აკაკი წერეთელი დაიბადა სოფელ სხვიტორში (საჩხერის
მახლობლად). 1852 წ. შევიდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1859 წ. სწავლა განაგრძო
პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსვლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების
შემდეგ (1862) საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ქვეყნის
საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში,
1897-1900 წ.წ. გამოსცემდა საკუთარ ჟურნალს „აკაკის თვიურ კრებულს“, სადაც
დაბეჭდა თავისი საუკეთესო ნაწარმოებები („ბაში-აჩუკი“, „მედია“, „ჩემი
თავგადასავალი“, „ნათელა“, „გამზრდელი“, „თორნიკე ერისთავი“). 1907 წ. 11
თებერვალს გამოსცა იუმორისტული ყოველკვირეული ჟურნალი „ხუმარა“, რომელიც პირველი
ნომრიდანვე აიკრძალა, ხოლო პოეტი დააპატიმრეს. ხალხი ამან აღაშფოთა და მთავრობა
იძულებული გახდა, იგი მეორე დღესვე გაეთავისუფლებინათ.
აკაკის არასდროს უმსახურია სახელმწიფო დაწესებულებაში, სამაგიეროდ მთელი სიცოცხლე თავის ქვეყანას და ხალხს ემსახურებოდა. მისი შემწეობით მუდმივი ბინა დაიმკვიდრა ქართულმა თეატრმა, ილიასთან ერთად 1880 წ. დააარსა „ქართული დრამატული საზოგადოება“, რომლის ხელმძღვანელიც ერთხანს თვითონ იყო, აქტიურად მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ კომისიაში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ლექციებს კითხულობდა რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ.
აკაკი იყო პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, სატირიკოს-იუმორისტი. მისი შემოქმედება ღრმა პატრიოტიზმითა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეითაა განმსჭვალული. ილია ჭავჭავაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.დაუცხრომლად, მიზანმიმართულად იბრძოდა ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მისი ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის.
ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაში დიდმნიშვნელოვანი როლი შეასრულა აკაკის როგორც ლექსებმა, ასევე ისტორიულმა პოემებმა და დრამებმა („თორნიკე ერისთავი“, „თამარ ცბიერი“, „კიკოლას ნაამბობი“, „პატარა კახი“, „ნათელა“ და სხვ.), რომლებშიც ქართველი ხალხის გმირული წარსულის სურათებია გაცოცხლებული.
აკაკის შემოქმედებამ წარუშელელი კვალი გაავლო საქართველოს სულიერი კულტურის ისტორიაში. აღმავალი ეტაპი შექმნა მხატვრული აზროვნების განვითარებაში, მკვეთრი მამულიშვილური და მოქალაქობრივი პათოსითა და პოზიციით.
აკაკი წერეთელი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.