![]() |
|
|
| აკაკი წერეთელიჩემი თავგადასავალიპირველი ნაწილითავი I(გაგრძელება) მამაჩემის ახირებული ხასიათის ასახსნელად ბევრი რამ სასაცილო შემთხვევა მახსოვს. ფოტოგრაფია რუსეთში ახალი შემოღებული იყო. ჩემ ძმას გადაეღო თავისი სახე და გამოეგზავნა. უწყება მოგვივიდა. მე გიმნაზიაში მიმეჩქარებოდა და დავიბარე შინ: რომ დავბრუნდები, ფოსტიდან გამოვიტან-თქო. მამაჩემს სულმა აღარ მოუთმინა და თურმე თვითონ წავიდა ფოსტაში. შევიდა, ნახა, რომ ყურადღება არავინ მიაქცია, მიიხედ-მოიხედა, სკამიც ვერსად დაინახა, რომ დამჯდარიყო: დგას ფეხზე სხვებთან ერთად და ჰფიქრობს გუნებაში: ეს რას ნიშნავს! სადაც შევდივარ, ყველგან დაბრძანდის მეუბნებიან და სკამს მიდგმენ, და ეს კი, ვიღაც არის, ბუზადაც არ მაგდებსო! ფოსტის უფროსი ახალი დანიშნული იყო და მამაჩემს არ იცნობდა. მამაჩემმა ერთხანს იხადა და ბოლოს, რომ მოთმინება დაჰკარგა, მივიდა და უთხრა: - კიდევ კარგა ხანს გინდა, რომ მაცდევინო? მომეცი ჩემი ილიკოს გამოგზავნილი, თუ რამე იყოს და გამისტუმრე. - ილიკო ვინ არის? - ეკითხება გაკვირვებული ფოსტის უფროსი. - ილიკო ვინ არის? ვინ არის და ჩემი შვილი, ხელმწიფე იმპერატორის მოსამსახურე - კანვოი. - მე ვერ ვიცნობ. - ოხ, შენ თუ არ იცნობ, მაშ პური ვეღარ უჭამია! იმ კაცს სასახლეში იცნობენ და შენ აქ, გინდ იცანი და გინდ არა! - ყოველიფერი კარგი, მაგრამ თქვენ თვითონ ვინღა ბრძანდებით? - მე? თავადი როსტომ წერეთელი. - ვერც თქვენ გიცნობთ. - ახლა ხომ გეუბნები, ვინცა ვარ! - ეგ არა კმარა. - მაშ, ხატზე არ გინდა, რომ შემოგფიცო? - ფიცი რა საჭიროა, წადით და მოწმობა მოიტანეთ. - მოწმობა? რისი მოწმობა? - მისი, რომ სწორედ თავადი როსტომ წერეთელი ხართ. - მერე-და ვის უნდა გამოვართვა ეგ მოწმობა? - პოლიციაში, კვარტალს. აქ მამაჩემმა მეტი შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა და სტაცა კისერში ხელი... შეურაცხყოფილი ფოსტის უფროსი გაიქცა საჩივლელად პირდაპირ გუბერნატორთან. დაიბარეს მამაჩემი. შევიდა თუ არა ზალაში, მაშინვე საყვედურით მიმართა გუბერნატორს: მთელი ხმელეთი ხელში გიჭირავთ და კაცებს ვეღარ შოულობთ, თუ როგორ არის თქვენი საქმე, რომ ვიღაც გიჟებს და მასხრებს ნიშნავთ? - როგორ! რა ამბავი იყო? რა ჩაგიდენიათ? - ეკითხება გუბერნატორი. - როგორ თუ რა ჩამიდენია! დიდმა იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა დამამტკიცა თავად როსტომ წერეთლად, ინკოლოზმა ხელი მოაწერა, ალექსანდრე მეორემ ბეჭედი დაუსვა, და ახლა, ეს ვიღაც ოხერია, სამი დიდი ხელმწიფის მონიჭებულ წყალობას ისე მართმევს და მხდის, თითქო მაგისი შეკერილი ჩოხა-ნაბადი იყოს! მეუბნება, რომ ეგ ყოველიფერი ჩალადაც არ ღირს, თუ პოლიციაში არ წახვედი და იქ ხელახლა კვარტალმა, მაქსიმე მგალობლიშვილმა, არ დაგამტკიცაო. - ეგ ყოველიფერი კარგი, მაგრამ თქვენ რაღა უპასუხეთ? - საპასუხო რა მქონდა?! რისიც ღირსი იყო, კიდეც მივანიჭე. - მაშ, აღიარებ, რომ შეურაცხყოფა მიაყენე? - რას ამბობთ? როგორ თუ შეურაცხყოფა?! ჩემი საცინლად აგდება რომ კიდეც ამეტანა, რა ნება მქონდა, რომ მთავრობის შეურაცხყოფა დამეთმო მაგისთვის? - ხელი შეახეთ? - არა, ისე, კისერში წავავლე. - მეტი არაფერი? - როგორ არაფერი. გადმოვღუნე და სამიოდე ჯოხი ვზუზღე, ერთი ჩემი გაკიცხვისათვის და ორიც - მთავრობის შეურაცხყოფისთვისო. - ამას ისეთი გულმოდგინებით ამბობდა, რომ ვერც თვითონ გუბერნატორმა და ვერც მისმა ჩინოვნიკებმა სიცილი ვეღარ შეიკავეს. ბოლოს, როდესაც აუსხნეს მამაჩემს მისი შეცდომა, შეწუხდა, მიუბრუნდა იქვე მდგარ ფოსტის უფროსს და უთხრა: - „შე ცუდო კაცო, მე რა ვიცი ახალი რიგისა და წესებისა? რომ მნახე, შემოვედი ერთი უსწავლელი, ადამის ხნის კაცი, აგეხსნა ჩემთვის, რასაც ახალი კანონები გეუბნებიან, თვარა: მე შემოვდივარ ზრდილობიანად, შენ კი ისე მიბღვერ, თითქოს შენი მოსისხლე მტერი ვყოფილიყო! სხვა რომ არა იყოს რა, ყმაწვილი ხარ, ჩემი ჭაღარისათვის მაინც უნდა გეცა პატივიო“. ეს საქმე ბოდიშითა და მორიგებით გათავდა. შემდეგ დიდი მეგობრებიც იყვნენ მამაჩემი და ის მისი მონათლული ჩინოვნიკი: ყოველ დღესასწაულების წინ, საშბაოდ, საახალწლოდ, სააღდგომოდ, დიდ მოსაკითხებს, როგორც მეგობარს, უგზავნიდა ხოლმე მამაჩემი და ისიც დიდი მადლიერი იყო: მოუვიდოდა თუ არა მამაჩემს მისი შვილების წიგნები რუსეთიდან, თვითონ ფოსტის უფროსი მოარბენინებდა ხოლმე მამაჩემთან და აღარც კითხულობდა: „ქტო ტაკოი როსტომ წერეთელიო?“ კულებიაკინი ჭკვიანი და კეთილი კაცი იყო და ხალხსაც ძალიან უყვარდა, მაგრამ ერთი წუნი ჰქონდა: უცბად რაღაც მოუვლიდა და აყვირდებოდა ხოლმე. მაშინ მის მრისხანებას საზღვარი აღარა ჰქონდა. ამ გუბერნატორს ჩვეულებად ჰქონდა, რომ სადმე წავიდოდა სოფლად, ამალას იახლებდა და წინ ბაირაღს გაიძღოლებდა. ერთხელ საჩხერეშიც ამგვარად მოვიდა. თითქმის მთელი საწერეთლო, დიდი და პატარა, თავად-აზნაურთაგანი, შუაგზაზე მიეგება და თან წამოჰყვა. კულებიაკინმა თავმომწონედ თავისი ბედაური შეათამაშა. ცხენს რაღაცა წასცდა. ერთმა ახალგაზრდათაგანმა თ. ა. მ. სიცილი აიტეხა. გუბერნატორმა შეჰყვირა თავისებურად. ახალგაზრდა უადგილო მხიარულებისათვის გაქაჩეს და სატუსაღოში ქუთაისისაკენ უპირებდნენ გაგზავნას. ეს ყველას ეწყინა, მაგრამ კრინტი ვერავინ დასძრა. თავჩაღუნული მიჰყვებოდნენ დიდხანს. ბოლოს შენიშნეს, შორს ერთი დონის ყაზახი რუსი მოდიოდა ცხენით. მამაჩემი დაწინაურდა და რომ დაუახლოვდა ყაზახ რუსს, ჩამოხტა ცხენიდან და მძიმედ თაყვანი სცა. ეს სუყველამ დაინახა. კულებიაკინმა წარბი შეიკრა და გამოიკითხა: თუ რად ჩაიდინა როსტომმა მაგისთანა უსაქციელობაო. მამაჩემმა უპასუხა: - რუსი გახლდათ და პატივი არ მეცაო? - კი, მაგრამ თავადიშვილს როგორ გეკადრება დონის ყაზახის წინ თავის მოხრაო. განა ვერ შეატყვე, რომ უბრალო ვინმე იყოო? - როგორ არაო, მაგრამ შეიძლება ერთი ათი წლის იქით დიდი კაცი გახდეს და მეც მომადლიერებული მეყოლებაო, ხომ მოგეხსენებათ, წინწაძღოლილი საქმე, ხანდახან კაცს კეთილად გამოადგებაო. კულებიაკინი დაფიქრდა, გაიცინა და ბრძანა, რომ სატუსაღოში გასაგზავნი უკანვე დაებრუნებინათ. მამაჩემი თავის დროზე განთქმული მოჭადრაკე იყო, ვერავინ უგებდა. განსაკუთრებით ღენერლის შტაბის აფიცრები იყვნენ მონდომებული, რომ როგორმე მოეგოთ, მაგრამ ვერას აწყობდნენ. ერთხელ ღენერალ-გუბერნატორს, გ. ერისთავს, შემოეთვალა თბილისიდან: „ერთი შესანიშნავი მოჭადრაკე პოლკოვნიკი გვეწვია, შენთან თამაში სურს და, თუ დრო გაქვს, მოდი, ჩემთან არისო. აბა, შენ იცი, თუ შენებურად გვასახელებ ქართველებსო!