გალაკტიონ ტაბიძე

გაოცდა უფრო

გაოცდა უფრო, გაოცდა უფრო,
თვალები უფრო გადაირია,
არ მოაკლდება სიტყვა საუბრო,
ის კი ფიქრობდა – რანაირია.

მას არ მოსწყინდა ყოფნა მზიურის,
ვეფერებოდი სავარძელს სახით.
და მუსიკალურ უვერტიურას
მასმენდა მისთვის, რისთვის მეძახით.

მე არ მასვენებს ბაიის ბგერა
და ანგელოსთა ნაზი პროფილი,
თვალები ლურჯი, დალალი ქერა,
ბაგე – ატმებად გადაპობილი.