგვისპო და უმეცრებით მაყვედრებელსა სირცხვილი დაუმკვიდრა ამან დიდებულმან მეფემან. უფალმან ბრალთა მისთა ყვედრებაჲ, რომელსა ეჭვდეს, მოუსპენ მას სრულიად ღირსთა მამათა ვედრებითა და მათ თანა ნეტარისა მამისა გრიგოლის მადლითა, რომელიცა ქვეყანასა ზედა ცხოვნდებოდა ვითარცა ანგელოზი და ჟამსა მას მოხუცებულებისა მისისასა, ამცნებდა ესრეთ ხანძთისა ხოლო კრებულთა, ვითარმედ:

- ამას მონასტერსა შინა სენაკებსა თანა ეგვიტერსა ჟამის საწირვად ნუვინ აღაშენებს, რამეთუ უჯეროება არს. უკეთუ ერისა ნებაჲ არა იყოს, თვინიერ დიდისა მის საეროჲსა ეკლესიისა, ამის მიზეზისათვის, რამეთუ ოდეს დეკანოზმან ჟამის წირვისათვის ჟამსა ჰრეკოს, მაშინ ყოველნი მღდელნი მუნ არა მივიდენ, არამედ თვისთა ეგვტერთა დადგენ ჟამის წირვად და დიდისავე ეკლესიისა სწორად აწყინებდენ კაცთა შესაწირავისა თხოვისათვის. და დეკანოზსა ყოვლადვე მათი ვედრებაჲ უნდეს დიდად ეკლესიად მისლვისათვის ჟამისმწირველთა მღდელთაჲსა. და აწ ამის წესისა ჯერ არს დამტკიცებაჲ, ვინ მირჩილ იყოს სიტყვათა ჩემ - გლახაკისა გრიგოლისთა.

72

ხოლო ნეტარი ესე კაცი ღმრთისაჲ, მამაჲ გრიგოლ, ნებისა ქრისტესისა სამკვიდრებელი, სასწაულთა მოქმედი დიდებული, ფრიად გარდარეულად დაბერდა, რამეთუ ას და ორისა წლისა ჟამთა მიიწია. ხოლო ფერი პირისა მისისაჲ არა იცვალა, არცა შეემთხვია თვალთა მისთა მრუმედ მხედველობაჲ. და ხორცითა ძლიერ იყო და რაჲთურთ უძლურებაჲ სიკვდილადმდე არა იპოვა მის თანა. რამეთუ განძლიერებულ იყო იგი ძალითა ქრისტეჲსითა და აქვნდა მას სიქადულად სანთელი ქალწულებისაჲ და ზეთი მოწყალებისაჲ და სიყვარული ღმრთისაჲ და ძმათაჲ. ხოლო შრომაჲ დიდად უყუარდა არა ხოლო ლოცვისა და მარხვისაჲ ოდენ, არამედ დღე და ღამე ხელითა თვისითა იქმოდა, ვითარცა იტყვის პავლე - რომელი არა შვრებოდის, ნუცაღა ჭამნო. და იყო იგი მხიარულად მესტუმრე და გლახაკთმოღვაწე.

ხოლო უმრავლესთა დღეთა შატბერდს იყოფინ, რამეთუ თვისთა მათ მონასტერთა მამასახლისნი დაედგინნეს და იგინი იღვწიდეს მათ. და რომელი გარდამრე საქმე არნ, მას აუწყიან მსგავსად სიბრძნისა მის ღმრთივმოცემულისა, რომელი მკვიდრ იყო მის თანა მარადის, ვიდრე აღსრულებადმდე მისსა და მიწევნად ბრძენი ბრძენთა თანა საუკუნესა ცხორებასა და სუფევასა.