“ მამაჩემიც წავიდა და გაიმართა თამაშობა. პოლკოვნიკმა დაინახა, რომ მოთამაშე ახირებულად ეთამაშებოდა და ჰკითხა: თქვენ, როგორც პირველსავე გამოსვლაზე გეტყობათ, თეორია არ უნდა იცოდეთო: კუთხის პაიკი რა ხელმოსაკიდებელი იყოო? - თეორია რა არის? - ეკითხება მამაჩემი. - სხვადასხვა სათამაშო კანონები. - ჩვენ, ქართველებმა, ერთი კანონის მეტი არ ვიცით: ისე უნდა ეთამაშო, რომ მოპირდაპირეს მოუგო. - ეგ მართალია, მაგრამ უთეორიოდ არ შეიძლება. - არ ამიხსნით მაინც, რა არის თეორია? - სხვადასხვა გამოჩენილ მოჭადრაკეთა ნათამაშევი, რომელიც სხვებისთვის სამაგალითო კანონად დარჩენილა. - ჰო, ისემც კარგი დაგემართოს! ისინიც ხომ ჩემისთანა მიწიშვილები იქნებოდნენ, ციდან ხომ ვერ ჩამოფრინდებოდნენ? ახლა ჩემ თამაშსაც უგდეთ ყური და, თუ მოგეწონოთ, ჩაწერეთ და თეორია იქნებაო. პოლკოვნიკმა დაიწყო თამაში და არ გაუვლია დიდხანს, რომ კიდეც წააგო. შეწუხდა და თქვა: „აშიბკაო“. ითამაშეს მეორე, კიდევ წააგო და სთქვა: „აშიბკაო“; მესამე, მეოთხე, მეხუთე... გაცხარებული პოლკოვნიკი აგებს და თან იძახის: „აშიბკა, აშიბკაო“. მამაჩემს გაეცინა და უთხრა: „პოლკოვნიკო, ტყუილად ნუ ფიქრობ, რომ მოიგო! სანამ ეგ ვიღაც „აშიბკა“ გადაგკიდებია, მაგას თავიდან არ მოიშორებო!“ ეს ხუმრობა მის მოპირდაპირეს ეწყინა, შეურაცხყოფად მიიღო და ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო. მამაჩემმა დამშვიდებით უპასუხა: „ნარდი, ჭადრაკი და სათამაშოები სასიამოვნოდ და დროის გასატარებლად გამიგონია ჩვენშიო. ხუმრობაც შეშვენის და მეც ჩემი ქვეყნის ჩვეულებაზე ვადგივარო, და თქვენში თუ საწყენი და გასაჯავრებელი ყოფილა, ჩემთან რა გინდა, ისევ თქვენებთან გეთამაშნაო?“ გაჯავრებულმა დაავლო ქუდს ხელი და გამოვარდა გარეთ. აი, ამისთანა ხასიათის კაცი, რომელიც გარეთ, სხვაგანაც არ იშლიდა თავის ახირებულობას, რა უნდა ყოფილიყო შინაურობაში, სადაც დამოუკიდებელი ბატონი იყო? მართლაც, ბევრს ახირებულობას ჩადიოდა, ხელს უშლიდა დედაჩემის ყოველთვის წინდაწინ მოფიქრებულ და გონივრულ განკარგულებას. მახსოვს, ერთი გლეხი გადაგვიშენდა და ოჯახში არავინ დარჩენილა, გარდა ერთი ოთხმოცდაათი წლის მოხუცისა, რომელსაც აღარც მამულის მოვლა შეეძლო და აღარც თავის საკუთარი თავის რჩენა. რომ საგლეხო ადგილ-მამული არ გამცდარიყო, მამაჩემმა მოინდომა იმ ბერიკაცის სასახლეში გადმოყვანა. მოხუცმა, რასაკვირველია, შორს დაიჭირა თავის სახლ-კარის თავის დანებება; იმას უნდოდა, რომ თავის სიცოცხლეში არ ენახა მის ქოხში გამქრალი ცეცხლი, იქვე მომკვდარიყო, სადაც მისიანები ცხოვრობნენ და ბოლოს იმათვე საფლავს ამოწოლოდა გვერდით. ნებით რომ ვეღარ დაიყოლიეს, ბატონმა ბრძანა, რომ ძალით გამოეყვანათ და კიდეც გაუგზავნა კაცები. ეს ამბავი არ მოსწონდათ სასახლეში: მოსამსახურეები, ბიჭები, გოგოები, ყველანი ჩურჩულებდნენ: ნამსახური კაცი თავისი სახლიდან რა გასაგდებიაო? ნაერთგულარს და ნამსახურს კაცი ძაღლსაც არ გაიმეტებსო. ამას მოვკარი მე ყური და გავიქეცი მამაჩემთან. ის ნიგოზ ქვეშ ჩეროში იყო მხარ-თეძოზე წამოწოლილი; მივედი და ვკითხე: მამა-ბატონო, ჩვენი მურა რომ დაბერდეს, აღარაფერი არ შეეძლოს, აღარც ყეფა და აღარც ღრენა, მაშინ რაღა ვუყოთ-მეთქი? - რაში გეკითხება, შვილო? თუ მაგრე დაბერდება, მჭადს აჭმევენ და იქნება თავისთვის, სანამ არ მოკვდებაო. - მაშ, თუ მაგრეა, კაცი უკეთესი არ არის ძაღლზე-მეთქი? ბერიკაცს რომ თავის სახლ-კარს აშორებ და გამოგყავს, ის კი არ გეცოდება-მეთქი? ამ სიტყვებმა ისე დააფიქრეს მამაჩემი, რომ ხელახალი განკარგულება მოახდინა: „თავი დაანებეთ იმ ბერიკაცს, დარჩეს თავის სახლში და საზრდოც მიუჩინეთო“. მასუკან ხშირად იტყოდა ხოლმე: ჩემი დაუფიქრებლობით კინაღამ ცოდვაში ჩავვარდიო, მაგრამ ანგელოზმა მამხილა ბავშვის პირით, ვენაცვალე იმის ძლიერებასაო! ხშირად მამაჩემს სახარების კითხვა უყვარდა, მაგრამ იმ კილოთი, რა კილოთიც წირვაზე კითხულობდნენ ხოლმე, და ისე გაიტაცებდა ხოლმე კითხვა, რომ სახარებაში გამოხატულ პირებს ემუსაიფებოდა. მაგალითად: „ჰაი, შენს მადლს“, „ვენაცვალე შენს სახელს“, „იცის ბიჭმა“ სხვანი და სხვანი. ამგვარ სიტყვებს ჩაურთავდა ხოლმე, მოსაწონ აზრს მოიწონებდა და საგმობელს ჰგმობდა. ერთხელ, სახარების წაკითხვის დროს, როდესაც მივიდა იმ ადგილამდი, სადაც ფარისევლები შეცდენას უპირებდნენ ქრისტეს და ქრისტე უბრძანებდა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსაო“, მამაჩემმა ჩვეულებრივად წამოიძახა: „დაგესხათ თავს ლაფი, გინდოდათ, რომ მოგეტყუებიათო? ჰოი, ახლა ნეტავი თქვენი თავი მომცა ხელში, რომ ეგ წვერები სულ ღერ-ღერად დაგაგლიჯოთო!“ - ამ სიტყვებს დედაჩემმა მოჰკრა ყური, გამოვიდა მეორე ოთახიდან და ჰკითხა: „ბატონო, ვის უჯავრდები მაგრე გულითაო?“, „ვისა და შეჩვენებულ ფარისევლებსაო“, - გულმოსულად უპასუხა მამაჩემმა. - შე დალოცვილო, მაგ სიშორეს რომ არ წაეპოტინო, - მიუგო დედაჩემმა, - შინ რომ საკუთარი ფარისეველი გყავს, რატომ იმას კი არაფერს ეუბნებიო? შენმა მოურავმა მთელი ოჯახი აურ-დაურია, მაგის თავგასულობას საზღვარი აღარა აქვს. რამდენი ხანია გეხვეწები, რომ ამ ოჯახს ეგ როგორმე მოაშორო, მაგრამ ის ფარისევლობით თვალებს გიხვევს და ჩემი აღარა გჯერა რაო! ამის თქმა და მამაჩემის ზეზე წამოვარდნა ერთი იყო: მომგვარეთ მოურავიო, - დაიყვირა. მოიყვანეს ნამძინარევი მოურავი, მაგრამ, სანამდი ის რასმე იტყოდა, მიაძახა ბატონმა ბიჭებს: „მე ფარისეველი სახლში აღარ მინდა, დააყოლეთ ეგ შეჩვენებული თავდაღმართზე და მიაყოლეთ პანღური, რომ სასახლისკენ პირი აღარა ქნასო!“ ეს მოურავი მართლა საძაგელი რამ იყო. მაგრამ მამაჩემი მაინც არ ელეოდა და დედაჩემმა, რომ იცოდა მამაჩემის ხასიათი, სახარების კითხვაში შეურჩია დრო და ძლივს გადაარჩინა ოჯახი იმ ცუდი მოურავისაგან. ამით ვათავებ მამაჩემზე საუბარს, თუმცა ბევრი რამ შემეძლო, რომ კიდევ მეთქვა. ჩვენი სახლის ზედა სართულს ოდა ერქვა, ქვედას - პალატი, და ორივეს საერთოდ კი - სასახლე, რომელსაც ირგვლივ, სამი კუთხით სხვადასხვა შენობა ერტყა: სამოახლო, საფარეშო, სახაბაზო, სამზარეულო, ბეღლები, საბძლები, სასიმინდეები, მარანი და სხვადასხვა ხულები. იმათზე ცოტა მოშორებით საჯალაბო იყო და იმ საჯალაბოს გარს ერტყა საჯინიბო, სათხებო, საღორე, საქათმე, საბატე, საინდოურე და სხვ. სამოახლოში ქალები იდგენ და სამ ხარისხოვნად იყოფოდნენ: გამდელებად, მოახლეებად და გოგოებად. გამდელი, როგორც ოჯახის ერთგული, ნამსახური და მოჭირნახულე, დიდ პატივში იყო, ხმა ჰქონდა საოჯახო საქმეში და ბატონიშვილების გამოზრდაც მის ხელში იყო. ეს ყოველ ოჯახში საზოგადოდ ძველთაგანვე მიღებული იყო, მაგრამ დედაჩემი კი ამ კანონს არ დასდევდა და უფრო თვითონ ზრდიდა შვილებს. მოახლე ქალბატონთან თან შეზრდილი და ნამზითევი, მისი ხელზე მოსამსახურე იყო; გოგო კი - ყველას მორჩილი და მოსამსახურე. იმათ გამდელები ადევნებდნენ თვალყურს და სწვრთნიდნენ; საქმე არ გამოელეოდათ ხოლმე: ჭრა, კერვა, ქსოვა, ქარგვა, რეცხვა, აბრეშუმის მოყვანა და სხვა ამგვარი რამ ხელსაქნარი - მათი პირდაპირი მოვალეობა იყო. კაცებს უფრო ცოტა საქმე ჰქონდათ სასახლეში. სახაბაზეში ხაბაზები იდგნენ; დღეში ორჯერ გაახურებდნენ თორნეს, გამოაცხობდნენ საცხობს და სხვა საქმეს, რაც უნდა საჭირო ყოფილიყო, ხელს არ მოჰკიდებდნენ. სამზარეულო მზარეულებს ეჭირათ ხელში და ისინიც ხაბაზების კვალობაზე ვიდოდენ. მარან-ბეღლები ხელოსნებს ებარა, სასიმინდე და ხულებიც მათი საქმე იყო; საბძლები კი მეჯინიბეებს ჰქონდათ მიჩენილი. მოჯალაბე და მწყემსები ცალკე წრეს შეადგენდნენ, ყველას თავისი საკუთარი, ძველთაგანვე დაწესებული და გადაჭრილი საქმე ჰქონდა: სხვა საქმეს ხელს არ ჰკიდებდა, სხვების საქმეში არ გაერეოდა; იცოდა მხოლოდ ის, რაც მისი საქმე იყო და კიდეც ასრულებდა, თქმა აღარ უნდოდა. ეს ყველა ასე იყო, მაგრამ, რადგანაც ამგვარი საქმის კეთება მაინცდამაინც ბევრ დროს არ მოითხოვს, ბატონის მხლებლებიც უმეტეს ნაწილად უსაქმურად ბრძანდებოდნენ და სიზარმაცით დათენთილი იყვნენ. მხოლოდ ფარეშებმა არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ; თუ ბატონები არ მიუთითებდნენ, ისე, თავისთავად, ხელს არაფერს ჰკიდებდნენ. ჩვენს სახლს წინ დიდი ეზო ჰქონდა, სადაც უზარმაზარი ნიგვზები, ანუ, ზოგან უწოდებენ, კაკლის ხეები, საჩრდილებლად თავმომწონედ შლიდნენ შტოებს. სახლის წინ კარის ეკლესია იყო აგებული, უკან საქალებოთი. ძველად, საქართველოში არც ერთი ეკლესია არ აშენდებოდა ისე, თუ უკან საქალებოც არ ექნებოდა მიდგმული. წირვა-ლოცვის დროს საყდარში წინ კაცები იდგნენ და უკან საქალებოში კი, ქალები. რასაკვირველია, არავის მამაკაცთაგან ფიქრადაც არ მოუვიდოდა, რომ ზურგი მიექცია ხატებისაკენ და ქალებისათვის დაეწყო ცქერა! დღეს კი, როდესაც რუსულ წესზე აშენდა ჩვენი საყდრები და საქალებოს აღარ აკეთებენ, ქალები და კაცები არეულად შედიან საყდარში, ნახევრად ტიტველი ქალები თვალს იტაცებენ კაცებისას, და მლოცველებსაც ზეციური სასოება ქვეყნიურ იმედებზე გადააქვთ, სისხლი უღელავთ და გულისთქმა ებილწებათ. თითქმის ყოველ დიდ ოჯახს ჰყავდა ძველად საკუთარი მღვდელი; წირვა-ლოცვა გაუწყვეტელი იყო და ადრე მღვდელსაც უფრო პატივსა სცემდნენ, ვიდრე დღეს. მეფე და მთავრებიც შენდობას სთხოვდნენ მღვდელს და ხელზე ეამბორებოდნენ; მხოლოდ ბატონები თავის საკუთარ მღვდლებს, რადგანაც სულ ერთად იყვნენ, არა ჰკოცნიდნენ ხელზე. ამიტომაც დარჩენილა ჩვენში ანდაზა: „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“. აი, ვრცელი სახე, როგორც საზოგადოდ ყველა დიდ ოჯახებისა, ისე ჩვენი მოსახლკარობისაც. ეხლა ეგებ ვინმემ იკითხოს, თუ რათ უნდოდათ მაშინდელ ბატონებს ურიცხვი ფარეში სასახლეში, მაშინ, როდესაც საქმე არა იყო რაო? ამის მიზეზი იყო მაშინდელი ბატონყმობის წესი და რიგი, ძველთაგანვე ისე რჯულად დაკანონებული, რომ მისი გატეხა ცოდვად მიაჩნდათ. ბატონყმობა ჩვენში პირობითი იყო და არა უსაზღვრო, როგორც სხვაგან. ყმებმა იცოდნენ, რა უნდა გადაეხადათ. ბატონებმა - რა უნდა გადაეხდევინებინათ, და ორივე მხარე შეურყევლად ასრულებდა თავის მოვალეობას. სხვადასხვა გვარის და სხვადასხვა სოფლის გლეხები, სხვადასხვაგვარად იყვნენ დაბეგრილი, ზოგს მეტი ემართა, ზოგს ნაკლები, ზოგს სულ ამოკვეთილი ჰქონდა ბეგარა და გააზატებული იყო. ერთ ჩვენს გლეხთაგანს, სხვათა შორის, ნახევარი კვერცხიც ემართა: ყველიერის დაურწყებას ჩამოვიდოდა სასახლეში, სამზარეულოში შეწვავდა კვერცხს, გაფცქვნიდა, მერე გაჰყოფთა ძუით შუაზე და ნახევარ კვერცხს მიართმევდა ბატონს, როგორც ბეგარას. ნახევარ კვერცხის ბეგარა ისე აწუხებდა იმ გლეხს, რომ რამდენჯერმე სთხოვა ბატონს: ამომიკვეთე და ერთ ძროხას მოგართმევო. მაგრამ პასუხად ამას ეუბნებოდა: საშვილიშვილო ვალდებულება რომ მე მოვსპო ძროხის გულისათვის, ეს ღორმუცელობა იქნება, და თუ სხვებ გამოიჩენ როგორმე თავს ერთგულებით, მაშინ კი შეიძლებაო. მართლაც, ჩვენს სამოსახლოში სახადი გაჩნდა, ავადმყოფები გადახიზნეს. საორმოცომ ისე შეაშინა ყველა, რომ ავადმყოფებს არავინ ეკარებოდა; მაშინ ამ გლეხკაცმა იშოვა დრო, დაადგა თავზე ამ გადაწოლილებს და უპატრონა. ამ ერთგული სამსახურისათვის ამოუკვეთეს ნახევარი კვერცხის გადახდა. ერთ გლეხს წელიწადში ათი კოკა ღვინო ემართა; ერთ წელიწადს ღვინო აღარ მოუვიდა და ბატონმაც კოლოტებით ათი კოკა წყალი გამოატანინა და ჩაასხმევინა ჭურში. ღვინო რომ არ მოუვიდა, ის ღვთის ნება იყოო; გლეხკაცს მუშაობა და შრომა მაინც არ დაკლებიაო და, რაც არა აქვს, რა უნდა გადავახდევინოო. მაგრამ წყალი ხომ ზედ ჩამოუდისო, და მიტომ გამოვატანინე, რომ არ იფიქროს, ბეგარა ამოკვეთილი მაქვსო. რაც მამა-პაპიდან არ მართებს, იმაზე მეტს არ ვთხოვ, მაგრამ რაც მართებს, იმას კი ვერ შევარჩენო, რადგანაც მამებს ასე გადმოუციათ ჩვენთვის და შვილებსაც ასე უნდა გადავცეთო. თვითონ გლეხებიც მტკიცედ იდგენენ თავის პირობაზე და ნამეტანის გადახდას სიკვდილს არჩევდნენ. როგორც სოფელი შროშა ქათმით, რაჭა ხბოთი და არგვეთი ცხვრით, ისე თავასა ღორის სიკეთით იყო განთქმული. თავასელ გლეხებს ბეგარად ედვათ, რომ ყოველ წელიწადს, ნაშობევს, დაურწყების კვირაში, თითო ბურაკი გამოეტანათ სასახლეში. ჩვეულებადა ჰქონდათ, რომ მარჯვენა ფეხი უნდა მოეჭრათ გამოტანილ ბურაკისათვის და უკანვე წაეღოთ შინ. ამას ბედის დაბრუნებას ეძახოდნენ. ერთხელ ერთ გლეხთაგანს გზაში დაგვიანებოდა და, რომ დამარხვდა, მეორე დღეს მოიტანა ბურაკი. ბატონი გაუწყრა და ის ბურაკი იქვე დაბმულ დათვს გადაუგდო. დათვმა, რასაკვირველია, მაშინვე დატორა. გამწარებულმა გლეხმა გაიმეტა თავი, შეეჭიდა დათვს, გამოგლიჯა ბურაკი, მოჭრა მარჯვენა ფეხი და დანარჩენი ისევ გადაუგდო: „არა, შენი ჭირიმე, - მიაძახა, - როგორც დამნაშავეს, რაც გინდა ის მიყავითო, მაგრამ ჩემს ბედს და მამა-პაპის ჩვეულებას დათვს ვერ შევაჭმევო!“ გრიგოლ წერეთლის შვილი, ნესტორ წერეთლის მამა, დიმიტრი, რუსეთში იყო გამოზრდილი. დაბრუნდა თუ არა, ოფშკვითელი ნიჟარაძის ქალი შეირთო, მდიდარი მემკვიდრე. ჩაესახლა იქ და მეოჯახობას მიჰყო ხელი. ერთ ღამეს ვიღაცამ თოფი ჰკრა და მძინარი მოჰკლა. მკვლელობა მიაწერეს ცოლის ნათესავებს, როგორც გარეშე მემკვიდრეებს, დაიჭირეს, ბევრი დასაჯეს, ზოგი ციხეში გამოახრჩვეს და ზოგიც ციმბირში გაგზავნეს. გაიარა ორმოცდაათმა წელიწადმა. ერთმა მოხუცებულმა სოფლელმა სიკვდილის წინ აღიარა საჯაროდ შემდეგი: „მე ვიყავი დიმიტრი წერეთლის შინაყმა, ერთხელ კამეჩები დარჩენილიყვნენ ღამე საჩეხს გარეთ; ჩვენ, რასაკვირველია, უარზე დავდექით, რომ შეგვერეკა საჩეხეში, რადგანაც მწყემსები არ ვიყავით. მაგრამ ბატონი გაგვიწყრა და გვიბრძანა: „მე ეგეები არ ვიცი, რასაც გიბრძანებთ, ის უნდა გააკეთოთ!