ბაღთან ძეგლია
ბაღთან ძეგლია, ცათამდე ადის,
ხელში უჭირავს რა თავის ქალა,
განთიადიდან განთიადამდის
დგას – გარინდება მან დაივალა.მას გაზაფხული ვარდის ღილებით
რთავს, მოწიწება არ აქვს მონური,
მისთვის ერთია – ეს ყვავილები
ნამდვილი არის თუ ხელოვნური.ის ლაპარაკობს დროთ საზღვარს იქით
დენონიური, სასტიკი, ხმელი,
და სივრცეებში თანაბრად იგი
შეშლილია და წინასწარმთქმელი.მაგრამ როს ნისლი გაიფანტება
და ჟამი მოვა ალთა დანთების,
მის წინ ქუჩაზე გაილანდება
მთელი მდინარე დემონსტრანტების.მასში მიმავალთ ის ხელებს უწვდის,
იგი აქ არის ამ გამთენიას,
ის ეხლავ ხედავს და აღარ უცდის
თავისუფლების მებრძოლ გენიას.