73

ხოლო დღეთა მათ მოხუცებულებისა მისისათა იყო რაჲ შატბერდს, ზრუნვაჲ აქვნდა ძმათა მათ მკვიდრთა ხანძთისათა. რამეთუ ესმა, ვითარმედ ოხჭანი ამის ცხორებისაჲ შატბერდს ეგულების სულიერად მამასა მათსა. მაშინ, რომელთა სლვაჲ ძალ ედვა, ერთობით მიიწინეს ყოველნი შატბერდს ძიებად წმიდისა მის. ხოლო ძმათა მათ შატბერდელთა განიხარეს მისლვაჲ ძმათა მათ თვისთაჲ. და, რაჟამს გულისხმა ყვეს მიზეზი მისლვისა მათისაჲ, სიხარული მწუხარებად გარდაექცა. და ვითარცა ილოცეს თაყვანისცემით წმიდასა ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და თაყვანის სცეს ნეტარსა მამასა თვისსა შვილთა მათ სულიერად შობილთა და შრომით შეკრებულთა. ხოლო მან წადიერებით სურვიელად ამბორს უყო ყოველთა და მოწლედ მოიკითხნა, ვითარცა მამამან ტკბილმან და მოძღვარმან სახიერმან. და მერმე ურთიერთას ამბორს უყვეს მოკითხვით ძმათა მათ ხანძთელთა და შატბერდელთა და დასხდეს.

მაშინ სიტყვად იწყო ხანძთელთა მიმართ ნეტარმან გრიგოლ და ჰრქვა მათ:

- ძმანო და შვილნო საყვარელნო, რაჲ არს მიზეზი თქვენ ყოველთა აქა მოშრომისაჲ, მაუწყეთ!

ხოლო ეპიფანე და ზენონ ჰრქვეს ძმათა მათ სხვათა:

- წეს არს თქვენ მიერ ღირსი პასუხი, რაჲთა ბრძენთა მოწაფეთა ბრძნისა მოძღვრისა მიმართ ღირსითა სიტყვითა ძღვენი გულსმოდგინებისაჲ შესწიროთ და სასოებით საწადელი სულისა ჩვენისჲ მოვიღოთ მადლითა ღმრთისაჲთა.

მაშინ ყოველთა ერთობით ხმა ყვეს:

- ჰოჲ წმიდაო ღმრთისაო, სულიერად შვილთა შენთა მშობელო მამაო და მზრუნველო ცხორებისა ჩვენისაო და შესავედრებელო ქრისტეჲს მორწმუნეთაო! დაღაცათუ შატბერდელნი ძმანი ჩვენნი ყოველნი უფლისა სათნონი არიან და ნებისაებრ ღმრთისა ნებისა შენისა მორჩილ, არამედ ესოდენთა დღეთა არა მოსლვაჲ შენი ჩვენდა ხანძთისათვის ფრიად სირცხვილ არს და ჩვენთა ყოველთა საკდემელ ყოველთა კაცთაგან. რამეთუ პირველი ნაყოფი წმიდათა შრომათა შენთაჲ ხანძთაჲ არს. და აწ ამისთვის არს ჩვენი აქა მოსლვაჲ, რაჲთა ჰბრძანო ხანძთად და ნუგეშინის ეცეს, რომელთა ვერ ძალ უც აქა მოსლვაჲ და სხვათაცა უდაბნოთა აჩვენოთ ჩვენდა მომართ სრული სიყვარული შენი. და ესე უწყოდე, უკეთუ სმენაჲ არა ვპოოთ, ვიპოვნეთ ყოველნი აქა წინაშე შენსა, რამეთუ მძიმე არს ჩვენდა ამას ჟამსა უშენოდ ხანძთად მისლვაჲ.

ხოლო წმიდამან მან თქვა:

- კურთხეულ არს ქრისტე, ღმერთი ყთველთაჲ, რომელმან თვისი წმიდაჲ მცნებაჲ სიყვარულისაჲ მტკიცედ დაჰნერგა გულსა თქვენსა ჩემ, გლახაკისა ბერისა მომართ თქვენისა, შვილნო ჩემნო საყვარელნო და უფროჲსღა შვილნო ქრისტეჲსნო, წმიდისა ნებისა მისისა აღმასრულებელნო, რომელმანცა ბრძანებათა თვისთა სახარება უწოდა, რამეთუ მოსლვითა თვისითა მშვიდობაჲ ახარა კაცთა, მტერთა მისთა, რომელთაცა სიყვარულისათვის სიკვდილი თავს იდვა და გვასწავა ყოველთა, ვითარმედ თავი არს სათნოებათა ყოველთაჲ საღმრთოჲ სიყვარული. და აწ თქვენ სიყვარულმან მოგიყვანნა აქა. ხოლო ჩემ ზედა ორკერძოვე მძიმე არს: პირველად - შეწუხებაჲ თქვენი, და მერმე - ძმათა ამათგან განშორებაჲ.