“ ეს გვეუცხოვა ჩვენ, ფარეშებს, პირობა შევკარით, რომ მოგვეკლა. წილი ვყარეთ და მე მერგო. იმ ღამეს მივეპარე მძინარს ფანჯრიდან და თოფი ვკარიო“. ამ რამდენიმე მაგალითებიდან მკითხველი ცხადად დაინახავს, თუ რა მძიმედ იდგნენ თავის მოვალეობაზე ბატონიცა და ყმებიც. აზატ გლეხებს არაფერი გადასახადი არ ემართათ და მიდიოდნენ საბატონო აზნაურების კვალობაზე: გამოჰყავდათ სასახლეში თითო პატარა ბიჭი ხელზე მოსამსახურედ და იმით თავდებოდა მათი მოვალეობა. აი, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის გარემოება, რომ დიდ ოჯახებში ორმოც-სამოცობით ეყარნენ ფარეშები და საქმეს კი არაფერს აკეთებდნენ. ბატონყმობის დროს მხოლოდ მოჯალაბეები იყვნენ საზოგადო კანონს, რიგსა და ჩვეულებას მოკლებულნი. გლეხი, მიწაწყლის პატრონი, და მოჯალაბე უმიწაწყლო, სულ სხვადასხვა იყო. მოჯალაბედ გახდებოდა მხოლოდ ნაყიდი, ანუ ტყვედ წაყვანილი და სრული მონაც იყო მისი პატრონისა. მოახლედაც მოჯალაბის შვილები უნდა გაეყვანათ და გლეხისას ვერ შეეხებოდნენ, გინდ ობოლიც ყოფილიყო. სიკო წერეთელს ერთი გლეხი გადაუშენდა და უპატრონო ობოლი მოსამსახურედ გამოიყვანა. სოფელმა იწყინა და მოციქული მიუგზავნა: მიწაწყალი თქვენია, საკომლოს, რაც გნებავთ, ის უყავით, მაგრამ ობოლზე კი ხელი არა გაქვთ და დაგვიბრუნეთ, რომ ჩვენვე ვუპატრონოთ და გავათხოვოთო. ბატონმა, რასაკვირველია, ყურადღება არ მიაქცია მათ თხოვნას. ერთ დღეს რაღაც უცნაური ხმაურობა მოისმა საჩხერეში. გაიხედეს და დაინახეს, რომ ყვირილის პირად ხვადაბუნები მოდებული იყო გლეხკაცებით, კალიასავით მოჰფენოდნენ ჭალებს, შემოვიდნენ საჩხერეში და შემოერტყნენ ირგვლივ წერეთლის სახლს ყვირილით: ნუ ჩადიხარ უსამართლობას, გოგო დაგვიბრუნეთო. როდესაც ბატონი გაუძალდათ, გლეხებმა შეუყარეს კეტები სახლს და სულ ჭრიჭინ-ჭრიჭინი დააწყებინეს. შეშინებულმა ბატონმა დაუბრუნა გოგო და გლეხებმაც სულ მაყრულითა და ვარხალალოთი წაიყვანეს თავის სოფლისაკენ. იმ დროს დიდი სვიმონ წერეთელი, სახუცის შვილი, მეფის სიძე, ღრმა მოხუცებული კიდეც ცოცხალი იყო; იწყინა ეს შეურაცხყოფა გლეხებისაგან, შეაკაზმვინა თავისი ლურჯი ბედაური (მთელ საწერეთლოში მისი ლურჯი ბედაური იმ დროს განთქმული იყო), შეჯდა და დაიძახა: „მდევარიო!“ მაშინ ყველა მებატონეებს ბედაურებით საჯინიბოები გავსილი ჰქონდათ. თვალის დახამხამებამდე გამოეწყვნენ, შეიკაზმენ წერეთლის შვილები, თან იახლეს დაიარაღებული აზნაურიშვილები და გამოუდგნენ გლეხებს. ხვადაბუნებში, ყვირილის პირად, მოსწვდნენ. გლეხებმა რომ დაინახეს მათზე მიმავალი ცხენოსანთა ჯარი, მობრუნდნენ, მოიმარჯვეს ხელკეტები და დაეწყვნენ რაზმებად. წამოდგნენ წინ მოხუცებული გლეხები. მიეგებნენ ბატონებს, დაუჩოქეს და მოახსენეს: ნუ იზამთ მისთანა უსამართლობას, რომელიც არც თქვენს ძველებს და არც ჩვენს ძველებს არ ჩაუდენიათო, ნურც თქვენს თავს გაგვამეტებინებთ და ნურც ჩვენ ამოგვწყვეტთ ცუდუბრალოდო. ორივე მხარე მაგრად იდგა და, ვინ იცის რით გათავდებოდა საქმე! მაგრამ ამ დროს გაჩნდა მისი ჭაკი ცხენით ოქორპირ მღვდელი, წერეთელი, და ჩამოვარდა შუაკაცად: როგორ გეკადრებათ გლეხკაცების თავის გაყადრებაო! - მიუბრუნდა წერეთლებს, - თავი დაანებეთ, მთავრობას შეატყობინეთ და ის გასცემს მაგათ თქვენ მაგიერ პასუხსო. მართლაც, გლეხკაცები ძალიან დასაჯეს, ზოგი დააპატიმრეს და ზოგიც გაგზავნეს. საკვირველი ის იყო, რომ ეს ხალხი, რომელიც ჩხუბს უპირებდა მშვენიერად შეიარაღებულ ცხენოსან ჯარს, სრულიად დაემორჩილა მხოლოდ ერთ „ზასედატელს“ და ორ ყაზახ რუსს. „რა გაეწყობაო, - ამბობდნენ, - ძალა აღმართსა ჰხნავს, მტერმა, რაც უნდა ის გვიყოს, მაგრამ შინაურობაში კი წესსა და რიგს ვერც ჩვენ გავტეხთ და ვერც სხვებს გავატეხინებთო!“ ამგვარი მაგალითები ბევრი ყოფილა, მაგრამ სანიმუშოდ ესეც კმარა. ბატონყმობის დროს ჩვენში ცემა-ტყეპა ძალიან იშვიათი რამ იყო! თუ გალახავდნენ ხელით, ან მათრახით, ან ჯოხით, ისევ პატარა ახალგაზრდა ფარეშებს, თორემ დავაჟკაცებულს არა, ამათ შესარცხვენად საკმაო იყო პანღური და ცალი ულვაშის აწევა. „როზგი“ ამ ბოლო დროს შემოიღეს, თორემ ადრე ქართველებმა მისი სახელიც არ იცოდნენ. აი, რა გამიგონია მამიჩემისა და ბიძაჩემისაგან: 1830 წ. ქუთაისში შეჰკრიბეს იმერეთის თავად-აზნაურობა, რომ მარშალი აერჩიათ. იმ თავად-აზნაურებში ერთი თურმე კაპიტანი მიქელაძეც ერია, რომელსაც სუყველა ერიდებოდა. ზემოურებს თურმე გაუკვირდათ ეს და ჰკითხეს ქვემოურებს: რა მიზეზია, რომ მაგ დარბაისელ კაცს პირს არიდებთო? მეტი რაღა მიზეზი უნდაო - უპასუხეს ქვემოურებმა - ეგ დალოცვილი წამოაქცევინებს გლეხკაცებს, ჩაახდევინებს და სულ ისე აროზგვინებსო! ზემოურებმა ეს რომ გაიგონეს, იმათაც ზურგი უჩვენეს ათვალწუნებულ ვაჟბატონს. ჩვენ ოჯახში მახსოვს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, რომ კაცი დაესაჯოთ. და აი ერთი იმათგანი, ერთხელ სოფლიდან გამოვიდა მოხუცებული გლეხი და შეევერდა მამაჩემს: „შენი ჭირიმე, ეგებ მიშველოთ რამე, შვილი გამიმუტრუკდაო, ნაქართლი გახლავსო. როცა იქ მიდიოდა, გვარიანი ჭაბუკი ბავშვი გახლდათ, ახლა, იქიდან რომ დაბრუნდა, ჭკუის ნიშან-წყალიც აღარ ეტყობაო. ჩაუცვამს რაღაც ქაჯურად, იპრანჭება და სამუშაოდ ხელს აღარ ანძრევსო, ამან ყოველიფერმა კიდევ თვენი ჭირი წაიღოს, მაგრამ ერთი მისთანა საქმე ჩაიდინა, რომ ოჯახსაც თავი მოსჭრა და ჩვენ სოფელსაცო: საჯაროდ ყბაში სილა გაარტყა დედაკაცსაო... საბრალო ჩემი რძალი წყალში გადავარდნას აპირებდა, რომ ჩვენ არ დაგვეჭირაო“. მამაჩემმა გამოაყვანინა ნაქართლი ბიჭი, რომელმაც რაღაც ახირებულად დაუწყო მუსაიფი ბატონს: „კნიაზს გაუმარჯოს“, - უთხრა ბატონს. ბატონს გაუკვირდა და ცივად უპასუხა: „შენც ღმერთმა შეგარცხვინოს და შენი კნიაზიცა! ე რას დამგვანებიხარ, რანაირად ჩაგიცვამს?“ - როგორ თუ რანაირად, კნიაზ? ჩვენი ადათი ესე გახლავს. - როგორ თუ თქვენი? სადაური? - ქალაქური. მე გეურქ-აღასთან ვიყავ ქარვასლაში. იქ ყველანი ასე იცმენ! - კი, მაგრამ ეგ ქუდი რომ განზე მოგიქცევია და მარტო ნახევარზე გახურავს, ნახევარმა თავმა რაღა დაგიშავა? - ეს ანჩისხატური გახლავს. - ეგ კოპლებიანი ქამარიც ანჩისხატურია? წვეტიან ჩექმებზე რომ შემდგარხარ, თითო ტკაველა რიკი მიგიცია ქუსლებისათვის და, შენ საკუთარ სიმაღლეს რო აღარ სჯერდები, გინდა ცაც მოატყუო და დედამიწაც? - ესეც ადათი გახლავს, კნიაზჯან. - ადათი! ჰმ! მაშ, ისიც ადათი ყოფილა, რომ შენ დედაკაცი გაგილახავს? - ვისი დედაკაცი? მე ჩემ ცოლს ვცემე. ამ მუსაიფს მოსამსახურეები ყურს უგდებდნენ, უკვიდრათ და თავის ქნევით იღიმებოდნენ. ერთხანს ბატონსაც ეცინებოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ აიტანა მისი უზრდელი სიტყვა-პასუხი და დაიღრიალა: „სტაცეთ ამ წუწკს ხელი, ბიჭებო! მოხადეთ ქუდი, გააძვრეთ ჩოხა, შემოხსენით ეშმაკის კოთხოებიანი ქამარი, გახადეთ ფეხს და მიაკარით ხეზეო!“ მოსამსახურეები მიცვივცდნენ და სიამოვნებით აასრულეს ბატონის ბრძანება. ბოლოს ბრძანა ბატონმა, რომ სამოახლოდან გამოსულიყვნენ გოგოები, სათითაოდ მისულიყვნენ მასთან და ეთქვათ: „ფუი, შეგირცხვა წვერ-ულვაში, რომ დედაკაცსა სცემო“. ეს რომ გაათავეს, ბრძანა, რომ ხელშეკრული გაეყვანათ წყალ-გაღმა, იქ გაეხსნათ მისთვის ხელები, პანღური ეკრათ და გაეგდოთ. ეს ამბავი ძალიან ეწყინა დედაჩემს, რომ გაიგო და უსაყვედურა ქმარს: „როგორ იქნება მაგრე გაკიცხვა კაცისა და შერცხვენაო! ცხადია, რომ სულელია და მაგითი ეგ ჭკუას ვერ ისწავლისო“. ამაზე მამაჩემმა ესა სთქვა: „მაგის ჭკუას მე რას დავეძებ, მაგრამ სამაგალითოდ დავსაჯე, რომ სხვებიც არ გაბრიყვდნენ სოფელში და პრანჭიობა არ დაიწყონო“. აი, ასეთი იყო სახე იმ ოჯახისა, სადაც მე სოფლიდან მიმიყვანეს. სასახლეში რომ გამომიყვანეს, პირველ ხანებში ძალიან მოწყენილი ვიყავი. დედამ შემნიშნა ეს და მომიჩინა პატარა ბიჭები და მიმანება თავი. მე ამ ახალ ამხანაგებთან ერთად დილიდან საღამომდე სულ მინდორში დავრბოდი; მხოლოდ სადილად დამიძახებდნენ ხოლმე. თვითონ დედაჩემი, როგორც წინეთა ვსთქვი, მშრომელი იყო: დილიდან დაწყებული საღამომდე სულ ფეხზე იდგა; საღამოს შემობრუნდებოდა სახლში და მაშინ ჩვენც დაგვიძახებდნენ ხოლმე. დაანთებდნენ ბუხარში ცეცხლს, ბუხრის წინ გაგვიშლიდნენ შვლის ტყავს და დაგვსვამდნენ ზედ. ირგვლივ შემოგვეხვეოდნენ ბიჭები და მოგვიყვებოდნენ ხოლმე ზღაპრებს. ზღაპარი რომ მოგვწყინდებოდა, მაშინ გავშაირდებოდით ხოლმე ერთმანეთში: ან გამოცანებს ვამბობდით ან სხვებ როგორმე ვიქცევდით თავს ვახშმობამდე. დედა იქვე ტახტზე იჯდა ფეხმოკეცილი, წიგნს ჰკითხულობდა თავისთვის, მაგრამ ჩუმად კი ყურს უგდებდა: ბიჭებს ურიგო არა წასცდეს რა ყმაწვილებთანო. ჩემ ამხანაგ ბიჭებში ერთი პატარა ბიჭი ერია. დიდი გამოეშმაკებული ყოველიფერში, მაგრამ გულისყური კი არა ჰქონდა. როცა დედა დაგვასწავლიდა ხოლმე ჩვენ ყველას საზეპირო ლოცვებს, ის ბიჭი ისე გამოშტერებული იდგა, რომ სიტყვის განმეორებას ვერ ახერხებდა. დედაჩემს ეს ძალიან უკვირდა: „ისე ყოველიფერში მოხერხებული და ნიჭიერიაო, და გულისყური კი დახშული აქვსო!“ - გაიკეთე სამი თითი, - ეტყოდა ხოლმე გამოლენჩებულ ბიჭს: - დაიდევი შუბლზე! სთქვი: „სახელითა მამისათა!“ ახლა კიდევ ჭიპზე!.. სთქვი: „და ძისათა!“ ახლა მარჯვენა მხარზე: „და სულისა წმინდისათა!“ ახლა მარცხენაზე: „ამინ!“ ბიჭი იმეორებდა თუთიყუშივით, მაგრამ თავისთავად კი ვერ ამბობდა. ბოლოს, რომ ვეღარა მოუხერხა რა, სულ დაანება თავი და ერთხელ, ბუხრის წინ რომ ვთამაშობდით, დედაც ვითომ ხუმრობით მიუბრუნდა იმ ბიჭს და უთხრა: „პეტრე იყო ბელატიო“ (მელოტი) უჩვენა შუბლი და დაადებინა სამი თითი. „წვერი ჰქონდა აქამდეო“, დაადებინა თითები ჭიპზე, „ულვაშები აქედან-აქამდეო“, გაატანინა მარჯვენა მხრიდან მარცხენაზე ხელი. ამ სიტყვების შემდეგ, რასაკვირველია, წარმოვიდგინეთ მოხუცებული პეტრე, თავტიტველა, დიდის წვერებითა და ულვაშებით. დავიწყეთ სიცილი და ზედიზედ ვიმეორებდით ზემო სიტყვებს, ხან ერთი და ხან მეორე. შედეგი ამის ის იყო, რომ უგულისყურო ბიჭმა პირჯვრის წერა ისწავლა და მეორე დღეს „სახელითა მამისათაც“ გაიზეპირა. ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. დედაც გამხიარულდა და მკითხა: „შენ არ იცი ჯერ ლოცვებიო?“ - „როგორ არა, სოფელში მასწავლეს და თუ იმას არ მათქმევინებდნენ, ისე არ დამაძინებდნენ ხოლმე-მეთქი“ და მოვყევი ზეპირად:
- „კარგი ლოცვააო, - მითხრა დედამ, - მაგრამ ეგ სოფლურია და ჩვენ კი სულ სხვა ლოცვები გვაქვს, წმინდა მამებისაგან შედგენილიო, და ის უნდა ისწავლოო“. მეც, რასაკვირველია, დავეთანხმე და ერთი თვის განმავლობაში „მრწამსი“, „მიწყალე“, „მამაო ჩვენო“, „წმინდაო ღმერთო“ და სხვანი სულ ზეპირად ვიცოდი. ისე გამიგემრიელდა საზეპიროები, რომ წერა-კითხვის სწავლაც მოვინდომე, მაგრამ დედამ მითხრა: „ჯერ ბრიყვი ხარ და არ შეგშვენის წერა-კითხვაო; როცა დაჭკვიანდები და ხასიათიც კარგი შეგექნება, მაშინ გასწავლი, თორემ ჯერ შენ რა ღირსი ხარო!“ ამ სიტყვებმა სულ ცეცხლი მომიკიდეს და ვცდილობდი დაჭკვიანებას, რომ ჩემ ძმებსავით მეც წერა-კითხვის ღირსი გავმხდარიყავი. მეხარბებოდა ესეები რომ კითხულობდნენ, და ბოლოს ჩემმა ბედმაც გასჭრა. ერთხელ ჩემი ძმა, რომელიც რამდენიმე წლით ჩემზე უფროსი იყო, მღვდელს მოეხმარა და წირვაზე მშვენივრად წაიკითხა „სამოციქულო“. ნაწირევს დიდი და პატარა ყველა მის ქებაში იყო. მე მეხარბებოდა და გული მწყდებოდა. ერთმა გლეხმა მკითხა: „შენ როდისღა წაიკითხავო?“ ჩემ მაგიერად მეორემ მიუგო: „როდინობის კვირაშიო!“ მივხვდი, რომ დამცინოდნენ და მეწყინა. იმ დღეს ჩემ უფროს დას კალთა დავაგლიჯე ხვეწნით: „კითხვა მასწავლე-მეთქი“. იმასაც დამარიგა: „დედამ არ გაგიგოსო“, და ჩუმად დამაწყებინა კითხვა: მოკლე ხანში ანბანიც ვისწავლე და ამოსაღებიც დავიწყე. „თუ აგრე კარგად და გულმოდგნედ ისწავლი, მალე სამოციქულოსაც დაგასწავლი და საყდარში წაგაკითხვებო, - მეუბნებოდა ჩემი და, - დედას ძალიან გაუკვირდება და მოგიწონებსო“; მე ამ იმედით წახალისებულს, დღედაღამ მეტი აღარ მეფიქრებოდა რა. რა ვიცოდი, თუ ეს სულ დედიჩემის ხერხი იყო, რომ წერა-კითხვა შემყვარებოდა! ამნაირმა წინდახედულობამ ძალიან შემაყვარა წიგნის კითხვა და ერთ წელიწადსაც არ გაუვლია, რომ მე მღვდელს ვეხმარებოდი. დედაჩემი არ გვაქალაჩუნებდა ჩვენ. „ნამეტანი ალერსი აფუჭებს ყმაწვილსო“, - იტყოდა ხოლმე და მართლაც, თუმცა გალახვა არ იცოდა ჩვენი, მაგრამ შიშით მაინც კი ძალიან გვეშინოდა მისი. არც ერთ დანაშაულობას არ შეგვარჩენდა, რომ არ გადაეხდევინებინა ჩვენთვის: მაგრამ სასჯელი კი ახირებული იცოდა! მაგალითად, წიგნის კითხვის ნებას არ მოგვცემდა: „ღირსი არა ხართ, როგორც დამნაშავეო!“ და მაშინ უნდა გენახათ ჩვენი მწუხარება!.. „იიი! იიი!“ დაგვცინოდნენ ბიჭები და გოგოები სასახლეში: „უწიგნოდ დარჩით, უწიგნოდ დარჩითო!“ და, მართლაც, ჩვენს სირცხვილსა და მწუხარებას საზღვარი აღარ ჰქონდა. რამდენსამე წლის განმავლობაში ხუცური ზედმიწევნით ვიცოდი; მხედრული ჩემით ვისწავლე, ანბანის წერა ბეჭზე დავიწყე. რუსული კითხვა დედაჩემმა მასწავლა, მაგრამ სიტყვები კი ბევრი არც დედას ესმოდა და არც მე. ერთი ძველი, მოსკოვში დაბეჭდილი, „რაზღოვორი“ გვქონდა და იმას მაზეპირებინებდა ხოლმე. დედაჩემი სულ იმას ჰფიქრობდა, რომ ჩვენ უსაქმოდ არც ერთ წამს არ დავრჩენილიყავით და სწორედ რომ ახირებულად გვზრდიდა. სულ ფეხშიშველა და თავშიშველა დავრბოდით მინდორში, არც გავიცების გვეშინოდა და არც შიმშილის. „კაცი ისე უნდა იყოს დაჩვეული ბავშვობოდანვე, რომ ცხოვრებაში ყოველიფერი აიტანოსო“, - იტყოდა ხოლმე დედაჩემი, და, მართლაც, რომ მისი რჩევა ბოლოს გამოგვადგა. რომ უფრო დაწვრილებით გაიგოს მკითხველმა, თუ რანაირად გვზრდიდნენ ჩვენ სოფელში, მე ავწერ წლიდან წლამდე რას ვაკეთებდით და ან დღეს როგორ ვაღამებდით! დილას, გამოვიღვიძებდით თუ არა, ქვეშაგებშივე უნდა გვეთქვა ეს ლოცვა: „გმადლობ შენ, უფალო, ყოვლითა გულითა“ და სხვ; მერე ხელ-პირს დავიბანდით, ჩავიცვამდით, წავდგებოდით ხატების წინ, საზეპირო ლოცვებს ვიტყოდით და ზედაც დაუჯდომელს მოვაბამდით. ლოცვის შემდეგ პირს გავისველებდით, ე.