მაშინ მოუწოდა ყოველთა შატბერდელთა ძმათა და ჰრქვა მათ:

- მოვედით, შვილნო, ხანძთისა მკვიდრთა თანა, ძმათა თქვენთა, და ნებაჲ ურთიერთას შეზავეთ, რამეთუ შფოთი ივლტის ბრძენთაგან, და ერთობით უმჯობესი დაამტკიცეთ. ხოლა მე ვჰგონებ, უწინარეს აღშენებული ადგილი ემართლების მაშენებელსა თვისსა უფროჲსსა პატივსა, ვითარცა მოხუცებული ემართლების ჭაბუკსა პატივით მსახურებასა.

ხოლო შატბერდელთა ძმათა ჰრქვეს:

- ჭეშმარიტ არს ბრძანებაჲ შენი, წმიდაო მამაო, და უკეთუმცა სამართალი არა მიგცემდა, ცხოველ არს უფალი და წმიდაჲ ლოცვაჲ შენი, არამცა მივეშვენით ძმათა ჩვენთა.

ესე რაჲ თქვეს და მსგავსი ამისი ჯერისაებრ, მაშინ ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქვა ყოველთა:

- შვილნო, ბრძანებამან ქრისტეჲსმან შეგვკრიბნა დღეს, რაჲთა სიმტკიცე ერთობისა და სიყვარულისაჲ აწ დაუმტკიცოთ მომავალთა ჟამთა ორთა ამათ მონასტერთა შინა დამკვიდრებულთა ძმათა შჯულად საუკუნოდ სიტყვისაებრ უფლისა, რომელ ჰრქვა მოციქულთა, ვითარმედ: „ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდით ურთიერთას“. და კვალად უბრძანა მათ: „რომელსა თქვენ გეტყვი, ყოველთა ვეტყვი“. აწ თქვენცა დაიმარხენით უფლისა ბრძანებანი ერთმანერთისა პატივითა და სიყვარულითა ყოვლისა თანა სათნოებისა, სიმდაბლითა უეჭველითა და წმიდათა შინა ეკლესიათა თქვენთა ურთიერთას ულოცევდით, და მემცა, გლახაკი, მარადის გახსოვ წმიდათა შინა ლოცვათა თქვენთა, და ძმობასა თქვენსა კეთილად იხილვებოდეთ მახლობელთა და შორიელთაგან. და უკეთუ ვიეთმე ძმათა სწადოდის ყოფაჲ ხანძთელთა შატბერდს, გინათუ შატბერდელთა - ხანძთას, ნუვისმცა ხელეწიფების არა შეწყნარებაჲ მათი, გინათუ შფოთით განზრახვისა მათისა დაშლაჲ და მძლავრებით დაყენებაჲ თვინიერ სამართალისა რაჲსამე მიზეზისა. უკეთუ კვლა უსამართლოდ აყენებდეს ვინმე, სიტყვაჲ მისცეს ღმერთსა დღესა მას განკითხვისასა, რამეთუ ნებაჲ ჩემი არა არს სულიერად მამისა თქვენისაჲ, სიტყვისაებრ მოციქულისა: „დაღაცათუ გესხნენ ბევრ მზარდულ, არამედ არა მრავალ მამა“. ხოლო სხვაჲ ყოველი სულისა ცხორებისა საღმრთოჲ წესი პირველითგანვე გაქვს განწესებული ჩემ მიერ. მას ზედა მტკიცედ იყვენით უკუნისამდე. და მშვიდობამან ქრისტეჲსმან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, დაგიცვენინ ყოვლისაგან ვნებისა სულისა და ხორცთაჲსა ერთობით ყოველნი და მიგაწიენ წმიდათა თანა!

მაშინ შევიდა წმიდად ეკლესიად და ცრემლით თავი თვისი დაჰვედრა მას, მშვიდობაჲ მდუმრიად რაჲ დაუტევა და გამოსლვასა ბერთა ამბორისყოფაჲ მისცა და ეგრეთ წარემართა ხანძთად კერძო. ხოლო ერი იგი ყოველი ცრემლით მოუდგა. და წმიდაჲ იგი ადგილსა მაღალსა დადგა შორის ერსა მას ღმრთისასა და დიდებაჲ შეწირა ქრისტეჲს მიმართ და თქვა:

გაგრძელება