ი. ცოტა რასმე ვისაუზმებდით, რომ იმ დღეს, გამოსვლის დროს, ჩვენთვის ჩიტს არ დაესწრო და არ ეჯობნა; მერე მივუჯდებოდით წიგნებს, ერთ ხანს ვკითხულობდით, ვსწავლობდით და, რომ მოვრჩებოდით, შემდეგ კი საღამომდე თავისუფალი ვიყავით. სადილად მოგვიკითხავდნენ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ, როცა „სტუმრობიას“ თამაშს მოვინდომებდით ხოლმე, გარეთ ვრჩებოდით და ერთად პატარა ფარეშებთან სუფრას ხეს ქვეშ, სადმე ჩრდილში, გავშლიდით. იქ, ჩვენ კერძს გარდა, მოსაკითხიც მოგვდიოდა. მასპინძლებად ყოველთვის ყმაწვილები ვიყავით ხოლმე და სტუმრად კი - პატარა ფარეშები. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩვენი სტუმრები ძალიან უბოდიშოდ გვექცეოდნენ და გვიბრიყვებდნენ: გვეტყოდნენ ხოლმე: „დაგვახრჩვეთო!“ დაგვიღებდნენ პირს და, რაც კი რამ გაგვაჩნდა, ვტენიდით პირში, განსაკუთრებით ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს. ისინი გააბამდნენ ყვირილს: „ვაიმე, ვიხრჩობით, ვიხრჩობით“. აიტეხდნენ განგებ ხველას და დაიწყებდნენ ფართხალს. ჩვენ სრული დარწმუნებული ვიყავით, რომ ისინი იგონებდნენ ყოველიფერს, მაგრამ ეს თვალთმაქცობა მაინც ძალიან მოგვწონდა, გვიხაროდა. საღამოს, შინ რომ დავბრუნდებოდით, დედა გვკითხავდა ხოლმე: „რა ქენით? რა გააკეთეთ? რა ითამაშეთ რა ილაპარაკეთო?“ და სხვანი... საზოგადოდ უნდა ვთქვათ, რომ სპარტანულად გვზრდიდნენ; არ გვარიდებდნენ არც სიცივეს, არც სიცხეს, არც დარს და არც ავდარს. დილდილაობით ცვრიან ველზე ფეხშიშველას უნდა გვერბინა. პირველი თოვლი რომ მოვიდოდა, ფიფქზე რამდენჯერმე უნდა გაგვერბინ-გამოგვერბინა; დასოვლებული და სიცივისაგან დაჭარხლებული ფეხები ცეცხლზე უნდა გაგვეშრო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ამით ტანმრთელობა მოგვემატებოდა. ახალ გაზაფხულზე რომ წვიმა მოვიდოდა, ჩვენს სახლის ღარს თავს ვუშვერდით, რომ ოქროს ხუჭუჭი ამოგვსვლოდა. უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული. სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო: მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ; საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არათუ შაჭამდი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც კი აკრძალული გვქონდა. ნებაც არ გვეძლეოდა. ცისკარს როგორ დავაკლდებოდით? ესეები ყველა ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო და, რასაკვირველია, აღდგომას სულწასულობით მოველოდით. მას უკან ნახევარმა საუკუნემ გაიარა, მაგრამ დღესაც დიდმარხვა რომ დადგება, მე ჩემს ქერქში აღარა ვარ და ვერც მოვიხდი სიკვდილამდე სიყმაწვილიდან დარჩენილ ზაფრას. საზოგადოდ დიდ-ოჯახებში ყველგან ამაოდმორწმუნეობა იყო გავრცელებული: ყმაწვილებს ყველას სჯეროდათ, რომ ჭინკები, ქაჯები, კუდიანები და ეშმაკები ქვეყნად დადიან და ადამიანებს აშინებენო. ეს სენი ჩვენს ოჯახშიაც მოდებული იყო. ახლა, როგორც ვფიქრობ, ეს სულ მოსამსახურეების ბრალი იყო: იმათ, საზოგადოდ ბიჭსა და გოგოებს, აკრძალული ჰქონდათ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა და თამაშობა: დღე ვერ ბედავდნენ და, ღამ-ღამობით რომ თავისუფალი ყოფილიყვენ და ვერავის დაენახათ, ბატონიშვილებს, ყმაწვილებს განზრახ აშინებდნენ და ისინიც, დაღამდებოდა თუ არა, შიშით კარში ვეღარ გამოდიოდნენ. არ მახსოვს, ისე შევსულიყო ან საფარეშოში და ან სამოახლოში, რომ ათასი რამ უცნაური და საშიში არ ეთქვათ ჩემთვის. დედას რომ ვეტყოდი ხოლმე ამას, ის გაიღიმებდა და მიპასუხებდა ხოლმე: „არა, შვილო, ტყუილია! ვინც ცუდს არ იზამს და არც არას დააშავებს, იმას არაფერი არ მოეჩვენებაო“. ამგვარი სიტყვებით დაიმედებულს გული საგულეს მქონდა და უშიშარიც ვიყავი, მაგრამ ორმა შემთხვევამ გამიტეხა გული და ხასიათიც გამომეცვალა: ერთხელ, დღეღამის გაყრის დროს გადავიპარე ბოსტანში და ნესვის მოპარვას ვაპირებდი; დავუწყე ძებნა, გადავწი-გადმოვწიე ბარდები და მივაგენი ერთ მწიფე ნესვს. მოწყვეტა რომ დავაპირე, გამევლო გულში: არავინ მიყურებდეს-თქო, დავანებე თავი, წამოვდექი ზეზე და მივიხედ-მოვიხედე. მეორედ რომ დავაპირე ნესვის მოწყვეტა, თურმე ხელი დავაცდინე ბარდებს და იქვე სხვა ალაგას გადავშალე ფოთლები; იქ თურმე კატა იწვა. წამოვარდა ზეზე ფრუტუნით და გაიქცა. მე მაშინვე მომაგონდა ჩვენი მოსამსახურეების სიტყვები, რომ „კუდიანები რადაც უნდათ გადაიქცევიანო“; ამას გარდა, დედის სიტყვებიც მომაგონდა: „ვისაც არაფერი დაუშავებია, იმას არაფერი მოეჩვენებაო; ვთქვი გუნებაში: „მეტი დამნაშაობა რაღა იქნება, რომ ჩუმად მინდოდა ნესვის მოწყვეტა-მეთქი? ალბათ კუდიანი იწვა ნესვად და კატად გადაიქცა-თქო“. ერთი-ორი დავიკივლე და შემიწუხდა გული. არ გაუვლია ერთ კვირეს, რომ ამას მეორე შემთხვევაც დაერთო: ტალავერში მაღლა ყურძნის მტევნები იყო ჩამოკიდებული. მე პატარა ვიყავი და ვერ ავწვდებოდი, მაგრამ ჩემი უფროსი და კი ჰკრეფდა ხოლმე; ერთხელ მთვარიან ღამეში შევნიშნე, რომ ჩემი და ტალავერ ქვეშ იდგა და ყურძენს ჰკრეფდა. მივიჭერი, შევეხვეწე: „ანა, გენაცვალე, ერთი მტევანი მეც მომიწყვიტე-თქო!“ ჯერ ხმა არ გამცა. მაგრამ რომ აღარ მოვეშვი, მომიბრუნდა, უცბად რაღაც წაიბურტყულა და დამეჭყანა. მისთანა თქვენმა მტერმა ნახოს, მე იქ სანახავი ვნახე. ჩემი დის მაგივრად ვიღაც სხვა იყო! თურმე ჩემ უფროს ძმას, დავითს, რომელსაც კუჭის სისუსტის გამო ყურძნის ჭამა აკრძალული ჰქონდა, დის ტანისამოსი ჩაეცვა და ისე წასულიყო ყურძნის მოსაპარავად. მე ესეები არ ვიცოდი, ეშმაკად მივიღე და გული შემიწუხდა. თუმცა ორივე შემთხვევაში ჩემი შეცდომა თვალდათვალ დამიმტკიცეს, მაგრამ ისე გამიფუჭდა ხასიათი, რომ ბნელაში, კარში გამოვიდოდი კი არა, ოთახშიაც ვერ ვჩერდებოდი მარტო თუმცა მერვე წელიწადში გადამდგარი კი ვიყავი. ერთხელ, ზამთარი რომ დადგა, მე და ჩემმა პატარა ფარეშებმა შვილდ-კოდლების კეთება დავიწყეთ. ქორაფის ხეს რომ ვაკოპიტებდი, დავიცილე წალდი, დავიკარი კოჭში და შუა გავიპე. ტკივილს ისე არ შევუწუხებივარ, როგორც შიშს: „ვაითუ გამიწყრენ-თქო“. მოვაგროვე აბლაბუდა, დავიდევი სქლად გაჭრილზე, ზედ ბამბა დავიდევი და შევიკარი მაგრად. მინდოდა არავისთვის გამემხილა, მაგრამ იმ ღამეს თურმე ქვეშაგებში შემხსნოდა და სისხლის ტბა დამდგარიყო. რასაკვირველია, გაიგეს, მიაქიმეს და ნახევარი წლის განმავლობაში ტკივილი არ დამცხრობია. ბოლოს მოვრჩი. მაგრამ ძარღვები კი ისე დამისუსტდა, რომ მუხლი მომეღუნა და დავკუტდი. ბევრი მიაქიმეს, მაგრამ არა მეშველა რა. იმ ხანებში მამაჩემი დეპუტატად დაინიშნა ქუთაისში სათავადაზნაურო კომისიაში. დედაჩემმა ურჩია, რომ მეც წავეყვანე ქუთაისში და ექიმებისათვის ეჩვენებინა ჩემი თავი, რადგანაც ფეხის გამართვა არ შემეძლო, ქალის უნაგირზე შემსვეს, ქალივით გადამადებინეს შეხუთული ფეხი და ისე წამიყვანეს. ქუთაისამდის ორი დღის სავალი იყო. გზაში უნაგირზე თურმე ფერი დამეზილა, შეკრული ძარღვი გაიხსნა, ჩავედი თუ არა ქუთაისში, ფეხი გამემართა, აღარც ექიმი გამჭირვებია და აღარც წამალი. რვა წლის ვიყავი, როდესაც სოფელს მომაშორეს და ქალაქ ქუთაისში გადამიყვანეს. აქ თავდება ჩემი ბავშვობის პირველი ხანა ბედნიერი, ნაყოფიერი და დაუვიწყარი. აქედანვე იწყება მეორეც: მტანჯავი, დამჩაგვრელი და გამაუკუღმართებელი!.. მაგრამ სანამ ამ მეორე ხანაზე ვიტყოდე რასმე, დავუბრუნდები ისევ ჩვენს სოფელს და მაშინდელი ცხოვრებიდან სანიმუშოდ რამდენსამე სახასიათო შემთხვევას გავიხსენებ. ზემოთ ვთქვი, რომ სპარტანულად გვზრდიდნენ-მეთქი და, მართლაც, რაც უფრო ვიზრდებოდით, წლიდან-წლობით, უფრო და უფრო გვეტყობოდა ამგვარი აღზრდა. თითქოს ისე აღარ გვაქცევდნენ ყურადღებას, როგორც სულ პატარაობისას და უფრო თავმინებებული ვიყავით. ბევრჯერ, გაზაფხულის დამლევს, ტობობის დროს, როდესაც ღრუდოებიდან გამოსული თევზები ქარავნად აყვებოდნენ დიდ მდინარეებს, რომ მერე იქიდან პატარ-პატარა ღელეებში შესულიყვნენ ქვირითის დასაყრელად, გონჯურის პირად, სხვებთან ერთად მეც მთელი ღამე გამითევია; ფაცერსაც ბევრჯერ მოვდგომივარ და გარეთაც ბევრჯერ ვწოლილვარ, მაგრამ არავის უთქვამს, თუ ეგ საშიში, სახიფათო და ურიგო საქმეაო. ღამის თევის დროს, რომ ძილი არავის შემოგვპაროდა, მორიგად ზღაპრებს ამბობდნენ ბიჭები: ხან შაირებს, ხან ანდაზებს, ხან გამოცანებს და კიდეც ეს იყო, რომ ამგვარ ადგილებისაკენ ჩვენც მიგვიხაროდა. ბევრს აღარც ჭამა-სმას დასდევდნენ ჩვენსას: ხან მეტსაც ვჭამდით, ხან მშიერიც ვიყავით, ხან ასე და ხან ისე: ხან ძვირფასად მოგვრთავდნენ ხოლმე, ხან უბრალოდ, ხან ბუმბულში ვგორავდით და ხან ხმელეთზე ვკოტრიალობდით, თანასწორობა არ იყო, რიგსა და წესს ვინ დასდევდა? ავისაც და კარგისაც თანასწორად შეგვეძლო ატანა; ამას არც არას ჩვენ ვნაღვლობდით და არც უფროსები გვეკითხებოდნენ, მაგრამ ეს კი იყო, რომ ცუდს არაფერს გვაბედვინებდნენ. მაგალითად, თავი რომ გაგვეტეხა, გვეტყოდნენ: „აი, შეგირცხვა თავი! შენხელა ბავშვმა როგორ არ უნდა იცოდეს თავის მოვლაო! გასწი, გასწი, გაიზრდები და დაგავიწყდებაო!“ ამგვარი ცივი ნუგეშებით გაგვისტუმრებდნენ ხოლმე, მაგრამ, სხვისთვის რომ უსამართლოდ წკიპარტი გვეკრა, არ შეგვარჩენდნენ და უთუოდ გადაგვახდევინებდნენ. ერთხელ, ტყაპა-ტყუპი რომ შემომესმა, მოვირბინე სახაბაზოს კარებთან და ხაბაზს ცხელი თორნეული გამოვართვი. ჩემზე ადრე იმავ კარებს მიდგომოდა ჩვენი წუწკი წითელი ღორი და შეღრუჩუნებდა, მაგრამ ვინ გასცემდა ხმას! მე რომ დამინახა მჭადით ხელში, ამედევნა ჭყივილ-ჭყივილით, გავექეცი, გამომიდგა, წამოვკარი ქვას ფეხი და გავგორდი მიწაზე; იმანაც იხელთა დრო, მეძგერა და ზე ამაღლიტა მჭადი. მოვრთე ყვირილი და მივაშურე დედას. დედამ მომისმინა საჩივარი, შეკრა წარბები და მითხრა: „როგორ ამხელ სირცხვილით, შე ნაცარქექია, შენაო? ბაბუაშენმა გარეული ტახი დაიჭირა ყურით და შენ კი ერთი შინაური წუწკი ღორიც ვერ მოგიშორებია!.. ავიღებდი ჯოხს და დავკრავდი თავშიო! პატარა ხომ აღარა ხარ: დამდევ თიბათვეს ექვსი წლის გახდიო“. ამ სიტყვებმა ისე შემარცხვინეს, რომ მჭადიც დამავიწყდა და ტირილიც, მთელი დღე ჩემ გუნებაზე აღარ ვყოფილვარ, მით უფრო, რომ პატარა ბიჭები და გოგოები რომ ჩამივლიდნენ ხოლმე გვერდს, დაცინვით წაილაპარაკებდნენ, ვითომ თავისთვის: „ღორის წაქცეულოო“. ამ დაცინებამ ისე გამამწარა და გამაგულადა, რომ მეორე დღეს ცალ ხელში მჭადი დავიჭირე და მეორეში ჯოხი და განგებ ავუარ-ჩავუარე გვერდით ჩემს მტერს. წართმევას დაჩვეულმა ღორმა შემომიტია, მაგრამ ვაჟკაცურად დავუხვდი და ვხეთქე თავში ჯოხი. ჩემი მტერი ალბათ ამას არ მოელოდა, რომ შეჩერდა და შემომიხორხოტა. მაგრამ, რომ მივუნაცვლე მეორეცა და მესამეც, იკადრა და გაიქცა. ახლა მე დავედევნე გაგულადებული. წინ ის და უკან მე! ის მიჭყივის, რაც შეუძლია და მე კი, რაც ძალი და ღონე მაქვს, კიჟინას ვაყრი: ვერ წამიხვალ, შენ წუწკო, შე ფრთხალო-თქო! იმ დროს სწორედ ჩემი თავი პაპაჩემი მეგონა: შემოვარბენინე ღორს ორჯერ-სამჯერ სამოახლო, საფარეშო, თვითონ ჩვენი სასახლეც და აღარ მოვეშვი, სანამ საღორეში არ შემივარდა. არ იფიქროთ, რომ მე იმის მტრობა მჭირვებოდეს და შურისძიება მდომებოდეს! არა, ეს ომი იმისთვის გადავიხადე, შეეტყო სუყველას, რომ ღორის აღარ მეშინოდა. ღორზე ამ ძლევამოსილებამ ისე გამაგულადა და გამადიდგულა, რომ, თუკი ჯოხი ხელში მექნებოდა, აღარაფრის აღარ მეშინოდა. საგმირო ზღაპრებმა, სავაჟკაცო შაირებმა და ამბებმა იმდენად გამიტაცეს თანდათან, რომ თავი გმირად დავისახე. ერთხელ პატარა შინდის ხეზე გავედი, რომელიც ზღაპრულ ალვის ხედ წარმოვიდგინე და იქით-აქეთ ყურება დავიწყე, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხელმწიფეების სარაიები დამენახა, მაგრამ გადმოვვარდი, გამხდა ბრეგვა მიწაზე და ზურგის ტკივილმა მაგრძნობინა, თუ რა ზღაპრული „რვთისავარ გმირი“ ვიყავი! საკვირველია, ამგვარი მარცხები ხანდახან გამომაფხიზლებდნენ ხოლმე, მაგრამ მერე კი ისევე ოცნება მერეოდა ისევ გამანაცარქექიავებდა ხოლმე. ერთ საღამოს „კურდღლობიას“ ვთამაშობდი. ვისაც კარგი ხმა ჰქონდა და მოყეფა შეეძლო, ისინი ვითომ მეძებრები იყვნენ ხოლმე; ვისაც მუხლს ერჩოდათ - მწევრები, სხვები კი უფრო ზანტები - კურძუალები და მონადირეები, კურდღელი კი მორიგისი ვინმე. იმ დროს, თუმცა მეძებრადაც კარგი ვიყავი, მაგრამ ზოგიერთებთან მწევრობაც მერგო. დაიმალა კურდღელი, ავუშვით მეძებრები, მოედვნენ არემარეს, დასცეს კურძუალებმა კიჟინა: წაქეზებულმა მეძებრებმაც ვითომ სუნი იცეს და კვალი აიღეს, ასტეხეს ყეფა; ათი თუ თხუთმეტი ბავშვი სულ სხვადასხვა ხმაზე ყეფდა. ყურთასმენა აღარ იყო; მწევრებმა ყურები დაცქვიტეს და აიჩოქენ. ამ დროს თურმე ჩვენს ბაღში ნამდვილი კურდღელი ყოფილიყო შეპარული და გამოვარდა. ჩვენ დაგვავიწყდა თამაშობა და გავედევნეთ დიდიან-პატარიანა იმ კურდღელს. კურდღელს თვალი წაუხდა: ხან იქით ეცემოდა და ხან აქეთ, მაგრამ სუყოველი მხრიდან ჩვენი ორფეხი მეძებრები უყეფდნენ და ისე აერია გზა და კვალი, რომ ხიმეში გაეკვეტა; მივასწარი და ვტაცე ხელი უკანა ფეხებში. რომ მაგრად არ ყოფილიყო გაჭედილი, რასაკვირველია, მე იმას ვერ დავიმაგრებდი, მაგრამ მაინც გაბავი ყვირილი: „მიშველეთ, დავიჭირე-მეთქი“. მოცვივდნენ სუყველა, დიდი ბიჭებიც მოგვეხმარენ და ცოცხალი მივგვარეთ ბატონს. იმ დღეს ჩემი ვაჟკაცობის ამბავი ძალიან გაითქვა და მეც სწორედ დავრწმუნდი, რომ კურდღელს ფეხდაფეხ მოვწვდი და დავიჭირე-თქო. მას უკან, ხშირად, საღამ-საღამოობით ბოსტნის ბოლოზე ვიცდიდი ხოლმე: ეგებ კიდევ გამოვარდეს კურდღელი და დავიჭირო-მეთქი. ალბათ, ეს შემნიშნა დედამ, რომ ერთხელ მიმიხმო და მითხრა: „შენ ხომ ამისთანებში ტოლი არა გყავს და ერთ-ერთი შინაური კურდღელი დამიჭირე, სხვისთვის მინდა გასაგზავნადო“. მეც, რასაკვირველია, ვიკისრე: საყდართან, საქალებოს გვერდით საკურდღლე იყო მიშენებული და იქ შინაური თეთრი კურდღლები ბუდობდნენ. დილიდან საღამომდის ვდიე ხან ერთს და ხან მეორეს, მაგრამ ვერ დავიჭირე, და საღამოს, დედამ რომ მკითხა, თავი მითი ვიმართლე, რომ ფეხები მტკივა-თქო. დედაჩემმა სიცილი დაიწყო და მითხრა: „პატარა კი აღარა ხარ, როგორ ვერ მიხვდები, კურდღლის დაჭერა ფეხდაფეხ შენ კი არა, არა კაცს არ შეუძლიაო! შინაური რომ ვერ დაიჭირე, გარეულ კურდღელს შენ როგორ დაეწეოდი, თუ უცაბედად ხიმეში არ გაკვეტებულიყო!“ ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, გულში ჩამახედეს, ვიგრძენი ჩემი ნაცარქექიაობა, შემრცხვა და გავწითლდი. იმ დროში ჩაის არ სვამდნენ, მხოლოდ სტუმრებისათვის მოადუღებდნენ ხოლმე, მაგრამ ბავშვებს მაშინაც არ ასმევდნენ: ცხელი წყალი შიგნეულს გაუფუჭებსო და შაქარიც კბილებს წაუხდენსო. მე, რასაკვირველია, სული მიმდიოდა შაქარზე, მაგრამ ვინ მაჭმევდა? მაგიერად, როდესაც შაქარს მტვრევას დაუწყებდნენ ხოლმე, მე მივუცუცქდებოდი გვერდით შაქრის მტვრეველს და იქით-აქეთ შორს გადაბნეულ ფხვნილს ქორივით მივჩერებოდი. მაგრამ მათი აღება ხელით მოუხერხებელი იყო; დასველებული თითები მზად მქონდა, დავაწებდი ზედ და ელვასავით ვიტკუცუნებდი პირში. ეს შემნიშნა ერთხელ ჩემმა უფროსმა დამ და მირჩია: - „მაგას ნუ შვრები, სიწუწკეაო!“ და ჩუმად თითო კვინტ შაქარს მაძლევდა ხოლმე: მეც ეს მინდოდა და ღმერთს ვეხვეწებოდი: „ღმერთო, სტუმრებს ნუ გამოგვილევ-თქო“, რადგანაც უმისოდ, ვიცოდი, შაქარს არავინ დაამტვრევდა. ხშირად დავუხვდებოდი ხოლმე წინ ჩვენკენ მომავალ სტუმრებს და ჩუმად ვეხვეწებოდი: „თქვენი ჭირიმე, ხშირად იარეთ-მეთქი“, იმათ ეგონათ, თუ მე ეს სტუმართმოყვარეობით მომდიოდა, მიწონებდნენ და ამბობდნენ: „რა კეთილია ეს ბავშვი და რა პურადი გამოვაო!“ რა იცოდნენ, რომ მხოლოდ ჩემი „უსხის კუდი“ მაგონდებოდა, ე.ი. შაქრის კვნიტი. პურადობის რა მოგახსენოთ, მაშინ რა პურადობა შემეტყობოდა, მაგრამ გულკეთილი კი მართლა ვიყავი: პირუტყვი რომ ჩემთან ვისმე გაელახა, ვიტირებდი. თუმცა ღორი მეც კი გავლახე ერთხელ, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, მინდოდა მომეგერიებინა და ჭკუა მესწავლებინა. ერთხელ ყანაში ღორი მოკლეს და მე მთელი დღე არაფერი მიჭამია; ისე მებრალებოდა, რომ სიახლოვესაც ვერ მივეკარე, დამეხედა და ეს მით უფრო საკვირველი იყო, რომ, საკლავს რომ წამოაქცევდნენ, სიამოვნებით თავზე დავტრიალებდი და არც არაფერს სიბრალულსა ვგრძნობდი. საუფლო დღეებში, მაგალითად, შობის, აღდგომის და სხვა ამგვარ დღესასწაულების წინადღეს ძროხას რომ დაკლავდნენ, ჩემ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა! ბუშტს გამოვართმევდი ხოლმე მზარეულს, დავზელდი ნაცარში, გადავაძრობდი ზედა კანს და გავბერავდი; მერე ვინმე ქალს ან გამდელს ვაჩუქებდი საუმარულედ, რადგანაც გაგონილი მქონდა, რომ უმარულის შესანახად კარგიაო. ერთხელ მხოლოდ, შობის წინა დღეს აღარ მიყურებია ძროხის დაკვლისათვის, რადგანაც უფრო სასიხარულო შემთხვევამ გამიტაცა და ჩვეულება დამავიწყა: სწორედ იმ საღამოს ქუთაისიდან მოგვივიდა მამიჩემის გამოგზავნილი კაცი და პატარა ჩექმები მომიტანა. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე. რაღა თქმა უნდა, რომ სიხარულმა ამიტაცა, ძროხა კი არა, თავიც დამავიწყდა. მამაჩემი იწერებოდა, სხვათა შორის: „ამ ჩექმებს ვაგლახად ნუ გააფუჭებინებთ ჩემ კაკოს! სირბილის ნებას ნუ მისცემთ, რომ ქუსლი არ მოაქციოს და უბრალოდ არ მოჩორთოსო!“ ეს ბრძანება ჩვენს სახლში გადაჭარბებითაც აასრულეს: ჩამაცვეს მხოლოდ შობა-დღეს, ახალწელიწადს და შეინახეს; მე ისევ ფოსტლებზე გადამიყვანეს და აღდგომამდის აღარ მიპირებდნენ ჩაცმევას. მომავალ აღდგომას, რასაკვირველია, ორკეცი სიხარულით მოველოდი. ცისკრის რომ დარეკეს და ჩვეულებრივად ჩაცმა-დახურვა დაიწყეს, მეც მომიტანეს ჩემი საოცნებო ჩექმები, მაგრამ, წარმოიდგინეთ ჩემი უბედურება: ჩექმები გამხმარიყვნენ, მეც ფეხები გამზრდოდა და შიგ აღარ ჩამეტია! ბევრი მაწვალეს, ქუსლზე კანი გადამაძვრეს, კოჭი კინაღამ ამომიგდეს, მაგრამ არა ეშველა რა. დამმწარდა აღდგომა. იმ დღეს რაღა მოესწრებოდა, მაგრამ სწორამდის კი მომიტანეს ახალი, და იმ დღიდან დაწყებული, ქუთაისს წასვლამდე, თითქმის წელიწად-ნახევარს უჩექმოდ აღარ გამივლია. უკანასკნელ წელიწადს მით უფრო კარგად შევიშვნე ჩექმები, რომ ბევრს აღარ დავრბოდი, რადგან ადრინდელი თავშესაქცევარი ყოველგვარი თამაშობა მომწყინდა და უფრო სხვა საფიქრელს გადავჰყევი. ამის მიზეზი იყო „ვეფხისტყაოსანი“. წავიკითხე თავიდან ბოლომდე და, თუმც ზღაპრული მხარის არა გამიგია რა, მაგრამ მაინც ძალიან გატაცებული ვიყავი. იმას მივაყოლე სხვა საკითხავებიც და მთელი ქრესტომათია, ჩუბინაშვილისაგან პეტერბურგში გამოცემული, რამდენჯერმე გადავიკითხე. ამას გარდა, ერთხელ ქალაქიდან ჩამოგვიტანეს ამბავი, რომ „გლუხარიჩმა“ კომედია დაწერაო და ვარანცოვის სასახლეში ითამაშესო. ამ ამბავს გულმოდგინედ ვუგდებდი მე ყურს და ბოლოს თვითონაც მოვინდომე, რომ იმგვარი რამ კითხვა-მიგებითი დამეწერა და მართლაც ავწერე ჩვენი შინაურობა, მაგალითად, როგორ აწვალებდა ჩვენი მოურავი ხალხს, მერე ბატონს აბეზღებდა; ბატონიც მოთმინებიდან გამოდიოდა და ჯავრობდა და სხვ. და სხვ. ეს ბავშვური სცენები სასახლეში სუყველას მოეწონა გარდა მოურავისა, რომელიც გულმოსული ამბობდა: „ჩემი დაცინება არაფერია, მაგრამ ვნახავ, თუ ამ ყმაწვილმა მთელი ქვეყანა არ გადიმტეროს, და ნუ აქეზებთო“. ეს ჩემი პირველი ნაწარმოები დედაჩემს თურმე შეენახა და, რუსეთიდან რომ დავბრუნდი, მიჩვენა, მე სიბრიყვემორეულმა ვიუკადრისე, გამოვართვი დედას, დავხიე და ცეცხლში ჩავყარე. დედაჩემს ეს ძალიან ეწყინა და მისაყვედურა, მაგრამ რაღა გაეწყობოდა, ხომ ვეღარ გავამრთელებდი!.. ამგვარი ბევრი რამ მაგონდება ჩემი სიყმაწვილიდან, მაგრამ, რომ მკითხველს თავი არ მოვაბეზრო, ამით გავათავებ. |
|